განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.01.2018
საქმის ნომერი
330310012122419
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საგადასახადო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/241-17

საქმე № 330310012122419

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე

მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: მ------–--------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბ-–-------------ი“

წარმომადგენელი: მ--------------–----

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ე--–-------------“

წარმომადგენელი: დ--------–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ბ-----------------------“

 

მესამე პირი - სს ,,თ-----------“

წარმომადგენელი: დ-----------------–---–-

 

მესამე პირი - დ-------–----------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,ბ-–-------------ის“, სს ,,ბ-----------------------ს“ და შპს ,,ე--–-------------ს“ მიმართ, მესამე პირი - სს ,,თ-----------“, ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შპს ,,ბ--–------------ის" კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზედაც 2012 წლის 01 ივნისს შედგა შპს ,,ბ--–------------ის" (ს/ნ 2--------) საგადასახადო შემოწმების აქტის პროქტი, ხოლო 2012 წლის 24 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში მიეთითა: შემოწმების ბრძანების თარიღი: 23.06.2011; 19.07.2011, 27.07.2011, 18.01.2012, 23.08.2012; შემოწმების ბრძანების ნომერი: კ-N1---, კ-N2---, კ-N2---, კ-N2---, კ-N2--, ნ1----. შემოწმების სახე: კამერალური; შემოწმების ტიპი: თემატური; შემოწმების დაწყების დასრულების თარიღი: 27.06.2011წელი - 24.08.2012 წელი. შესამოწმებელი პერიოდი: 27.06.2007 -10.04.2011 წლის ჩათვლით. საფუძველი: აუდიტის დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს უფროსის 27.05.2011 წლის N5--- მოხსენებითი ბარათი. შემოწმების შედეგად საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 2 946 656,89 ლარი,მათ შორის ძირითადი გადასახადი - 1 166 901 ლარი, ჯარიმა 665 933 ლარი და საურავი 1 113 822,89 ლარი.

 

2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზედაც 2012 წლის 30 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში მიეთითა: შემოწმების ბრძანების თარიღი: 21.06.2012, 30.08.2012, ემოწმების ბრძანების ნომერი: კ- N3---, N1----; შემოწმების სახე: კამერალური; შემოწმების ტიპი: თემატური; შემოწმების დაწყებისა დასრულების თარიღი: 21.06.2012წ -30.08.2012წ. შესამოწმებელი პერიოდი: შპს ,,ბ--–------------იზე" (ს/ნ 2--------) 2007 წლის 10 აგვისტოს ერთობლივი ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონების გადაცემის საკითხი, ექსპერტიზის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის გათვალისწინებით. შემოწმების შედეგად საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა: სულ დამატებით დარიცხული ძირითადი თანხა 1 882 177 ლარი, სულ დამატებით დარიცხული ჯარიმა - 939 868 ლარი, სულ დამატებით დარიცხული თანხა 2822045; სულ დარიცხული მიმდინარე გადასახდელები 716 427 ლარი, სულ შემცირებული მიმდინარე გადასახდელები 716 427 ლარი.

 

2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 04 სექტემბრის N1---- ბრძანების - ,,გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვა/შემცირების შესახებ" - თანახმად, სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 2 822 045 ლარი, მათ შორის ძირითადი 1882 177 ლარი, ჯარიმა 939868 ლარი. სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 716 427 ლარით და დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 716 427 ლარი. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადასახდელები სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით.

 

2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 04 სექტემბრის N1---- ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის 05 სექტემბრს გამოსცა N0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) გადასახდელად დაერიცხა სულ 5 188 057, 29 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 1 882 177 ლარი, ჯარიმა - 939 868 ლარი, საურავი 2 366 012, 29 ლარი.

 

2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 11 იანვრის N6-- ბრძანების - ,,გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვა/შემცირების შესახებ" - თანახმად, შპს ,,ე--–-------------ს" (ს/ნ 2--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 3713.4 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 3713,4 ლარი, ჯარიმა 0 ლარი. შპს ,,ე--–-------------ს" (ს/ნ 2--------) დაერიცხა მიმდინარე გადასახადელები 82 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 57 ლარით. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები შპს ,,ე--–-------------ს" (ს/ნ 2--------) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით.

 

2.6. 2007 წლის 10 აგვისტოს ერთის მხრივ შპს ,,B---------------"-სა (კომპანია) და სს ,,ბ-----------------------ს" (საზოგადოება) შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე-940-ე მუხლების საფუძველზე დაიდო ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მიზანი, კერძოდ: ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში მხარეებმა იმოქმედონ, რათა განახორციელონ ქ. ბათუმში, გ----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ბინის შემძენის სურვილის შესაბამისად საცხოვრებელი ფართის რემონტი და შემდგომი რეალიზაცია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,კომპანია" განახორციელებს საზოგადოების კუთვნილი შენობის დანგრევას და მის ადგილზე ახალი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის აშენებას, შემდგომ რეალიზაციას, იმ უფლებამოსილებათა ფარგლებში, რაც დადგენილია ხელშეკრულებით. ,,საზოგადოებამ" აიღო ვალდებულება უსასყიდლოდ გადასცეს 12450 მ. მიწის ნაკვეთი ,,კომპანიას" მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. მე-4 მუხლის თანახმად, ,,საზოგადოების" შენატანს ერთობლივ საქმიანობაში წარმოადგენს 12 450 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმი, გ-----------------------. ,,კომპანიის" შენატანს ერთობლივ საქმიანობაში წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მისი ფინანსირება (ინვესტიციის მოძიება, საბანკო სახსრების მოზიდვა). ,,კომპანიის" წილს წარმოადგენს საერთო ფართის 90% მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობიდან. ,,საზოგადოების" წილს წარმოადგენს საერთო ფართის 10% მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობიდან. ხელშეკრულების მიხედვით, ,,კომპანიამ" აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით მოეხდინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაპროექტება, შეთანხმება შესაბამის უწყებებსა და საბოლოო დამტკიცება, გააფორმოს ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან, მშენებლობის დაწყება ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული თვისა. მშენებლობის დასრულება 80 კალენდარული თვის განმავლობაში. გადასახადები და მოსაკრებლები, რაც უკავშირდება მშენებლობის პროცესს, მშენებლობის დასრულება, ასევე უძრავი ქონების გასხვისება, თუკი ასეთი მოითხოვდა საჭიროება დაფარავდა ,,კომპანია", შეასრულოს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოების მიმართ, შეუთანხმოს საზოგადოებას პროექტი და გადასცეს ფართი. ,,საზოგადოება" ვალდებული გახლდათ, შენობა დაცლისთანავე გადასცეს ,,კომპანიას" მიღება-ჩაბარების აქტით, მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ითანამშრომლოს. ხელშეკრულება შედგა საცხოვრებელი სახლის აშენების ვადით, ვადა დგინდება სამშემებლო დოკუმენტაციით. ერთობლივი საქმიანობა მოქმედებას წყვეტს ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ მხარეთა გადაწყვეტილებით.

 

2.7. 2009 წლის 29 აპრილს დაიდო ხელშეკრულება ,,მიწის ნაკვეთისა და შენობა- მაგებობების ნასყიდობისა და გამიჯვნის შესახებ" შპს ,,ბ--–------------ისა" (გამყიდველი) და შპს ,,ე--–-------------ს" (მყიდველი) შორის. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა (შპს ,,ბ--–------------ი") გაყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილი, მიწის ნაკვეთის ნაწილი 8 131,7 კვ.მ. ოდენობით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები დაახლოებით 1900 კვ.მ., რომელიც დამტკიცებული პროექტის მიხედვით ექვემდებარება დანგრევას (ნასყიდობისა და გამიჯვნის საგანი). მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა მდებარეობს მისამართზე: ქ. ბათუმი, გ------------------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0-----------, განაცხადის რეგისტრაცია: N8----------- 22.04.2009. ზონა ბათუმი -0----------------------------–----------------------- მისამართი: ქ. ბათუმი, ქუჩა გ------------------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაუქუსტებელი ფართობი: 12450.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 4882.00 ; მესაკუთრე: შპს ,,ბ--–------------ი" (ს/ნ 2--------); უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ერთობლივი საქმიანობის შესახებ 2007 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულება. გასხვისების შემდეგ გამყიდველის (შპს ,,ბ--–------------ი") საკუთრებაში რჩება მიწის ნაკვეთი 4318 კვ.მ. ოდენობით და მასზე განთავსებული მშენებარე დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად აღიარებულ დანართ N1-ში შეფერადებულია ვარდისფერ ფერში. მყიდველის (შპს ,,ე--–-------------ს") საკუთრებაში გადადის მიწის ნაკვეთი 8131.7კვ.მ. ოდენობით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად აღიარებულ დანართ N1-ში შეფერადებულია მოცისფერო ფერში. მხარეებმა განაცხადეს თანხმობა, რომ შპს ,,ბ--–------------ის" ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩეს და აღირიცხოს N2 და N3 მშენებარე შენობა-ნაგებობები, აგრეთვე 4318.3. კვ.მ. მიწის ნაკვეთის იმ ნაწილთან ერთად, რომელიც აღნიშნულია და გაფერადებულია დანართ N1-ში ვარდისფერ ფერში, ხოლო შპს ,,ე--–-------------ს" ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩეს და აღირიცხოს მიწის ნაკვეთი, 8131.7კვ.მ, რომელიც აღნიშნულია და გაფერადებულია დანართ N1-ში მოცისფერო ფერში, საკადასტრო აზომვების მიხედვით. გადაცემული და გამიჯნული უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 1020000 (ერთი მილიონ ოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხა ეროვნულ ვალუტაში, რაც შეადგენს 1 692 200 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდა ცამეტი ათას ორასი) ლარს. 920000 (ცხრაას ოცი ათასი) აშშ დოლარი შეადგენს მიწის ნაკვეთის ღირებულებას, ხოლო შენობა-ნეგებობის ღირებულება შეადგენს 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს. გასხვისებულ მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობასთან ერთად გამყიდველმა მყიდველს საკუთრებაში გადასცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის თვითმმართველობის ორგანოს, ქ. ბათუმის მერიის მიერ შპს ,,ბ-–-------------იზე" გაცემული არქიტექტურული მშენებლობის პროექტი და მშენებლობის დაწყების ნებართვა, რომლის მიხედვით ქ. ბათუმში, გ--------------------------ში უნდა აშენდეს საცხოვრებელი კომპლექსი. ხელშეკრულება დადასტურებული იქნა სანოტარო წესით.

 

2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა ექსპერტიზა. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 10 აპრილის N7-- ბრძანების ,,სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ" საფუძველზე. ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვა: ,,დადგინდეს ,,შპს ,,ბ-–-------------ის" (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში გ----------------------ში მდებარე 12450 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 4882 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საბაზრო ფასი 2007 წლის 10 აგვისტოსა და 2008 წლის 25 მარტის მდგომარეობით. ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში გ----------------------ში მდებარე 12450 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება (მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ღირებულების გარეშე) 2007 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 3 523 972.00 (სამი მილონ ხუთას ოცდასამი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი) ლარს. მასზე დამაგრებული 4882 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება (მიწის ღირებულების გარეშე) 2007 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 1 625 706.00 (მილიონ ექვსას ოცდახუთი ათას შვიდას ექვსი) ლარი. ქ. ბათუმში გ----------------------ში მდებარე 12450 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება (მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ღირებულების გარეშე) 2008 წლის მარტის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 3 677 730.00 (სამი მილონ ექვსას სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ოცდაათი) ლარს. მასზე დამაგრებული 4882 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება (მიწის ღირებულების გარეშე) 2008 წლის მარტის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 1 658 464.00 (მილიონ ექვსას ოორმოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაოთხი) ლარს.

 

აღინიშნა, რომ ექსპერტის მიერ უძრავი ქონების ღირებულება დადგენილ იქნა შედარების მეთოდით, რაც დაფუძნებულია შესაფასებელი ობიექტის მსგავსი გაყიდული ობიექტის ფასის შედარებაზე. ყურადღება გამახვილებულია ანალოგიური ქონების ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციაზე, რომელიც განხორციელდა ტიპიურ საბაზრო პირობებში და მაქსიმალურად მიახლოებულია შეფასების თარიღთან. შეფასების დროს გათვალისწინებული იქნა უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, პრესტიჟულობა, რელიეფი და ბაზარზე მსგავსი ქონების მიმართ მოთხოვნა.

 

2.9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განჩინებით შპს ,,ბ--–------------ის" მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (საქმე N2----).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.10. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

2.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

2.12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

2.13. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (ძალადაკარგულია 2011წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 08/17/2010 N 3591 კანონით) 22.1. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ანსხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისთვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისთვის, რომელიც არა უმეტეს 30 დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ ინფორმაციის, საფუძველზე, ხოლო მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

 

ამავე ნორმის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გამოიტანოს მოტივირებული წერილობითი გადაწყვეტილება გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ, თუ: ა) გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე; ბ) საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (ძალადაკარგულია 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 08/17/2010 N 3591 კანონით) 23.1. მუხლის (2006 წლისთვის მოქმედი რედაქცია) თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი – საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) საწარმოს აკონტროლს მეორე პირი; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; ე) პირები არიან საწარმოს ფილიალები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ვ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; ზ) პირები ნათესავები არიან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (ძალადაკარგულია 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, საქართველოს 08/17/2010 N 3591 კანონით) 91.1. მუხლის (2007-2010 წლებში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს აქვს შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცრუმაგიერი პირის მიმართ გაატაროს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

2.14. მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 18.1. მუხლის შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

 

ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის/მომსახურების მიწოდება არ არსებობს, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს, ხოლო მე-6 ნაწილით, თუ ამ მუხლის პირველი–მე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი დგინდება დანახარჯების, შესაძლო რეალიზაციის ფასის ან მისაღები სარგებლის განსაზღვრის მეთოდებით.

 

მითითებული მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

 

ამავე ნორმის მე-11 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე; ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან. გ) თუ პირმა საქონელი მიაწოდა ან/და მომსახურება გაუწია ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტს.

 

მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განისაზღვრა ურთირთდამოკიდეული პირების ცნება და არსი, კერძოდ ამავე ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო ე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლოს განმარტა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ურთიერთდამოკიდებულ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მათ ურთიერთდამოკიდებულების გამო ერთმანეთისთვის განსაზღვრეს). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელიც მის მიერ გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითება აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს ,,ბ--–------------ი" (ს/ნ 2--------) სს ,,ბ-----------------------“ (ს/ნ2--------) შპს ,,ე--–-------------" (ს/ნ 2--------) მოქმედებდნენ საერთო მიზნით - მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით გაერიდებინათ ქონება, შესაბამისად კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებებისა და მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით განარიდეს (გაასხვისეს) კუთვნილი უძარავი ქონების ნაწილი, მდებარე ქ. ბათუმი, გ-------------------------ში.

 

სასამართლოს მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - სსიპ შემოსავლების სამსახურის შპს ,,ბ-–-------------ის" 2012 წლის 11 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით, 2012 წლის 24 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.08.2012 წლის სს ,,ბ-----------------------ს" საგადასახადო შემოწმების აქტით, 2012 წლის 04 სექტემბრის N1---- ბრძანებით, 2012 წლის 05 სექტემბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნით, 2013 წლის 11 იანვრის N6-- ბრძანებით (შპს ,,ე--–-------------ს" - გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვა/შემცირების შესახებ), შპს ,,B---------------"-სა (კომპანია) და სს ,,ბ-----------------------ს" (საზოგადოება) 2007 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებით, ერთობლივი საქმიანობის შესახებ, სგრთვე შპს ,,B---------------"-სა და შპს ,,ე--–-------------ს"ს 2009 წლის 29 აპრილის ხელშეკრულებით ,,მიწის ნაკვეთისა და შენობა-მაგებობების ნასყიდობისა და გამიჯვნის შესახებ", სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 03.05.2012 წლის N1-------------- დასკვნითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განჩინებით (საქმე N2----) - არ დატურდება, რომ შპს ,,ბ--–---------------" (ს/ნ 2--------), სს ,,ბ-----------------------“ (ს/ნ2--------) შპს ,,ე--–-------------" (ს/ნ 2--------) წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 03.05.2012 წლის N1-------------- დასკვნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე- 18 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ შეიცავს მითითებას იმ კონკრეტულ ინფორმაციაზე, რომელიც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს ექსპერტის მიერ საბაზრო ფასის დადგენის ფაქტობრივ საფუძველს. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება აღნიშნულზე.

 

სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა- არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განხილულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, საარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს, ხოლო შპს ,,ბ-–-------------ი“ (ს/ნ 2--------), სს ,,ბ-----------------------“ (ს/ნ 2--------) და შპს ,,ე--–-------------“ (ს/ნ 2--------) წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გარიგება (რომლითაც მოხდა ქონების გარიდება) იყო ნამდვილი და არ ქონდა გარიდების მიზანი უთითებს, რომ საქმეზე დართული ექსპერტიზა არ შეიცავს ინფორმაციას იმ გარემოების თაობაზე თუ რა წარმოადგენდა საბაზრო ფასის დადგენის ფაქტობრივ საფუძველს. აღნისნულის თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ ქონების ფასი მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე ექსპერტიზა ნათლად და კონკრეტულად პასუხოს მისთვის დასმულ კითხვას და არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მას. კონკრეტულად, შპს ,,ბ-–-------------“-სა და შპს ,,ე--–-------------“-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეების მიერ მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ქონების საბაზრო ღირებულება და შესაბამისად შემცირებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებებიც, კერძოდ: ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა ქ. ბათუმში, გ-------------------------ში მდებარე 8 131,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 920 000 აშშ დოლარით (1 527 200 ლარი), ხოლო 1 900 კვ.მ შენობა-ნაგებობის ღირებულება - 100 000 აშშ დოლარით (166 000 ლარი). ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული 03.05.12 წლისN1------------- ექსპერტიზის დასაკვნის მონაცემების გათვალისწინებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება უნდა იყოს 2 398 851.5 ლარი, ხოლო შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება - 644 100 ლარი.

 

ასევე სასამართლო გადაწყვეტილებაში სრულიად არ გაითვალისწინა კონკრეტულ პირთა შორის არსებული ურთიერთობა, კერძოდ სს "ბ---------------------" 5%-ი წილის მფლობელი და იმავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ ა--------------ი, ხოლო შპს "ბ-–-------------ის" 50%-იანი წილის მფლობელი გახლდათ მ-----------ი, რომელიც წარმოადგენს ა--------------ის შვილს. შპს ბ-–-------------ის დარჩენილი 50%-ი წილის მფლობელი ი--------–----ე და შპს ე--–-----------ის 45% წილის მფლობელი ე--------- არიან მეუღლეები. აღნიშნული ფაქტიურად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტული ნასყიდობების გზით ერთი ქონება, ყოველგვარი ადეკვატური ანაზღაურების გარეშე გადადიოდა ფორმალურად სხვადასხვა პირის მფლობელობაში, თუმცა კონკრეტული საწარმოები იმყოფებოდა ერთი ჯგუფის კონტროლის ქვეშ.

 

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად: "ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. 3. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები".

 

აპელანტი დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ბ-–-------------“-ს 2007 წლის 10 აგვისტოს სს ,,ბ---------------------“-სთან დადებული აქვს ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის მიზანი იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კომპლექსის) მშენებლობა ქ. ბათუმში გ-------------------------ში. მხარეთა ვალდებულებები განისაზღვრა შემდეგნაირად: სს ,,ბ----------------------“-ს შენატანი ერთობლივ საქმიანობაში იყო 12 450 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო შპს ,,ბ-–---------------“-ს შენატანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის პროექტირება, მშენებლობა და მისი ფინანსირება, ამასთან მშენებლობის დასრულების შემდგომ სს ,,ბ-------------------------“-ს აღნიშნული აქტივის სანაცვლოდ უნდა მიეღო 10%-ი ახალაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობიდან. ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ 2007 წლის 15 აგვისტოს N0-------- ბრძანებით დამტკიცდა არქიტექტურულ სამშენებლო პროექტი შპს ,,ლ--------------------“ და სს ,,რ---------------“ ქ. ბათუმში გ-----------------------------ში, იგივე სამსახურის მიერ 2007 წლის 7 დეკემბერს გაცემულია მშენებლობის ნებართვა N2----- შპს ,,ლ---------------------“ და სს ,,ბ-------------------------ზე“, რომელიც ძალაში იყო 2010 წლის 7 დეკემბრამდე.

 

2008 წლის ნოემბერში შპს ,,ბ-–---------------“-მა შპს ,,ლ------------------ი“-სგან შეისყიდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი 2 368 კვ.მ და შენობა ნაგებობები 961,93 კვ.მ, ხოლო სს ,,ბ----------------------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 12 450 კვ.მ და შენობა-ნაგებობაზე 4 882 კვ.მ. 2007 წლის 10 აგვისტოს დადებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ბ-–-------------“-მა განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

2009 წლის აპრილის თვეში საწარმომ პროექტის შესაბამისად გამიჯნა მიწის ნაკვეთები, ერთი ნაწილი - ახლადაშენებული დაუმთავრებელი შენობა 2 784 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 4 018 კვ.მ დაიტოვა საკუთრებაში, ხოლო მეორე ნაწილი - მიწა 8 432 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 2 097,4 კვ.მ და მიწა 2 369 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 961,93 კვ.მ - მშენებლობის პროექტთან და ნებართვასთან ერთად გაასხვისა შპს ,,ე--–-------------“-ზე.

 

აპელანტს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ შპს ,,ბ-–-------------ი“-ს მიმართ დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება. საგადასახადო მიზნებისათვის სს ,,ბ-----------------------ის“ მიერ შპს ,,ბ-–---------------ი“-სთვის მიწისა და შენობა-ნაგებობებაზე საკუთრების უფლების გადაცემა განიხილება, როგორც საწარმოსთვის აქტივების უსასყიდლოდ მიწოდება. 01.01.11 წლამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე (ახალი რედაქციით 73-ე მუხლით), 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 210-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად უსასყიდლოდ მიღებული აქტივების ღირებულება უნდა აისახოს ერთობლივ შემოსავალში. მიწოდებული აქტივის ფასის დადგენის მიზნით შემოწმებამ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახლობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ექსპერტიზის 03.05.12 წლის N1------------- დასაკვნის საფუძველზე 2007 წლის 10 აგვისტოს (ხელშეკრულების გაფორმების თარიღის) მდგომარეობით ქ. ბათუმში, გ--------------------------ში მდებარე 4 882 კვ.მ შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 625 706 ლარით, 12 450 კვ.მ მიწის ღირებულება - 3 523 972 ლარით. 2008 წლის მარტის თვის მდგომარეობით იგივე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა - 3 677 730 ლარით, ხოლო შენობა ნაგებობის ღირებულება - 1 658 464 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთობლივ შემოსავალში ჩართვას დაექვემდებარა 5 149 678 ლარი, ხოლო 01.01.11 წლამდე მოქმედი სსკ-ის 183-ე მუხლის 13-ე ნაწილის შესაბამისად ხარჯებიდან გამოქვითვას დაექვემდებარა შენობებზე დარიცხული ამორტიზაცია 325 141 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიხედვით, შპს ,,ბ-–---------------ი“-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დასარიცხმა თანხამ შეადგინა სულ 1 832 834 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 1 166 902 ლარი, ჯარიმა 665 932 ლარი.

 

2009 წელს შპს,,ბ-–-------------“-სა და შპს ,,ე--–-------------“-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეების მიერ მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ქონების საბაზრო ღირებულება და შესაბამისად შემცირებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებებიც, კერძოდ: ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა ქ.ბათუმში, გ---------------------------ში მდებარე 8 131,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 920 000 აშშ დოლარით (1 527 200 ლარი), ხოლო 1 900 კვ.მ შენობა-ნაგებობის ღირებულება - 100 000 აშშ დოლარით (166 000 ლარი). ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული 03.05.12 წლის N1------------- ექსპერტიზის დასაკვნის მონაცემების გათვალისწინებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება უნდა იყოს 2 398 851.5 ლარი, ხოლო შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება - 644 100 ლარი. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ პერიოდში უძრავი ქონებაზე ფასების კლების გათვალისწინებითაც კი მხარეებს მნიშვნელოვნად აქვთ შემცირებული ნასყიდობის საგნის ღირებულება. აღნიშნული ოპერაცია რელურად ემსახურებოდა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზანს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად იქნენ ცნობილი შპს ,,ბ-–-------------ი“ (ს/ნ 2--------), სს ,,ბ-----------------------“ (ს/ნ 2--------) და შპს ,,ე--–-------------“ (ს/ნ 2--------).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შპს ,,ბ--–------------ის" კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზედაც 2012 წლის 01 ივნისს შედგა შპს ,,ბ--–------------ის" (ს/ნ 2--------) საგადასახადო შემოწმების აქტის პროქტი, ხოლო 2012 წლის 24 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში მიეთითა: შემოწმების ბრძანების თარიღი: 23.06.2011; 19.07.2011, 27.07.2011, 18.01.2012, 23.08.2012; შემოწმების ბრძანების ნომერი: კ-N1---, კ-N2---, კ-N2---, კ-N2---, კ-N2--, ნ1----. შემოწმების სახე: კამერალური; შემოწმების ტიპი: თემატური; შემოწმების დაწყების დასრულების თარიღი: 27.06.2011წელი - 24.08.2012 წელი. შესამოწმებელი პერიოდი: 27.06.2007 -10.04.2011 წლის ჩათვლით. საფუძველი: აუდიტის დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს უფროსის 27.05.2011 წლის N5--- მოხსენებითი ბარათი. შემოწმების შედეგად საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 2 946 656,89 ლარი,მათ შორის ძირითადი გადასახადი - 1 166 901 ლარი, ჯარიმა 665 933 ლარი და საურავი 1 113 822,89 ლარი.

 

4.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზედაც 2012 წლის 30 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში მიეთითა: შემოწმების ბრძანების თარიღი: 21.06.2012, 30.08.2012, ემოწმების ბრძანების ნომერი: კ- N3---, N1----; შემოწმების სახე: კამერალური; შემოწმების ტიპი: თემატური; შემოწმების დაწყებისა დასრულების თარიღი: 21.06.2012წ -30.08.2012წ. შესამოწმებელი პერიოდი: შპს ,,ბ--–------------იზე" (ს/ნ 2--------) 2007 წლის 10 აგვისტოს ერთობლივი ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონების გადაცემის საკითხი, ექსპერტიზის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის გათვალისწინებით. შემოწმების შედეგად საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა: სულ დამატებით დარიცხული ძირითადი თანხა 1 882 177 ლარი, სულ დამატებით დარიცხული ჯარიმა - 939 868 ლარი, სულ დამატებით დარიცხული თანხა 2822045; სულ დარიცხული მიმდინარე გადასახდელები 716 427 ლარი, სულ შემცირებული მიმდინარე გადასახდელები 716 427 ლარი.

 

4.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 04 სექტემბრის N1---- ბრძანების - ,,გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვა/შემცირების შესახებ" - თანახმად, სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 2 822 045 ლარი, მათ შორის ძირითადი 1882 177 ლარი, ჯარიმა 939868 ლარი. სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 716 427 ლარით და დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 716 427 ლარი. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადასახდელები სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით.

 

4.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 04 სექტემბრის N1---- ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის 05 სექტემბრს გამოსცა N0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სს ,,ბ-----------------------ს" (ს/ნ 2--------) გადასახდელად დაერიცხა სულ 5 188 057, 29 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 1 882 177 ლარი, ჯარიმა - 939 868 ლარი, საურავი 2 366 012, 29 ლარი.

 

4.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 11 იანვრის N6-- ბრძანების - ,,გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვა/შემცირების შესახებ" - თანახმად, შპს ,,ე--–-------------ს" (ს/ნ 2--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 3713.4 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 3713,4 ლარი, ჯარიმა 0 ლარი. შპს ,,ე--–-------------ს" (ს/ნ 2--------) დაერიცხა მიმდინარე გადასახადელები 82 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახადები 57 ლარით. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადასახდელები შპს ,,ე--–-------------ს" (ს/ნ 2--------) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით.

 

4.9. 2007 წლის 10 აგვისტოს ერთის მხრივ შპს ,,B---------------"-სა (კომპანია) და სს ,,ბ-----------------------ს" (საზოგადოება) შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე-940-ე მუხლების საფუძველზე დაიდო ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მიზანი, კერძოდ: ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში მხარეებმა იმოქმედონ, რათა განახორციელონ ქ. ბათუმში, გ----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ბინის შემძენის სურვილის შესაბამისად საცხოვრებელი ფართის რემონტი და შემდგომი რეალიზაცია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,კომპანია" განახორციელებს საზოგადოების კუთვნილი შენობის დანგრევას და მის ადგილზე ახალი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის აშენებას, შემდგომ რეალიზაციას, იმ უფლებამოსილებათა ფარგლებში, რაც დადგენილია ხელშეკრულებით. ,,საზოგადოებამ" აიღო ვალდებულება უსასყიდლოდ გადასცეს 12450 მ. მიწის ნაკვეთი ,,კომპანიას" მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. მე-4 მუხლის თანახმად, ,,საზოგადოების" შენატანს ერთობლივ საქმიანობაში წარმოადგენს 12 450 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმი, გ-----------------------. ,,კომპანიის" შენატანს ერთობლივ საქმიანობაში წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მისი ფინანსირება (ინვესტიციის მოძიება, საბანკო სახსრების მოზიდვა). ,,კომპანიის" წილს წარმოადგენს საერთო ფართის 90% მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობიდან. ,,საზოგადოების" წილს წარმოადგენს საერთო ფართის 10% მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობიდან. ხელშეკრულების მიხედვით, ,,კომპანიამ" აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით მოეხდინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაპროექტება, შეთანხმება შესაბამის უწყებებსა და საბოლოო დამტკიცება, გააფორმოს ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან, მშენებლობის დაწყება ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული თვისა. მშენებლობის დასრულება 80 კალენდარული თვის განმავლობაში. გადასახადები და მოსაკრებლები, რაც უკავშირდება მშენებლობის პროცესს, მშენებლობის დასრულება, ასევე უძრავი ქონების გასხვისება, თუკი ასეთი მოითხოვდა საჭიროება დაფარავდა ,,კომპანია", შეასრულოს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოების მიმართ, შეუთანხმოს საზოგადოებას პროექტი და გადასცეს ფართი. ,,საზოგადოება" ვალდებული გახლდათ, შენობა დაცლისთანავე გადასცეს ,,კომპანიას" მიღება-ჩაბარების აქტით, მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ითანამშრომლოს. ხელშეკრულება შედგა საცხოვრებელი სახლის აშენების ვადით, ვადა დგინდება სამშემებლო დოკუმენტაციით. ერთობლივი საქმიანობა მოქმედებას წყვეტს ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ მხარეთა გადაწყვეტილებით.

 

4.10. 2009 წლის 29 აპრილს დაიდო ხელშეკრულება ,,მიწის ნაკვეთისა და შენობა- მაგებობების ნასყიდობისა და გამიჯვნის შესახებ" შპს ,,ბ--–------------ისა" (გამყიდველი) და შპს ,,ე--–-------------ს" (მყიდველი) შორის. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა (შპს ,,ბ--–------------ი") გაყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილი, მიწის ნაკვეთის ნაწილი 8 131,7 კვ.მ. ოდენობით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები დაახლოებით 1900 კვ.მ., რომელიც დამტკიცებული პროექტის მიხედვით ექვემდებარება დანგრევას (ნასყიდობისა და გამიჯვნის საგანი). მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა მდებარეობს მისამართზე: ქ. ბათუმი, გ------------------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0-----------, განაცხადის რეგისტრაცია: N8----------- 22.04.2009. ზონა ბათუმი -0----------------------------–----------------------- მისამართი: ქ. ბათუმი, ქუჩა გ------------------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაუქუსტებელი ფართობი: 12450.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 4882.00 ; მესაკუთრე: შპს ,,ბ--–------------ი" (ს/ნ 2--------); უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ერთობლივი საქმიანობის შესახებ 2007 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულება. გასხვისების შემდეგ გამყიდველის (შპს ,,ბ--–------------ი") საკუთრებაში რჩება მიწის ნაკვეთი 4318 კვ.მ. ოდენობით და მასზე განთავსებული მშენებარე დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად აღიარებულ დანართ N1-ში შეფერადებულია ვარდისფერ ფერში. მყიდველის (შპს ,,ე--–-------------ს") საკუთრებაში გადადის მიწის ნაკვეთი 8131.7კვ.მ. ოდენობით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად აღიარებულ დანართ N1-ში შეფერადებულია მოცისფერო ფერში. მხარეებმა განაცხადეს თანხმობა, რომ შპს ,,ბ--–------------ის" ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩეს და აღირიცხოს N2 და N3 მშენებარე შენობა-ნაგებობები, აგრეთვე 4318.3. კვ.მ. მიწის ნაკვეთის იმ ნაწილთან ერთად, რომელიც აღნიშნულია და გაფერადებულია დანართ N1-ში ვარდისფერ ფერში, ხოლო შპს ,,ე--–-------------ს" ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩეს და აღირიცხოს მიწის ნაკვეთი, 8131.7კვ.მ, რომელიც აღნიშნულია და გაფერადებულია დანართ N1-ში მოცისფერო ფერში, საკადასტრო აზომვების მიხედვით. გადაცემული და გამიჯნული უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 1020000 (ერთი მილიონ ოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხა ეროვნულ ვალუტაში, რაც შეადგენს 1 692 200 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდა ცამეტი ათას ორასი) ლარს. 920000 (ცხრაას ოცი ათასი) აშშ დოლარი შეადგენს მიწის ნაკვეთის ღირებულებას, ხოლო შენობა-ნეგებობის ღირებულება შეადგენს 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს. გასხვისებულ მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობასთან ერთად გამყიდველმა მყიდველს საკუთრებაში გადასცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის თვითმმართველობის ორგანოს, ქ. ბათუმის მერიის მიერ შპს ,,ბ-–-------------იზე" გაცემული არქიტექტურული მშენებლობის პროექტი და მშენებლობის დაწყების ნებართვა, რომლის მიხედვით ქ. ბათუმში, გ--------------------------ში უნდა აშენდეს საცხოვრებელი კომპლექსი. ხელშეკრულება დადასტურებული იქნა სანოტარო წესით.

 

4.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა ექსპერტიზა. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 10 აპრილის N7-- ბრძანების ,,სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ" საფუძველზე. ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვა: ,,დადგინდეს ,,შპს ,,ბ-–-------------ის" (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში გ----------------------ში მდებარე 12450 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 4882 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საბაზრო ფასი 2007 წლის 10 აგვისტოსა და 2008 წლის 25 მარტის მდგომარეობით. ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში გ----------------------ში მდებარე 12450 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება (მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ღირებულების გარეშე) 2007 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 3 523 972.00 (სამი მილონ ხუთას ოცდასამი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი) ლარს. მასზე დამაგრებული 4882 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება (მიწის ღირებულების გარეშე) 2007 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 1 625 706.00 (მილიონ ექვსას ოცდახუთი ათას შვიდას ექვსი) ლარი. ქ. ბათუმში გ----------------------ში მდებარე 12450 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება (მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ღირებულების გარეშე) 2008 წლის მარტის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 3 677 730.00 (სამი მილონ ექვსას სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ოცდაათი) ლარს. მასზე დამაგრებული 4882 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება (მიწის ღირებულების გარეშე) 2008 წლის მარტის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 1 658 464.00 (მილიონ ექვსას ოორმოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაოთხი) ლარს.

 

აღინიშნა, რომ ექსპერტის მიერ უძრავი ქონების ღირებულება დადგენილ იქნა შედარების მეთოდით, რაც დაფუძნებულია შესაფასებელი ობიექტის მსგავსი გაყიდული ობიექტის ფასის შედარებაზე. ყურადღება გამახვილებულია ანალოგიური ქონების ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციაზე, რომელიც განხორციელდა ტიპიურ საბაზრო პირობებში და მაქსიმალურად მიახლოებულია შეფასების თარიღთან. შეფასების დროს გათვალისწინებული იქნა უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, პრესტიჟულობა, რელიეფი და ბაზარზე მსგავსი ქონების მიმართ მოთხოვნა.

 

4.12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განჩინებით შპს ,,ბ--–------------ის" მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (საქმე N2----).

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.13. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს შპს ,,ბ-–-------------ის“, შპს ,,ე--–-------------ს“, სს ,,ბ----------------------ის“ ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.

 

4.15. 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ანსხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში –მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

 

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი – საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) საწარმოს აკონტროლს მეორე პირი; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; ე) პირები არიან საწარმოს ფილიალები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ვ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; ზ) პირები ნათესავები არიან.

 

ამავე კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს აქვს შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცრუმაგიერი პირის მიმართ გაატაროს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

4.16. დღეისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

 

ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის/მომსახურების მიწოდება არ არსებობს, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს, ხოლო მე-6 ნაწილით, თუ ამ მუხლის პირველი–მე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი დგინდება დანახარჯების, შესაძლო რეალიზაციის ფასის ან მისაღები სარგებლის განსაზღვრის მეთოდებით.

 

მითითებული მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

 

4.17. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო ე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

4.18. მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ურთიერთდამოკიდებულ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მათ ურთიერთდამოკიდებულების გამო ერთმანეთისთვის განსაზღვრეს). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელიც მის მიერ გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

4.19. აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს ,,ბ--–------------ი" (ს/ნ 2--------) სს ,,ბ-----------------------“ (ს/ნ2--------) შპს ,,ე--–-------------" (ს/ნ 2--------) მოქმედებდნენ საერთო მიზნით - მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით გაერიდებინათ ქონება.

 

4.20. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - სსიპ შემოსავლების სამსახურის შპს ,,ბ-–-------------ის" 2012 წლის 11 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით, 2012 წლის 24 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.08.2012 წლის სს ,,ბ-----------------------ს" საგადასახადო შემოწმების აქტით, 2012 წლის 04 სექტემბრის N1---- ბრძანებით, 2012 წლის 05 სექტემბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნით, 2013 წლის 11 იანვრის N6-- ბრძანებით (შპს ,,ე--–-------------ს" - გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვა/შემცირების შესახებ), შპს ,,B---------------"-სა (კომპანია) და სს ,,ბ-----------------------ს" (საზოგადოება) 2007 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებით, ერთობლივი საქმიანობის შესახებ, სგრთვე შპს ,,B---------------"-სა და შპს ,,ე--–-------------ს" 2009 წლის 29 აპრილის ხელშეკრულებით ,,მიწის ნაკვეთისა და შენობა-მაგებობების ნასყიდობისა და გამიჯვნის შესახებ", სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 03.05.2012 წლის N1-------------- დასკვნითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განჩინებით (საქმე N2----) - არ დატურდება, რომ შპს ,,ბ--–---------------" (ს/ნ 2--------), სს ,,ბ-----------------------“ (ს/ნ2--------) შპს ,,ე--–-------------" (ს/ნ 2--------) წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარიგებები 2007 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულება და 2009 წლის 29 აპრილის ხელშეკრულება დადებულია გადასახადის შპს ,,ბ-–-------------ის" მიმართ გადასახადების დარიცხვამდე (2012 წელი) რამდენიმე წლით ადრე და ეს გარიგებები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით დადებულად. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის ასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

 

მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე

 

მარიამ ცისკაძე