განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700050894
საქმე ?1/აგ-52-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
შორენა ყაველაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ-------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით თ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ” და „ე” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
თ--------------–---–ი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თ-------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თ-------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №1-175-15 განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით და ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით თ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, თ-------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
თ-------------–---–ს, ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 12 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ-------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ თ-------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სსკ-ის 273-ე მუხლი და არა სსკ-ის 2731-ე მუხლი, რომელიც დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებას, მაგრამ სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და წყვეტს პრობლემას ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, შესაბამისად, იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“.
ამდენად, განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მიზნებისათვის, სსკ-ის 273-ე და სსკ-ის 2731-ე მუხლები ერთი რეგულაციის რეჟიმში ექცევა.
მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით თ-------------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული თ-------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს.
ამასთან, მითითებული გადაწყვეტილება, არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლზე (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი) და აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ სასჯელზე, ვინაიდან თ-------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“, „მეტამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ” და „ე” ქვეპუნქტებზე (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენი), ვინაიდან თ-------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონოდ შეძენა, შენახვისათვის (და არა მარიხუანის მოხმარებისათვის), სასჯელის დაუნიშნავად. რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - ჯარიმას 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, რომელიც შთანთქა ბოლო განაჩენით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი) დანიშნულმა სასჯელმა, აღნიშნული სასჯელი მსჯავრდებულს განსაზღვრული ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
თ-------------–---–ი გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
თ-------------–---–ი გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დადგენილი 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
თ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, თ-------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
შ. ყაველაშვილი