განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2018
საქმის ნომერი
120210015001127264
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
25.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №120210015001127264

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/902-2016 2018 წლის 26 იანვარი,ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა, ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ა-–------------------–----ს უფლებამონაცვლეები: გ--–------------–----- ო--------------–----, ვ-–------–-----------–----- ქ----------------

წარმომადგენელი - თ-------–--–------

 

მოწინააღმდეგე მხარე - მა----------------

წარმომადგენელი - ეკ-------------–---

 

ნოტარიუსი - ც---------------

წარმომადგენელი - ა---------–-----–--–---–-

 

დავის საგანი - სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა და მისი აღდგენა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ალექსანდრე გაბრიელიანის სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისა და მისი აღდგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელის მამა, მ--–-----------–---- გარდაიცვალა 1----–-–----------------–-, ხოლო დედა ქ---------------–---- - 2----–-–----------------–- (იხ. ს/ფ 19-20).

 

2.2. მოსარჩელის დედამ ქნ--------------–-----, მისი ქონება ანდერძით დაუტოვა შვილს, ა-–------------------–---- (იხ. ს/ფ 21-23).

 

2.3. ნოტარიუსმა ც---------------მ 2015 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით უარი უთხრა მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენამდე ან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის დადასტურებამდე (იხ. ს/ფ 24).

 

3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე ა-–------------------–---- 1994 წლიდან ცხოვრობს რ------------------–--–-- საქართველოში დაბრუნდა 2015 წელს (იხ. ს/ფ 4, 37-38, მხარეთა ახსნა - განმარტებები).

 

3.2. ა-–------------------–---- კანონით დადგენილ სამკვიდროს მიღების ვადაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს. ასევე, არ დასტურდება დედის ქ---------------–----ს დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი (იხ. ს/ფ 4-7, 24, მხარეთა ახსნა - განმარტებები).

 

3.3. ამონაწერით ამბულატორიული სტანციონალური ავადმყოფობის ბარათიდან დადგენილია, რომ გ-------–-------–---------- 2----–-–------------ს მოთავსდა სტაციონარში, დიაგნოზი - მარჯვენა ფილტვის ქვედა ნაწილის მწვავე პნევმონია, 2001 წლის 11 აპრილს გაეწერა საავადმყოფოდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში (იხ. ს/ფ 26).

 

3.4. წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსისათვის მიუმართაობა დედის გარდაცვალების დღიდან 2015 წლამდე გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

4.1. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ხოლო, ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

 

4.2. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი საპატიოობის კრიტერიუმებს არ აკონკრეტებს, აღნიშნული ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარეობს, თუმცა, სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: ა) თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; ბ) თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა.

 

4.3. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტი, რომ მოსარჩელისათვის 2----–-–----------------–- ცნობილი იყო მისი დედის ქ---------------–----ს გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა სამკვიდროს მისაღებად არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის 2015 წლამდე.

 

4.4. სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და სამკვიდროს მიღებას ფაქტობრივი ფლობით.

 

4.5. წარმოდგენილი სანოტარო აქტით N--------- მოსარჩელემ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2----–-–---------–--ს. სასამართლო აღნიშნა, რომ კანონი განამტკიცებს პირის უფლებას, მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადას. სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში სამკვიდროს მიღებაზე ნების გამოუხატველობა ქმნის სამკვიდროს მიღებაზე ნების არარსებობის პრეზუმფციას, შესაბამისად, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ქარწყლდება მემკვიდრის უფლება, სხვა მემკვიდრეების თანხმობის გარეშე, მიიღოს სამკვიდრო. გარდა ამისა, სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში მემკვიდრის ნების არსებობაზე აპელირება, არამედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ფორმალური საფუძველი - ნების გამოვლენის შეუძლებლობის დადასტურება კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადის ამოწურვიდან, ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თარიღამდე.

 

4.6. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაშვებას, წარმოდგენილი არ ყოფილა. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2----–-–----------------–-, ხოლო მოსარჩელემ ნოტარიუსს, სამკვიდროს მისაღებად, მიმართა 14 წლის შემდეგ. ამასთან, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, ვერ ასაბუთებს იმ ფაქტს, რომ თოთხმეტი წლის განმავლობაში მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო იმდენად მძიმე, რომ მას არ შეეძლო გამოეხატა ნება სამკვიდროს მისაღებად. საგულისხმოა ისიც, რომ ექიმთან მოსარჩელის ერთი ვიზიტიდან მეორე ვიზიტამდე გასულია 14 წელი, ხოლო დიაგნოზში მითითებულია მარჯვენა ფილტვის ქვედა ნაწილის მწვავე პნევმონია. ამასთან, საავადმყოფოდან გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში უბნის თერაპევტის ზემოქმედების ქვეშ. ამის შემდეგ მოსარჩელეს მიმართული აქვს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტისათვის მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩასატარებლად და შპს ,--------------–--- ახალციხის სამედიცინო ცენტრისათვის 2015 წელს.

 

4.7. აღნიშნულ მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ 2001 წლიდან 2015 წლამდე იყო ავად, რის გამოც მან ვერ მოახერხა სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის მიემართვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ 2001 წლის შემდეგ 2015 წლამდე მოსარჩელეს ექიმისათვის ავადმყოფობის გამო არ მიუმართავს. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, საპატიო მიზეზის არსებობა, რაც ხელს უშლიდა სამკვიდროს მიღებაში.

 

4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიაჩნია, რომ არ არსებობდა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების ის საპატიო მიზეზი, რომელსაც სამკვიდროს მისაღებად ნების გამოვლენისათვის დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევდა, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტი არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია და სადავო არ არის, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან, 2001 წლიდან 2015 წლამდე არ იმყოფებოდა საქართველოში, სასამართლოს ეს პერიოდი უნდა მიეჩნია საპატიოდ და აღედგინა სამკვიდროს მიღების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორი შეფასება მიეცა ნოტარიუსის განმარტებას, რომელიც არ იყო წინააღმდეგი სასამართლოს მიერ ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შემთხვევაში გაეცა სამკვიდრო მოწმობა. ასევე, არასწორი შეფასება მიეცა მეორე მოპასუხის მა----------------ს პოზიციას, რომელიც წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და თანახმა იყო გაშვებული ვადის აღდგენაზე, რაც საკმარისი საფუძველია სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

6.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 2.1 - 2.3; 3.1. - 3.3 პუნქტები), რასაც არც აპელანტი ხდის სადაოდ, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

6.2. 2016 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა აპელანტი ა-–-------------------–----- რის გამოც სააპელაციო პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მის უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაბმული იქნენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები, მეუღლე - გ--–------------–----- და შვილები - ო--------------–----, ვ-–-----------------–---- დაქ-----------------

 

6.3. სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს ორი გარემოება, კერძოდ ჰქონდა თუ არა ადგილი სარჩელის ცნობას და წარმოადგენს თუ არა მემკვიდრის საქართველოში არ ყოფნა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საფუძველს.

 

6.4. პირველ რიგში სააპელაციო პალატა შეეხება სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საკითხებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ან/და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გზით. სამკვიდროს მიღება გულისხმობს, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატოს სამკვიდროს მიღების სურვილი ნოტარიუსთან განცხადების წარდგენის ან სამკვიდროს ნაწილის დაუფლების გზით. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის - მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე.

 

ამასთან, სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში სამკვიდროს მიღებაზე ნების გამოუხატველობა ქმნის სამკვიდროს მიღებაზე ნების არარსებობის პრეზუმფციას, შესაბამისად, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ქარწყლდება მემკვიდრის უფლება, სხვა მემკვიდრეების თანხმობის გარეშე, მიიღოს სამკვიდრო.

 

სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემთხვევაში, სამკვიდროს მიღებაზე ნების არარსებობის პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ მემკვიდრემ უნდა ამტკიცოს, რომ არსებობდა საპატიო მიზეზი რის გამოც სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადის ამოწურვიდან, ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თარიღამდე ვერ გამოავლინა ნება სამკვიდროს მიღებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეს (აპელანტს) ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით. ასევე, არც ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას ან მის ნაწილს. სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, მემკვიდრემ ნოტარიუსს მიმართა სამკვიდროს გახნიდან მხოლოდ 14 წლის შემდეგ.

სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმის დანაწესით, მემკვიდრის უფლება სამკვიდრო ქონებაზე შეზღუდულია ნების გამოხატვის ფორმით, წესით და ვადით. აღნიშნული შეზღუდვა განაპირობებს სხვა მემკვიდრეთა ინტერესის დაცვას, გონივრულ ვადაში უზრუნველყონ სამკვიდროდან კუთვნილი უფლების დადგენა და რეალიზაცია. თუმცა, ყველა მემკვიდრის ინტერესის თანაბარზომიერი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე შეზღუდვა არ არის აბსოლუტური ხასიათის და კანონი უშვებს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზი საპატიოდ იქნება ცნობილი. საპატიოობის კრიტერიუმი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასების საგანია და მასთან დაკავშირებული დასკვნა უნდა იყოს მოტივირებული თითოეული მემკვიდრის მართლზომიერი ინტერესის დაცვის აუცილებლობით, ვადის გაშვების სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამოკვლევითა და იმგვარი მოსაზრებით, რომ ვადის გაშვება განპირობებულია არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით. კონკრეტული ფორმით ნების გამოხატვის შეუძლებლობა შეიძლება, განპირობებულ იქნეს როგორც ობიექტური ფაქტორებით, ასევე პირის სუბიექტური დამოკიდებულებით სამკვიდრო ქონებისადმი, თუ სამკვიდრო მასის მახასიათებლებისადმი.

 

ვინაიდან კანონმდებლობელი არ აკონკრეტებს საპატიოობის კრიტერიუმებს, აღნიშნული განისაზღვრება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარე. ამასთან, უზენაესი სასამართლოს ერთიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: ა. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; ბ. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა (სუსგ, საქმე Nას-851-800-2010).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის, რომ მემკვიდრემ 2001 წელსვე იცოდა მამკვიდრებლის გარდაცვალების და სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს. ანუ, ამ მხრივ გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.

 

აპელანტი გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლად მიუთითებს მის საქართველოში არ ყოფნას. პალატა აღნიშნულ გარემოებას ვერ მიიჩნევს საპატიო მიზეზად და ვადის აღდგენის საფუძვლად. მხოლოდ საქარველოში არ ყოფნა ნების გამოვლენის შეუძლებლობის დამადასტურებელ გარემოებად ვერ გამოდგება, რადგან სურვილის შემთხვევაში, მას ჰქონდა შესაძლებლობა ნება გამოევლინა და ემოქმედა წარმომადგენლის მეშვეობით, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1423-ე მუხლისა.

 

რაც შეეხება ნების გამოვლენის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებების არსებობის საკითხს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მემკვიდრის მითითება ავადმყოფობის გამო გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის შესახებ. ამ მხრივ აპელანტს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც დამატებითი არგუმენტაცია არ შემოუთავაზებია. ამდენად, აპელანტი ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

 

6.4. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მეორე პრეტენზიას, კერძოდ ჰქონდა თუ არა ადგილი სარჩელის ცნობას, პალატა აღნიშნავს შემდეგს:

 

სარჩელი აღძრულია ნოტარიუსის და ერთ-ერთი მემკვიდრის მიმართ, რომელიც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

 

წარმოდგენილი შესაგებლით (ტ.1, ს/ფ 49-56) ნოტარიუსმა სარჩელი არ ცნო, ხოლო ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის შემთხვევაში განახორციელებდა შესაბამის მოქმედებებს. იგივე პოზიცია დააფიქსირა სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიებს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად დაფიქსირად ნოტარიუსის პოზიცია.

 

რაც შეეხება მეორე მოპასუხის, მა----------------ს პოზიციას, პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი შესაგებლით მან სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მიუთითა, რომ ფაქტობრივი ფლობით მიიღო და ფლობს დედის სამკვიდრო (სადავო) ქონებას, როგორც პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე. ამასთან, არ დაეთანხმა მოსარჩელეს მითითებას, რომ ვადის გაშვება გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით. მართალია, ამავე შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ თანახმა იყო გაშვებული ვადის გაგრძელებაზე თუ მოსარჩელე გაუფორმებდა სავალდებულო წილს, თუმცა სააპელაციო პალატის მოსაზრებით ეს იყო უფრო მორიგების პირობა ვიდრე სარჩელის ცნობა, რადგან მოპასუხე სადაოდ ხდიდა სარჩელის საფუძვლებს, რომ ვადის გაშვება მოხდა ავადმყოფობის მოტივით. ამასთან, მოპასუხემ თავისი პოზიცია დააზუსტა და დააკონკრეტა პირველი და სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარჩელს არ ცნობს, თუმცა თანახმაა მორიგებაზე.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არც ნოტარიუსს და არც მეორე მოპასუხეს სარჩელი არ უცვნია და არ არსებობდა ამ მხრივ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით (160 ლარი) და უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა-–------------------–----ს უფლებამონაცვლეების გ--–------------–------ ო--------------–----ს, ვ-–------–-----------–----- და ქ----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გელა ქირია

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

ამირან ძაბუნიძე