განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2018
საქმის ნომერი
330310016001459976
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/1335-17, 330310016001459976 17 იანვარი 2018 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე - მარიამ ცისკაძე

მოსამართლეები - ნათია ქუთათელაძე

გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი: ოთ-----------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვა---------–--–-–---–ი

 

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

ვა---------–--–-–---–მა 2016 წლის 5 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა დაეკისროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვა---------–--–-–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიუთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ: თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ 2011 წლის 25 მაისს მიმდინარეობდა ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული მიტინგი. ამავე წლის 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უნდა გამართულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვა-----------–---–მა გასცა ბრძანება, მიტინგის ვადის ამოწურვის შემდეგ მონაწილე პირების მასობრივი დაკავებისა და ამ მიზნით რუსთაველის გამზირიდან გასასველი ქუჩების ჩაკეტვის შესახებ, ასევე ძალის გამოყენების შესახებ გაფრთხილების შემდგომ, ყოველგვარი დროის მიცემის გარეშე მიტინგის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მონაწილეთა დაშლის შესახებ. პოლიციამ ყველა გასასვლელი დაიკავა, რის გამოც მომიტინგეებმა და მათ შორის ვა---------–--–-–---–მა ვერ შეძლო ტერიტორიის დატოვება. მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა სხვადასხვა სპეციალური საშუალებები: წყალსატყორცნი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობა, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმის შესახებ, რომ მიტინგის დაშლის შემდეგ, ვა---------–--–-–---–ი იყო სასტიკად ნაცემი, სხეულზე ჰქონდა დაჟეჟილობები, ორი ნეკნი ჩატეხილი. ცემის გარდა, მასზე პოლიციის თანამშრომლები მორალურად ზემოქმედებდნენ: ემუქრებოდნენ განადგურებით, აგინდებდნენ და ამცირებდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწვეტილებით მოსარჩელე ვა---------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაეკისრა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ვა---------–---––---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება. ასევე დაეკისრა შინაგანს საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ვა---------–--–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით ვა---------–--–-–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე. ამ დადგენილებაში აღინიშნულია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე N0----------- საქმე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა, რა დროსაც მიტინგში მონაწილე ვა---------–--–-–---–ს, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1/5------ N0-----------) ივ------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქმის მასალებში მიითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით ივა----------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციი მე-3 მუხლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილების განმარტებები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტება (საქმეNბს -648-623(2კ-13), 10.04.2014წ).

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

სასამართლომ აღნიშნა, მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ 2011 წლის 26 მაისს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი, რაც დასტურდება აგრეთვე საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის შესახებ, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან; ხოლო იმავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს -648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ერთ წლიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას." იმავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმე N1/5------ N0-----------) და საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელე ვა---------–--–-–---–ისათვის არაქონებრივი, მორალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; აღნიშნული სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო ძირითადად მსჯელობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულბაზე, თუმცა თანხის ასეთი სოლიდური ოდენობა რის საფუძველზე აქვს დადგენილი, არ უთითებს.

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება, თუმცა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევების არსებობისას. აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს; აღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება პირს იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოეშვას, როდესაც ამავე მუხლით დაცულ სიკეთეთაგან რომელიმეს ხელყოფა ხდება ბრალეულად. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით; აპელანტის მოსაზრებით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კონპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ვა---------–--–-–---–ის შემდეგ განმარტებაზე: მიტინგის დარბევის შემდეგ იგი იმალებოდა მეგობრის სახლში, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართვას და ადგილზე აღმოუჩინა ექიმმა დახმარება. ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მიტინგის დაშლის შემდგომ, ის იყო სასტიკად ნაცემი, სხეულზე ჰქონდა დაჟეჟილობები, ორი ნეკნი ჩატეხილი. აპელანტი აქვე აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არც პროკურატურის დადგენილებით (რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო) და არც თავად ვა---------–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუ რა ხარისხის ფიზიკური დაზიანებები (მიიღო თუ არა დაზიანება აღნიშნულიც არ დასტურდება) მიიღო მან. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის სიტყვიერ ახსნა-განმარტებას; დაზიანების ხარისხის განსაზღვრა კი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.

აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის N ბს-972-936(3კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანის ანაზღურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მრავალ სხვადასვხა პირობაზე (ქონებრივი, საყოფაცხოვრებო და სხვ).

სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (ას-762-818-2011), რომლის თანახმად მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ: ასაკი, ფიზიკური მდგომრეობა, ჯანმრთელობა და ა.შ), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომელიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრამვის, ჯანმრთელობის, სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით ვა---------–--–-–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე. ამ დადგენილებაში აღინიშნულია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე N0----------- საქმე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა, რა დროსაც მიტინგში მონაწილე ვა---------–--–-–---–ს, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი (ტ.1. ს.ფ.88).

სააპელაციო პალატა იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის. კერძოდ, იმავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, იმავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი და პირობები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამ ნორმის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილი კი გვთავაზობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობის ისეთ კონკრეტულ შემთხვევას, როგორიცაა სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება.

სააპელაციო პალატა იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას იმის შესახებ, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

იმის გათვალისწინებით, რომ ვა---------–--–-–---–ს სასამართლოსთვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად არ წარუდგენია მიტინგის დარბევის შედეგად ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო ექიმისთვის სამკურნალოდ მიმართვის დამადასტურებელი სამედიცინო საბუთი, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე მისი სასარჩელო მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ უნდა ანაზღაურდეს; კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2500 ლარის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანის სახით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 286-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვა---------–--–-–---–ის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

4. დაუბრუნდეს ვა---------–--–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ( ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე

 

გიორგი ტყავაძე