განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2018
საქმის ნომერი
010140018700052245
ინსტანცია
თარიღი
19.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010140018700052245

საქმე №1/ა.გ.111-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ე-–--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------–---------–---ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ე-–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ოდენობით.

 

ე-–--------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროდან შემოსული მასალების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დასრულდა 2015 წლის 5 მაისს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით ე-–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე-–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ ე-–--------------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ე-–--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 13 იანვრიდან.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე-–--------------ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან - 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან პირობით 7(შვიდი) თვით და 14(თოთხმეტი) დღით ადრე.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროდან შემოსული მასალების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების საქმის წარმოება დასრულდა 2017 წლის 12 ივლისს.

 

2018 წლის 30 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ე-–--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------–---------–---მა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ე-–--------------ის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ე-–--------------ის ინტერესების დამცველის ადვოკატ მ-------–---------–---ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ე-–--------------ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის - დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, დამატებითი სასჯელის სახედ - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (რაც დღეის მდგომარეობით უკვე მოხდილი აქვს) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია როგორც ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (რაც დღეის მდგომარეობით უკვე მოხდილი აქვს), ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ - დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა (რაც დღეის მდგომარეობით უკვე მოხდილია) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე-–--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------–---------–---ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ცვლილება უნდა შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის და 2016 წლის 4 აპრილის განაჩენებში და მსჯავრდებულ ე-–--------------ს უნდა აღუდგეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები, ვინაიდან მითითებული განაჩენით დადასტურებული ქმედების ჩადენა საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღარაა დასჯადი. რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებებს, აღნიშნული უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით ე-–--------------ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გარდა ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც თავის მხრივ ასევე ითვალისწინებს მოცემული კანონოთ განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის აუცილებლობას.

 

აპალატა ასევე აღნიშნავს, რომ როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ ე-–--------------ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის და 2016 წლის 4 აპრილის განაჩენებით დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს, შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მათ შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე-–--------------ის ინეტერესების დამცველის ადვოკატ მ-------–---------–---ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ე-–--------------ის ინეტერესების დამცველის ადვოკატ მ-------–---------–---ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდე ნაწილობრივ.

 

ე-–--------------ს აღუდგეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის და 2016 წლის 4 აპრილის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი