განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001991951
საქმე №2ბ/6902-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 იანვარი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი
აპელანტი - კ-----–- თ------ი
წარმომადგენელი - მ-------–-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ-------ი ი-–---ო
წარმომადგენელი - ბ---------–---ო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
აღწერილობითი ნაწილი
1. 2017 წლის 1 თებერვალს 00:20 საათზე ქ-------–--–-----------–--------------- მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კ-----–- თ------ის კუთვნილი ავტომანქანა (მ---------ი სახ. N W--------) დაეჯახა დ-------ი ი-–---ოს კუთვნილ გაჩერებულ ავტომანქანას (ს-------ი, სახ. N F------).
2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია კ-----–- თ------ის მიერ მანევრირების წესების დარღვევამ. შემთხვევასთან დაკავშირებით შედგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემით, დამრღვევ მძღოლად მიჩნეული იქნა კ-----–- თ------ი და ასკ-ს 125- ე მუხლის საფუძველზე მანევრირების წესების დარღვევისათვის დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
3. 01. 02. 2017 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადდაზიანდა დ-------ი ი-–---ოს კუთვნილი ავტომობილი.
4. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ მხარეთა ზეპირი შეთახმების საფუძველზე კ-----–- თ------მა იკისრა ვალდებულება შეეკეთებინა დაზიანებული დ-------ი ი-–---ოს ავტომობილი და ამგვარად აღედგინა მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი.
5. დაზიანებული ავტომობილი შეკეთების მიზნით მიყვანილი იქნა კერძო სახელოსნოში, ხელოსან - ა---- მ---–----–-–ვილთან.
6. დ-------ი ი-–---ომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა კ-----–- თ------ისათვის ამ უკანასკნელის მიერ მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის 2585 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 31 იანვარს დ-------ი ი-–---ოს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაეჯახა კ-----–- თ------ის ავტომობილი, რის შედეგადაც მოსარჩელის ავტომობილს დაუზიანდა ბამპერის უკანა მარცხენა მხარე, მაშუქი, ფრთა და ბორბალი, საერთო ჯამში მოსარჩელე მხარისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგინა 2585 ლარი, რისი ანაზღაურების ვალდებულებაც მოსარჩელე მხარის მითითებით უნდა დაეკისროსმოპასუხე მხარეს.
7. მოპასუხე კ-----–- თ------მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან მიყენებული მატერიალური ზიანი ანაზღაურებულია სრულად და მის მიერ შეკეთებულია დაზიანებული ავტომანქანა. მოპასუხის მითითებით, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად ხელოსნის მიერ თითქმის დასრულებული იყო ავტომანქანის შეკეთება, დ-------ი ი-–---ოს სამუშაოების განხორციელებისას არ გამოუთქვავს არავითარი პრეტენზია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარჩენილი იყო წვრილმანი კოსმეტიკური სამუშაოები დ.ი-–---ომ გამოთქვა უკმაყოფილება და წაიყვანა ავტომანქანა „თ------ მ---------ში“, სადაც დაანგარიშდა შეკეთების მომსახურება თავიდან და მოსარჩელემ მოითხოვა შესაბამისი თანხის თავიდან გადახდა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე კ-----–- თ------ს მოსარჩელე დ-------ი ი-–---ოს სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 2585 ლარის ოდენობით;. მოპასუხე კ-----–- თ------ს მოსარჩელე დ-------ი ი-–---ოს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 107 ლარის ოდენობით; კ-----–- თ------ს დ-------ი ი-–---ოს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
8.1. სასამართლომ მოწმე ა---- მ---–----–-–ვილის ჩვენების შესაბამისად დაადგინა რომ, მან განახორციელა სათუნუქე სამუშაოები, კერძოდ მის მიერ შეკეთდა მოსარჩელის ავტომანქანის უკანა მხარე, შეცვალა ბამპერი და ფარი. მოწმის მტკიცებით, ის მხარეებს არ შეპირებია, რომ მის მიერ აღდგებოდა პირვანდელი მდგომარეობა და სამუშაოების განხორციელდებოდა ქარხნულად. მოწმის მითითებით შესაკეთებელი ნაწილები მას მიუტანა კ-----–- თ------მა, ა. მ---–----–-–ვილის განმარტებით ნაწილები არ ყოფილა ახალი, თუმცა იმყოფებოდა ვარგის მდგომარეობაში. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მიერ უნდა განხორციელებულიყო დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისათვის საჭირო მოქმედებების ნაწილი. რაც შეეხება, ავტომანქანის შეღებვასა და სხვა საჭირო მოქმედებებს, როგორც მისთვის ცნობილია შეასრულა სხვა ხელოსანმა. მოწმის ჩვენებით მის მიერ შესრულებული სამუშაო არ ყოფილა იდეალური და იყო გარკვეული ხარვეზები, თუმცა იგი შეესაბამებოდა მის მიერ დაპირებულ შესრულებას. ა---- მ---–----–-–ვილის მითითებით, დ-------ი ი-–---ოს სამუშაოების განხორციელების ეტაპზე პრეტენზია არ გამოუთქვავს, რამდენადაც შესრულების შეფასება შეუძლებელი იყო თუ საბოლოო შედეგს არ ნახავდა. მოწმემ დაადასტურა, რომ სამუშაოების ბოლოს დ-------ი ი-–---ომ კ-----–- თ------ის მამასთან გამოთქვა უკმაყოფილება და პრეტენზია, იგი არ იყო კმაყოფილი შესრულებული სამუშაოებით. მოწმემ დაადასტურა, რომ გაწეული სამუშაოების სანაცვლოდ კ-----–- თ------მა მას გადაუხადა დაახლოებით300-350 ლარი. ა---- მ---–----–-–ვილმა, ასევე დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის მესაკუთრე მოინდომებდა შეკეთებული სამუშაოების ქარხნულად გასწორებას, საჭირო გახდებოდა სათუნუქე სამუშაოების თავიდან განხორციელება, შეღებვა და სხვა მის მიერ განხორციელებული სამუშაოების ხელახლა განხორციელება.
8.2. მოსარჩელე დ-------ი ი-–---ომ კ-----–- თ------ის მიერ შეთავაზებული შესრულება არ მიიღო, რამეთუ დელიქტური ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 361.1 მუხლის შესაბამისად არ ყოფილა შესრულებული ჯეროვნად, სახეზეა ნაკლიანი შესრულება, რაც მოთხოვნის მფლობელს ანიჭებს უფლებას უარი თქვას ამგვარი შესრულების მიღებაზე და მოითხოვოს მისთვის მისაღები ვალდებულების შესრულება. დადგენილია, რომ 20.03.2017 წელს, მას შემდეგ, რაც დ-------ი ი-–---ომ უკმაყოფილება გამოთქვა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე ,,თ------ მ---------ის’’ მიერ გაცემული ცნობით იმ დროისათვის განხორციელებული სამუშაოების გათვალისწინებით შეკეთებისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა განისაზღვრა 2585 ლარის ოდენობით.
8.3. მოპასუხე არ ცნობს სარჩელს და განმარტავს რომ მის მიერ ვალდებულება შესრულებულია და შესაბამისად იგი არ არის ვალდებული აანაზღაუროს დამატებით ხარჯები. თავის მხრივ მოსარჩელე ასაბუთებს, რომ კ-----–- თ------მა მას მიაყენა ზიანი და შესაბამისად ზიანის მიმყენებელ პირს წარმოეშვა ვალდებულება აღედგინა პირვანდელი მდგომარეობა, ხოლო ვალდებული პირის შეთავაზებული შესრულება არ იყო შესაბამისი დ-------ი ი-–---ოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობისა. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებით შეწყვეტის წინაპირობები თანაბრად მოქმედებს, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო - კანონისმიერი - ვალდებულებითი ურთიერთობის მიმართ. ვალდებულების შესრულებისაკენ მიმართული ქმედება უნდა იყოს ვალდებულების შესაბამისი, ანუ ქმედება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ვალდებულების შინაარსთან და მის პირობებთან, იქნება ეს კანონით თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, რამდენადაც ქმედების შინაარსი და მოცულობა სწორედაც, რომ სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მოვალემ შესრულება კრედიტორის წინაშე ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ: დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას, სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. სადავო შემთხვევაში დ-------ი ი-–---ოს ჰქონდა უფლება უარი ეთქვა იმგვარი შესრულების მიღებაზე, რომელიც არ შეესაბამება ვალდებულების შინაარს და სრულად არ ანაზღაურებს განცდილ ზიანს.
მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა „თ------ მ---------ის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც გაანგარიშებულია ზიანის ოდენობა, თავის მხრივ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება უტოლდება შესრულებას, რომლითაც წყდება ვალდებულება.
8.4. სასამართლოს განმარტებით სადავო შემთხვევაში დადასტურებულია, რომ კ-----–- თ------ის მიერ მანევრირების წესების დარღვევას შედეგად მოყვა დ-------ი ი-–---ოს საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაზიანება. ამდენად სახეზეა დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის განსაზღვრული წინაპირობები, რომელთა კუმულატიური არსებობა იწვევს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, სახეზე ა) კ-----–- თ------ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც გამოიხატა მანევრირების წესების დარღვევაში, ბ) კ-----–- თ------ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად დაზიანდა დ-------ი ი-–---ოს ავტომობილი, რომლის შეკეთებისათვის საჭირო თანხების ოდენობა შეადგენს - 2585 ლარს და გ) ცალსახაა მიზეზობრივი კავშირის არსებობა კ-----–- თ------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედება და დამდგარ შედეგს შორის - ავტომობილის დაზიანება გამოწვეულია დ-------ი ი-–---ოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად.
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაცმოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა: ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალი. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი.
8.5. სსკ-ს 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სსკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. განსახილველი ნორმა, ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელ წინაპირობად აწესებს მიზეზობრივი კავშირის არსებობას დამდგარ ზიანსა და პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის და 992-ე მუხლის განმარტებით დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს ეკისრება კუმულატიურად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და 999-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემით, თავად მხარეთა ახსნა-განმარტებითა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრით, რომლის შესაბამისადაც კ-----–- თ------ი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომლის შესაბამისად, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს - 2585 ლარს.
8.6. სასამართლომ განმარტა რომ, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე, როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი) განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება, რის საწინააღმდეგოდაც მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც გააქარწყლებდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მატერიალური ზიანის არსებობის ფაქტი - 2585 ლარის ოდენობით, მასზე პასუხისმგებელი პირი - კ-----–- თ------ი, რაც ერთობლიობაში სარჩელის საფუძვლიანობასა და შესაბამისად მის დაკმაყოფილებას იწვევს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ-----–- თ------მა აპელანტის განმარტებით:
9.1 სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე კ-----–- თ------მა იკისრა ვალდებულება, შეეკეთებინა დაზიანებული დ-------ი ი-–---ოს ავტომანქანა და ამგვარად აღედგინა მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან ნათლად ჩანს, რომ კ-----–- თ------ს მოსარჩელესთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე არ აუღია ვალდებულება თავის თავზე, რომ დ-------ი ი-–---ოს ავტომანქანა შეკეთების შემდეგ იქნებოდა პირვანდელ, ანუ ქარხნულ მდგომარეობაში. ეს იცოდა მოსარჩელემ, თუმცა მას ამის თაობაზე პრეტენზია არ ჰქონია.
9.2 სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ დ-------ი ი-–---ოს ავტომანქანა შესაკეთებლად მიყვანილ იქნა კერძო ხელოსანთან - ა---- მ---–----–-–ვილთან, თუმცა არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მოწმის- ა---- მ---–----–-–ვილის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ამბობს, რომ ,,მოწმის მტკიცებით, ის მხარეებს არ შეპირებია, რომ მის მიერ აღდგებოდა პირვანდელი მდგომარეობა და სამუშაოები განხორციელდებოდა ქარხნულად’’. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ყურადღება არ გაამახვილა და არ იმსჯელა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ფოტომასალაზე, რომელზედაც გამოსახული იყო მოსარჩელის ავტომანქანა დაზიანებულ მდგომარეობაში და შეკეთების შემდეგ, სადაც სრულად იყო ასახული, თუ რა სამუშაოები და ხარჯი გასწია მოპასუხემ დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად.
9.3 ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილი ზიანის ოდენობად -,,თ------ მ---------ის’’ მიერ გაცემული ცნობით განსაზღვრული თანხა - 2 585 ლარი. წარმოდგენილ ცნობაში არაა დასაბუთებული, გარდა ვიზუალური დათვალიერებისა, რით შეფასდა დაზიანებული ნაწილები.ასევე გაურკვეველია, მათი ღირებულება განისაზღვრა თუ არა საბაზრო ღირებულებაზე დაყრდნობით. ამასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასა და მოსარჩელის ავტომანქანის დაზიანების ხარისხს შორის. მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის დაანგარიშების მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც უნდა დაეანგარიშებინა ზიანის ოდენობა დაზიანებამდე და ამავე ავტომანქანის ღირებულების და დაზიანების შედეგად მისი ღირებულების ურთიერთშეფარდება.
9.4 სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, ვინაიდან საქმის მასალებით მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ცალსახად არ დასტურდება. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოპასუხის ქმედებები იქნება მართლსაწინააღმდეგო, ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამოდენიმე თვის შემდეგ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებით დელიქტური ვალდებულების წინაპირობების, ასევე ზიანის ოდენობის დადგენა გაუმართლებელია. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დელიქტურ პასუხისმგებლობას ახასიათებს მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებლს შორის, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის. იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ აღნიშნული ვერაფრით ვერ დაადასტურა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია. გარდა ამისა, საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი შპს ,,თ------ მ---------ის’’ მიერ გაცემული ინვოისი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ სახის ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს ავტომანქანის დაზიანებული დეტალების საბაზრო ღირებულებას. მასში მოცემულია მხოლოდ ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული ფირმა რა ფასად ჰყიდდა განსახილველ დავაში სასამართლოს მიერ შესაფასებელი ავტომანქანის დაზიანებულ დეტალებს.
9.5 სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-409 -ე მუხლები. სასამართლომ, ასევე არასწორად განმარტა 999-ე მუხლის 1- ლი ნაწილი, რომლის თანახმად, დელიქტურ პასუხისმგებლობას ახასიათებს მტკიცების ტვირთის გადანაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის. დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და ზიანს შორის.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
პალატა იზაიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 8.1; 8.2; 8.3; 8.4; 8.5; 8.6. პუნქტები) სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით, ამასთან, დამატებით განმარატავს შემდეგს:
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. ამდენად, მოცმული მუხლის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. (სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი)
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი კ-----–- თ------ი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობას და უარყოფს მიზეზობრივი კავშირის არსებობას დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ ნორმეთა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს ) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შეთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე მხარემ სრულად უზრუნველყო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება. მოპასუხე მხარეს კი, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა და ფოტომასალისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აქტში მითითებული ზიანის ოდენობის უსწორობას და გააქარწყლებდა მას, სასამართლოში არ წარმოუდგენია. პალატა განმარტავს, რომ აპელანტს არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი, რადგან მისი პრეტენზიები ძირითადად ეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მოწინააღმდეგის მტკიცების გასაქარწყლებლად სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საპირწონე არც ერთი მტკიცებულება. მოპასუხე მხარეს სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა.
12. სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას ,,თ------ მ---------ის’’ მიერ გაცემული დასკვნის (ინვოისის) არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით და განმარტავს, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის იმ საწარმოს მიერ გაცემული დოკუმენტის მიმართ რომელმაც მოსარჩელეს გაუწია მომსახურება და გასცა შესაბამისი ინვოისი, დადგენილი არ არის. შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის დადგენისას, მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ სპეციალისტის დასკვნას და მის საფუძველზე სწორად დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. პალატა განმარტავს რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ,,თ------ მ---------ის’’ მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ოდენობას, შეეძლო წარმოედგინა ისეთი შინაარსის მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა გააქარწყლებდა მოსარჩელის პოზიციას ზიანის ამგვარად შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელსაც შესაძლოა გაექარწყლებინა ,,თ------ მ---------ის’’ მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ოდენობა. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები კი, პალატას არ მიაჩნია იმ სახის მტკიცებულებად, რასაც შეეძლო შეემცირებინა ან გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ,,თ------ მ---------ის’’ მიერ გაცემული დასკვნით დადგენილი მატერიალური ზიანის ოდენობა. ამდენად, პალატა განმარტავს რომ მოპასუხე ვალდებულია ექსპერტიზის დასკვნა არგუმენტირებულად, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების მოშველიებით უარყოს, რასაც მოცემულ შემთხეხაში ადგილი არა აქვს. („მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში“... იხ. საქმე #ას459 -438-15, 07.10.2015 წელი);
შესაბამისად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ მიზეზობრივი კავშირი ნიშნავს ადამიანის ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებულ მოვლენათა შორის ისეთ ობიექტურ კავშირს, როდესაც ერთ მოვლენას (შედეგს) იწვევს მეორე (მიზეზი) დროის მიხედვით, მოქმედება წინ უნდა უსწრებდეს მავნე შედეგს. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად, ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემებების პირობებში სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კ-----–- თ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
13. საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ-----–- თ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /დიანა ბერეკაშვილი/