განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 010140018700050886
საქმე №1/ა.გ 51-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 თებერვალი , 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი-----------------–-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ ი----- ჭ----------–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
ი-----------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი)საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4(ოთხი)წელი, 11(თერთმეტი)თვე, 17(ჩვიდმეტი)დღე და საბოლოოდ, ი----- ჭ----------–ს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი)საათის ვადით და 4(ოთხი)წლით, 11(თერთმეტი)თვით და 17(ჩვიდმეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5(უთი)წელი.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა ან/და წარმომადგენლობის უფლება.
2018 წლის 12 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ი----- ჭ----------–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განაჩენით, ი----- ჭ----------–ს მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 6 თებერვლის წერილის თანახმად, ი----- ჭ----------–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი)საათი, დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ი-----------------–-ს საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამ მუხლით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი-----------------–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
3.მსჯავრდებული ი-----------------–- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამ მუხლით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
4. მსჯავრდებულ ი----- ჭ----------–ს მოსახდელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5(ხუთი)წელი, იმავე საგამოცდო ვადით;
5.მსჯავრდებულ ი----- ჭ----------–ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლილი აქვს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 28 მაისიდან 2016 წლის 9 ივნისის ჩათვლით და პირობითი მსჯავრის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 23 დეკემბრიდან.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ი----- ჭ----------–ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5(ხუთი)წლით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი)წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვ. ლომიძე
გ. კახეთელიძე