განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.02.2018
საქმის ნომერი
050310017002038537
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310017002038537 (3/ბ-67-2018წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 თებერვალი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის თ------–---ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

2017 წლის 04 აგვისტოს თ-------------------ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა ყ------------ის და ზ-------------ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასარცელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყ------------ე და ზ-------------ე აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებებით გასწორდა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობები (ს.ფ. 45-46; 47-48).

 

მითითებული გადაწყვეტილება 2018 წლის 08 იანვარს (სასამართლოს შტამპის მიხედვით), სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა თ------–---ამ, რომელმაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და თ-------------------ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (განჩინებით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (განჩინება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინების (გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ) ასლები ლანჩხუთის სოციალური მომსახურების სააგენტოს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ორგანიზაციის წარმომადგენელს - გ-------------–--ეს ჩაჰბარდა - 2017 წლის 20 დეკემბერს (ს.ფ. 51), ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის რაიონულ განყოფილებას ამოეწურა - 2018 წლის 03 იანვარს 24:00 საათზე.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის თ------–---ას სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შევიდა - 2018 წლის 08 იანვარს, 10:50 საათზე _ შემოსავლის №128, ხოლო ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტის საფოსტო განყოფილებას ჩაჰბარდა - 04.01.2018წ, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული შტამპით. (ს.ფ. 56-66).

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, იმავე მუხლის მეორე ნაწილით თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა მხარეებს განემარტათ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სააპელაციო საჩივრის შეტანა არის ისეთი საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების ვადა კანონითაა განსაზღვრული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსკ 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

 

მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის რაიონული განყოფილებას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინების (გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ) ასლები გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, გ-------------–--ეს საქმეში მითითებულ მისამართზე (ლანჩხუთი, ჟ----------ს ქუჩა №--) - 2017 წლის 20 დეკემბერს (ს.ფ. 51). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის თ------–---ას მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით - 2018 წლის 08 იანვარს (საფოსტო გზავნილით - 2018 წლის 04 იანვარს), შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 374-ე და 416-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.

 

2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე