განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2018
საქმის ნომერი
010141318700053557
ინსტანცია
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053557

საქმე 1/აგ-166-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ-------------–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განაჩენით დ-------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ-------------–-–---–ს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ-------------–-–---–ს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 14 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა დ-------------–-–---–მა რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ დ-------------–-–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დ-------------–-–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული დ-------------–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლედეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, არ ვრცელდება დ-------------–-–---–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განაჩენზე და აღნიშნული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელის მოუხდელ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით, დ-------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების - ,,ბუპრენორფინის“ და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის (და არა მარტო მარიხუანის მოხმარებისათვის).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ-------------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

დ-------------–-–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

დ-------------–-–---–ს მოსახდელად დარჩეს წინა განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განაჩენი), დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით და ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. კაპანაძე

 

შ. ყაველაშვილი