განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2018
საქმის ნომერი
330100117002219831
ინსტანცია
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002219831

საქმე №1ბ/181-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ბ-----------–---–---–ის მიმართ, დაბადებულის: 14.01.1--- წ. საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: N 0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ---------ის რაიონი, სოფელი ჭ-------ი, მ------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით ბ-----------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

ბ-----------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2016 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თ---–--–-----–------------–----–----–-------------------ის ქუჩების გადაკვეთაზე, ბ-----------–---–---–მა, რომელიც მართავდა ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის N25-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ვ-–-------------------ს, რომელიც გზის სავალ ნაწილს კვეთდა ქვეითთა გადასასვლელზე, ავტომობილის მოძრაობის მიმართულების მიხედვით მარჯვნიდან მარცხნივ. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ვ-–-------------------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ე-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი, რადგან სასჯელის დადგენისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბ------- ე-–---–---–ს არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი. აპელანტს ასევე უსამართლოდ მიაჩნია, რომ სასამართლომ მსჯავრდებულს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ ჩამოართვა, ვინაიდან, მისი აზრით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. აპელანტი ითხოვს სასჯელის გამკაცრებას და მსჯავრდებულისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულ ბ-----------–---–---–ის მიერ - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ჩადენის ფაქტი, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებები; მოწმეთა ჩვენებები; ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული სქემა, ტრასოლოგიურ-ტექნიკური და ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტთა ჩვენებები.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა და მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნებოდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, რასაც პალატაც ეთანხმება და მიაჩნია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ბ. ე-–---–---–ს უნდა ჩამოერთვას მართვის უფლება ვინაიდან, მუხლის სანქცია სავალდებულო წესით არ ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ეკონომიური და ოჯახური პირობები და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მართვის უფლების ჩამორთმევა, რასაც პალატაც იზიარებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ბ-----------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ-----------–---–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბ-----------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე