განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2018
საქმის ნომერი
330100116001346921
ინსტანცია
თარიღი
12.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100116001346921, №1/ბ-59-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ბეატრიჩე პაპანდოპულოვი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ--------------–ი;

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - გ-----------–--------------------ე, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, დ---------–---–--------------------------------------;

 

ადვოკატები: გ--–--------–--–---–ი, გ--------–--–---–ი, დ-----------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის ჯანმრთელობისათვის).

 

სასჯელი:

 

გ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა გ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ხოლო ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას მსვლელობა არ მიეცა ბრალდებულის მიერ მასში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

დაცვის მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო და არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით (ვრცლად იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენით, გ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით გ----------------ის ბრალეულობა. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ, 2016 წლის 08 მარტს, დაახლოებით 20:02 საათზე, თბილისში, და-------------–---–ის გა---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, გ----------------ემ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი იქვე გამვლელ ნ------–------–---–ს, რითაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ამ უკანასკნელის ხელჩანთას მასში მოთავსებული ნივთებით. მას შემდეგ, რაც გ----------------ემ ძალადობით შეძლო ხელჩანთის დაუფლება, გაიქცა, თუმცა გამვლელ პირთა შემჩნევის გამო ჩანთა უკან მიუგდო დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში მიიჩნევა გამოკვლეულად, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ----------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის განმარტებას, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები და ასევე დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შეიძლება ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძარცვის შემადგენლობაა სახეზე, როდესაც ხდება მოძრავი ნივთის დაუფლება აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს, რომ ნივთის მფლობელი და ასევე სხვა პირებიც ხედავენ და აღიქვამენ ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს, ამასთან, დამნაშავესაც გაცნობიერებული აქვს, რომ სხვა პირებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, დაზარალებულმა ნ------–------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 8 მარტს ძიძად მუშაობდა ქ.თბილისში, გუ-----–---–ის გა------------ში. სამუშაო საათების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათზე გუ-----–---–ის გა------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან შენიშნა შუა ტროტუარზე მდგომი ადამიანი, რომელსაც ჩაუარა. შვილთან დარეკვის მიზნით ამოიღო მობილური ტელეფონი, რა დროსაც ზურგიდან, სახის მარჯვენა მხარეს იგრძნო დარტყმა. დარტყმის შედეგად წაიქცა და დაიწყო ყვირილი. მასზე ზურგიდან ისევ გრძელდებოდა დარტყმები. ამის შემდეგ თავდამსხმელმა დაიწყო ჩანთის წართმევა, რადგან დაცემისას ჩანთას მოექცა ზემოდან. წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, საბოლოოდ ჩანთა მაინც გასტაცეს. მან გააგრძელა ყვირილი, რა დროსაც თავდამსხმელმა ჩანთა უკან გადმოუგდო მას. დაზარალებულმა განმარტა, რომ ამასობაში იქვე მყოფმა ახალგაზრდა ბიჭებმა დაზარალებულის ყვირილის გამო დაიჭირეს თავდამსხმელი და მას წინ დაუყენეს. ხსენებული ბიჭები მძარცველს კიცხავდნენ და ეუბნებოდნენ თუ რა გააკეთა, თუმცა შემდეგ გაუშვეს. ნ------–------–---–მა აღნიშნა, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ბიჭები და მძარცველი ერთმანეთს იცნობდნენ. შემთხვევის შემდეგ ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, ხალხი დაიფანტა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანიღა დარჩა. მან დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე ამოიცნო თავდამსხმელი, რომელიც იყო ბრალდებული გ----------------ე.

 

პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმის თანახმად, 2016 წლის 16 მარტს, წარდგენილი სამი პირიდან დაზარალებულმა ნ------–------–---–მა ამოიცნო გ----------------ე. ამოცნობის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს გ----------------ე.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2016 წლის 16 მარტს ჩატარდა ქ.თბილისში, დ.გუ-----–---–ის გა----------------------ში მდებარე გ----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ერთი ცალი რუხი ფერის ქურთუკი, ელვაშესაკრავზე წარწერით ,,MILESTONE”, რომელიც დაილუქა სათანადო წესით.

 

2016 წლის 17 მარტის შავი ფერის ქუდის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ.თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლის ი-–------------ის წარდგენილი ბრალდებულ გ----------------ის კუთვნილი შავი ფერის კეპიანი ქუდი. ქუდს უკანა მხარეს აღენიშნება წებოვანი ე.წ. ,,ფხრიწი“. ქუდს რაიმე ინდივიდუალური ნიშნები არ აღენიშნება. დათვალიერების შემდეგ ქუდი ამოღებულ იქნა.

 

2016 წლის 15 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ შპს ,,ს------------დან“ გამოთხოვილია 2016 წლის 08 მარტს ქ.თბილისში, დ.გუ-----–---–ის გა-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი. აღნიშნულ დისკებზე არსებული ვიდეოჩანაწერი გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე.

 

მოწმეებმა: ი-----–-----------მ, მ--–---------–--ემ, ი---------–----ემ, ი-–---------მ, ლ-------------–--ემ და ი-–------------ემ სასამართლოს ჩვენებები მისცეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ.

 

მოწმე კ------------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, და-------------–---–ის გა------------ში მდებარე ბინაში. 2016 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც ქუჩიდან გაიგონა ქალბატონის ყვირილის ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. გაემართა ყვირილის მიმართულებით, რა დროსაც დაინახა, რომ ქალბატონი ეგდო ძირს, ხოლო მის მოშორებით მამაკაცი გარბოდა, რომელზეც ქალბატონი უთითებდა, რომ მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. როდესაც მან ქალბატონთან მიირბინა, ამ უკანასკნელს ჩანთა თან ჰქონდა. მასთან ერთად სხვა ახალგაზრდა ბიჭიც გაემართა ამ ქალბატონისკენ. მათ ორივემ ერთად შეაჩერეს ხსენებული მამაკაცი, რამდენიმე წუთში კი ხალხიც მომრავლდა შემთხვევის ადგილას. დაზარალებულ ქალბატონს ჰკითხა თუ რითი დახმარებოდა და სურდა თუ არა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რაზეც ქალბატონმა უპასუხა, რომ პოლიციაც და სასწრაფო დახმარებაც უკვე გამოძახებული იყო. კ------------ს ჩვენებით, მის მიერ შეჩერებულ მამაკაცს კეპი-ქუდი ეფარა და ვინაიდან თვითონ ახლომხედველია, მისი სახე და აღნაგობა ვერ დაიმახსოვრა. თუმცა, გ----------------ე მისი უბნელია, რომელსაც ქუჩაში საკმაოდ ხშირად ნახულობს და შესაბამისად, თავდამსხმელი მამაკაცი რომ გ----------------ე ყოფილიყო, აუცილებლად იცნობდა.

 

გ----------------ის მეუღლემ, ე-–--------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გ----------------ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ალკოჰოლური სასმელის მიღება და შესაბამისად, იგი არც შემთხვევის დროს ყოფილა ნასვამი.

 

მოწმე ე-–--------------ის მსგავსად, მოწმე მ--–---------–-----–---–ი (გ----------------ის ბავშვობის მეგობარი და უბნელი), ფაქტის შემსწრე პირს არ წარმოადგენს. მისი ჩვენებით, გ----------------ე ჯანმრთელობის მდგომარეობის (შაქრიანი დიაბეტის) გამო წელიწადნახევრის განმავლობაში ალკოჰოლურ სასმელს არ იღებდა.

 

თავად გ----------------ემ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნა, რომ არის უმუშევარი და ძირითადად უვლის ორ არასრულწლოვან ქალიშვილს. შემთხვევის დღეს უნდა შეხვედროდა მეგობარს, თუმცა გუ-----–---–ის გამზირზე შეაჩერეს პატრულის თანამშრომლებმა და უთხრეს გაყოლოდა განყოფილებაში, რაზეც წინააღმდეგობა არ გაუწევია. ასევე უთხრეს, რომ ძარცვაში იყო ბრალდებული და შესთავაზეს ადვოკატის აყვანა, რაზეც უარი განუცხადა და ამოცნობაში მონაწილეობაზე დათანხმდა. გ----------------ემ განმარტა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამი წელია ალკოჰოლური სასმელი არ მიუღია და შემთხვევის დღეს იგი მთვრალი ვერ იქნებოდა. სახლიდან ამოღებულ ქურთუკთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის ზამთრის ტანსაცმელია, რომელსაც სოფელში იცვამდა წვიმების დროს და 8 მარტს საერთოდ არ ცმია. შპს ,,ს------------დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერზე კი აღნიშნა, რომ არც ვიზუალურად და არც ჩაცმულობით არ ემთხვევა მის გარეგნობას და იმ ქურთუკს, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით გ----------------ის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად ვერც დაზარალებულის მიერ ბრალდებულ გ----------------ის ამოცნობის ოქმი გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

პალატა, რა თქმა უნდა, ვერ უარყოფს დაზარალებულ ნ------–------–---–ზე განხორციელებულ ძარცვის ფაქტს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე (დაზარალებულის ყვირილის ხმაზე) შეიკრიბნენ პირები, რომლებმაც დაზარალებულის ჩვენებით, დაიჭირეს თავდამსხმელი და მას წინ დაუყენეს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ვერც ერთმა მოწმემ ვერ მიუთითა გ----------------ეზე. ერთადერთი პირი, რომელიც სხდომაზე დაიკითხა (დაზარალებულის გარდა) და რომელსაც პირველადი შეხება ჰქონდა დაზარალებულთან, არის კ------------. აღნიშნული მოწმის ჩვენებასთან მიმართებით, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ვინაიდან მოწმე არის გ----------------ის უბნელი, ახლობელი, შესაბამისად, სხდომაზე მისცა მისთვის სასარგებლო ჩვენება, მტკიცებულების გარეშე ვერ იქნება გაზიარებული. სხდომაზე არ დადგენილა მოწმე კ------------ს ურთიერთობა გ----------------ესთან და მისთვის სასარგებლო ჩვენების მიცემის საფუძველი. ის გარემოება, რომ კ------------მ დაკავებული პირი გაუშვა იმის გამო, რომ იყო გ----------------ე, წარმოადგენს ვარაუდს და არა დადასტურებულ ინფორმაციას. კ------------მ განმარტა, რომ პირი, რომელმაც ის შეაჩერა ნამდვილად არ ყოფილა გ----------------ე. ამ პირობებში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული.

 

რაც შეეხება ამოღებულ ქურთუკს და ე.წ. კეპს, პალატის მოსაზრებით ასევე არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. არ არის დადგენილი რაიმე განსაკუთრებული ინდივიდუალური ნიშანი, რომლითაც გ----------------ის ქურთუკი ან ქუდი ჩაითვლებოდა ისეთ ნივთად, რომელიც არ შეიძლება მამაკაცთა უმრავლესობას არ ჰქონდეს. მოწმეები: ი-----–-----------, მ--–---------–--ე, ი---------–----ე, ი-–---------, ლ-------------–--ე და ი-–------------ე არიან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, რომლებიც ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას და მათ მიერ შედგენილი ოქმების სისწორეს, მაგრამ უშუალოდ ძარცვის ფაქტთან მიმართებაში მათი ჩვენებები არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. რაც შეეხება შპს ,,ს------------დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, გარდა იმისა, რომ თავად გ----------------ე უარყოფს ვიდეოჩანაწერში მის გამოსახულებას, ჩანაწერი არ არის მკვეთრი და არ იძლევა ცალსახად იმის მტკიცების საშუალებას, რომ მასში გამოსახული პიროვნება არის გ----------------ე. ამასთან, ჩანაწერში ძარცვის ფაქტი ასახული არ არის. ჩანს მამაკაცი, რომელიც დგას და რომელსაც გვერდით ჩაუვლის ქალბატონი, ხოლო მამაკაცი რამდენიმე წამი იყურება იმ მიმართულებით, სადაც წავიდა ქალი, ხოლო შემდეგ თავადაც მიემართება იმ გზით. სხვა რაიმე გარემოება, რაც ან გ----------------ეზე მიუთითებდა ან რაიმე განსხვავებულ დეტალზე, ჩანაწერში ასახული არ არის. ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობაზე და აღნიშნული დაუკავშირა გ----------------ის უარს მონაწილეობა მიეღო საპროცესო მოქმედებაში. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელმა მიმართა გ----------------ეს და მან უარი განაცხადა ექსპერტიზაში მონაწილეობაზე (გარდა გამომძიებლის ჩვენებისა). თუნდაც ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი მტკიცებულებას არ წარმოადგენს და ვერ იქნება ძარცვის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად შექმნიდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ გ----------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. წარდგენილი ბრალდება ემყარებოდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რომლის უტყუარობის დასამტკიცებლად, მოცემულ შემთხვევაში, საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც არ მომხდარა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატის მოსაზრებით ვერ პასუხობენ მტკიცებულების ერთობლიობის სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენი.

 

გ----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია გ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 6000 ლარის ოდენობით სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გ----------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

§ გ----------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ქურთუკი და მოწმე ი-–------------ის მიერ წარდგენილი შავი ფერის ქუდი ე.წ. ,,კეპი“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

§ შპს ,,ს------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე