განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1ა/გ-03-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ----------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით ფ----------------ე (დაბადებული 1983 წლის 22 იანვარს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 3 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით -1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ფ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 3 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვი) თვე.
ფ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 13 აპრილიდან.
ფ----------------ეს ’’ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით ფ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ფ----------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (5 წლიდან და 20 დღიდან) 1 წელი და საბოლოოდ, ფ----------------ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
მსჯავრდებულ ფ----------------ეს ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 14 მარტიდან.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 მაისის განაჩენში ფ----------------ის მიმართ შევიდა ცვლილება;
მსჯავრდებულ ფ----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედ რედაქცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
2018 წლის 4 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ფ----------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენების გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ფ----------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებად ადგენს ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრას სასჯელს აღნიშნული ქმედებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლი მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს 273-ე მუხლის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მრავალჯერად (არაერთგზის) მოხმარებას. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით ფ----------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამო, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ფ----------------ე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან 100 (ასი) საათის ოდენობით. მასვე, უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენს, ფ----------------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ - ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ და „ამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ფ----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენში ფ----------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
მსჯავრდებული ფ----------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან 100 საათის ოდენობით.
ფ----------------ეს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
რევაზ ნადარაია