განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2018
საქმის ნომერი
120100117002120408
ინსტანცია
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

საქმე №1ბ/42-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - კ---------–---–---–ის,მსჯავრდებულ - ა---------------------ის,ადვოკატ - კ--------------–---–ის,თარჯიმან - მ-------------–--ის მონაწილეობით,მსჯავრებულ ა---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ა---------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----––---------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენით:

ა---------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ა---------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირევლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა---------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით; სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 ივლისიდან;

ა---------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება; ასევე, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა---------------------მა ქ. ა---––---–-------–------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, ყოფილ მეუღლეს - ო-----------------ს, 9 მმ ნომინალური კალიბრის ტრავმატული პისტოლეტიდან (მოდელი T-----------) რამდენიმე გასროლით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, რის შემდეგაც ა---------------------მა, ამავე პისტოლეტის რამდენჯერმე დარტყმით სახისა და თავის არეში ო-----------------ს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

იმავე დღეს, ა---------------------მა ყოფილი მეუღლის ო-----------------ის დედას - ლ-------–-------------ს კრა ხელი, რის შედეგადაც ლ-------–-------------ი დაეჯახა ლითონის მილს და დაიზიანა იდაყვი. ა---------------------ის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რის შედეგადაც ლ-------–-------------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------------------მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა ზედმეტად მკაცრი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შეუსაბამო სასჯელი, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს მსჯავრდებულის ოჯახს და მის მცირეწლოვან შვილებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ა---------------------ის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ასევე მისი ოჯახური მდგომარეობა, მზრუნველი მამის გარეშე დარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვების ინტერესი და დაზარალებულის არაერთხელ დაფიქსირებული პოზიცია, რომ შეურიგდა მსჯავრდებულს და თანახმაა მის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა---------------------მა და ადვოკატმა კ--------------–---–მა მხარი დაუჭირეს სააპალაციო საჩივრის მოთხოვნას.

პროკურორმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ა---------------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნიმუშის აღების ოქმებს, მოწმეთა ჩვენებებს, ამოღების ოქმებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა---------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა---------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს დანიშნული სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

მსჯავრდებულის მოთხოვნას მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გამოვლენილა), ასევე, მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა და დაზარალებულის პოზიცია, რომლის მიხედვითაც იგი შეურიგდა ა---------------------ს და არანაირი პრეტენზია მასთან არ გააჩნია. თუმცა, ყოველივე აღნიშნულისა და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის (გამოიყენა ტრავმატული პისტოლეტი), მართლსაწინაარმდეგო შედეგის და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, ასევე, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ა---------------------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. დანაშაულთა ერთობლიობით გამოყენებული - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენი ა---------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენი;

ა---------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

ა---------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ა---------------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა---------------------ს დაეწყოს - 2017 წლის 25 ივლისიდან;

ა---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

ნივთიერი მტკიცებულებები:

· ა---------------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა---------------------ს;

· ო-----------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ო-----------------ს;

· ნივრის საჭყლეტი და შავი ფერის თმის სამაგრი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მფლობელს.

· მცირე ზომის მრგვალი ბალონი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ა---------------------ის ხელებიდან, სახიდან, ცხვირიდან და ყურებიდან აღებული ანაწმენდები, ა---------------------ისაგან და ო-----------------ისაგან აღებული სისხლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფისტოლეტის და შავი ფერის ლითონის მჭიდიდან აღებული ბიოლოგიური მასალა და ანაწმენდები, თმის ნიმუში, 4 ცალი რეზინის ჭურვი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

· უნომრო ტრავმატული პისტოლეტი მჭიდით და 6 ცალი მასრა, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე