განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1ა/გ-79-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვა------ მე-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ვა------ მე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე. ვა------ მე-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვა------ მე-----–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ვა------ მე-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 23 აგვისტოდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ვა------ მე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი. ვა------ მე-----–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ვა------ მე-----–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ვა------ მე-----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებად ადგენს ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრას სასჯელს აღნიშნული ქმედებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლი მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს 273-ე მუხლის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მრავალჯერად (არაერთგზის) მოხმარებას. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ვა------ მე-----–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ - ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ და განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. (როგორც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 24 იანვრის წერილით დასტურდება, მსჯავრდებულ ვა------ მე-----–---–ს მიერ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა გადახდილი აქვს).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამო, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ვა------ მე-----–---–ი უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამ დანაშაულისათვის ჩამორთმეული უფლებები.
რაც შეეხება გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენს, ვა------ მე-----–---–ს მოცემული განაჩენით მსჯავრი დაედო 0,003712 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ვა------ მე-----–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვა------ მე-----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში ვა------ მე-----–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
მსჯავრდებული ვა------ მე-----–---–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამ დანაშაულისატვის ჩამორთმეული უფლებები.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
რევაზ ნადარაია