განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2018
საქმის ნომერი
010141318700050542
ინსტანცია
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700050542

საქმე №1/ა.გ-40-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მზია ლომთათიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ თ-------------–--ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით თ-------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

თ-------------–--ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება,2018 წლის 10 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ-------------–--მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენის გაუქმება, სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისგან გათავისუფლება და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით თ-------------–--ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალება “ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ თ-------------–--ს საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის იმ ოდენობისაგან, რომლის აღსრულება დღეის მდგომარეობით არ მომხდარა, მასვე, უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება მსჯავრდებულ თ-------------–--სთვის დანიშნული სასჯელის - ჯარიმის იმ ნაწილს - 2000 (ორი ათასი) ლარი, რომლის აღსრულებაც, როგორც თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილით ირკვევა, უკვე განხორციელდა, პალატა მსჯავრდებულის მიერ გადახდილი ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ ვერ იმსჯელებს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ თ-------------–--ს პირად საქმეში არსებული, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 იანვრის და ამავე სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს განაჩენებთან მიმართებით ასევე უნდა განხორციელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, თუმცა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი განხილვა“, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებულ განაჩენებთან დაკავშირებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ-------------–--ს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ თ-------------–-- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადასახდელად დარჩენილი ნაწილის - 1000 (ათასი) ლარის გადახდისაგან;

 

თ-------------–--ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

მ. ლომთათიძე