განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700053225
საქმე ?1/აგ-154-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
შორენა ყაველაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ-------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ნ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01(ერთი) წელი.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, საქართველოს კანონის ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' მოთხოვნათა საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ნ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2018 წლის 9 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ნ-------------–---–მა რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა გორის რაიონული სასმართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განაჩენების გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ-------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ნ-------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ძალაში შესული განაჩენის (გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბერი) შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ნ-------------–---–ი, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები. აღნიშნული თავის მხრივ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, შესაბამისად, ნ-------------–---–ი აგრეთვე უნდა გათავისუფლდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული, (საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ნ-------------–---–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.
ნ-------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
შ. ყაველაშვილი