განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
330100117002138645
ინსტანცია
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002138645

საქმე №1/ბ-38-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 თებერვალი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------------–--ის,ადვოკატ: ლ-------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ: ა-------–---ის

მონაწილეობის გარეშე,მსჯავრდებულის ა-------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------------------–----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------–-, აზერბაიჯანის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: აზ-------------------------------------------------------------–--------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ა-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა-------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა, კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ა-------–---მა, საბაჟო გამშვები პუნქტის - „წითელი ხიდის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები - 17 472 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები და 1 ცალი საათი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენში, უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად. პალატა მიიჩნევს, რომ ა-------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ოქროს საიუველირო ნაკეთობების დათვალიერების ოქმით, ოქროს საიუველირო ნაკეთობებით, შემოსავლების სამსახურის ექსპერტიზის დასკვნაით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა------–----ს მიერ განხორციელებულ ქმედებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მებაჟე ოფიცრებმა ბრალდებულსა და მის მეუღლეს მათთვის გასაგებ რუსულ ენაზე ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი საქონელი, მათ შორის ფულადი თანხა, ძვირფასეულობა, ოქროს ნაკეთობები და ა.შ., რაზეც მიიღეს უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, რომ ბრალდებულმა ვერ გაიგო რას ეკითხებოდნენ მებაჟე ოფიცრები, ვინაიდან მას არავითარი პრეტენზია ან შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ფლობდა რუსულ ენას არ გამოუთქვამს. ის გარემოება, რომ ა---–---ს მისთვის გასაგებ ენაზე მიმართეს მებაჟე ოფიცრებმა დასტურდება თავად ბრალდებულისავე განმარტებით, რა დროსაც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დეკლარირების ვალდებულების თაობაზე მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ოქროს ნაკეთობები არ დაადეკლარირა, ვინაიდან საქართველოში მათი შემოტანა არ იყო განპირობებული კომერციული მიზნით.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ბრალდებულ ა-------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო და გირაოს თანხად განისაზღვრა 5000 (ხუთი ათასი) ლარი. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არ არის მითითებული აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის დაბრუნების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ამ მიმართებით ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი განაჩენში, უნდა გაუქმდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენში, ა-------–---ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება გირაოს ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულის ა-------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენში ა-------–---ის მიმართ.

 

ა-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- მოხდეს დანაშაულის საგნის - 17 472 ლარის საბაჟო ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და 1 (ერთი) ცალი საათის (ინახება საგამოძიებო სამსახურში) საპროცესო კონფისკაცია, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა;

- “M------------”-ის მარკის ავტომობილი, სახ.ნომრით 9------ (ინახება ს.გ.პ წითელი ხიდის ტერიტორიაზე) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი