განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700050242
საქმე №1/ა.გ.06-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 იანვარი , 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------------------- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ გ------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
გ------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი)საათის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2018 წლის 4 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ-------------------- რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით, გ------------------- მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდოკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ გ------------------- საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
თბილისის პრობაციის ბიუროდან შემოსული, მსჯავრდებულ გ------------------- პირადი საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით, ის ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით;
მასვე სსკ-ის 44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი)საათის ხანგრძლივობით.
გ------------------ს მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობაში, რომლის მიხედვითაც მას 3(სამი)წლით ჩამორთმეული ჰქონდა სარტანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მიუხედავად აკრძალვისა, 2016 წლის 12 ნოემბერს მართავდა ავტომანქანას.
პალატა მიიჩნევს, მართალია შუამდგომლობაში მითითებული არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენთან დაკავშირებითით, მაგრამ ვინაიდან გ------------------ უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით, სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს, ჩამორთმეული უფლებები, რაც თავის მხრივ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, შესაბამისად, გ------------------ ასევე უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ამ მუხლით დანიშნული პირობითი სასჯელისგან.
ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - ამ განაჩენის გამოტანის მომენტისთის მოხდილი აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენში უნდა შვიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ------------------- შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. მსჯავრდებული გ------------------ გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
5. მსჯავრდებული გ------------------ გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ამ მუხლით დანიშნული - 1(ერთი)წლით პირობითი სასჯელისგან.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას.
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე