განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2018
საქმის ნომერი
330210014677298
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014677298

საქმე №2ბ/5134-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი 2017 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ გვანცა ქოიავა

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - გ---–----ი ი-------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ---–----ი ი-------–---–ის სარჩელი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ი 2008 წლიდან მუშაობდა სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 180 ლარს (დაბეგრილი).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის 16.01.2008 წლის ბრძანება, ტ.1, ს.ფ. 58-59;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სასამართლოს 07.10.2016 წლის სხდომის ოქმი, ტ.2, ს.ფ. 1-13; 114-120; 121-123; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ.2, ს.ფ. 125;

 

2.3. გარდა ძირითადი, ინსტიტუტის მთავარი ბუღალტრის სამუშაოსი, მოსარჩელე ასევე საბუღალტრო მომსახურებას ასრულებდა სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში მოპოვებულ არაერთ საქართველოს გრანტთან და ევროგრანტთან მიმართებაში, საიდანაც იღებდა გარკვეულ ანაზღაურებას

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

2.4. გრანტებიდან, მათ შორის _ სადავო, საქართველოს N257, N275 და N477 გრანტებიდან, ამა თუ იმ პირზე შრომის ანაზღაურება გაიცემოდა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის და დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთვრობის 2006 წლის 19 აპრილის N81 დადგენილება, "სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე"; ტ.1; ს.ფ. 64-65;

- საგრანტო შრომითი ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ. 71-72;

- ბრძანებები და წერილები, გრანტის ზედნადები თანხებიდან გ. ი-------–---–ზე ხელფასის გაცემის შესახებ, ტ.1, ს.ფ. 63; 81; 82; 11-112;136-137; 138; 178, ტ.2, ს.ფ. 108; 109; 110; 111-112;

- N257, N275, N477 საქართველოს გრანტები ფინანსურ ანგარიშთან ერთად, ტ.2, ს.ფ. 16-100;

 

2.5 2009-2011 წლებში, გ---–----ი ი-------–---–ზე, ხელფასის სახით გრანტების ზედნადები თანხებიდან გაცემულია, ჯამში _ 15 676 ლარი და ძირითად ხელფასთან ერთად, მისმა მთლიანმა შემოსავალმა ამ პერიოდში შეადგინა 23 367,1 ლარი, ანუ საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 753,78 ლარი, რამაც გადააჭარბა დირექტორისა და გრანტის ხელმძღვანელის შემოსავლებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დროებითი კომისიის დასკვნა, ტ.2, ს.ფ. 105-106;

- მოპასუხის ახსნა - განმარტება;

 

2.6 მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სადავო გრანტების ხელმძღვანელების ისეთი მოხსენებითი ბარათები, რომლებშიც აღნიშნული იყო გ---–----ი ი-------–---–ის მიერ სამუშაოს შესრულების და მასზე თანხის გაცემის შესახებ და იგი არ შესრულებულა ინსტიტუტის მიერ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა - განმარტება; საქმის მასალები;

 

2.7 2011 წლის აგვისტოს თვეში, მოსარჩელემ, როდესაც ინსტიტუტის მხრიდან, მისი თხოვნის საფუძველზე მასზე გაიცა დახმარება 1000 ლარის ოდენობით, სამადლობელ ბარათში აღნიშნა, რომ საგრანტო პროექტების ზედნადები ხარჯებიდან ღებულობდა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ანაზღაურებას და ამ თვალსაზრისით, ინსტიტუტის ხელმძღვანელთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბარათი, ტ1, ს.ფ. 62;

- მოპასუხის ახსნა - განმარტება;

 

2.8 საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 27 ივლისს მიიღო N210 დადგენილება, "საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N16 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ", რომლის თანახმადაც, სხვა რამდენიმე სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებასთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების _ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან შეერთების გზით, 2011 წლის 01 იანვრიდან, აღნიშნული უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად _ დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულად რეორგანიზდა სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება, ტ1, ს.ფ. 108-110;

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

 

2.9 მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ი დროულად ვერ ახერხებდა გრანტებთან დაკავშირებით წარმოებული გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, ამასთან, ზედნადების ხელფასში არასწორად ჰქონდა გადარიცხული საშემოსავლო გადასახადი, არ ჰქონდა გაკეთებული მივლინებების ხარჯთაღრიცხვები, ხელფასები გადარიცხული იყო ბრძანებების გარეშე, არასწორად იყო მითითებული ხელფასის დანიშნულება. 2011 წლის 06 დეკემბერს, მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოსცა N128 ბრძანება, "სტუ-ში სამეცნიერო გრანტების აღრიცხვიანობისა და მასთან დაკავშირებული საბუღალტრო პროცედურების სრულყოფის შესახებ", რომლითაც, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე და სტუ-ს აღრიცხვა - ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო გრანტების სრულყოფილი აღრიცხვიანობისა და ფინანსური ანგარიშსწორების საქართველოს სამეცნიერო ფონდში დროულად წარდგენის მიზნით, დადგინდა აღნიშნულთან დაკავშირებული საქმის წარმოება აღრიცხვა - ანგარიშგების დეპარტამენტის მიერ განხორციელება ცენტრალიზებული წესით. ამასთან, დასახელებული საქმის წარმოება დაევალა აღრიცხვა - ანგარიშგების დეპარტამენტის ერთ - ერთ თანამშრომელს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება, ტ.2, ს.ფ. 102;

- მოხსენებითი ბარათი, ტ.2, ს.ფ. 104;

- მოპასუხის ახსნა - განმარტება;

 

2.10 მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 2012 წლის იანვრიდან გათავისუფლდა სტუ-ს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან, სადაც ის 2011 წლის დასაწყისიდან იყო დასაქმებული.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- რექტორის 20.02.2012 წლის N171/03 ბრძანება, ტ1, ს.ფ. 60;

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

 

2.11 გ---–----ი ი-------–---–ის სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვდა 2008-2010 წლებში შესრულებული გრანტების ზედნადები ხარჯებიდან მისაღები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოპასუხე სსიპ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დაკისრებას, სახელდობრ, 2010 წლის სექტემბრის თვემდე მიუღებელი შრომის ანაზღაურების გადახდის მოპასუხისთვის დაკისრებას. სასამართლომ განმარტა, რომ იმ მოთხოვნათა ხანდაზმულობა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის სამი წელი. მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოსთვის უნდა მიემართა 2013 წლის სექტემბრის თვემდე, რაც მას არ გაუკეთებია. 2013-2014 წლებში მოსარჩელემ არაერთი სარჩელით არაერთხელ მომართა სასამართლოს, აქედან, ერთ - ერთი სარჩელი (სამოქალაქო საქმე N2/4626-13), მოსარჩელემ გაიხმო; სასამართლოს (სხვა შემადგენლობებით) 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე N2/9234-13, ასევე, მას სამოქალაქო საქმეზე N2/12462-15 (თავიდაპირველი N2/5032-13) მიღებული გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. აღნიშნული სარჩელით გ---–----ი ი-------–---–მა სასამართლოს მიმართა 2014 წლის 18 დეკემბერს. მოსარჩელეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაგებლით შეიტყო მოპასუხის მიერ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითების შესახებ, სასამართლოში არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უშუალოდ სადავო გრანტებთან (N257, N275, N477) მიმართებაში, მისი სარჩელი არ იყო ხანდაზმული.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი;

-მოპასუხის ახსნა - განმარტება;

-მოსარჩელის მოსაზრება შესაგებელზე, ტ.1, ს.ფ.132-135; საქმის მასალები.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12 სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა მისი შრომითი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობდა საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 04 ივლისიდან მოქმედი რედაქციით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით- სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 2.1. მუხლზე, რომლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებდა ვალდებულებას, შეესრულებინა სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 102.1. მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო 102.3. მუხლის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ს სრულად ჰქონდა მიღებული 2008-2010 წლებში შესრულებული სამუშაოსთვის, მითითებული საქართველოს გრანტების ზედნადები ხარჯებიდან მისაღები შრომის ანაზღაურება (იხ. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები). მოსარჩელე მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

2.13 სასამართლომ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ამა თუ იმ ურთიერთობის, მოვლენის შემდეგ მეტნაკლებად ხანგრძლივი დროის გასვლა აძნელებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის სადავო გარემოებების უტყუარად აღდგენას, სამოქალაქო კანონმდებლობით დაწესებულია ხანდაზმულობის ვადები, რაც ავალდებულებს (აიძულებს) სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის. ხანდაზმულობის ვადის გასვლა, როგორც წესი, გამორიცხავს თუნდაც დარღვეული უფლების აღდგენას. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით

პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა (მაგრამ არა _ სასამართლოსთვის ან სხვა ორგანოსთვის მიმართვის უფლება).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129.1 მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე ითხოვდა 2008-2010 წლების (2010 წლის სექტემბრის თვემდე) მიუღებელი შრომის ანაზღაურების მოპასუხე უნივერსიტეტისთვის დაკისრებას. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ 2010 წლის სექტემბრიდან სამი წლის განმავლობაში, უშუალოდ მოცემულ სარჩელში მითითებულ სადავო საქართველოს გრანტების ზედნადები ხარჯებიდან (და არა _სხვა გრანტებთან მიმართებაში) შრომის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.

 

სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ გააქარწყლა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მოპასუხის მიერ დასახელებული არგუმენტები, ასევე, ვერ დაამტკიცა, 2008-2010 წლებში მის მიერ გრანტებთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობა, რამაც განაპირობა მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებაში, აპელანტის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის ფორმულირება, სადაც მითითებულია, თითქოს „ზედნადებ“ თანხებში შრომითი დანახარჯებს უწევს სხვადასხვა პოზიციის თანამშრომელი, სხვადასხვა პოზიციის თანამშრომელი ხელფასს ღებულობს ან ძირითადი პერსონალის ხელფასიდან, ან დამხმარე პერსონალის ხელფასიდან. აპელანტის მითითებით, დირექტორი არასოდეს ითხოვდა გრანტის ხელმძღვანელისაგან მოხსენებით ბარათს. ის უხეშად არღვევდა ამ წესს.

 

აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ N257, N477 გრანტებიდან მიღებული აქვს 1567 ლარი და 2008 წლიდან 2011 წლამდე გრანტებიდან მისი ხელფასი შეადგენდა 16030 ლარს. აპელანტის განმარტებით, მას პრეტენზია არ აქვს 2010 წლის შემდეგ მიღებულ თანხაზე, მითუმეტეს 2011 წელზე. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის გადაწყვეტილებაში ნახსენები ეს წლები.

 

აპელანტის მითითებით, მოპასუხე წერს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2011 წლით დათარიღებული წერილი სადაც განმარტავს, რომ აპელანტს მიღებული აქვს ანაზღაურება პროექტების ზედნადები თანხებიდან და არ გააჩნია პრეტენზია.

 

აპელანტის განმარტებით, მას 2010 წლიდან გამარჯვებული გრანტებიდან ხელფასი მიღებული აქვს განათლების სამინისტროს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული თანხებიდან სრულყოფილად, მას შემდეგ რაც დირექტორს აიძულა არამიზნობრივად დახარჯული თანხები უკან დაებრუნებინა გრანტების ანგარიშზე და აიძულა ხელფასის მიცემა მისთვის და არა ნინო ციმაკურიძისათვის ( 2008- 2009 წლებში გრანტებს აფინანსებდა სამეცნიერო ფონდი იგივე დებულებით, მას დირექტორისათვის ეს მოთხოვნა არ წაუყენებია.). აპელანტის განმარტებით, მან შეძლო დირექტორისთვის დაემტკიცებინა, რომ ნინო ციმაკურიძე ვერ ფლობდა ახალ საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული პირი გადაყვანილია ბიბლიოთეკაში.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ხანდაზმულად ჩათვალა გრანტის თანხების მოთხოვნა.

 

აპელანტი უთითებს სსკ-ს 130-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მისი განმარტებით კი მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აპელანტის მითითებით, მართალია იგი სასამართლოს არ დაუკავშირდა მაშინათვე, როდესაც გაიგო გრანტის ზედნადები ხელფასიდან რაღაც ნაწილის მფლობები თვითონაც იყო, მაგრამ როგორც კი რუსთავის ფონდმა მას ხელფასი მისცა და ეს იყო 2010 წლის სექტემბერი, მაშინ მოითხოვა დირექტორისაგან კუთვნილი ხელფასის მიღება. აპელანტის მითითებით, არანაირი ციმაკურიძე ხელფასს არ იღებდა, ამ თანხას ხარჯავდა დირექტორი პირადი მიზნებისათვის, ვითომ მივლინებებში, ვითომ საწვავში (დაწესებულებას მანქანა არ ჰყავდა).

 

აპელანტის განმარტებით მან მიმართა ტექნიკურ უნივერსიტეტს 2011 წლის ბოლოს, აუდიტს 2012 წელს.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მოსამართლემ ზოგ შემთხვევაში გამოიყენა სამართლის ის ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორი შეფასება მისცა მათ. აპელანტის მითითებით, მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო ნორმებს და მან არ გამოიყენა მატერიალური ნაწილის არცერთი მუხლი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ გ---–----ი ი-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გ---–----ი ი-------–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ი 2008 წლიდან მუშაობდა სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 180 ლარს (დაბეგრილი).

 

- გარდა ძირითადი, ინსტიტუტის მთავარი ბუღალტრის სამუშაოსი, მოსარჩელე ასევე საბუღალტრო მომსახურებას ასრულებდა სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში მოპოვებულ არაერთ საქართველოს გრანტთან და ევროგრანტთან მიმართებაში, საიდანაც იღებდა გარკვეულ ანაზღაურებას.

- გრანტებიდან, მათ შორის _ სადავო, საქართველოს N257, N275 და N477 გრანტებიდან, ამა თუ იმ პირზე შრომის ანაზღაურება გაიცემოდა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის და დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე.

- 2009-2011 წლებში, გ---–----ი ი-------–---–ზე, ხელფასის სახით გრანტების ზედნადები თანხებიდან გაცემულია, ჯამში _ 15 676 ლარი და ძირითად ხელფასთან ერთად, მისმა მთლიანმა შემოსავალმა ამ პერიოდში შეადგინა 23 367,1 ლარი, ანუ საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 753,78 ლარი, რამაც გადააჭარბა დირექტორისა და გრანტის ხელმძღვანელის შემოსავლებს.

- მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სადავო გრანტების ხელმძღვანელების ისეთი მოხსენებითი ბარათები, რომლებშიც აღნიშნული იყო გ---–----ი ი-------–---–ის მიერ სამუშაოს შესრულების და მასზე თანხის გაცემის შესახებ და იგი არ შესრულებულა ინსტიტუტის მიერ.

- 2011 წლის აგვისტოს თვეში, მოსარჩელემ, როდესაც ინსტიტუტის მხრიდან, მისი თხოვნის საფუძველზე მასზე გაიცა დახმარება 1000 ლარის ოდენობით, სამადლობელ ბარათში აღნიშნა, რომ საგრანტო პროექტების ზედნადები ხარჯებიდან ღებულობდა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ანაზღაურებას და ამ თვალსაზრისით, ინსტიტუტის ხელმძღვანელთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.

-საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 27 ივლისს მიიღო N210 დადგენილება, "საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N16 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ", რომლის თანახმადაც, სხვა რამდენიმე სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებასთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების _ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან შეერთების გზით, 2011 წლის 01 იანვრიდან, აღნიშნული უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად _ დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულად რეორგანიზდა სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი

- მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ი დროულად ვერ ახერხებდა გრანტებთან დაკავშირებით წარმოებული გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, ამასთან, ზედნადების ხელფასში არასწორად ჰქონდა გადარიცხული საშემოსავლო გადასახადი, არ ჰქონდა გაკეთებული მივლინებების ხარჯთაღრიცხვები, ხელფასები გადარიცხული იყო ბრძანებების გარეშე, არასწორად იყო მითითებული ხელფასის დანიშნულება. 2011 წლის 06 დეკემბერს, მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოსცა N128 ბრძანება, "სტუ-ში სამეცნიერო გრანტების აღრიცხვიანობისა და მასთან დაკავშირებული საბუღალტრო პროცედურების სრულყოფის შესახებ", რომლითაც, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე და სტუ-ს აღრიცხვა - ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო გრანტების სრულყოფილი აღრიცხვიანობისა და ფინანსური ანგარიშსწორების საქართველოს სამეცნიერო ფონდში დროულად წარდგენის მიზნით, დადგინდა აღნიშნულთან დაკავშირებული საქმის წარმოება აღრიცხვა - ანგარიშგების დეპარტამენტის მიერ განხორციელება ცენტრალიზებული წესით. ამასთან, დასახელებული საქმის წარმოება დაევალა აღრიცხვა - ანგარიშგების დეპარტამენტის ერთ - ერთ თანამშრომელს.

 

- მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 2012 წლის იანვრიდან გათავისუფლდა სტუ-ს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან, სადაც ის 2011 წლის დასაწყისიდან იყო დასაქმებული.

- გ---–----ი ი-------–---–ის სარჩელი ხანდაზმულია.

 

4.2 საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ „წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა“ (უფლებამონაცვლე - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და გ---–----ი ი-------–---–ს შორის გაფრომებული იქნა საგრანტო შრომითი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული ვალდებული იყო კეთილსინდისიერად შეესრულებინა სამუშაო, ხოლო დამსაქმებელი ვალდებული იყო გადაეხადა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება.

 

მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ის სარჩელი ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს, N257, N275 და N477 გრანტების ფარგლებში მისაღები სახელფასო დავალიანების დაკისრება.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ გ---–----ი ი-------–---–ის სარჩელი ხანდაზმულია.

 

მოსარჩელეს სადავოდ აქვს გამხდარი 2008 წლის 16 მარტის N257 საგრანტო ხელშეკრულება, ასევე 2008 წლის 16 მარტის N275 საგრანტო ხელშეკრულება და 2009 წლის 7 აპრილის N477 საგრანტო ხელშეკრულება.

 

პალატა უთითებს, რომ მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ის განმარტებით, იგი ითხოვს 2008-2010 წლებში გადაუხდელი ხელფასის გადახდას, კერძოდ, N257 გრანტიდან - 6000 ლარს, რომელიც 2008-2009 წლების გადაუხდელ ხელფასს წარმოადგენს, N477 გრანტიდან - 1500 ლარს 2008-2009 წლების ხელფასს, და N275 გრანტიდან - 5000 ლარს 2008-2009 წლების ხელფასს. ამდენად, მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ისთვის გრანტების ფარგლებში მისაღები თანხების მოთხოვნის უფლება წარმოშობის თარითად 2009 წელი უნდა განისაზღვროს, ხოლო მისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2012 წელს. აღნიშნული გრანტებიდან თანხის გადახდის მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2014 წლის 18 დეკემბერს, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ გ---–----ი ი-------–---–ის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ---–----ი ი-------–---–ის მიერ სასამართლოში არაერთხელ იქნა აღძრული სარჩელი სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა თუ გივი გავარდაშვილის წინააღმდეგ, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოცემულ სარჩელში მითითებულ სადავო საქართველოს გრანტების ზედნადები ხარჯებიდან შრომის ანაზღაურების მოთხოვნით მას სასამართლოსთვის მანამდე არ მიუმართავს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნულს ეჭვქვეშ დააყენებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, 103.1 მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი ხანდაზმული არაა იმ საფუძვლით, რომ მან არაერთხელ განუცხადა მოპასუხეს პრეტენზია, რომ მისთვის გადაეხადათ მისი კუთვნილი ხელფასი.

 

სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, პირის მიმართვა სასამართლოსთვის ან სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის. არც საქმის მასალებით და არც მხარის განმარტებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება, ხოლო ის გარემოება, რომ იგი მოპასუხისგან წლების განმავლობაში ითხოვდა თანხის გადახდას, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად არ წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს.

 

გარდა ამისა, პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე გ---–----ი ი-------–---–ის მიერ ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით დადასტურებული სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მისთვის თანხების გადაუხდელობა.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლებიდანაც დასტურდება, რომ გ---–----ი ი-------–---–მა გრანტებიდან მიიღო შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

 

2009 წლის 23 მარტის საგრანტო შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს პროექტის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, პერიოდული გადახდით შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ გ---–----ი ი-------–---–ს გრანტის ზედნადები თანხებიდან მიღებული აქვს სხვადასხვა დროს შესრულებული სამუშაოსათვის ხელფასი. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სხვადასხვა ბრძანებებითა და წერილებით, საიდანაც ირკვევა, რომ გ---–----ი ი-------–---–ის გრანტიდან მიღებული თანხა სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო (180 ლარი, 2000 ლარი, 156 ლარი და ა.შ.) შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. გ---–----ი ი-------–---–ის მიერ გრანტებიდან თანხების მიღებას ადასტურებს ასევე სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი დროებითი კომისიის დასკვნაც, საიდანაც დგინდება, რომ 2009-2011 წლებში გ---–----ი ი-------–---–ზე ხელფასის სახით გრანტების ზედნადები სახსრებიდან გაცემულია ჯამში 23 367.1 ლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების ბარათიდან ასევე დადასტურებულია, რომ მას ზედნადები ხარჯებიდან მიღებული აქვს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ანაზღაურება.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ გ---–----ი ი-------–---–ის მოთხოვნა ხანდაზმული რომც არ ყოფილიყო, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგანაც საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ---–----ი ი-------–---–ს გრანტებიდან N257, N275 და N477 მისი კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---–----ი ი-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---–----ი ი-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი