განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014544650
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით საქმე №2ბ/4041-17 “ 18” იანვარი, 2018წ. თბილისი თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე თამარ ზამბახიძე სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი აპელანტი - თა---- ვა-----------ე წარმომადგენელი - ი-----–- ნ-------ა მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ-----ნ მა-----ი“ წარმომადგენელი - გ------- გ-–--ე, ნ----- ყ----–---–---–ი, ნ---- ძ---–--ე გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2016წ. გადაწყვეტილება დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 1. აპელანტის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. თა---- ვა-----------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 1.1. დაეკისრა შპს ”ბ-----ნ მა-----ს”, თა---- ვა-----------ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდა 3216,48 (სამიათასორასთექვსმეტი ლარი და 48 თეთრი) ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით. 1.2. დაეკისრა შპს ”ბ-----ნ მა-----ს”, თა---- ვა-----------ის სასარგებლოდ, დაყოვნებული თანხის _ 3216,48 ლარის დაყოვნების ყოველი დღისთვის 0,07 პროცენტის გადახდა 2014 წლის 01 აპრილიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდისთვის. 2. თა---- ვა-----------ეს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.2. თა---- ვა-----------ე, 2012 წლის 24 ივლისიდან, მუშაობდა შპს ”ბ-----ნ მა-----ში” ოფის - მენეჯერის პოზიციაზე; 2.3. 2012 წლის 24 ივლისს, დასაქმებისას, თა---- ვა-----------ის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1500 ლარით, დაბეგვრის შემდგომ, ნამუშევარი დღეების პროპორციულად; 2.4. თა---- ვა-----------ე, შპს "ბ-----ნ მა-----ში" მუშაობის პერიოდში, 2013 წლის 01 ოქტომბრიდან, ასევე დასაქმდა ბ------------ საელჩოში დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე, სადაც დღემდე მუშაობს; 2.5. 2014 წლის იანვრისა და მარტის თვეებში, მოსარჩელე თა---- ვა-----------ე არ გამოცხადებულა შპს "ბ-----ნ მა-----ში" და არ შეუსრულებია მისი სამსახურებრივი მოვალეობა; 2.6. თა---- ვა-----------ემ, მუშაობის პერიოდში, ხელფასის სახით, მიიღო დაბეგრილი 20 709 ლარი (საიდანაც 20 609 ლარის მიღებას მოსარჩელე ადასტურებს, ხოლო 100 ლარის მის მიერ მიღება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 12.12.2012 წლით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტით). 2.7. 2014 წლის 31 მარტს, მოპასუხე კომპანიაში თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, მოსარჩელე თა---- ვა-----------ე, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ; 2.8. მოპასუხე შპს ”ბ-----ნ მა-----მა” მოსარჩელე თა---- ვა-----------ის მიმართ, შესრულებული სამუშაოსათვის შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა: მას ხელფასის სახით მიღებული აქვს 20 709 ლარი (ხელზე ასაღები); მუშაობის განმავლობაში, მოსარჩელეს ხელზე უნდა მიეღო 23925,48 ლარი (29 906.85 ლარის 80%) ; 2.9. მოპასუხე კომპანიას, თა---- ვა-----------ისთვის, სახელფასო დავალიანების სახით გადასახდელი აქვს დაბეგრილი 3216.48 ლარი (23 925.48 ლარი - 20 709 ლარი) _ იხ. ზემოთ დადგენილი 3.2.6. და 3.2.7. ფაქტობრივი გარემოებები; 2.10. მოპასუხე შპს ”ბ-----ნ მა-----ი”, მოსარჩელე თა---- ვა-----------ისთვის სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებით არღვევს მის შრომით უფლებებს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.11. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა შრომითი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქციით. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით- სამართლებრივი ურთიერთობა. სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სშკ-ის 31.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. სშკ-ის 6.3. მუხლის მიხედვით, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის თა---- ვა-----------ის მიმართ, მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. სასამართლომ დაადგინა, რომ თა---- ვა-----------ის მიმართ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 3216,48 ლარი (ხელზე ასაღები) _ იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სსკ-ის 317.1. მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა თავისი ქმედებებით, უგულებელყო დასაქმებული პირის შრომითი უფლებები და ქონებრივი ინტერესები. სშკ-ის 31-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი. დადგინდა, რომ დამსაქმებელი კომპანია აყოვნებს, ყოფილი დასაქმებული _ თა---- ვა-----------ისთვის, შრომის ანაზღაურების სრულად გადახდას. მოსარჩელის განმარტებით, ის, შრომის ანაზღაურების გადახდის დაყოვნებისთვის ითხოვს, მოპასუხე შპს "ბ-----ნ მა-----ს" დაეკისროს პირგასამტეხლო 2014 წლის 01 აპრილიდან (სამსახურიდან გათავისუფლდა 2014 წლის 31 მარტიდან) 2014 წლის 23 დეკემბრამდე (ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების დღემდე). შესაბამისად, მოპასუხე კომპანიას უნდა დაეკისროს, თა---- ვა-----------ის სასარგებლოდ, ზემოაღნიშნულ პერიოდში შრომის ანაზღაურების თანხის _ 3216,48 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის, 0,07 პროცენტის გადახდა. სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ეს უპირატესობა სათანადოდ ვერ გამოიყენა და ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიისგან სრულად აქვს მიღებული კუთვნილი შრომის ანაზღაურება. რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, მან ვერ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომლითაც ხელს შეუწყობდა სარჩელის საფუძვლიანობის მეტად დადასტურებას ან გააქარწყლებდა მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. არასწორად დაადგინა სასამართლომ, რომ 2014 წლის იანვრისა და მარტის თვეებში მოსარჩელე თა---- ვა-----------ე არ გამოცხადებულა შპს „ბ-----ნ მა-----ში“ და არ შეუსრულებია მისი სამსახურებრივი მოვალეობა. ამ ფაქტობრივ გარემოებას სასამართლო ადგენს მოპასუხის მიერ წარდგენილი ტაბელებისა და მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე. მოპასუხის მიერ წარდგენილ ტაბელებზე არ არის თა---- ვა-----------ის ხელმოწერა და არც სხვა რაიმე ფორმით არის გამოხატული მისი ნება. ე.წ. ტაბელის სახით წარმოდგენილი დოკუმენტი არის მოპასუხის მიერ ექსელის ფაილში შედგენილი დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილ იქნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და მანამდე მისი არსებობა თა---- ვა-----------ისათვის უცნობი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ტაბელზე უნდა ფიქსირდებოდეს დასაქმებულის ნება; წარმოდგენილ ტაბელებში არ ჩანს დასაქმებულის ნება, რის გამოც ეს ტაბელები ვერ აკმაყოფილებს ტაბელებისათვის საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტს. გარდა ამისა, წარმოდგენილი ტაბელები არის ურთიერთსაწინააღმდეგო: 7 ტაბელიდან სადავო პერიოდს ეხება მხოლოდ 2 _ 2014 წლის იანვრისა და მარტის; 2013 წლის ტაბელები არასადავო პერიოდს ეხება. 2013 წლის ოქტომრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2014 წლის თებერვლის თვის ტაბელებში საერთოდ არ ფიგურირებს თა---- ვა-----------ე; იგი ამ პერიოდში ჩვეულებრივ მუშაობდა და მიღებული აქვს ხელფასი. 3.2. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების 3.2.7 პუნქტით არასწორად დაადგინა სასამართლომ, რომ მოსარჩელეს ხელზე უნდა მიეღო 23,925.48 ლარი, საიდანაც მიღებული აქვს 20,709 ლარი. თა---- ვა-----------ე შპს „ბ-----ნ მა-----ში“ მუშაობდა 2012 წლის 24 ივლისიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით, რაც შეადგენს 20 თვეს. მისი ხელფასი შეადგენდა თვეში 1500 ლარს. შესაბამისად, მას ჯამში უნდა მიეღო 20 X 1500 = 30,000 ლარი, საიდანაც მიღებული აქვს 20,609 ლარი და მისაღები აქვს 9,391 ლარი. 3.3. არასწორად დაადგინა სასამართლომ, რომ მოპასუხე კომპანიას თა---- ვა-----------ისათვის გადასახდელი რჩება 3,216.48 ლარი (23,925.48 ლარს - 20,709 ლარი). გაუგებარია, საიდან დაიანგარიშა სასამართლომ, რომ ჯამური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 23,925.48 ლარს, როდესაც მოსარჩელეს გააჩნდა ფიქსირებული შრომის ანაზღაურება. 3.4. გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები. საქალაქო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სწორად და გადაწყვეტილებაში არ არის მოცემული სათანადო და საკმარისი სამართლებრივი დასაბუთება; კერძოდ: ა) სასამართლომ სწორად ვერ განსაზღვრა მოსარჩელის შრომის ანაზღაურების ოდენობა და მოპასუხის დავალიანება მის წინაშე; ბ) სასამართლომ ვერ შეაფასა მოპასუხის მიერ შედგენილი დოკუმენტი, აკმაყოფილებდა თუ არა იგი სამუშაოს აღრიცხვისათვის საკმარის საფუძველს (ტაბელი). გ) მტკიცების ტვირთი არ იქნა გადანაწილებული სწორად. ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენისა და არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას ანუ როდესაც სამართლის ნორმა დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, მისი გაუქმების საფუძველია. 3.5. პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ სასამართლომ სწორად ვერ განსაზღვრა სახელფასო დავალიანების ოდენობა და მისი მსჯელობა შემოიფარგლება მხოლოდ 3216,48 ლარის სახელფასო დავალიანებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების/გაუქმების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. თა---- ვა-----------ე (შემდგომში „მოსარჩელე“) 24.07.2012 წ.-დან მიღებულ იქნა შპს ”ბ-----ნ მა-----ში” (შემდგომში „მოპასუხე“) ექვსთვიანი ვადით (3 თვე სტაჟირება, 3 თვე გამოსაცდელი ვადა) ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის, ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გზის სარეკონსტრუქციო პროექტზე დოკუმენტ-კონტროლის პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1500 ლარით, დაბეგვრის შემდგომ, ნამუშევარი დღეების პროპორციულად (იხ.: №----- ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 139-142). უდავოა, რომ ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ გააგრძელა მუშაობა მოპასუხესთან და მის მიერ მიღებული ყოველთვიური სარგო შეადგენდა 1500 ლარს. 4.2. 2014 წლის 31 მარტს, მოპასუხე კომპანიაში თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, მოსარჩელე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ.: განცხადება, ტ.1, ს.ფ.67). 4.3. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს გაუცემელი ხელფასი და შრომის ანაზღურების დაყოვნებისათვის ყოველდღიური 0,07%-ის გადახდა 23.12.2014 წლამდე, კერძოდ: 2012 წლის აგვისტოს ხელფასის - 500 ლარის, 2012 წლის ნოემბრის ხელფასის - 1000 ლარის, 2012 წლის დეკემბრის ხელფასის- 1000 ლარის, 2013 წლის იანვრის ხელფასის - 500 ლარის, 2013 წლის აპრილის ხელფასის - 91 ლარის, 2013 წლის აგვისტოს ხელფასის - 1300 ლარის, 2013 წლის სექტემბრის ხელფასის - 200 ლარის, 2013 წლის დეკემბრის ხელფასის - 900 ლარის, 2014 წლის იანვრის ხელფასის - 1500 ლარის, 2014 წის თებერვლის - 1500 ლარის, 2014 წლის მარტის 900 ლარის - გადახდა, ასევე შრომის ანაზღურების დაყოვნებისათვის 0,07 %-ის გადახდა 23.12.2014 წლამდე, ჯამში 3155. 16 ლარი (ტ.1, ს.ფ.120, 121). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 3216,48 (სამიათასორასთექვსმეტი ლარი და 48 თეთრი) ლარის ოდენობით. ასევე, დაყოვნებული თანხის _ 3216,48 ლარის დაყოვნების ყოველი დღისთვის 0,07 პროცენტის გადახდა 2014 წლის 01 აპრილიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდისთვის. აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. 4.4. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარეებმა შეადარეს მოპასუხესთან არსებული ხელფასის დარიცხვა-მიღების მონაცემები და 12.12.2017წ. სხდომაზე დაადასტურეს, რომ მოსარჩელეს რეალურად მიღებული აქვს 01.10.2013 წლამდე ხელფასი (ამ თარიღამდე ხელფასის სახით მისაღები თანხა) (იხ.: 12.12.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე). 4.5. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მსჯელობს გაუცემელი 2013 წლის დეკემბრის ხელფასის - 900 ლარის, 2014 წლის იანვრის ხელფასის - 1500 ლარის, 2014 წლის თებერვლის - 1500 ლარის, 2014 წლის მარტის 900 ლარის დაკისრებაზე. პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ამ პერიოდში შრომითი ურთიერთობების არსებობა დაადასტურა მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, სადაც მიუთითა, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან დაინიშნა 24.07.2012წ.-დან 2014 წლის მარტის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.76). უკვე შემდგომ, მოპასუხემ უარყო ამ პერიოდში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა. სადავო პერიოდის ხელფასის გაუცემლობას მოპასუხე ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე 2013 წლის 01 ოქტომბრიდან დასაქმდა ბ------------ საელჩოში (იხ.: წერილი, ტ.1, 240-241) და არ ასრულებდა შრომით მოვალეობებს. ანუ მოპასუხის პოზიციაა ხელფასის ამ პერიოდზე არგაცემა და არა ნაწილობრივ ანაზღაურება. მოსარჩელე არ უარყოფს შესაბამის ცვლებში საელჩოში მუშაობას, თუმცა განმარტავს, რომ მას არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა მოპასუხესთან; მისი სამუშაო ბ------------ საელჩოში და შრომითი ვალდებულებები მოპასუხესთან იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მოპასუხის წინაშე სამუშაო შეესრულებინა ჯეროვნად. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით, მათ შორის, უშუალოდ მოპასუხის უფლებამოსილ თანამშრომლებთან (მაგ. პროექტის დირექტორ დ-------- ტ------ესთან და სხვ., იხ.: მიმოწერა მოსარჩელის სამსახურებრივი ფოსტით მასსა და d---------------.ge ; l-----------------.ge ; s-----------.ge ) შრომითი კომუნიკაციის ამსახველი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2014 წლის აპრილამდე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იყო მოპასუხესთან (იხ.: 26.12.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 12:33:18-12:57:37). მიმოწერის ავთენტურობა სადავო არ გამხდარა. მიმოწერით დგინდება, რომ მოსარჩელე ახორციელებდა შრომით უფლება-მოავლეობებს სადავო პერიოდშიც, იღებდა სამსახურებრივ დავალებებს, ასრულებდა მათ (იხ.: მიმოწერა, ტ.1, ს,ფ,147-148; 150-151; 153; 156-157; ტ.1, ს.ფ.54-55; 201-205; 209-213; 218). ის მიმოწერას აწარმოებდა კონტრაქტორებთანაც. ამ მტკიცებულებების გამაბათილებლად ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ტაბელები (ტ.1, ს.ფ.106-119). მოპასუხე 12.12.2017წ. სხდომამდე უთითებდა, რომ 01.10.2013წ. -მდე მოსარჩელე იღებდა ხელფასს არასრულად, მხოლოდ ნამუშევარი დროის პროპორციულად, შემდეგ კი გაირკვა, რომ 01.10.2013წ.-მდე მოსარჩელეს ხელფასი სრულად ჰქონდა მიღებული. წინა პერიოდში მოსარჩელის შესაბამის აღრიცხვაზე მონაცემებით ტაბელები წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, მოსარჩელე თანამშრომელთა სიაში არ ფიქსირდება 2013 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2014 წლის თებერვალში და ფიქსირდება 2014 წლის იანვარში, მარტში. გაურკვეველია რა პრინციპით ხდებოდა ტაბელების შედგენა. საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა საწარმოში ე.წ. ტაბელების წარმოების შიდაკორპორაციული რეგულაცია. აღნიშნული კი მოპასუხის მტკიცების ტვირთია. შესაბამისად, ნების გამოვლენის და აღრიცხვის წესი და მისი სისწორის შემოწმება შეუძლებელია. გარემოებას მასზე, რომ მოპასუხეს ზოგადად ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები, რაც საწარმოში ხელფასების გაცემის საკითხსაც ეხებოდა, დასტურდება საქმეში არსებული მიმოწერითაც (ტ.1, ს.ფ.46, 47). რაიმე მტკიცებულება, რაც დაადგენდა არასრული სარგოს სახით ხელფასის გაცემის და მისი დაანგარიშების წესს, საქმეში არ მოიპოვება. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის სტაჟირების და გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ხელფასზე ცალკე შეთანხმება, ამასთან, დადგენილია, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე ყოველთვიური ხელფასი გაიცა 1500 ლარის ოდენობით (დაბეგვრის შემდგომ). საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო პერიოდში შრომითი ვალდებულებების ნაწილობრივი შესრულება. მიმოწერა ასახავს, რომ რა საჭიროებაც ჰქონდა მოპასუხეს და რა დავალებებსაც იღებდა მოსარჩელე, სათანადოდ რეაგირებდა. მოსარჩელეს სამსახურებრივი კომუნიკაცია ჰქონდა მოპასუხის კონტრაქტორებთანაც. შესაბამისად, არსებობს ამ პერიოდზე გაუცემელი ხალფასის დაკისრების საფუძველი. 2013 წლის დეკემბრის (900 ლარის), 2014 წლის იანვრის (1500 ლარის), 2014 წლის თებერვლის (1500 ლარის), 2014 წლის მარტის (900 ლარის) ხელფასის ჯამი შეადგენს 4800 ლარს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მხოლოდ 3216,48 ლარი, რაც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და გაუცემელი ხელფასის სახით მოპასუხეს დაეკისროს დამატებით 1583,52 ლარი, ანუ ჯამში 4800 ლარი. 4.6. შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის. ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე. დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება. მოპასუხის ქმედება (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს. გარდა ამისა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია სარჩელი გაუცემელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. 4.7. აპელანტი (მოსარჩელე) ასევე ითხოვს ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტს 23.12.2014წ.-მდე (ტ.1, ს.ფ.120,121). საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: 1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა ხელფასის გაცემის დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს დაანგარიშება, რომელიც სხდომაზე ასევე განმარტა მოპასუხის უფლებამოსილმა თანამშრომელმა (ტ.3, ს.ფ.104). წესი, რომ თითოეული თვის ხელფასი უნდა გაცემულიყო მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. რაც შეეხება დაანგარიშებას, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ კუთხით, რომ ჩარიცხვები არ იყო იდენთიფიცირებული, ანუ რომელი ჩარიცხვით რა იფარებოდა. მოპასუხის განმარტებით, ყოველი მომდევნო ჩარიცხვით იფარებოდა არსებული (წინა) დავალიანება. თავად ჩარიცხვები (მათი ოდენობა) სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2012 წლის აგვისტოს თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 23.93 ლარის (2,58+7,70+13,65) გადახდა; 2012 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 60.80 ლარის (1,12+0,40+12,25+24,50+22,53) გადახდა; 2012 წლის დეკემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 58,80 ლარის გადახდა; 2013 წლის იანვრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 60,78 ლარის (2,28+0,02+58,48) გადახდა; 2013 წლის აპრილის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 86.02 ლარის (1,16+84,86) გადახდა; 2013 წლის აგვისტოს თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 74.76 ლარის (25,94+48,82) გადახდა; 2013 წლის სექტემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 83,59 ლარის (22,81+32,76+3,40+24,62) გადახდა; 2013 წლის დეკემბრის ხელფასის 900 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 იანვრიდან 23.12.2014წლამდე; 2014 წლის იანვრის თვის ხელფასის 1500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 თებერვლიდან 23.12.2014წლამდე; 2014 წლის თებერვლის თვის ხელფასის 1500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 მარტიდან 23.12.2014წლამდე; 2014 წლის მარტის თვის ხელფასის 900 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 01 აპრილიდან 23.12.2014 წლამდე. აქვე უნდა განიმარტოს, რომ 2014 წლის მარტის თვის ხელფასზე 0,07 %-ის გადახდის დაკისრება მოხდა არა 10 აპრილიდან (როგორც სხვა თვეებში), არამედ 01 აპრილიდან, რამეთუ განაცდური გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული იყო (თუმცა ნაწილობრივ) ამ თარიღიდან, რაც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს როგორც სარჩელზე (3%), ასევე სააპელაციო საჩივარზე (4%) გადასახდელი ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე. კერძოდ, გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 367.40 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თა---- ვა-----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2016წ. გადაწყვეტილების შეცლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. თა---- ვა-----------ის სარჩელის დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ბ-----ნ მა-----ს“ დაეკისროს თა---- ვა-----------ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდა 4800 ლარის (დაბეგვრის შემდგომ) ოდენობით.
4. დაეკისროს შპს „ბ-----ნ მა-----ს“ თა---- ვა-----------ის სასარგებლოდ:
4.1. 2012 წლის აგვისტოს თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 23.93 ლარის გადახდა.
4.2. 2012 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 60.80 ლარის გადახდა.
4.3. 2012 წლის დეკემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 58.80 ლარის გადახდა.
4.4. 2013 წლის იანვრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 60,78 ლარის გადახდა.
4.5. 2013 წლის აპრილის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 86.02 ლარის გადახდა.
4.6. 2013 წლის აგვისტოს თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 74.76 ლარის გადახდა.
4.7. 2013 წლის სექტემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 83.59 ლარის გადახდა.
4.8. 2013 წლის დეკემბრის ხელფასის 900 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 იანვრიდან 23.12.2014 წლამდე.
4.9. 2014 წლის იანვრის თვის ხელფასის 1500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 თებერვლიდან 23.12.2014 წლამდე.
4.10. 2014 წლის თებერვლის თვის ხელფასის 1500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 მარტიდან 23.12.2014 წლამდე.
4.11. 2014 წლის მარტის თვის ხელფასის 900 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 01 აპრილიდან 23.12.2014 წლამდე.
5. შპს „ბ------ მა-----ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 367.40 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე