განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700051475 N1/აგ-86-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 თებერვალი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ--------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ შ--------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
შ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გათვალისწინებით ამ მუხლით გათვალისწინებულ უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 05 (ხუთი) წელი.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 07 აგვისტოდან 2015 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით.
შ--------------–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ შ--------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
შ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, შ--------------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი. მასვე, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით.
შ--------------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება შ--------------–---–ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სასჯელით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით შ--------------–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ას ხუთი) საათის ვადით, შეიცვალა ჯარიმით 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ შ--------------–---–ის მიმართ. ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შ--------------–---–ის მიმართ.
მსჯავრდებულ შ--------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი შ--------------–---–ის მიმართ, დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
2018 წლის 22 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა შ--------------–---–მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ შ--------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით, შ--------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით, რაც (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აგვისტოს განჩინებით) შეეცვალა ჯარიმით 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 09 თებერვლის N9179 წერილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით არ არის აღსრულებული (გადახდილი). გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შ--------------–---–ს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებასაც.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული შ--------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან და უნდა აღუდგეს ამ მუხლისთვის ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაკვალიფიცირების შემდეგ) დანიშნულ სასჯელს და ჩამორთმეულ უფლებებს, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე, ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა და სასამართლოს არ უმსჯელია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის არაკონსტიტუციურობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ--------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
შ--------------–---–ი გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან (ჯარიმა 600 ლარი) და აღუდგეს აღნიშნული მუხლისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
გაუქმდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
შ--------------–---–ს მოსახდელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გადაკვალიფიცირების შემდეგ) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე