განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2018
საქმის ნომერი
190210017001880040
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210017001880040

საქმე №2ბ/4912-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 იანვარი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები _ ბესარიონ ტაბაღუა

გოდერძი გიორგიშვილი

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტი - ლ---–- მ-------–--ი

 

წარმომადგენელი - ბ--–--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ------ ჩ---------ე, ე----- ჯ--–--------, ნ----- ჯ--–--------

 

წარმომადგენელი - ი-----------–-–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – სესხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ---–- მ-------–--ის სარჩელი;

 

მოსარჩელეს უარი ეთქვა სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე; ლ---–- მ-------–--ს დაეკისრა ფ------ ჩ---------ის, ე----- ჯ--–--------ს და ნ----- ჯ--–--------სათვის 386 ლარის გადახდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

დადაგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 2013 წლის 5 დეკემბერს მოსარჩელე ლ---–- მ-------–--სა და მოპასუხეებს ფ------ ჩ---------ეს, ე----- ჯ--–--------ს და ნ----- ჯ--–--------ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ფ------ ჩ---------ემ მიიღო სესხი 4000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

ლ---–- მ-------–--სა და მოპასუხეებს ფ------ ჩ---------ეს, ნ----- ჯ--–--------ს და ე----- ჯ--–--------ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიუს თ------------–---–ის მიერ. ხელშეკრულების საფუძველზე ფ------ ჩ---------ემ მიიღო სესხი 4000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადაა 3 თვე. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს თვეში 4%-ს. ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლო, რაც შეადგენს გადასახდელი თანხის 0.3%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარის უფლება ნოტარიუსს მიმართოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

 

ხელშეკრულების მიხედვით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების ფ------ ჩ---------ის, ნ----- ჯ--–--------ს და ე----- ჯ--–--------ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – რუსთავში, ბ---------------ში მდებარე ბინა 1-----

 

იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2013 წლის 5 დეკემბრიდან, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას

- ხელშეკრულების დედანი (ს.ფ. 12- 14. ტომი 1)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 15. ტომი 1)

 

2.2 ფ------ ჩ---------ეს მოსარჩელის მიმართ არ განუხორციელებია ვალის აღიარება და არც სესხის ნაწილის დაბრუნებით შეასრულა ვალდებულება ნაწილობრივ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტებით, ფ------ ჩ---------ესთან 2016 წლის მაისში დადო შეთანხმება 2013 წლის 5 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების გადახდის პირობებზე, რომლის მიხედვით სესხის ძირთადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა შეადგენდა 7200 აშშ დოლარს.

 

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება წერილობით გაფორმდა. მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზე და უარყოფდა ვალის აღიარების შეთანხმების არსებობას. ასეთ პირობებში სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ მოსარჩელის განმარტების საფუძველზე ვერ მიიჩნევდა დადასტურებულად მხარეთა შეთანხმების არსებობას ვალის აღიარების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არც იმ გარემოებას მიუთითებდა, თუ ამ შეთანხმებით რა ვადაში უნდა დაებრუნებინა ფ------ ჩ---------ეს დაგროვილი დავალიანება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხემ 2016 წლის მაისის შემდეგ გადაიხადა ჯერ 1800 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომ 1300 აშშ დოლარი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლომ განმარტა ასევე, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. ტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელის გამომრიცხავ გარემოებად დაასახელა ხანდაზმულობის ვადის გასვლა, რის საპირისპიროდ მოსარჩელემ მიუთითა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ისეთი გარემოება, რაც არის მოვალის მიერ ვალდებულების ნაწილის შესრულება. ასეთ პირობებში მოსარჩელეს ევალებოდა დაედასტურებინა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე მოპასუხემ შეასრულა ვალდებულების ნაწილი, რის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე თავად მოსარჩელის მიერ შესრულებული მინაწერი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საბუთით არ დასტურდებოდა ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლოს მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.

 

სასამართლოს მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით უნდა გასცეს ვალდბეულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების დოკუმენეტის არსებობა მოვალისათვის არის ხელსაყრელი, რადგან ამით ადასტურებს ვალდებულების შესრულებას. თუმცა ამ ნორმიდან არ გამოდინარეობს, რომ მხოლოდ კრედიტორის განცხადება ვალდებულების ნაწილის შესრულების შესახებ ამ გარემოების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში დავის საგანი იყო ფულადი ვალდებულების დაკისრება, რასაც მოპასუხე ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით საერთოდ არ ეთანხმებოდა. ამდენად, სადაო იყო არა სადაო თანხის მოცულობა, შესასრულებული ვალდებულების მოცულობა, არამედ სადაო იყო სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით მხოლოდ მოსარჩელის განმარტება ვალდებულების ნაწილის შესრულების მიღების შესახებ სესხის ნაწილის გადახდას არ ადასტურებდა, რადგან ამ გარემოებას მოპასუხე არ ეთანხმებოდაა.

 

ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხესთან შეთანხმდა დაგროვილი ვალის ოდენობისა და გადახდის პირობებზე ან რომ მოპასუხემ ვალდებულების ნაწილი შეასრულა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 3-4, ტომი 1)

-საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 15. ტომი 1)

 

2.2 ლ---–- მ-------–--ს სესხის ხელშეკრულების იძულებით შესასრულებლად არ მოუთხოვია ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ განმარტა, რომ ნოტარიუს თ------------–---–ს, რომელმაც დაამოწმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, შეუჩერდა უფლებამოსილება, რის გამოც მისგან სააღსრულებო ფურცლის მიღება შეუძლებელი იყო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ განცხადებით მიმართა ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ინახებოდა თ------------–---–ის შესრულებული სანოტარო საქმეები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ნოტარიუსთა პალატისგან მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. მოსარჩელის განმარტება ამ საკითხზე წინააღმდეგობრივი იყო, რადგან მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ ნოტარიუსთა პალატისგან გამოითხოვა ინფორმაცია თ------------–---–ის სანოტარო არქივის შესახებ, ხოლო მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როდის მიმათა ნოტარიუსთა პალატას და რა შინაარსის განცხადება წარადგინა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას

- მოსარჩელის განმარტებები (27.06.2017წ და 06.07.2017წ სხდომის ოქმები CD დისკები)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სადაო ურთიერთობა წარმოშობილი იყო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად დავა სახელშეკრულებო იყო.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 2014 წელს მოქმედი რედაქციის მიხედვით,'მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, რადგან ფ------ ჩ---------ის ვალდებულების შესასრულებლად იპოთეკით დატვირთული იყო მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს მოთხოვნის წარმოშობა, ანუ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სადავოდ არ გაუხდიათ. მათ წარადგინეს მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო განხორციელებადი არ იყო სახელშეკრულებო დავისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

მოსარჩელის განმარტებით მის მოთხოვნაზე ვრცელდებოდა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 6 წლის ვადა. სასამართლომ მოსარჩელის ეს მოსაზრება უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებში იგულისხმება ისეთი გარიგება, რომლის საგანია უძრავ ქონებაზე უფლების განკარგვა და დავა შეეხება ამ გარიგებიდან წარმოშობილ უფლება- მოვალეობებს. იპოთეკის შემთხვევაში ხელშეკრულების საგანია არა უძრავ ნივთზე უფლების განკარგვა, არამედ მოვალისათვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად უძრავი ნივთის გამოყენება, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ხარჯზე.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაცია იწვევს იპოთეკის საგნის მესაკუთრის შეცვლას, მაგრამ ამ მოთხოვნით სარჩელის აღძვრა არ გულისხმობს უძრავი ქონების საკუთრების შესახებ სახელშეკრულებო დავას, რადგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსში შედის არა უძრავ ქონებაზე საკუთრების გადაცემა, არამედ ხელშეკრულების საგანია სესხის თანხა, მისი ვადა, პროცენტი და სესხის დაბრუნების პირობები. სასამართლომ აღნიშნა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის საკითხი წამოიჭრება მხოლოდ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის რეალიზაციის შესახებ დავაში მთავარი მოთხოვნაა მოვალისათვის ვალდებულების დაკისრება. იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლებაა არსებობს მხოლოდ იმ მოთხოვნასათან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გამოიყენება.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება არ არის დამოუკიდებელი გარიგება უძრავ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ. იპოთეკაზე, როგორც აქცესორულ უფლებაზე ვრცელდება მთავარი ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა, რადგან აქცესორული უფლება მთლიანად იზიარებს მთავარი ხელშეკრულების საამართლებრივ ბედს და დამოუკიდებლად უფლება-მოვალეობებს არ წარმოშობს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხადაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. რადგან განსახილველ საქმეში დავის საგანია სესხის ხელშეკრულების შესრულება. მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლის ვადა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 5 დეკემბერს სამი თვის ვადით. სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, –მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ნორმის საფუძველზე სესხის დაბრუნების ვადა ამოიწურა 2014 წლის 5 მარტს. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 5 მარტიდან და დასრულდა 2017 წლის 5 მარტს. განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულ იქნა 2017 წლის 10 აპრილს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა არ მომხდარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით - მოპასუხის მიერ ვალის აღიარებით, მოვალის მიერ თანხის გადახდით ან კრედიტორის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის შეწყვეტას მოვალის ისეთი ქმედების შედეგად, რაც მიმართულია სადაო ვალდებულების შესრულებისკენ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ 2016 წლის მაისის შემდგომ საერთო ჯამში 3100 აშშ დოლარი გადაიხადა, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. მოპასუხის განმარტებით 2016 წლის მაისის თვეში მხარეები შეთანხმდნენ არსებული დავალიანების ოდენობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის გამომწვევი გარემოებებია მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მოპასუხე მიუთითებს ამ ნორმით გათვალისწინებულ ორ წინაპირობას - პირგასამტეხლოს და პროცენტის გადახდას, ასევე სხვაგვარად მოთხოვნის აღიარებას.

 

სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ საპროცენტო სარგებლის და პირგასმატეხლოს დავალიანების გადახდაზე საქმეში არსებობდა მხოლოდ მოსარჩელის განმარტება, რაც ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების მტკიცებისა და ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტილად აღიარებისათვის საკმარისი მტკიცებულება არ იყო.

 

რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოვალის ასეთ ქმედებად_ სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩათვლილიყო მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილი იყო პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემეტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ისე კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია და ამ გარემოების არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მქონე მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ან ვალდებულების ნაწილის შესრულება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი არა ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლში მითითებულ მოვალის მიერ განხორციელებულ იმ ქმედებებს, რაც გამოიწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია ხადაზმულობის შეწყვეტა კრედიტორის ქმედების გახორციელებით. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139 ? და 140 - ? მუხლები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას. მოსარჩელის განმარტებით სესხის ხელშეკრულების დამმოწმებელი ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების გამო მისგან სააღსრულებო ფურცელი ვერ მიიღო და მიმართა ნოტარიუსთა პალატას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ ინსტრუქციის 72-ე მუხლი ითვალისწინებს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესებს, ამ ნორმით ასევე მოწესრიგებულია ისეთი შემთვევა, როცა ნოტარიუსს შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილება. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი (ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში), სააღსრულებო ფურცელს კრედიტორის არჩევით გასცემს ნებისმიერი სხვა ნოტარიუსი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვს აღსასრულებელი სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლს და მონაცემებს მისი გაუქმების (ცვლილების) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას სანოტარო მოქმედების შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ (მაგ., მოცემული სანოტარო აქტის მიხედვით, უკვე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი სხვა ნოტარიუსის მიერ), მისი არსებობის შემთხვევაში.

 

ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მის მიერ დამოწმებულ გარიგებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა ნებისმიერ სხვა ნოტარიუსს. ამ ნორმის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ნებისმიერი ნოტარიუსისათვის მოეთხოვა 2015 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულებაზე სააღსრულებო ფურცელი, რაც წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ სააღსრულებო მოქმედებას და იწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მან 2017 წლის 5 მარტამდე მოითხოვა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებით და არც ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებით, ასევე არც კრედიტორის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებით ხანდაზმულობა არ შეწყვეტილა. სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენდა სესხის თანხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2014 წლის 5 მარტიდან და მოიწურა 2017 წლის 5 მარტს. სარჩელი აღძრული იყო ამ ვადის გასვლის შემდეგ 2017 წლის 10 აპრილს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სასამართლომ მიუთთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტმა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

აპელანტი არ ეთანხმება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მან ხანდაზმულობის ვადა გაუშვა, რადგანაც მისი განმარტებით, ვერ მოახერხა სააღსრულებო ფურცლის აღება, რადგანაც ნოტარიუსს, რომელსაც ეწერა საქმე, შეუჩერდა უფლებამოსილება, შესაბამისად, მას არ გაუშვია ხანდაზმულობის ვადა(იხილეთ სხდომის ოქმი)

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ლ---–- მ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლ---–- მ-------–--ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2013 წლის 5 დეკემბერს მოსარჩელე ლ---–- მ-------–--სა და მოპასუხეებს ფ------ ჩ---------ეს, ნ----- ჯ--–--------ს და ე----- ჯ--–--------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუს თ------------–---–ის მიერ. ხელშეკრულების საფუძველზე ფ------ ჩ---------ემ მიიღო სესხი 4000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადაა 3 თვე. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს თვეში 4%-ს. ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლო, რაც შეადგენს გადასახდელი თანხის 0.3%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

- ფ------ ჩ---------ეს მოსარჩელის მიმართ არ განუხორციელებია ვალის აღიარება და არც სესხის ნაწილის დაბრუნებით შეასრულა ვალდებულება ნაწილობრივ.

 

- ლ---–- მ-------–--ს სესხის ხელშეკრულების იძულებით შესასრულებლად არ მოუთხოვია ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ ერთი მხრივ მოსარჩელე ლ---–- მ-------–--სა და მეორე მხრივ, მოპასუხეებს ფ------ ჩ---------ეს და ე----- ჯ--–--------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ლ---–- მ-------–--ისგან ფ------ ჩ---------ემ ისესხა 4 000 აშშ დოლარი. მოცემულ შემთხვევაში სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას წარმოადგენს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ხანდაზმულობა, კერძოდ, აპელანტის მტკიცებით, სესხის ხელშეკრულებიდან მოთხოვნა არაა ხანდაზმული, რადგანაც მოპასუხემ აღიარა ვალის არსებობა და მოხდა მორიგება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება წარმადგენს აქცესორული უფლების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ სახეს. სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. შეუძლებელია, იპოთეკის ხელშეკრულება არსებობდეს დამოუკიდებლად, სესხის ან რომელიმე სხვა ხელშეკრულების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ასათვლელად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სესხის ხელშეკრულებიდან და არა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრა ცალსახად დაკავშირებულია მოთხოვნის წარმოშობის მომენტთან (მუხლი 130). მოთხოვნა კი ყოველთვის მომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან. იპოთეკა არსებობს მხოლოდ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. იარსებებს მოთხოვნა იარსებებს იპოთეკაც. არ იარსებეს მოთხოვნა იპოთეკაც შეწყვეტს არსებობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია სესხის უზრუნველსაყოფად, რომელზეც ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 5 დეკემბერს სამი თვის ვადით და ამოიწურა 2014 წლის 5 მარტს. არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 5 მარტიდან და დასრულდა 2017 წლის 5 მარტს. ლ---–- მ-------–--მა, სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 10 აპრილს, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მსგავსი უფლება წარმოეშვა მოპასუხესაც 2017 წლის 5 მარტის შემდგომ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებზე უთითებს და აღნიშნავს, რომ მოვალის მიერ ხდებოდა პროცენტების გადახდა, ამასთან, მოსარჩელემ საპატიო მიზეზით ვერ მოახერხა ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის აღება, რადგანაც ნოტარიუსს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა არ მომხდარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით - მოპასუხის მიერ ვალის აღიარებით, მოვალის მიერ თანხის გადახდით ან კრედიტორის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ე----- ჯ--–--------ს მიერ ხდებოდა სესხის თანხის გადახდა, აქედან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ჩაითვალოს გასულად. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელსაც მხარე სადავოდ თვლის, ეკისრება თავად აპელანტს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია აპელანტი უთითებს მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა მის მიერ არაა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომლითაც სასამართლოს აღნიშნულში დაარწმუნებდა. მხოლოდ აპელანტის ზოგადი მითითება ამის თაობაზე არაა საკმარისი, რათა სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსხვავებული თარიღი დაადგინოს. აპელანტის მიერ არაა კონკრეტულად მითითებული არც ე----- ჯ--–--------ს მიერ კონკრეტულად გადახდილი თანხის ოდენობა, არც გადახდის თარიღი, რის გამოც აპელანტ ლ---–- მ-------–--ის არგუმენტი სესხის ხელშეკრულების ხანდაზმულად არმიჩნევის თაობაზე სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლს, რომლითაც გათვალისწინებულია ხადაზმულობის შეწყვეტა კრედიტორის ქმედების გახორციელებით. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად იქნას მიჩნეული, რადგან უფლებამოსილ პირს არ შეუტანია სარჩელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად. მოსარჩელის განმარტება, რომ მან ვერ მიიღო სააღსრულებო ფურცელი, სესხის ხელშეკრულების დამმოწმებელი ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ იქნება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მიზეზი. მას შეეძლო დროულად შეეტანა სასამართლოში სარჩელი თუ იგი სხვა გზით ვერ ახერხებდა მისი უფლების დაცვას.

 

„სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი (ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში), სააღსრულებო ფურცელს კრედიტორის არჩევით გასცემს ნებისმიერი სხვა ნოტარიუსი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვს აღსასრულებელი სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლს და მონაცემებს მისი გაუქმების (ცვლილების) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას სანოტარო მოქმედების შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ (მაგ. მოცემული სანოტარო აქტის მიხედვით, უკვე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი სხვა ნოტარიუსის მიერ), მისი არსებობის შემთხვევაში.

 

პალატა განმარტავს, რომ ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მის მიერ დამოწმებულ გარიგებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა ნებისმიერ სხვა ნოტარიუსს. ამ ნორმის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ნებისმიერი ნოტარიუსისათვის მოეთხოვა 2013 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულებაზე სააღსრულებო ფურცელი, რაც წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ სააღსრულებო მოქმედებას და გამოიწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მან 2017 წლის 5 მარტამდე მოითხოვა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი.

 

ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 145-ე , 137-ე -138-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმათა დარღვევა, მოსარჩელის სარჩელი წარმოდგენილი არ იქნა ვადის დაცვით და ლ---–- მ-------–--ის მიერ გაშვებული იქნა ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა, არ არსებობს ლ---–- მ-------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---–- მ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 405,12 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---–- მ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა

 

გოდერძი გიორგიშვილი