განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2018
საქმის ნომერი
180210016001255043
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180210016001255043

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4969-17 “23” იანვარი, 2018წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი _ ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე - - - რუ-----–--ი მ-------–-–---–ი (მოსარჩელე) ა---------– გ-------ძე იო--- ჯა------–--ლი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2017წ. გადაწყვეტილებით:

- რუ-----–--ი მ-------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილა;

 

- იო--- ჯა------–--ლს დაეკისრა რუ-----–--ი მ-------–-–---–ის სასარგებლოდ 170 ლარის გადახდა;

 

- რუ-----–--ი მ-------–-–---–ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2020 ლარის ანაზღაურების ნაწილში;

 

- იო--- ჯა------–--ლს დაეკისრა რუ-----–--ი მ-------–-–---–ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5,71 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, მოსარჩელე რუ-----–--ი მ-------–-–---–ის საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის პერიოდში, მის საცხოვრებელი სახლისა და სახლში არსებული ნივთების მოვლა-პატრონობა, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ევალებოდა იო--- ჯა------–--ლს. 2.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ იო--- ჯა------–--ლმა რუ-----–--ი მ-------–-–---–ის სახლიდან წაიღო 23 ცალი მინის ქილა - სულ ღირებული 20 ლარად, სატუცავი - ღირებული 5 ლარად, 2 ცალი ქათამი - სულ ღირებული 20 ლარად. აღნიშნული ნივთები მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია. ამ ნივთების ღირებულების ნაწილში მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. 2.3. უდავო გარემოებაა, რომ იო--- ჯა------–--ლმა რუ-----–--ი მ-------–-–---–ის სახლიდან წაიღო ასევე უთო (ღირებული 10 ლარად) რკინის სოლი (ღირებული 5 ლარად), ჩაიდანი (ღირებული 5 ლარად), რკინის საჭერი (ღირებული 5 ლარად). აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მან მიუთითა სასამართლოს, რომ ეს ნივთები უკან დაუბრუნა მოსარჩელეს. თუმცა, რუ-----–--ი მ-------–-–---–მა სადავოდ გახადა უკან დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელსაც არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება ზემოთ დასახელებული ნივთების მესაკუთრისთვის უკან დაბრუნების დასადასტურებლად (2017 წლის 2 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი). 2.4. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ასევე ის გარემოება, რომ რუ-----–--ი მ-------–-–---–მა საზღვარგარეთ წასვლამდე მისი კუთვნილი ჯორი გასაყიდად გადასცა იო--- ჯა------–--ლს, რომელმაც იგი გაყიდა. უდავოა ასევე, რომ მიღებული თანხიდან 100 ლარი, მოსარჩელის წინასწარი თანხმობით, გადასცა პიროვნებას, რომლის ვალიც ჰქონდა რუ-----–--ი მ-------–-–---–ს. მხარეთა შორის სადავო გარემოებაა ჯორის ღირებულება. მოსარჩელის მოსაზრებით, იგი 1200 ლარად უნდა გაყიდულიყო და ეს იყო მისი რეალური ღირებულება, იო--- ჯა------–--ლის თქმით კი- ჯორი 200 ლარად გაიყიდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელთაც ეყრდნობა მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი პრინციპის თანახმად, თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომელზედაც მან მიუთითა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მის მიერ მითითებული ღირებულების დასადასტურებლად, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ღირებულებას მხოლოდ 200 ლარის ოდენობის ფარგლებში, რომელიც მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი. სასამართლო დადასტურებულად ვერ ჩათვლის მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტს, რომ 100 ლარი, რომელიც დარჩა ჯორის რეალიზაციიდან, რუ-----–--ი მ-------–-–---–ის თანხმობით დაიტოვა, რადგან მოსარჩელეს მისი ვალი ჰქონდა. მოსარჩელემ უარჰყო ასეთი გარემოების არსებობა, იო--- ჯა------–--ლს კი არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მისარგუმენტაციას. 2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, თითქოს მოპასუხემ მისი სახლიდან წაიღო ასევე 800 ლარად ღირებული სპილენძის ქვაბი, 65 ლარად ღირებული ბინოკლი, კონსტანტინე გამსახურდიას 4-ტომეული (ღირებულება 5 ლარი), მატყლის საბანი და ბალიში (ღირებულება - 30 ლარი), ჭადრაკი (ღირებულება - 5 ლარი), პერანგი (ღირებულება - 5 ლარი), ჯაჭვი (ღირებულება 10 ლარი), არყის სპირტიანობის საზომი (ღირებულება 5 ლარი). ამ ნივთების წაღების ფაქტი უარჰყო მოპასუხემ (ერთი ჯაჭვის წაღებას დაეთანხმა, თუმცა, იმ ჯაჭვის უკან დაბრუნების ფაქტი მოსარჩელემაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კიდევ სხვა ჯაჭვი იყო წაღებული). შესაბამისად, ამ ნივთების მოპასუხის მიერ მითვისების ფაქტის მტკიცება მოსარჩელის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენდა, რის დასამტკიცებლადაც მას რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საქმეზე დაკითხული მოწმის - ნ---- ე-–--------–---–ის ჩვენებით ასევე არ დასტურდება აღნიშნული ნივთების იო--- ჯა------–--ლის მიერ წაღების ფაქტი, რადგან მოწმეს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ ფაქტის თაობაზე. 2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება დუშეთის რაიონის სოფ. ჩა-----––ი მცხოვრები რუ-----–--ი მ-------–-–---–ის კუთვნილი ნივთების მართვის დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, რაც დასტურდება სასამართლოს მიერ გამოთხოვილი გამოძიების მასალებით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა იო--- ჯა------–--ლისთვის ნივთების ღირებულების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით: მოპასუხემ სარჩელი ცნო რამდენიმე ნივთის ღირებულების - სულ 45 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ეს ნივთებია: 23 ცალი მინის ქილა - სულ ღირებული 20ლარად, სატუცავი - ღირებული 5 ლარად, 2 ცალი ქათამი - სულ ღირებული 20 ლარად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია. შესაბამისად, 45 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა სარჩელის ცნობის გამო. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სასამართლომ მხარეთა განმარტებების შესაბამისად, უდავო გარემოებად მიიჩნია მოპასუხე იო--- ჯა------–--ლის მიერ მოსარჩელის კუთვნილი სახლიდან რამდენიმე მოძრავი ნივთის - უთო (ღირებული 10 ლარად) რკინის სოლი (ღირებული 5 ლარად), ჩაიდანი (ღირებული 5 ლარად), რკინის საჭერი (ღირებული 5 ლარად) - უნებართვოდ წაღების ფაქტი. ამ ნივთების უკან დაბრუნება მესაკუთრისთვის არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იო--- ჯა------–--ლმა უნებართვოდ მიითვისა სხვისი კუთვნილი ნივთები, რაც არღვევს საკუთრების უფლებას და ზოგადი მართლწესრიგის საწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს, რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი ქონებრივი დანაკლისის სახით. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა ამ ნივთების ღირებულების ანაზღაურება. მოპასუხეს დაეკისრა, ასევე ჯორის რეალიზაციიდან მიღებული თანხის - 100 ლარის ანაზღაურება, რომელსაც რუ-----–--ი მ-------–-–---–ის ნებართვის გარეშე დაეუფლა. ჯორის ღირებულების სახით მოპასუხისთვის დანარჩენი 1 100 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ჯორის რეალიზაციიდან მიღებული 100 ლარი მოსარჩელის თანხმობით, მისივე კრედიტორს გადასცა იო--- ჯა------–--ლმა, ხოლო 200 ლარზე უფრო მეტი ღირებულებით ჯორის გაყიდვა არ დადასტურდა საქმის მასალებით. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ სხვა ნივთების - სპილენძის ქვაბი (800 ლარად ღირებული), 65 ლარად ღირებული ბინოკლი, კონსტანტინე გამსახურდიას 4-ტომეული (ღირებულება 5 ლარი), მატყლის საბანი და ბალიში (ღირებულება - 30 ლარი), ჭადრაკი (ღირებულება - 5 ლარი), პერანგი (ღირებულება - 5 ლარი), ჯაჭვი (ღირებულება 10 ლარი), არყის სპირტიანობის საზომი (ღირებულება 5 ლარი) - ღირებულების დაკისრების მოთხოვნას, იგი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ დადასტურდა იო--- ჯა------–--ლის მიერ ამ ნივთების მითვისება. 2.9. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ემსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე. სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ საქმის განხილვისას ერთ-ერთ არგუმენტად რამდენჯერმე მიუთითა, რომ მოსარჩელე „4 წლის შემდეგ ედავება“, რაც სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, როგორც სასარჩელო ხანდაზმულობაზე მითითება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ზიანის არსებობაზე მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2008 წელს შეიტყო, თუმცა, ზიანის მიმყენებელი პირის დადგენას იგი ცდილობდა სამართლებრივი გზით - სისხლის სამართლის წესით. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად არ ჩაითვალა. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. 3.2. სასამართლოს კრიტიკულად და დეტალურად არ დაუკითხავს მოწმე ნ. ე-–--------–---–ი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ 2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, რუ-----–--ი მ-------–-–---–ის (შემდგომში „მოსარჩელე“) საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის პერიოდში, მისი საცხოვრებელი სახლისა და სახლში არსებული ნივთების მოვლა-პატრონობა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ევალებოდა იო--- ჯა------–--ლს (შემდგომში „მოპასუხე“). 4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება დუშეთის რაიონის სოფ. ჩა-----––ი მცხოვრები რუ-----–--ი მ-------–-–---–ის კუთვნილი ნივთების მართვის დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი საქმე იო--- გუ---------–--ა და სოლომონ ქა–---–---–ის მიერ მოსარჩელის კუთვნილი არყის გამოსახდელი ქვაბის სახურავის, ე.წ. ზარფუშის ქურდობის ფაქტზე (ტ.1, ს.ფ.59,60). 4.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2017წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ჯამში 170 ლარის გადახდა (რაც მოიცავს: 23 ცალი მინის ქილის (20 ლარი), სატუცავის - (5 ლარი), 2 ცალი ქათმის - (20 ლარი) ღირებულებას (ამ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი); ასევე: უთოს (10 ლარი), რკინის სოლის (5 ლარი), ჩაიდნის (5 ლარი), რკინის საჭერის (5 ლარი) ღირებულებას (ამ ნაწილში მოპასუხემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ნივთები უკან დაუბრუნა მოსარჩელეს); ასევე: ჯორის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის ნაშთს 100 ლარის ოდენობით). სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. 4.4. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატა მსჯელობს გადაწყვეტილების კანონიერებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რაც გულისხმობს: რეალიზებული ჯორის ღირებულებიდან 1100 ლარს; ასევე: სპილენძის ქვაბის ღირებულებას 800 ლარს, ბინოკლის ღირებულებას 65 ლარს, კონსტანტინე გამსახურდიას 4-ტომეულის ღირებულებას 5 ლარს, მატყლის საბნის და ბალიშის ღირებულებას 30 ლარს, ჭადრაკის ღირებულებას 5 ლარს, პერანგის ღირებულებას 5 ლარს, ჯაჭვის ღირებულებას 10 ლარს და არყის სპირტიანობის საზომის ღირებულებას 5 ლარს. 4.5. პალატა ეთანხმება გადაწყვეტილებას რეალიზებული ჯორის ღირებულების აუნაზღურებელი ნაწილის სახით მოპასუხისათვის 100 ლარის დაკისრებას, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.5.1. როგორც გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ მოსარჩელემ საზღვარგარეთ წასვლამდე მისი კუთვნილი ჯორი გასაყიდად გადასცა მოპასუხეს, რომელმაც იგი გაყიდა და მიღებული თანხიდან 100 ლარი, მოსარჩელის წინასწარი თანხმობით, გადასცა პიროვნებას, რომლის ვალიც ჰქონდა მოსარჩელეს. 4.5.2. მხარეთა შორის სადავო გარემოებაა ჯორის ღირებულება. მოსარჩელის მოსაზრებით, იგი 1200 ლარად უნდა გაყიდულიყო და ეს იყო მისი რეალური ღირებულება, იო--- ჯა------–--ლის თქმით კი ჯორი 200 ლარად გაიყიდა. საქმეში წარმოდგენილია მ----- ვა---–-ს ძე თ---------ის დაკითხვის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ: დაახლოებით 7 წლის წინ დუშეთის რაიონის სოფელ ჩა-----––ი იყიდა ჯორი, ვისგან არ ახსოვს, მაგრამ უთხრეს, რომ პატრონი - რუ-----–--ი მ-------–-–---–ი - იყო საზღვარგარეთ წასული და დაბარებული ჰქონდა მისი გაყიდვა. როგორც ახსოვს, ჯორში გადაიხადა 200 ლარი. ჯორი ყავდა დაახლოებით ორი წელი და დე-------–ის წყ-----ს რაიონში ყოფნის დროს მოკვდა თავისი სიკვდილით (ტ.1, ს.ფ.75-77). 4.5.3. რაიმე მტკიცემულება მასზედ, რომ ჯორი გაიყიდა 200 ლარზე მეტად და თანხა მიითვისა მოპასუხემ, ან რომ უშუალოდ სარეალიზაციო ჯორის ღირებულება რეალურად იყო 200 ლარზე მეტი და მოპასუხემ იგი მოსარჩელის საზიანოდ გაყიდა დაბალ ფასად, - საქმეში წარმოდგენილი არ არის. 4.6. პალატა ასევე ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სპილენძის ქვაბის, ბინოკლის, კონსტანტინე გამსახურდიას 4-ტომეულის, მატყლის საბანის და ბალიშის, ჭადრაკის, პერანგის, ჯაჭვის ღირებულებას და არყის სპირტიანობის საზომის ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ამ ნივთების მითვისებას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. 4.7. აპელანტი გადაწყვეტილების უსწორობაზე საუბრისას აპელირებს მოწმე ნ---- ე-–--------–----–ის ჩვენებაზე და მასზედ, რომ არ მომხდარა მისი კრიტიკულად და დეტალურად დაკითხვა (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ.211). არც სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე ნ---- ე-–--------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით და არც წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მისი განმარტებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები მასზედ, რომ მოპასუხემ ჯორი გაიყიდა 200 ლარზე მეტად და რომ მოპასუხემ მიითვისა ამჟამად სადავო მოსარჩელის კუთვნილი ნივთები (იხ.:მოწმის დაკითხვის ოქმი, ტ.1, ს.ფ.78-80; 02.05.2017წ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ.180-198). მოწმის დაკითხვას ესწრებოდა თავად მოსარჩელე, რომლის შუამდგომლობითაც მოხდა მისი დაკითხვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის დაცვით მოსარჩელეს მიეცა საშუალება მოწმისათვის დაესვა კითხვები, რაც განახორციელა კიდეც. შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი პრეტენზია მოწმის დაკითხვის პროცედურასთან დაკავშირებით. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი მოპასუხისათვის 2020 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი წინასწარ გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რუ-----–--ი მ-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე