განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
010141318700051635
ინსტანცია
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700051635

საქმე №1/ა.გ-93-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ნ-----–------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დავით სანაძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

 

ნ-----–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ნ-----–------------–---–ს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ნ-----–------------–---–ს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიურო საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

მსჯავრდებულ ნ-----–------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 14 დეკემბრიდან 2013 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ივლისის განაჩენით:

 

ნ-----–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ნ-----–------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ნ-----–------------–---–ს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი და ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით (მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ჯარიმა 7 000 ლარის ოდენობით გადახდილია).

 

ნ-----–------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიურო საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ნ-----–------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 14 დეკემბრიდან - 2013 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. ასევე, 2014 წლის 14 თებერვლიდან - 2014 წლის 6 ივლისის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 7 ივლისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით:

 

ნ-----–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების გამოყენებით, შეეცვალა პირობითი მსჯავრით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.

 

ნ-----–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ნ-----–------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 23 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ნ-----–------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დავით სანაძემ, რომელმაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის #1/8/196 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ნ-----–------------–---–ის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ნ-----–------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დავით სანაძის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების - დეზომორფინის დამზადება, შეძენა-შენახვისათვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების არაპროპორციულობაზე და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს 0,00009 გრამამდე დეზომორფინის დამზადება, შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენით, ნ-----–------------–---–ს მსჯავრი დაედო და ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,000071 გრამი - „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, დადგინდა 0,00009 გრამამდე დეზომორფინის დამზადება, შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ნ-----–------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისაგან, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ნ-----–------------–---–ს განსაზღვრული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ივლისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მსჯავრდებულს აღნიშნული ჯარიმა გადახდილი აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენით, ნ-----–------------–---–ს მსჯავრი დაედო ასევე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების - ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით შთანთქა უფრო მკაცრმა სასჯელმა - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულმა თავისუფლების აღკვეთამ - 5 (ხუთი) წლის ვადით. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასჯელთა შთანთქმაში არ იგულისხმება დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება და მოიაზრება, რომ პირი ყველაზე მკაცრი სასჯელის ფარგლებში სასჯელს იხდის ასევე ნაკლებად მკაცრი სასჯელისთვისაც.

 

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს ნ-----–------------–---–ის მიმართ გამოტანილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ივლისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განაჩენებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ-----–------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დავით სანაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ივლისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განაჩენებში შევიდეს ცვლილება;

 

ნ-----–------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელისგან - თავისუფლების აღკვეთისგან 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ნ-----–------------–---–ს განსაზღვრული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით გადახდილი აქვს;

 

ნ-----–------------–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2014 წლის 14 თებერვლიდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;

 

ნ-----–------------–---–ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ივლისის განაჩენის მიხედვით, ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ნ-----–------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2014 წლის 14 თებერვლიდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს და ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით გადახდილი აქვს;

 

ნ-----–------------–---–ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განაჩენის მიხედვით, ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;

 

სხვა ნაწილში, მათ შორის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, განაჩენები დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე