განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002183651
საქმე №1ბ/144-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ბ------------–--ის
მსჯავრდებულის: თ---------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორ ე-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) თ---------------ის, დაბადებულის 1986 წლის 31 ივლისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3-----------, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტიურად მცხოვრების: ს---------------------------------------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 12:40 საათზე, ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩაზე, ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცით“ მოძრაობდა თ---------------ე, რომელმაც დასახელებულ მონაკვეთზე მსვლელობისას ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე-------------ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე-------------მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
თ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ე-------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თ---------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბერს გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით, კერძოდ, მოითხოვა განაჩენით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის რეალურად მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და საქართველოს სსკ–ის 43–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ე-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ---------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
მსჯავრდებულ თ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ - თვითონ თ---------------ის ჩვენებით, დაზარალებულ ე-------------- ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული სქემით, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №----- დასკვნით, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელთა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურება თ---------------ის მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა რეალურად აღსრულდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ თ---------------ისადმი მიმართებაში გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. თ---------------ემ როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოშიც თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. გარდა ამისა, არ არის ნასამართლევი. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებდა პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე და იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ამგავრი ფორმით მოხდით შეუძლებელი იქნება სასჯელის ზოგადი მიზნების მიღწევა.
პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გასათვალისწინებელია, რომ თ---------------ემ არ გახადა სადავოდ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა ამისა, თ---------------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
აპელანტს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულის მიმართ არ გამოიჩინა ყურადღება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც მსჯავრდებულმა თ---------------ემ სააპელაციო პალატის სხდომაზე განაცხადა, მას აქვს კომუნიკაცია დაზარალებულთან, შემთხვევის დღიდან არ მიუტოვებია, გაუწია დახმარება როგორც მედიკამენტების შეძენით, ისე მატერიალური სახით კვების პროდუქტების რეგულარად მიწოდების გზით. ასევე თავისი ხარჯებით აიყვანა მომვლელი, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობას უწევდა დაზარალებულს, ხოლო შემდეგ კი დაზარალებულის თანხმობით დაიბრუნა კუთვნილი ავტომანქანა. გასათვალისწინებელია, რომ მართალია დაზარალებულმა თავის ჩვენებაში დააფიქსირა მატერიალური პრეტენზია თ---------------ის მიმართ (ტომი 1,ს.ფ.73-74), თუმცა ასევე დაადასტურა მის მიერ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯის გარკვეული ნაწილის ნებაყოფლობით ანაზღაურების ფაქტი, რაც სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია შემამსუბუქებელ გარემოებად. მსჯავრდებულის განმარტებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკურად არ შეუძლია შრომა და ავტომანქანით მიღებული შემოსავალი მისი ოჯახისთვის ერთადერთი წყაროა, რის გამოც როგორც საპატიმრო სასჯელი, ისე ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა მკვეთრად გააუარესებს მის მდგომარეობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში სწორედ ამ გარემოებაზე მითითებით დაასაბუთა მსჯავრდებულისათვის სატრასპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის მიზანშეუწონლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ---------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის დასკვნით. დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ თ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია გაუფრთხილებელი ნაკლებად მძიმე დანაშაული, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენამდე არ ყოფილა ნასამართლევი, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ე-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
თ---------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ თ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
პირობით მსჯავრდებულ თ---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე დაევალოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულება 1(ერთი) ცალი დისკი - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის სენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე