განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2018
საქმის ნომერი
330310017001790382
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001790382 (3ბ/2457-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–-

 

მოწინააღმეგე მხარე (მოსარჩელე) - გ------–----–---–---ი

წარმომადგენელი - დ----------------–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გ------–----–---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ------–----–---–---ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------–----–---–---ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. გ------–----–---–---ი (რეგისტრაციის ნომერი №0--------) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ს--------, მ. გ-------ის ქუჩა N8, მ-------ი.

 

2.2 გ------–----–---–---მა 2015 წლის 27 იანვარს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, სამინისტრომ გ------–----–---–---ის დევნილ ოჯახს (სულადობა 1 (ერთი)) კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 7.5. ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 1 ქულა (სიღარიბის მაჩვენებელი - 1 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ,,შშმპ“ - 2 ქულა (II ჯგუფი (მნიშვნელოვნად)) - 2 ქულა), ომის ვეტერანი - 1.5 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3 ქულა.

 

2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2016 წლის 05 დეკემბრის სხდომაზე განიხილა დევნილი ოჯახების, მათ შორის, გ------–----–---–---ის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით გ------–----–---–---ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულის გამო (დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგის მიერ წარდგენილი ფოტომასალის საფუძველზე, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში, რის გამოც წინასწარი შეფასებით მინიჭებული 7.5 ქულა შემცირდა 4.5 ქულამდე). კომისიის ოქმის მიხედვით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე, არასაკმარისი ქულების გამო, უარი უთხრა იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა.

 

2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანებით, ქ. თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, გ------–----–---–---ის ოჯახს, არასაკმარისი ქულების გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

2.5. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------–----–---–---ი ცხოვრობს ავ-----------–ი, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------ის ქუჩა N8-ის მიმდებარე ტერიტორია. ავტოფარეხს ელ. ენერგია არ მიეწოდება, ასევე არ არის გაზიფიცირებული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. იმავე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა). მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა ამავე ბრძანებით დანართი №4 და დანართი №5-ის სახით. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გ------–----–---–---ის დევნილ ოჯახს წინასწარი შეფასებით მიანიჭა 7.5 ქულა, კერძოდ: სოციალურ კრიტერიუმი განსაზღვრა 1 ქულით (სიღარიბის მაჩვენებელი - 1 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ,,შშმპ“ – 2 ქულა (II ჯგუფი (მნიშვნელოვნად)) - 2 ქულა), ომის ვეტერანი - 1.5 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3 ქულა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული ინფორმაციის შედეგად, გ------–----–---–---ის დევნილ ოჯახს წინასწარი შეფასებით მძიმე საცხოვრებლის კრიტერიუმში მინიჭებული ქულა შეუმცირა 3 ქულით, საბოლოოდ განესაზღვრა 4.5 ქულა.

 

2.9. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირება მოხდა რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის (მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს) შეფასების მართებულობა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) დანართი №4 ,,საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში“ მოცემულია ის კომპონენტები, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისთვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №4 დანართის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, ზემოთმითითებული შეფასების კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია - საცხოვრებელი არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავ-----------–ი, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა). აღნიშნულ კომპონენტში შეფასებისას დევნილ ოჯახს ენიჭება 3 ქულა. მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახის ავ-----------–ი ცხოვრება, სხვა დამატებითი გარემოებების (ავ-----------–ი არსებული მდგომარეობის) კვლევის გარეშე, უკვე წარმოადგენს წინაპირობას იმისა, რომ ოჯახს მითითებულ კომპონენტში მიენიჭოს შესაბამის ქულა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისი, ს--------, მ. გ-------ის ქუჩა N8, მ-------ი წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის, დროებითი რეგისტრაციის ადგილს. მხარეთა შორის სადავო არ არის ასევე მოსარჩელის ზემოაღნიშულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არც იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ავტოფარეხი, თუმცა, განმარტავს, რომ მითითებული ობიექტში საცხოვრებელი პირობების შეფასებამ გამოიწვია მძიმე საცხოვრებელი პირობების კომპონენტთან მიმართებაში წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. დანართი №4-ის ,,ბ’’ ქვეპუნქტი კი, როგორც უკვე აღინიშნა, ადგენს, რომ დევნილი ოჯახის ავ-----------–ი ცხოვრება უკვე უნდა შეფასდეს, როგორც განსაკუთრებით მძიმე და მინიმალურ საცხოვრებელ პირობებთან რადიკალურად შეუსაბამო საცხოვრებლი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ავ-----------–ი არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, სცილდება კანონმდებლობით კონკრეტული საკითხის შეფასებისას მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მმართველობითი ღონისძიება, რომელსაც არა აქვს შესაბამისი ნორმატიული საფუძველი, უკანონოა. ამასთან, ავტოფარეხის საცხოვრებელ პირობების შეფასების საკითხთან მიმართებაში საქალაქო სასამართლომ ყურადრება გაამახვილა საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ავტოფარეხს არ მიეწოდება ელ. ენერგია, ასევე, არ არის გაზიფიცირებული. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ავტოფარეხის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალაც, ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, ადასტურებს, რომ ავ-----------–ი არსებული პირობები საცხოვრებელი არის მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს.

 

2.10. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აპელირებდა იმ გარემოებაზეც, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართ №4-ში განოხრციელებული ცვლილებების შედეგად ავტოფარეხი მხოლოდ იმ შემთხვევაში ფასდება მძიმე საცხოვრებლად, თუ მისი საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესში’’ 2017 წლის 14 თებერვალს განხორციელებული ცვლილების შედეგად, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი მოცემულია დანართი N6-ში. მითითებული დანართის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავ-----------–ი, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) ფასდება 2 ქულით. ზემოაღნიშნული ცვლილების თანახმად, ავტოფარეხის მძიმე საცხოვრებლად შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტოფარეხის მდგომარეობა და შეფასდეს, რამდენად არსებობს მისი საცხოვრებელ ფართად გარდაქმნის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული რეგულაციის გავრცელება ვერ მოხდება ცვლილების განხორციელებამდე არსებულ ურთიერთობაზე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ნორმატიული აქტის მოქმედების ძალა შემოფარგლულია მისი გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით, რაც გამორიცხავს მის გამოყენებას იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე ან/და რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. შესაბამისად, განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით გამოიყენება ის ნორმა, რომლის მოქმედების პირობებში ფაქტებს ჰქონდა ადგილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. აღნიშნულიდან გამოდინარე, ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. მოცემულ შემთხვევაში ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესში’’ ცვლილება, რომელზეც აპელირებს მოპასუხე მხარე, განხორციელდა 2017 წლის 14 თებერვლის ბრძანებით და ამოქმედდა გამოქვეყნებიდან - 2017 წლის 15 თებერვლიდან. ბრძანება არ შეიცავს რაიმე დათქმას მითითებული ნორმატიული აქტისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭებისა და მისი იმ სამართალურთიერთობაზე გავრცელების შესახებ, რომლებიც მის ამოქმედებამდე წარმოიშვა. პირიქით, ბრძანების მე-3 მუხლით განისაზღვა, რომ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, განხორციელდეს იმ დევნილი ოჯახების თაობაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებზეც ამავე ბრძანების ამოქმედებამდე დასრულებულია მონიტორინგის პროცედურები. აღნიშნული კი გამორიცხავს 2017 წლის 14 თებერვლის ცვლილებით დადგენილი რეგულაციების გავრცელებას 2017 წლის 15 თებერვლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ------–----–---–---ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

 

3.2. აპელანტის მითითებით, გ------–----–---–---მა (დამისამართებული: ქ. თბილისი, ს--------, მ. გ-------ის ქ. N8. "მ-------ი" (ორგანიზებული 0--------)) 2015 წლის 27 იანვარს შეავსო განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ქალაქ თბილისში მდებარე ობიექტზე, ერთ სულზე (სარეგისტრაციო ნომერზე არის მხოლოდ თვითონ). სამინისტროს მიერ, აღნიშნული განაცხადის შესწავლის შედეგად, გ------–----–---–---ის ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 7,5 ქულა (სიღარიბის მაჩვენებელი - 1 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები II ჯგუფი - 2 ქულა, ომის ვეტერანი - 1,5 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები - 3 ქულა. მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა განაცხადში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, გ-------ის ქუჩის მიმდებარედ. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებელი ცხოვრობს ქირის გარეშე. სოციალურად დაცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის მიხედვით მინიჭებული აქვს 8---- ქულა. შვილები: ზ---- ჟ----–---–---ი, მ------ ჟ----–---–---ი და ზ------ ჟ----–---–---ი ცხოვრობენ თბილისი, გ-------ის ქ. N---------ში, რომელიც დაკანონებული აქვთ. მონიტორინგის ფორმას თან ერთვის ფოტომასალა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (ო--------) გ------–----–---–---ის ოჯახს 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელ პირობებში და არასაკმარისი ქულათა რაოდენობის გამო უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

 

3.3. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2016-2017 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის’’ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის’’ შესაბამისად. ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი’’ ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესს. იმავე წესით რეგულირდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომლი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“, დანართი №2-1 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართის №2-2 – „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის შესახებ“ (დანართი №8) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით.

 

3.4. აპელანტი განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) გულისხმობს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხვრებლი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზების შესაძლებლობას, ხოლო ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის შესახებ“ (დანართი №8) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. აპელანტის წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობირვი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ უგულვებელყოფილი იქნა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების მიზნობრიობა. აქვე აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ახორციელებენ ადგილზე გამოცხდება/დათვალიერებას და ავსებენ შესაბამის მონიტორინგის ფორმას. მოკვლევის შედეგად მოძიებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე დადგინდა, რომ მითითებული საცხოვრებელი ფართი არის აგურით ნაშენი, დამოუკიდებელი, იზოლირებული, რომლის საცხოვრებელ ფართად გამოყენება შესაძლებელია და შესაბამისად, იგი ვერ აკმაყოფილებს მძიმე საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების N4 დანართის "ბ" პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავ-----------–ი, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა.

 

3.5. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების დანაწესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, 1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცმეულ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რის შედეგადაც გამოიცა დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------–----–---–---ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. გ------–----–---–---ი (რეგისტრაციის ნომერი №0--------) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ს--------, მ. გ-------ის ქუჩა N8, მ-------ი.

 

4.3. გ------–----–---–---მა 2015 წლის 27 იანვარს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, სამინისტრომ გ------–----–---–---ის დევნილ ოჯახს (სულადობა 1 (ერთი)) კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 7.5. ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 1 ქულა (სიღარიბის მაჩვენებელი - 1 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ,,შშმპ“ - 2 ქულა (II ჯგუფი (მნიშვნელოვნად)) - 2 ქულა), ომის ვეტერანი - 1.5 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3 ქულა.

 

4.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2016 წლის 05 დეკემბრის სხდომაზე განიხილა დევნილი ოჯახების, მათ შორის, გ------–----–---–---ის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით გ------–----–---–---ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულის გამო (დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგის მიერ წარდგენილი ფოტომასალის საფუძველზე, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში, რის გამოც წინასწარი შეფასებით მინიჭებული 7.5 ქულა შემცირდა 4.5 ქულამდე). კომისიის ოქმის მიხედვით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე, არასაკმარისი ქულების გამო, უარი უთხრა იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა.

 

4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანებით, ქ. თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, გ------–----–---–---ის ოჯახს, არასაკმარისი ქულების გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

4.6. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------–----–---–---ი ცხოვრობს ავ-----------–ი, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------ის ქუჩა N8-ის მიმდებარე ტერიტორია. ავტოფარეხს ელ. ენერგია არ მიეწოდება, ასევე არ არის გაზიფიცირებული.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.7. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. იმავე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა). მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა ამავე ბრძანებით დანართი №4 და დანართი №5-ის სახით. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გ------–----–---–---ის დევნილ ოჯახს წინასწარი შეფასებით მიანიჭა 7.5 ქულა, კერძოდ: სოციალურ კრიტერიუმი განსაზღვრა 1 ქულით (სიღარიბის მაჩვენებელი - 1 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ,,შშმპ“ – 2 ქულა (II ჯგუფი (მნიშვნელოვნად)) - 2 ქულა), ომის ვეტერანი - 1.5 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3 ქულა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული ინფორმაციის შედეგად, გ------–----–---–---ის დევნილ ოჯახს წინასწარი შეფასებით მძიმე საცხოვრებლის კრიტერიუმში მინიჭებული ქულა შეუმცირა 3 ქულით, საბოლოოდ განესაზღვრა 4.5 ქულა.

 

4.13. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მოპასუხის მიერ წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირება მოხდა რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის (მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს) შეფასების მართებულობა. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) დანართი №4-ში ,,საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში“ მოცემულია ის კომპონენტები, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისთვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №4 დანართის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, ზემოთმითითებული შეფასების კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია - საცხოვრებელი არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავ-----------–ი, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა). აღნიშნულ კომპონენტში შეფასებისას დევნილ ოჯახს ენიჭება 3 ქულა. მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ დევნილი ოჯახის ავ-----------–ი ცხოვრება, სხვა დამატებითი გარემოებების (ავ-----------–ი არსებული მდგომარეობის) კვლევის გარეშე, უკვე წარმოადგენს წინაპირობას იმისა, რომ ოჯახს მითითებულ კომპონენტში მიენიჭოს შესაბამის ქულა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისი, ს--------, მ. გ-------ის ქუჩა N8, მ-------ი წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის, დროებითი რეგისტრაციის ადგილს. მხარეთა შორის სადავო არ არის ასევე მოსარჩელის ზემოაღნიშულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არც იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ავტოფარეხი, თუმცა, განმარტავს, რომ მითითებული ობიექტში საცხოვრებელი პირობების შეფასებამ გამოიწვია მძიმე საცხოვრებელი პირობების კომპონენტთან მიმართებაში წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირება. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. დანართი №4-ის ,,ბ’’ ქვეპუნქტი კი, როგორც უკვე აღინიშნა, ადგენს, რომ დევნილი ოჯახის ავ-----------–ი ცხოვრება უკვე უნდა შეფასდეს, როგორც განსაკუთრებით მძიმე და მინიმალურ საცხოვრებელ პირობებთან რადიკალურად შეუსაბამო საცხოვრებლი. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ავ-----------–ი არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, სცილდება კანონმდებლობით კონკრეტული საკითხის შეფასებისას მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მმართველობითი ღონისძიება, რომელსაც არა აქვს შესაბამისი ნორმატიული საფუძველი, უკანონოა. ამასთან, ავტოფარეხის საცხოვრებელ პირობების შეფასების საკითხთან მიმართებაში საქალაქო სასამართლომ ყურადრება მართებულად გაამახვილა საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ავტოფარეხს არ მიეწოდება ელ. ენერგია, ასევე, არ არის გაზიფიცირებული. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ავტოფარეხის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალაც, ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, ადასტურებს, რომ ავ-----------–ი არსებული პირობები საცხოვრებელი არის მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს.

 

4.14. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აპელირებდა იმ გარემოებაზეც, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართ №4-ში განოხრციელებული ცვლილებების შედეგად ავტოფარეხი მხოლოდ იმ შემთხვევაში ფასდება მძიმე საცხოვრებლად, თუ მისი საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესში’’ 2017 წლის 14 თებერვალს განხორციელებული ცვლილების შედეგად, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი მოცემულია დანართი N6-ში. მითითებული დანართის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავ-----------–ი, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) ფასდება 2 ქულით. ზემოაღნიშნული ცვლილების თანახმად, ავტოფარეხის მძიმე საცხოვრებლად შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ავტოფარეხის მდგომარეობა და შეფასდეს, რამდენად არსებობს მისი საცხოვრებელ ფართად გარდაქმნის შესაძლებლობა, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული რეგულაციის გავრცელება ვერ მოხდება ცვლილების განხორციელებამდე არსებულ ურთიერთობაზე. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ნორმატიული აქტის მოქმედების ძალა შემოფარგლულია მისი გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით, რაც გამორიცხავს მის გამოყენებას იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე ან/და რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. შესაბამისად, განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით გამოიყენება ის ნორმა, რომლის მოქმედების პირობებში ფაქტებს ჰქონდა ადგილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. აღნიშნულიდან გამოდინარე, ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. მოცემულ შემთხვევაში ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესში’’ ცვლილება, რომელზეც აპელირებს მოპასუხე მხარე, განხორციელდა 2017 წლის 14 თებერვლის ბრძანებით და ამოქმედდა გამოქვეყნებიდან - 2017 წლის 15 თებერვლიდან. ბრძანება არ შეიცავს რაიმე დათქმას მითითებული ნორმატიული აქტისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭებისა და მისი იმ სამართალურთიერთობაზე გავრცელების შესახებ, რომლებიც მის ამოქმედებამდე წარმოიშვა. პირიქით, ბრძანების მე-3 მუხლით განისაზღვა, რომ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, განხორციელდეს იმ დევნილი ოჯახების თაობაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებზეც ამავე ბრძანების ამოქმედებამდე დასრულებულია მონიტორინგის პროცედურები. აღნიშნული კი გამორიცხავს 2017 წლის 14 თებერვლის ცვლილებით დადგენილი რეგულაციების გავრცელებას 2017 წლის 15 თებერვლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე