განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100311217002238175 (3/ბ-50-18 წ)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,, დ-----’’
დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
გასაჩივრებულია − საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის ბრძანება;
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება:
2017 წლის 28 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ--------------ემ შუამდგომლობით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბრძანების გაცემა შპს ,,დ-----’’-ის საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის – შპს ,,დ-----’’-ის (ს/ნ. 4--------, მის: საჩხერე, სოფელი ჩ---) ყადაღადადებული ქონება: ურიკა მარკეტის (05 ცალი), ხელის კალათა პლასტმასის (წითელი ფერის - 20 ცალი), საკონტროლო სალარო აპარატი DETECS-DP-25 (2 ცალი), პერსონალური კომპიუტერი (კომპლექტში)-1 ცალი და ლეპტოპი - LENOVO (1 ცალი). ამავე ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილა.
ბრძანებაზე საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და აღნიშნა, რომ სასამართლოს დასაბუთებით, ყადაღის აქტში მითითებული ორი სახის ნივთის ციფრული ჩამწერი AMUA (01ცალი) და ვიდეოკამერა (10 ცალი) მოვალისადმი კუთვნილება არ დგინდება, რასაც შემოსვლების სამსახურის არ ეთანხმება.
შპს „დ-----“-ს მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული არც ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და არც ქონების აღწერის (დაყადაღების) აქტი. ამასთან გადამხდელს არც რაიმე შენიშვნა გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ქონება სხვას ეკუთვნოდა. ამასთან შემოსავლების სამსახურის ან სასამართლოსთვის არავის მიუმართავს ქონების ყადაღის ნუსხიდან ამორიცხვის თაობაზე.
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანებისგადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით, საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან.
ამასთან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთი, რომელიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. ასეთ პირობებში სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე და თუ ვინმეს გააჩნია პრეტენზია დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი შესაძლებელია განხილული იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მხოლოდ დაინტერებული პირის სარჩელის საფუძველზე.
გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის ბრძანება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სსკ 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან ერთ-ერთს. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს უფლებაა და ამ უფლების რეალიზაცია ხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლით, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,დ-----’’ გადასახადის გადამხდელად ირიცხება სსიპ შემოსავლების სამსახურში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, (იურიდიული მისამართი: საჩხერე, სოფელი ჩ---). მას ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება - 42 897 ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილია მის მიერვე წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 1------------ის №------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,დ-----’’-ის ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს). 2017 წლის 1--------------ს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის ასლი ჩაბარდა პირადად შპს ,,დ-----’’ წარმომადგენელს, ლ-–------–--ეს. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რითაც ქონების დაყადაღების პროცესი დასრულდა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების №4---------- დასკვნის თანახმად, დაყადაღებული მოძრავი ქონების - 5 ცალი მარკეტის ურიკა (900 ლ), 1 ცალი ციფრული ჩამწერის (0 ლარი), 10 ცალი ვიდეო კამერის (0 ლარი), წითელი პლასმასის ხელის 20 კალათის (160 ლარი), 2 ცალი საკონტროლო სალარო აპარატის (DETECS - DP-25) (560 ლარი), 1 ცალი პერსონალური კომპიუტერის (კომპლექტში) (200 ლარი) და 1 ცალი ლეპტოპის (LENOVO) (400 ლარი) საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 2200 ლარი.
საქმეში დაცული შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტით, 2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 09 იანვრის მდგომარეობით, ირკვევა, რომ შპს „დ-----“-ის (ს/ნ. 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს, ძირითად თანხას - 30 098.25 ლარს, ჯარიმა - 11 253.83 ლარს, საურავს - 1 936.96 ლარს.
საქმეში დაცული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2017 წლის 08 თებერვალს ერთის მხრივ ა---------–--------ეს (პ/ნ. 3----------) („მეიჯარე“) და მეორე მხრივ შპს „დ-----“-ის დირექტორს - დავით ჩხეიძეს („მოიჯარეს“) შორის გაფორმდა უძრავის ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მეიჯარის საკუთრებაში არსებული ქონება საჩხერის რაიონის სოფელ ჩ---–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1700 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა 690 კვ.მ. (ს/კ 3-----------), ასევე აღნიშნულ ფართში განთავსებული ინვენტარი, მათ შორის შემოსავლების სამსახურის 05.10.2017 წლის აქტით დაყადაღებული ციფრული ჩამწერი (ერთი ცალი) და ვიდეო კამერა (10 ცალი) (ს.ფ. 25-28; 29-30).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
პალატა განმარტავს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები: მხარეები უნდა იყვნენ - ერთის მხრივ, საგადასახადო ორგანო და, მეორეს მხრივ, გადასახადის გადამხდელი; გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონდეს აღიარებული საგადასახადო ვალდებულება (დადასტურებული დავალიანება); გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს უძრავი ან მოძრავი ნივთი და ამ ნივთს/ნივთებს უნდა ედოს საგადასახადო ორგანოს ყადაღა. სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, ვისაც გააჩნია ვალდებულება კრედიტორის წინაშე და როგორც წესი, რეალიზაციას უნდა დაექვემდებაროს მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება (გამონაკლისი შემთხვევა გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით).
ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა შპს „დ------“-ის (ს/ნ 4--------) დაყადაღებული ქონების ნაწილი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 0-------------ის აქტში N0---------, მე-2 და მე-3 პოზიციაზე დაფიქსირებული ქონება (ციფრული ჩამწერი -1 ცალი და ვიდეო კამერა -10 ცალი) შპს „დ------“ -ის წარმომადგენლის, ლ-–------–--ის სიტყვიერი განმარტებით არ არის შპს „დ------“ -ის კუთვნილი. წამოდგენილი ქონების ნაწილი შეფასდა ვიზუალურად (ს.ფ. 11).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 171-ე მუხლის შესაბამისად, კი ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე სააპელაციო პალატა მთლიანად ეთანხმება რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ საგადასახადო ვალდებულების შესასრულებლად რეალიზებული უნდა იქნეს მხოლოდ მოვალის კუთვნილი დაყადაღებული შემდეგი ქონება: ურიკა მარკეტის (05 ცალი); ხელის კალათა პლასტმასის (წითელი ფერის (20 ცალი); საკონტროლო სალარო აპარატი DATECS – DP-25 (2 ცალი); პერსონალური კოპიუტერი (კომპლექტში) - ( 1 ცალი); ლეპტოპი - LENOVO (1 ცალი), რადგან ორი სახის ნივთთან მიმართებაში (ციფრული ჩამწერი AMUA (01 ცალი); ვიდეო კამერა (10 ცალი) არ დგინდება მოვალისადმი ამ ნივთების კუთვნილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება; ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელების რიგითობის არჩევა, ამავე კოდექსით დადგენილი შემთხვევების გარდა ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
ამდენად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა უარყოფილი უნდა იქნეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2123-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის ბრძანება;
3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე