განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001228469
საქმე №2ბ/5147-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი 2017 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები _ ბესარიონ ტაბაღუა
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი _ შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ი"
წარმომადგენელი - მზია პატარაშვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ალა ვ----------ი
წარმომადგენელი - ხათუნა კეჭაყმაძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი -დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ალა ვ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდ. მოპასუხე შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ს“ მოსარჩელის ალა ვ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 30374 ლარის ოდენობით; მოპასუხე შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ს“ მოსარჩელის ალა ვ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის სახით 1700 (1000+700) ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 911,22 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 თბილისში, ნავთლუღის დასახლება, ზანდუკელის ქუჩა N46-ში მდებარე დაზუსტებული ფართობით 353 კვ.მ. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ალა ვ----------ის სახელზე. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.17.09.60.008;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ამონაწერი.
2.2. ტერიტორია, სადაც მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება არის განთავსებული, გადის შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ კუთვნილი საკანალიზაციო მილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის" 25.05.2015 წლის წერილი;
-შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის" 13.03.2015 წლის წერილი;
2.3 მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების აღდგენითი ხარჯი შეადგენს 30374 ლარს. მოპასუხეს შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია აღდგენითი ხარჯის ღირებულება და არც შემდგომში კვალიფიციური შედავება განუხორციელებია კონკრეტული ხარჯთაღრიცხვის დართვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომაზე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4 მოპასუხემ სადავო გახადა ზიანის ოდენობის შეფასების აქტის მოსარჩელის უძრავ ქონებასთან კავშირის არსებობა. მოპასუხის მტკიცებით დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა შესრულებული იყო გიორგი ვ----------ის დაკვეთით. დასკვნაში მითითებულია თბილისში, ნავთლუღის დასახლება, ჯიქიას (ყოფილი ზანდუკელის) ქუჩა N46-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილის დემონტაჟის და მშენებლობის ღირებულების შეფასება, თუმცა მტკიცებულება, რომ საკანალიზაციო მილის გასკდომის შედეგად დაზიანდა ალა ვ----------ის საცხოვრებელი სახლი, არ დასტურდებოდა.
საქმეში წარმოდგენილია, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, თბილისში, ნავთლუღის დასახლება, ზანდუკელის ქუჩა N46-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია ალა ვ----------ის სახელზე. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია 01.17.09.60.008. შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ს", ასევე ისნის რაიონის გამგეობას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს გიორგი ვ----------ი. დამოუკიდებელ აუდიტორთან შპს ''შეფასების სახლთან" მიღება-ჩაბარების აქტიც დადებულია გიორგი ვ----------ის მიერ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ გიორგი ვ----------ი არის მისი ოჯახის წევრი - მეუღლე. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განცხადებებსა და წერილებში, გაგზავნილი შპს'' ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის", საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის აპარატის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ისნის რაიონის გამგეობის მიმართ, აღნიშნულია თბილისში, ზანდუკელის ქუჩა N46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მოპასუხის კუთვნილი საკანალიზაციო მილის დაზიანების შესახებ.
სარჩელს ერთვის ასევე შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის" 2015 წლის 25 მაისის და 2015 წლის 13 მარტის წერილები. 2015 წლის 25 მაისის წერილში მოპასუხე მიუთითებს საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის მხრიდან უძრავი ქონების სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით აშენების ფაქტზე. ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილისადმი 2015 წლის 13 მარტს გაგზავნილ წერილში შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ი"-ს უფლებამოსილი პირი კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი ეკატერინე ბერიძე ადასტურებს თბილისში, ჯიქიას (ყოფილი ზანდუკელის) ქუჩა N46-ში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, კუთვნილი 200 მმ დიამეტრის საკანალიზაციო ქსელზე მომხდარი დაზიანებით საცხოვრებელი სახლის მესაკუთრისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. წერილში აღნიშნულია, რომ ადგილზე შემოწმებით ზიანის ფაქტი დადასტურდა. უფრო მეტიც, წერილში შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ი" მიუთითებს, რომ კომპანიის მხრიდან მიღებულია სათანადო გადაწყვეტილება, დამუშავებულია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა) და გამოთქვამს თანხმობას, უახლოეს დროში მოახდინოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის" კუთვნილი საკანალიზაციო მილის დაზიანებამ გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება. აღნიშნული გარემოების გამომრიცხავი მტკიცებულება კი მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო მოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც გამოირიცხებოდა მისი მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-შპს ''შეფასების სახლის" აუდიტორული დასკვნა;
-შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ წერილები;
2.5 მოპასუხე, მისი მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტის გამომრიცხავ გარემოებად მიუთითებს ასევე მოსარჩელის მხრიდან საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევაზე, კერძოდ განმარტავს, რომ საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების (СНиП II-89-90) თანახმად, ქალაქში, ნებისმიერი შენობა -ნაგებობის აშენების დროს გათვალისწინებული უნდა იყო წყალსადენისა და წნევიანი საკანალიზაციო მილებიდან შენობა -ნაგებობის დაშორება არანაკლებ 5 მეტრით, ხოლო თვითდენითი საკანალიზაციო მილებიდან - არანაკლებ 3 მეტრით. მოპასუხის განმარტებით, ალა ვ----------ის მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას არ იყო დაცული საკანალიზაციო ქსელიდან დაცილების ნორმებით დადგენილი მანძილი, რის გამოც კომპანია არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა საკომპენსაციო თანხა.
საქმეში წარმოდგენილი ტექინვენტარიზაციის გეგმის ასლის მიხედვით მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების არსებობის ფაქტი დასტურდება ჯერ კიდევ 1959 წლიდან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია კუთვნილი მილსადენის ექსპლუატაციაში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამასთან მოპასუხის მტკიცების საგანში შედის ასევე იმ გარემოების მტკიცებაც, რომ იმ შემთხვევაში თუკი დაცული იქნებოდა დაშორება უარყოფითი შედეგი არ დადგებოდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე თავის თავზე იღებს როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება- დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესებიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სსსკ- ი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაასაბუთა ზიანის დადგომაში თავად მოსარჩელის ბრალის დამადასტურებელი გარემოება. უფრო მეტიც, საპირისპირო გარემოებას სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ადასტურებს მოსარჩელე მხარე.
სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მხრიდან სამშენებლო ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს ასევე უნდა დაედასტურებინა, რამდენად გამორიცხავდა აღნიშნული ფაქტი შპს ''ჯორჯიენ უ------- ე--- ფ------ის" პასუხისმგებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის" 25.05.2015 წლის წერილი;
_შენობის ტექინვენტარიცაზიის გეგმის ასლი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც დამტკიცებულია რომ სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე.
სასამართლომ განმარტა ამავე დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია წყალმომარაგებისას დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები.
სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ახორციელებს სასმელი წყლის მიწოდებას მომხმარებელთათვის ქალაქ თბილისში. მოპასუხის მხრიდან განსახორციელებელ სათანადო, უსაფრთხო და საიმედო მომსახურებაში იგულისხმება წყლის მიწოდება მომხმარებელთათვის ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი წესებით, შესაბამისად წყალგაყვანილობის სისტემები ისეთ მდგომარეობაში უნდა შენარჩუნდეს უწყვეტად რომ სხვას არ მიადგეს ზიანი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (სუსგ 8.09.2015წ. საქმე №ას-718-683-2015).
სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგენისათვის სახეზე უნდა იყოს ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და უარყოფითი შედეგი. მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა იმაში, რომ მან თბილისში, ჯიქიას (ყოფილი ზანდუკელის) ქუჩა N46-ში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, კუთვნილი საკანალიზაციო ქსელზე არ შეინარჩუნა ისეთი მდგომარეობაში, რათა არ მომხდარიყო მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების წყლით დაზიანება. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ასევე უარყოფითი შედეგი- მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანება, მიზეზობრივი კავშირი-დაზიანება გამოწვეული იყო სწორედ წყლის ზემოქმედებით, და შესაბამისად მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა ზიანი. ზიანის ოდენობა დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის თანახმად (კერძო საცხოვრებელი სახლის ნაწილის დემონტაჟის და მშენებლობის ჯამური საბაზრო ღირებულება) შეფასებული იყო 30374 ლარად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-1000 მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მითითები,თ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყეტილების მიღებისას არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, იმის შესახებ რომ მოსარჩელე ალა ვ----------ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალით. აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ კომუნიკაციის და კორპორაციული მომსახურების დირექტორის წერილს, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის აღირებად და მის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. იმ პირობებში, როდესაც შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ი“ უფლებამოსილი და ამ საკითხებში კომპეტენტური დირექტორის 25.05.2015 წლის # 4529/09 წერილით მოპასუხე მხარე არ აღიარებს მის ბრალეულობას დამდგარ ზიანში.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოპასუხის კუთვნილი მილის დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნამდვილად დაზიანდა მოპასუხის კუთვნილი საკანალიზაციო მილი და რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეული იყო სწორედ ამ მილის დაზიანებისა და დაღვრილი წყლის შედეგად.
აპელანტის მითითებით, იმისათვის რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია დადასტურდეს ზიანის არსებობის ფაქტი, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ანაზღაურების მავალდებულებელი ვერცერთი კომპონენტის არსებობა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო სარჩელზე დართულ გიორგი ვ----------ის დაკვეთით შესრულებულ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნას, რომელშიც მითითებული იყო მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის დემონტაჟის და მშენებლობის ღირებულების შეფასება.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასატურდებოდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გაურკვეველია, რამ გამოიწვია ალა ვ----------ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა სამშენებლო ნორმებითა და წესებით დადგენილი მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, ქალაქის ნებისმიერი შენობის აშენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს წყალსადენისა და წნევიანი საკანალიზაციო მილებიდან შენობა -ნაგებობის დაშორება არა ნაკლებ 5 მეტრით, ხოლო თვითდენიტი საკანალიზაციო მილებიდან - არანაკლებ 3 მეტრი.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და არასწორად დააკისრა მოპასუხეს იმ ხარჯის ანაზღაურება, რტაც მოსარჩელეს არ გაუწევია, კერძოდ სასამართლომ ისე დააკისრა შპს „ჯორჯია უ------- ე--- ფ------ს“ ადვოკატის მომსახურების ხარჯი, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლიანი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- თბილისში, ნავთლუღის დასახლება, ზანდუკელის ქუჩა N46-ში მდებარე დაზუსტებული ფართობით 353 კვ.მ. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ალა ვ----------ის სახელზე. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.17.09.60.008;
- ტერიტორია, სადაც მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება არის განთავსებული, გადის შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ კუთვნილი საკანალიზაციო მილი.
- მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების აღდგენითი ხარჯი შეადგენს 30374 ლარს. მოპასუხეს შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია აღდგენითი ხარჯის ღირებულება და არც შემდგომში კვალიფიციური შედავება განუხორციელებია კონკრეტული ხარჯთაღრიცხვის დართვით.
- შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის" კუთვნილი საკანალიზაციო მილის დაზიანებამ გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება.
- მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაასაბუთა ზიანის დადგომაში თავად მოსარჩელის ბრალის დამადასტურებელი გარემოება.
4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, ალა ვ----------ას მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ისთვის“ ზიანის სახით 30 374 ლარის დაკისრება, რადგან მოპასუხის კუთვნილი საკანალიზაციო ქსელის დაზიანების გამო მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
აპელანტი სადავოდ ხდის თავად ზიანის ფაქტს, ასევე, ალა ვ----------ას სახლის დაზიანებაში შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ ბრალეულობას და მიიჩნევს, რომ დამდგარ ზიანსა და აპელანტის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით შეუძლებელია.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ აპელანტის მითითებები არ შეიძლება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლი გახდეს.
პალატა აღიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია დამოუკიდებელი შემფასებლის შპს „შეფასების სახლის“ დასკვნა უძრავი ქონების დემონტაჟისა და მშენებლობის ღირებულების შეფასების შესახებ, საიდანაც დასტურდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ჯიქიას (ყოფ. ზანდუკელის) ქ. N46, ნაწილის დემონტაჟისა და მშენებლობის ღირებულების გათვალისწინებით, 2015 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით დემონტაჟის და მშენებლობის ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 30 374.00 ლარი. პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ალა ვ----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მიადგა ზიანი. მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნული ფაქტის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არაა, რის გამოც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ალა ვათანოვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მიადგა 30 374 ლარის ღირებულების ზიანი.
როგორც უკვე აღინიშნა, იმისთვის რომ, მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია ასევე რამდენიმე წინაპირობის არსებობა, კერძოდ, პირის ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდარ ზიანს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ ბრალეული ქმედება გამოიხატა მისი კუთვნილი საკანალიზაციო მილის გასკდომაში. ასევე, დადასტურებულია მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორის ეკატერინე ბერიძის 2015 წლის 13 მარტის წერილზე, რომლითაც იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე ჯიქიას N46, 200 მმ დიამეტრი საკანალიზაციო ქსელზე დაზიანებამ გამოიწვია გიორგი ვ----------ის კერძო მფლობელობის საცხოვრებელი სახლის დეფორმაცია. ამავე წერილიდან ირკვევა, რომ კომპანია მზადაა დაზარალებულს აუნაზღაუროს მათ მიერ მიყენებული ზიანი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსზრებას იმასთან დაკავშრებით, რომ აღნიშული წრილით არ შეიძლება დადასტურდეს მოპასუხის ბრალეულობა, რადგან მითითებული მტკიცებულება არ შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის აღირებად და მის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, იმ პირობებში, როდესაც შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ უფლებამოსილი და ამ საკითხებში კომპეტენტური დირექტორის 25.05.2015 წლის # 4529/09 წერილით (ს.ფ. 26) მოპასუხე მხარე არ აღიარებს მის ბრალეულობას დამდგარ ზიანში.
აპელანტის ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული წერილი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ კომპანიამ შეისწავლა მოსარჩელის მდგომარეობა (შემსრულებლს წარმოადგე---ა გ. ნადირაშვილი) და დადგინდა, რომ მოსარჩელეს მიადგა რეალურად ზიანი. აღნიშნული წარმოადგენს ოფიცილურ დოკუმენტს, რომელიც გადაეგზავნა ისნის რაიონის გამგეობას მის მიერ მიწოდებული მასალების პასუხად.
შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ ბრალეულობის გამომრიცხავ გარემოებად ვერ განიხილება საზოგადოების დირექტორის 25.05.2015 წლის N 4529/09 წერილი, რომლითაც თითქოს მოპასუხე მხარე არ აღიარებს მის ბრალეულობას დამდგარ ზიანში. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების (ბრალეულობის ) უარსაყოფად უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორის ეკატერინე ბერიძის 2015 წლის 13 მარტის წერილში მოყვანილ გარემოებებს.
შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ დირექტორის გიორგი ცხადაძე წერილით კომპენსაციის თანხის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება აშენებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით, არ არის დაცული საკანალიზაციო ქსელიდან დაცილების ნორმებით დადგენილი მანძილი, რის გამოც იგი თავისუფლდება საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ვალდებულებისგან. აღნიშნულთან დაკავშრებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე უთითებს დღეისათვის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებზე, თუმცა ვერ დასტურდება, რომ სწორედ მოქმედი სამშენებლო ნორმების დარღვევამ გამოიწვია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება. .საქმეში არ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულება, რომ საკანალიზაციო მილი, საიდანაც გამოედინება წყალი, არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას (მსგავსი მტკიცებულების წარმოდგენა შეუძლია მხოლოდ მოპასუხეს). საკანალიზაციო მილის მშენებლობას კი აწარმობს მისი მესაკუთრე და არა მომხმარებელი. სამშენებლო ნორმები დარღვეული რომც იყოს, ძნელია იმის დადასტურება თუ რომელმა დაარღვია იგი. უძრავი ქონების თუ საკანალიზაციო მილის მესაკუთრემ. ვერც სხვა გარემოებაზე უთითებს აპელანტი, რომელიც გამორიცხავდა სახლისათვის მსგავსი ზიანის მიყენების ფაქტს.
ის გარემოება რომ მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შესრულებულია გიორგი ვ----------ის სახელზე, არ ცვლის ზემოთ მითითებულ გარემოებებს. ეს უკანასკნელი მოსარჩელის მეუღლეა და მას არ ეკრძალება მეუღლის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით მოიძიოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
პალატა აღნიშნავს, რომ იმ გარემოებების მტკიცება, რომლებსაც მხარე სადავოდ ხდის, ეკისრება თავად მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, მართალია სასამართლო დავის მიმდინარებისას მოპასუხე უარყოფს მის ბრალეულობას და კავშირს დამდგარ ზიანთან, თუმცა მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც სასამართლოს აღნიშნულში დაარწმუნებდა.
აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით დგინდება ის გარემოება, რომ აპელანტის (მოპასუხის) ქმედებების (საკანალიზაციო მილის დაზიანება) შედეგად ალა ვ----------ას კუთვნილი უძრავი ქონება დაზიანდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, დელიქტურ ვალდებულებას წარმოშობს. აქედან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტს უნდა დაეკისროს ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 30 374 ლარის ოდენობით.
4.3 პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას, მისთვის ადვოკატის ხარჯების დაკისრების არამართებულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ალლა ვ----------ასა და ხათუნა კეჭაყმაძეს შორის გაფრომებული 2016 წლის 11 იანვრის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, სადაც ადვოკატის საფასურად განსაზღვრულია 1000 ლარი. ასევე საქმეში წარმოდგენილია სს „ბანკი რესპუბლიკას“ სალაროს შემოსავლის ორდერი, საიდანაც დასტურდება, რომ ალა ვ----------ას მიერ ხათუნა კეჭაყმაძისთვის იურიდიული მომსახურების საფასური გადახდილია 1000 ლარის ოდენობით. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად, სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დააკისროს მეორე მხარეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის" სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 1214,96 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ''ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ბესარიონ ტაბაღუა
გოდერძი გიორგიშვილი