განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2018
საქმის ნომერი
010141318700051370
ინსტანცია
თარიღი
12.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010141318700051370

საქმე №1/ა.გ.77-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი , 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ--–-----–----ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განაჩენით, შ--–-----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენით, თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ შ--–-----–----ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

შ--–-----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

შ--–-----–----ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა შ--–-----–----მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განაჩენის გადასინჯვა, დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენით, შ--–-----–----ს

მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

2018 წლის 1 თებერვლის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროდან შემოსული წერილის თანახმად, მსჯავრდებულ შ--–-----–----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 2 000 (ორი ათასი)ლარი გადახდილი არ აქვს.

პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ შ--–-----–----ს საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ შ--–-----–----ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებული შ--–-----–---- გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან.

3.მსჯავრდებულ შ--–-----–----ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

4.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას;

5. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ვ. ლომიძე

 

გ. კახეთელიძე