განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001186939
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3570-17 „25 “ იანვარი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები გელა ქირია ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი _ ლიანა გელაშვილი
აპელანტი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენლები - ალ---------------–---–ი სს „თ-----------“ თ--------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. სს ”თ-----------”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. დაეკისრა მოპასუხე ალ---------------–---–ს მოსარჩელე სს „თ------------ს“ სასარგებლოდ 2014 წლის 22 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5616,27 ლარის, პროცენტის - 180,76 ლარის, პირგასამტეხლოს - 104,96 ლარისა და დაზღვევის -8,82 ლარის გადახდა;
1.2. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან 2015 წლის 17 ნოემბრიდან ძირ თანხაზე 5616,27 ლარზე აღსრულებამდე წლიური 14,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 67,86 ლარს;
1.3. 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 3184,85 ლარის, პროცენტის - 92,4 ლარი, პირგასამტეხლოს - 67,22 ლარისა და დაზღვევის - 4,51 ლარის გადახდა;
1.4. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3184,85 ლარზე აღსრულებამდე წლიური 14,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 38,48 ლარს.
2. დაეკისრა მოპასუხე ალ---------------–---–ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 392,64 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარისა და 20 ლარის გადახდა სასამართლოგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. სს „თ-----------ა “ და ალ---------------–---–ს შორის 2014 წლის 22 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №9-------------, რომლის მიხედვითაც კრედიტის თანხად განისაზღვრა 6700 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14,5%- ით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 1467 დღით, 2018 წლის 28 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 28 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G--- - ში. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3). საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-24). 2.2. 2014 წლის 22 ოქტომბერის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სს ”თ-------------ს” მიერ გაცემული კრედიტის თანხა 6 700 ლარი მსესხებელმა ალ---------------–---–მა აითვისა. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3). გადახდების ისტორია (ს.ფ. 37). ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40). 2.3. სს „თ-------------- “ და ა-–-----------------–---–ს შორის 2015 წლის 12 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №9-------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3600 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14,5%-ით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 1454 დღით, 2019 წლის 05 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G--- - ში. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3). საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-36). 2.4. 2015 წლის 12 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სს ”თ-----------ს” მიერ გაცემული კრედიტის თანხა 3 600 ლარი მსესხებელმა ალ---------------–---–მა აითვისა. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3). გადახდების ისტორია (ს.ფ. 37). ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40). დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.5. 2014 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3). საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 18). 2.6. 2015 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.9. პუნქტის მიხედვით, მხარეებმა გაითვალისწინეს ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის: 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ამავე მუხლის 2.10. პუნქტის თანახმად, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის: დავალიანების 0.5%. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 30). 2.7. 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით 2014 წლის 22 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5910,81 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 5616,27 ლარი, პროცენტი - 180,76 ლარი, პირგასამტეხლო - 104,96 ლარის, დაზღვევა -8,82 ლარი. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3). გადახდების ისტორია (ს.ფ. 37-38). ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40). 2.8. 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3348,98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3184,85 ლარი, პროცენტი - 92,4 ლარი, პირგასამტეხლო - 67,22 ლარი, დაზღვევა - 4,51 ლარი. სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3). გადახდების ისტორია (ს.ფ. 39). ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ . თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია რომ მხარეებს სს “თ-----------ა ” და ალ----------------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე , რომლის შესაბამისად , ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები შეთანხმებული ოდენობით , ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში . დადგენილია , რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები, რაც მსესხებელმა ალ---------------–---–მა აითვისა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევა. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 2015 წლის სექტემბრის შემდეგ, სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე - 2017 წლის აპრილამდე პერიოდში, არ შემცირებულა. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებისა და გადაუხდელი დავალიანებების ოდენობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოპასუხის აპელირება კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის კანონით დადგენილი წესის დაუცველობის შესახებ. ამდენად, აღნიშნული გარემოებები სს ”თ-----------” ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს გადაცემული კრედიტების თანხების დაბრუნება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად , სასამართლოს მიაჩნია , რომ სს ”თ------------- ” უფლებამოსილია მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე , გადაცემული კრედიტის თანხების 5616.27 ლარისა და 3184.85 ლარის დაბრუნება. კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაზღვევის თანხების 8,82 ლარისა და 4.51 ლარის გადახდა. 2.10. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ალ---------------–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 22 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 180,76 ლარის გადახდა, ხოლო 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირი თანხით სარგებლობისათვის გათვალისწინებული პროცენტის სახით 92.4 ლარის გადახდა. 2.11. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით,ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი,რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი. კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. 2014 წლის 22 ოქტომბრისა და 2015 წლის 12 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხების წლიური 14,5%- ის ოდენობით. სს ”თ-----------ა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხებიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოვალე ალ----------------–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 22 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წლის 17 ნოემბრიდან აღსრულებამდე პერიოდში, კრედიტის ძირითად თანხაზე 5616.27 ლარზე წლიური 14,5%-ის, ხოლო 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამავე პერიოდზე, გადაუხდელ ძირ თანხაზე 3184.85 ლარზე, წლიური 14,5%-ის გადახდა. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია , რომ ალ---------------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოსოდენობა 104,96 ლარი და 67,22 ლარი, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდის, ვადაგადაცილებული დავალიანების მოცულობის, დარიცხული პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით, არ არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 22 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს 104.96 ლარის გადახდა, 2015 წლის 12 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს სახით 67.22 ლარის გადახდა. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა 2014 წლის 22 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით და მიუთითა, რომ მიუთითებს, დავალიანება შეადგენდა 5910.81 ლარს. აპელანტის განმარტებით, როგორც სარჩელზე თანდართული გადახდების ისტორიიდან ჩანს, ბანკმა ალ---------------–---–ის წინააღმდეგ 5-ჯერ გამოიყენა 20-ლარიანი პირგასამტეხლო (რომელიც შეადგენს ძირითადი თანხის წლიურ 112%-ს) ყოველდღიური პირგასამტეხლოს პარალელურად (რომელიც შეადგენს ძირითადი თანხის წლიურ 182.5%-ს). ხსენებული პირგასამტეხლოები ბანკმა ალ---------------–---–ის ანგარიშიდან ჩამოჭრა უაქცეპტო წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე გვაქვს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს იგი უნდა შეემცირებინა, რაც აღინიშნა როგორც შესაგებელში, ისე სასამართლო სხდომაზე. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საერთოდ არ უნდა გამოიყენოს ალ---------------–---–ის მიმართ დღეში 20-ლარიანი პირგასამტეხლო, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს დღეში 0.07%-მდე. ბანკის მიერ ალ---------------–---–ის ანგარიშიდან ზედმეტად ჩამოჭრილი პირგასამტეხლოს ოდენობა კი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის გადახდად, რაც დააკორექტირებს გადახდების ისტორიას. იმისათვის, რომ სსამართლოს გაუადვილდეს ანგარიში, წარმოგიდგენთ შესაბამის დაკორექტირებულ გადახდების ისტორიას: თარიღი გადახდა ძირი % ჯარიმა დაზღვევაა სესხის ნაშთი 28.11.2014 190.14 ₾ 86.77 ₾ 98.48 ₾ 0.00 ₾ 4.89 ₾ 6,613.23 ₾ 29.12.2014 84.47 ₾ 1.74 ₾ 78.82 ₾ 0.00 ₾ 3.91 ₾ 6,611.49 ₾ 31.12.2014 125.81 ₾ 125.51 ₾ 0.08 ₾ 0.22 ₾ 0.00 ₾ 6,485.98 ₾ 28.01.2015 189.23 ₾ 108.18 ₾ 77.07 ₾0.00 ₾ 3.98 ₾ 6,377.80 ₾ 28.02.2015 64.03 ₾ 0.00 ₾ 60.12 ₾ 0.00 ₾ 3.91 ₾ 6,377.80 ₾ 02.03.2015 146.46 ₾ 129.31 ₾ 16.95 ₾ 0.20 ₾ 0.00 ₾ 6,248.49 ₾ 28.03.2015 188.73 ₾ 126.69 ₾ 58.56 ₾ 0.00 ₾ 3.48 ₾ 6,121.80 ₾ 28.04.2015 189.03 ₾ 111.28 ₾ 73.97 ₾ 0.00 ₾ 3.78 ₾ 6,010.52 ₾ 28.05.2015 8.23 ₾ 0.00 ₾ 4.64 ₾ 0.00 ₾ 3.59 ₾ 6,010.52 ₾ 29.05.2015 158.00 ₾ 89.90 ₾ 67.99 ₾ 0.11 ₾ 0.00 ₾ 5,920.62 ₾ 09.06.2015 46.15 ₾ 46.15 ₾ 0.00 ₾ 0.00 ₾ 0.00 ₾ 5,874.47 ₾ 29.06.2015 188.89 ₾ 114.27 ₾ 70.98 ₾ 0.00 ₾ 3.64 ₾ 5,760.20 ₾ 28.07.2015 10.15 ₾ 0.00 ₾ 6.69 ₾ 0.00 ₾ 3.46 ₾ 5,760.20 ₾ 06.08.2015 207.00 ₾ 142.96 ₾ 62.91 ₾ 1.13 ₾ 0.00 ₾ 5,617.24 ₾ 29.08.2015 0.47 ₾ 0.00 ₾ 0.00 ₾ 0.00 ₾ 0.47 ₾ 5,617.24 ₾ 18.09.2015 227.31 ₾ 153.23 ₾ 67.87 ₾ 3.18 ₾ 3.03 ₾ 5,464.01 ₾ შესაბამისად, ხსენებულ სესხზე ნარჩენი ძირი თანხა 2015 წლის 17 ნოემბრისათვის შეადგენდა 5464.01 ლარს. შესაბამისად, ამ თანხიდან უნდა დაანგარიშებულიყო პროცენტიც და პირგასამტეხლოც. 3.2. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება და მიუთითა, რომ 2015 წლის 17 ნოემბრისათვის დავალიანება შეადგენდა 3348.98 ლარს. აპელანტის განმარტებით, როგორც სარჩელზე თანდართული გადახდების ისტორიიდან ჩანს, ბანკმა ალ---------------–---–ის წინააღმდეგ 4-ჯერ გამოიყენა 20-ლარიანი პირგასამტეხლო (რომელიც შეადგენს ძირითადი თანხის წლიურ 112%-ს) ყოველდღიური პირგასამტეხლოს პარალელურად (რომელიც შეადგენს ძირითადი თანხის წლიურ 182.5%-ს). ხსენებული პირგასამტეხლოები ბანკმა ალ---------------–---–ის ანგარიშიდან ჩამოჭრა უაქცეპტო წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე გვაქვს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს იგი უნდა შეემცირებინა, რაც აღინიშნა როგორც შესაგებელში, ისე სასამართლო სხდომაზე. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საერთოდ არ უნდა გამოიყენოს ალ---------------–---–ის მიმართ დღეში 20-ლარიანი პირგასამტეხლო, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს დღეში 0.07%-მდე. ბანკის მიერ ალ---------------–---–ის ანგარიშიდან ზედმეტად ჩამოჭრილი პირგასამტეხლოს ოდენობა კი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის გადახდად, რაც დააკორექტირებს გადახდების ისტორიას. იმისათვის, რომ სასამართლოს გაუადვილდეს ანგარიში, წარმოგიდგენთ შესაბამის დაკორექტირებულ გადახდების ისტორიას: თარიღი გადახდა ძირი % ჯარიმა დაზღვევა სესხის ნაშთი 05.03.2015 100.47 ₾ 68.95 ₾ 30.03 ₾ 0.00 ₾ 1.49 ₾ 3,531.05 ₾ 06.04.2015 101.14 ₾ 55.49 ₾ 43.49 ₾ 0.00 ₾ 2.16 ₾ 3,475.56 ₾ 05.05.2015 73.48 ₾ 30.00 ₾ 41.42 ₾ 0.00 ₾ 2.06 ₾ 3,445.56 ₾ 06.05.2015 27.57 ₾ 27.56 ₾ 0.01 ₾ 0.00 ₾ 0.00 ₾ 3,418.00 ₾ 09.06.2015 123.14 ₾ 78.59 ₾ 42.18 ₾ 0.28 ₾ 2.09 ₾ 3,339.41 ₾ 06.07.2015 35.94 ₾ 0.00 ₾ 33.95 ₾ 0.00 ₾ 1.99 ₾ 3,339.41 ₾ 17.07.2015 88.85 ₾ 81.81 ₾ 6.36 ₾ 0.68 ₾ 0.00 ₾ 3,257.60 ₾ 06.08.2015 121.53 ₾ 80.07 ₾ 39.36 ₾ 0.08 ₾ 2.02 ₾ 3,177.53 ₾ 18.09.2015 127.69 ₾ 86.17 ₾ 38.40 ₾ 1.14 ₾ 1.98 ₾ 3,091.36 ₾ შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სესხზე ნარჩენი ძირი თანხა 2015 წლის 17 ნოემბრისათვის შეადგენდა 3091.36 ლარს. შესაბამისად, ამ თანხიდან უნდა დაანგარიშებულიყო პროცენტიც და პირგასამტეხლოც. 3.3. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 390-ე და 393-ე მუხლები. აპელანტის მითითებით, სარჩელი ალ---------------–---–ის მიმართ აღძრულია ორი საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით: 1. 2014 წლის 22 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 9-------------; 2. 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 9-------------. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 05 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი წერილი ეხება მხოლოდ 2014 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებას. შესაბამისად, ცალსახაა, რომ 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არ ყოფილა ბანკის მიერ მოშლილი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2014 წლის 22 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოშლას (წარმოდგენილი წერილის საფუძველზე), ისიც უკანონოა შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ“. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ მას შემდეგ აძლევს ბანკს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, რაც ბანკი მოვალეს განუსაზღვრავს ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადას (თუ მოვალე არღვევს ვალდებულებას). მოცემულ შემთხვევაში ბანკმა წარმოადგინა 2014 წლის 29 სექტემბრის დათარიღებული გაფრთხილების წერილი, სადაც მოვალეს დამატებით ვადას უსაზღვრავს 2014 წლის 28 სექტემბრამდე (ანუ გაფრთხილებამდე ერთი დღით ადრე პერიოდს), რაც ბუნებრივია, რომ ალოგიკურია და შეუსრულებელია. შესაბამისად, ბანკს ალ---------------–---–ისათვის დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის არ განუსაზღვრავს. შესაბამისად, ბანკის უარი ხელშეკრულებაზე არის უკანონო. აპელანტის განმარტებით, საყურადღებოა ის გარემება, რომ ამ როგორც წარმოდგენილი გაფრთხილების წერილიდან ირკვევა, წერილის შედგენის დღისათვის ალ---------------–---–ზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა ნული ლარი, ხოლო ვადაგადაცილებულ დავალიანებას ბანკი უთითებს 210.09 ლარს. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკიდან ჩანს, რომ ამ თანხიდან 188.50 ლარი იყო 28 ოქტომბერს გადასახდელი თანხა, ანუ მიმდინარე დავალიანება. შესაბამისად, ბანკის მიერ გაფრთხილების წერილის შედგენის და ალ---------------–---–ისათვის გაგზავნის მომენტისათვის ვადაგადაცილებული დავალიანება იყო მხოლოდ 21.59 ლარი, ანუ სახეზე იყო ალ---------------–---–ის მხრიდან ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა“. ეს კიდევ ერთხელ ასაბუთებს იმას, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმა იყო უკანონო. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, ხელშეკრულებები იყო ძალაში და ბანკს არ ჰქონდა უფლება, არ მიეღო ალ---------------–---–ის მხრიდან შესრულება. მიუხედავად ამისა, ბანკი დღემდე არ იღებს შესრულებას და ამისამართებს ალ---------------–---–ს შპს ტ-----–ი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. შესაბამისად, სახეზე გვაქვს მოსარჩელის როგორც კრედიტორის მხრიდან ვადის გადაცილების შემთხვევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად, მას აღარ აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით მოსარჩელის მიერ პროცენტის მოთხოვნა არის უკანონო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება რა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.12. პუნქტები), მიაჩნია, რომ ყურადღება უნდა გაამახვილოს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე: 4.2. აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 22 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აპელანტის დავალიანება 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა არა 5910.81 ლარს, არამედ 5464, 01 ლარს, ხოლო 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აპელანტის დავალიანება 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა არა 3348,98 ლარს, არამედ 3091,36 ლარს ეფუძნება მსჯელობას, რომლის თანახმადაც აპელანტის მოსაზრებით, ბანკის მიერ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს პირობებში უაქცეპტო წესით ზედმეტად ჩამოჭრილი პირგასამტეხლოს თანხები უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის გადახდად, რაც დააკორექტირებს გადახდის ისტორიას - ფიქსირებული 20 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას სასამართლომ საერთოდ არ უნდა გამოიყენოს, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთის პირგასამტეხლო 0,5%-დან უნდა შემცირდეს 0,07%-მდე. გადახდის ისტორიისა და დავალიანების ცნობის მიხედვით, 2014 წლის 22 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აპელანტის დავალიანება 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში შეადგენს 5616,27 ლარს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 104.96 ლარს. გადახდის ისტორიისა და დავალიანების ცნობის თანახმად, 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აპელანტის დავალიანება 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში შეადგენს 3184,85 ლარს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 67,22 ლარს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარშივე წარმოდგენილი მისთვის სასურველი კალკულაციითაც კი, რომლის თანახმადაც ბანკის წინაშე მისი დავალიანება მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში შეადგენს ერთ შემთხვევაში 5464,01 ლარს (დაკისრებული პირგასამტეხლო 104.96 ლარი), ხოლო მეორე შემთხვევაში 3091,36 ლარს (დაკისრებული პირგასამტეხლო 67,22ლარი), ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდის, ვადაგადაცილებული დავალიანების მოცულობის, დარიცხული პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტზე დაკისრებული პირგასამტეხლოები არ არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განსაზღვრული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ფიქსირებული 20 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო კრედიტის თანხები შეადგენდა 6700 ლარსა და 3600 ლარს და ზემოაღნიშნული პირგასამტეხლო გრაფიკის დარღვევისთის გამოყენებული იყო სულ 9 ჯერ, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი გადახდების ისტორიების მიხედვით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთის დაკისრებული 0,5% პირგასამტეხლოს ჯამმა ორივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 34,63 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მიერ ფაქტობრივი უსწორობების გრაფაში მოყვანილი არგუმენტები პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღლად ცნობის ხარჯზე დავალიანების ძირი თანხის შემცირებასთან დაკავშირებით და მასზე დაფუძნებული დაკორექტირებული გადახდების ისტორია (ტ.1. ს.ფ. 15, 27, 37-40, 132-133). 4.3. სს ”თ-----------”-ს მიერ 2015 წლის 29 სექტემბერს გაგზავნილი წერილის თანახმად, აპელანტი გაფრთხილებული იქნა, რომ, თუ 2015 წლის 28 სექტემბრამდე სრულად არ იქნება შესრულებული 2014 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, პრობლემური აქტივების მართის განყოფილებაზე სესხის გადაცემის შემდეგ ბანკი მიმართავს სასამართლოს სესხის მთლიანი თანხის, მასზე დაკისრებული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების მოთხოვნით, ბანკის მიერ ასევე მოთხოვნილი იქნება სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული/დაგირავებული ქონების რეალიზაცის ან/და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაგებელში აპელანტი აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩაგდებული იქნა რამდენიმე გადახდა, ხოლო გადახდების ისტორიების მიხედვით გრაფიკის დარღვევა ორივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში ჯამში მოხდა სულ 9 ჯერ (5+4). სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი ვადის დაწესებას ვალდებულების დარღვევისას, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბანკის მიერ აპელანტისთვის 2015 წლის 29 სექტემბერს გაგზავნილ წერილში დაშვებული იქნა ტექნიკური ხასიათის შეცდომა და ვალდებულების შესრულების თარიღად მითითებული იქნა წერილის გაგზავნამდე პერიოდი, რაც ვერ მოახდენდა ზეგავლენას ზემოაღნიშნული წერილის ზოგადი ხასიათის დანიშნულებაზე გაეფრთხილებინა მოვალე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის უარყოფით შედეგებზე, მიუხედავად იმისა, რომ თარიღში შეცდომის გამო დამატებითი ვადა კონკრეტულად განსაზღვრული არ იყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სამართლის სუბიექტები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. მაშასადამე, სამართლის სუბიექტთა ქცევის წესი კეთილსინდისიერების პრინციპს ემყარება, რაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემითა და პასუხისმგებლობით მოპყრობას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინება, ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა თვლის, რომ, მართალია, სს ”თ-----------”-ს მიერ მოვალე გაფრთხილებულ იქნა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისთვის შესაძლო უაროფით შედეგებზე მხოლოდ ერთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ერთი მხრივ, ბუნებრივია, რომ მოვალისთვის ცნობილი იყო მის მიერ ორივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. სს ”თ-----------”-ს მიერ სარჩელი აღიძრა 2015 წლის 14 დეკემბერს. საქმის მასალებით, მათ შორის, საქმეზე წარმოდგენილი გადახდის ისტორიების მიხედვით, 2015 წლის სექტემბრის თვიდან მოვალის მიერ შეწყდა ორივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და ამ განჩინების გამოტანის მომენტისთვის იგი არ შემცირებულა - სესხის ნაშთი შეადგენს 2014 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5616,27 ლარს, ხოლო 2015 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3184,85 ლარს. ამდენად, აპელანტის მოსაზრება, რომ მისი მხრიდან დარღვევა უმნიშვნელო იყო, უსაფუძვლოა, ხოლო კრედიტორის მხრიდან მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლებლობები სწორად იქნა შეფასებული და სარჩელის აღძვრამდე მოვალისთვის დამატებითი ვადის კვლავ განსაზღვრა ან მისი დამატებითი გაფრთხილება საფუძველს იყო მოკლებული, ვინაიდან საქმის მასალებიდან ცხადია, რომ კრედიტორის 2015 წლის 29 სექტემბრის გაფრთხილების წერილს რაიმე შედეგი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით არ მოჰყოლია. აპელანტი მიუთითებს, რომ ბანკი არ ღებულობს მისგან შეთავაზებულ შესრულებას, მაგრამ მისი მხრიდან კრედიტორისთვის შესრულების შეთავაზება და კრედიტორის მიერ შეთავაზებული შესრულების მიღებაზე უარის თქმა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე ბანკის მხრიდან აპელანტისთვის დამატებითი ვადის დაწესებას ან გაფრთხილებას არავითარი შედეგეგი არ მოყვებოდა და კრედიტორს შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. (ტ.1. ს.ფ. 62, 37-39, 132-135). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ალ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები: გელა ქირია
ამირან ძაბუნიძე