განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010140018700052321
საქმე №აგ/116-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2018წ. ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ თ------ წ-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენით თ-------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ–ის 65-ე მუხლის საფუძველზე თ----- წ-----ეს დაეკისრა მოვალეობა – პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროს.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2018 წლის 31 იანვარს, მსჯავრდებულმა თ-------–------მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მის მიმართ არსებული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ თ------ წ-----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს. ამავე კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა საპროცესო კანომდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, ამომწურავად განსაზღვრულია ის გარემოებანი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა მოხდეს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ. არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ. არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე. არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ. ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ. წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე, ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ. არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
გარდა ამისა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე პრიმა მუხლში დამატებითაა მითითებული ახლად გამოვლენილ გარემოებებზე, კერძოდ: 1. ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას; 2. ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №7---- დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ-------–------ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის მოხმარებისათვის.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ შეიცავს რაიმე მითითებას ისეთ ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებაზე, რაც შესაძლოა საქართველოს სსკ-ის 310-ე ან 3321-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით განაჩენის გადასინჯვის წინაპირობად მიჩნეულიყო. ამდენად, მსჯავრდებულ თ------ წ-----ის შუამდგომლობა არ არის დაყენებული სისხლის სამართლის საპროცესო კანომდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ------ წ-----ის შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 313-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ------ წ-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მანუჩარ კაპანაძე