განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.01.2018
საქმის ნომერი
330210015001063289
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001063289

საქმე № 3ბ/2870-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელი

12 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - შოთა გეწაძე

გიორგი გოგიაშვილი

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ე-----–-----------ძე;

მოწინააღმდეგე მხარე – ვ------- ლ----ე;

დავის საგანი – თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, ვ------- ლ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვ------- ლ----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6------ (ექვსასი ათასი) ლარი;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2010 წლის 12 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1--------- განაჩენით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ვ------- ლ----ეს დაუდგინდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა ჯარიმა 6------ ლარის ოდენობით.

 

2.2. დაკისრებული ჯარიმა ვ------- ლ----ის მიერ 2010 წლის 13 აგვისტოს სს „კორ სტანდარტ ბანკის“ მეშვეობით, №4---- საგადახდო დავალებით გადახდილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, რომელიც დადგენილ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მოსარჩელე ვ------- ლ----ისათვის დაკისრებული ვალდებულება მთლიანად შეწყვიტა იმის გამო, რომ დაკმაყოფილდა ვ------- ლ----ის შუამდგომლობა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და საბოლოოდ ვ------- ლ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულ იქნა თავისუფლების აღკვეთა და არა ჯარიმა.

 

2.4. ვ------- ლ----ეს ჯარიმის სახით გადახდილი 6------ ლარი არ დაბრუნებია

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის გადასაწყვეტად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს, რომელიც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვ------- ლ----ის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე 6------ ლარის გადახდის თაობაზე, წარმოიშვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განაჩენის საფუძველზე. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ ვ------- ლ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულ იქნა თავისუფლების აღკვეთა და არა ჯარიმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში 6------ ლარის გადახდის საფუძველი აღარ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ვ------- ლ----ეს ვალდებულების გარეშე აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 600 000 ლარი. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე ვ------- ლ----ე უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადახდილი თანხის 6------ ლარის დაბრუნება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მე-6 მუხლის ბ1 და ბ2 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ანგარიშები გახსნილია სახ. ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვაზე ნებრათვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა აქვს მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს. დაუშვებელია ამ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მათ ანგარიშებზე არსებული სახსრების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი გადახდების შეზღუდვა.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობების თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძნაებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სხვაში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სახვა სახელმწიფო და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა) სხვა შემოსულობების ზედემეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ერთის მხრივ სისხლისსამართლებრივი დევნა მოსარჩელე ვ------- ლ----ის მიმართ, რომელიც განხორციელებული იქნა პროკურორის მიერ, აღნიშნულის შესაბამისად ვ------- ლ----ე სასამართლომ სცნო დამნაშავედ და მიესაჯა 6------ ლარის გადახდა (სხვა სასჯელთან ერთად), ხოლო მეორეს მხრივ მოხდა ზემოხსენებული ჯარიმის თანხის ნებაყოფლობით აღსრულება და სადავო თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადარიცხული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მეშვიდე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გახსნილი ანგარიშების მართვის უფლება აქვთ შესაბამის იურიდიულ პირებს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის N916-ე ბრძანების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია დააბრუნოს სადავო თანხა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულს მოითხოვს ის პირი რომლის ანგარიშიდანაც იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასრიცხული სადავო თანხა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, დარღვეულია სამართლის ნორმები და გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამონისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამონისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ დავასთან მიმართებით მიღებულ განჩინებაში განმარტა, რომ თანხა, რომლის დაკისრებასაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების მიზნით (ჯარიმის თანხა). შესაბამისად, მოცემული დავა მატერიალური თვალსაზრისით, კერძო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით შემოწმებას ექვემდებარება სწორედ ადმინისტრაციული წესით. სარჩელის სამართლებრივი საფუძველი თანხის უკან დაბრუნების შესახებ არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რამდენადაც შესამოწმებელია განაჩენის აღსრულების საკითხი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამოქალაქო კანონმდებლობასთან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესაბამისად, გადმოეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელეს 2010 წლის 12 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1--------- განაჩენით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაუდგინდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა ჯარიმა 6------ ლარი. დაკისრებული ჯარიმა მსჯავრდებულმა 2010 წლის 13 აგვისტოს №4---- საგადახდო დავალებით გადაიხადა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, რომელიც დადგენილ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და საბოლოოდ, მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულ იქნა თავისუფლების აღკვეთა და არა ჯარიმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულის მიმართ დარჩა უცვლელი.

 

პალატა განმარტავს, რომ ვ------- ლ----ის მიერ სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 6--------- ლარის დაკისრება, ხოლო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მდგომარეობს 2010 წლის 12 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის #1--------- განაჩენის აღსრულების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის თანხის გადახდაში. მოსარჩელის მითითებით, მას სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად დაუდგინდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებით სასჯელად სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განესაზღვრა 6------ ლარის გადახდა, რომელიც მან გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. მოგვიანებით კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს #1ა/გ-1830- 13 განაჩენით სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა ამავე მუხლით განსაზღვრული ნაკლებად მძიმე სასჯელი (6------ ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა).

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირისათვის თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრება წარმოადგენდა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილ სასჯელს. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული გამართლებული არ ყოფილა. ამ განაჩენით დამდგარი ვალდებულება არ ჯდება სტანდარტული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და არ გამომდინარეობს კონკრეტული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებიდან. მსჯავრდებულს თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა არა გარიგების გამო, არამედ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

 

შესაბამისად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მოიხმობს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 11 ოქტომბერს გაკეთებულ განმარტებას, რომ „მოცემული დავა მატერიალური თვალსაზრისით, კერძო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით შემოწმებას ექვემდებარება სწორედ ადმინისტრაციული წესით. სარჩელის სამართლებრივი საფუძველი თანხის უკან დაბრუნების შესახებ არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რამდენადაც შესამოწმებელია განაჩენის აღსრულების საკითხი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამოქალაქო კანონმდებლობასთან. იმავდროულად, წინამდებარე დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს შემდეგი გარემოება: პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს [მოპასუხეს] წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო [საქართველოს ფინანსთა სამინისტრო]; სადავო იურიდიული მოქმედებას წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების მიზნით საჯარიმო თანხის გადახდა."

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის მასალების თანახმად გადამოწმებულ იქნა დავის განხილვის ინსტანციური სასამართლო კომპეტენციის საკითხი და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს, როგორც საერთო იურისდიქციის სასამართლოებში ინსტანციურად მეორე საფეხურზე მდგომი მართლმსაჯულების განმახორციელებელ დაწესებულებას, აქვს კომპეტენცია შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ როგორც არსებითად განხილული და გადაწყვეტილი დავების შედეგად მიღებული სასამართლო აქტები, ისე სადავო საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირების შედეგად მიღებული შუალედური განჩინებების კანონიერება საპროცესო მხარეთა მიერ მათი გაპროტესტების შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობით გაწერილი პირობების ზუსტი თანმიმდევრულობით.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის თანახმად, იმისათვის, რომ დაცულ იქნას მოდავე მხარეთა საკუთარი უფლებებისა და ინტერესების მართლმსაჯულების განხორციელების მართლზომიერი სასამართლო კომპეტენცია, მოდავე მხარეებს არ შეეზღუდოთ სადავო უფლების დაცვის ინსტანციური მართლმსაჯულებითი შესაძლებლობები და არ დაირღვეს განსჯად სასამართლოთა კომპეტენციის თანმიმდევრულობა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, განსჯადობის წესის დაცვით უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

 

ამდენად, ზემოთ მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე ვ------- ლ----ის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, თანხის დაბრუნების თაობაზე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების

 

საკითხზე.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე მუხლებით

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ვ------- ლ----ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, თანხის დაბრუნების თაობაზე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე