განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2018
საქმის ნომერი
330210016001272190
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001272190

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6309-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - შ------- თ--------–---–ი

წარმომადგენელი - მ-----– ე-–---–---–-, გ------- ნ-------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი-–-------–-–---–ი

წარმომადგენელი - ზ---- ბ-------

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შ------- თ--------–---–ის სარჩელი მოპასუხე ი-–-------–-–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სარჩელზე 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო ი-–-------–-–---–ის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ბმვ 3----, სანომრე ნიშნით - S------, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1 პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობით ავტოსატრანსპორტო საშუალება რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ბმვ 3----, სანომრე ნიშნით - S------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი-–-------–-–---–ი.

 

2.1.2. 20/12/2014, 15/01/2015, 09/082015 და 28/08/2015 წელს შ------- თ--------–---–ის სახელზე შსს საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით ა/მ ბმვ 3---- შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები.

 

2.1.3. დადგენილია, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში.

 

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ავტომობილის კუთვნილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებაზე მიუთითებენ. რაც შეეხება მოსარჩელის სახელზე შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეები ერთმანეთთან მეგობრობდნენ და მოსარჩელე მისი თხოვნით სარგებლობდა ავტომობილით.

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლო განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვინდიკაციური სარჩელით ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - ბმვ 3----, სანომრე ნიშნით - S------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მისი საკუთრების აღიარებას. სასამართლომ მიუთითა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია, საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის უფლებას შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც მისი შეფასებით ადასტურებენ მისი პოზიციის მართებულობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე ფლობს მოსარჩელის საკუთრებას მას ეკისრებოდა, თუმცა სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც უტყუარად დაადასტურებდა სადავო ნივთის კუთვნილების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს მისი საკუთრების უფლების არსებობაზე, რასაც ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების მის მფლობელობაში და შსს მომსახურეობის სააგენტოში მის სახელზე რეგისტრაციის ფაქტით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მასზე საკუთრების წარმოშობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის რეალურად მოხდა სადავო ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ნივთი გადასცა შემძენს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ფლობდა და განკარგავდ ამას, როგორც მესაკუთრე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-–-------–-–---–ის მიერ 2014 წელს შეძენილია ავტოსატრანსპორტო საშუალება რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ბმვ 3----, სანომრე ნიშნით - S------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- და შსს მომსახურეობის სააგენტოში აღირიცხულია მესაკუთრედ.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ქონება წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით არ შეუფასებია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შ------- თ--------–---–ის სარჩელი აღძრული იყო როგორც მოძრავ ნივთზე (ავტომანქანა) მესაკუთრედ ცნობაზე, ასევე სადაო ავტომანქანის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოპასუხე ი-–-------–-–---–ი სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ ავტომანქანა შეიძინა მოსარჩელისგან, ღირებულება გადაუხადა სრულად, რის შემდეგაც ავტომანქანის რეგისტრაცია განხორციელდა შსს მომსახურების სააგენტოში

3. საქმეში წარმოდგენილი შესაგებელში ფაქტობრივ გარემოებებზე შედავებისას მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელისგან ავტომობილი შეიძინა და მას გადადუხადა მანქანის ღირებულება სრულად ავტომანქანის გაფორმების დროს.

4. შესაგებელში ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მოპასუხე ასევე აღნიშნავს შემდეგს: „ვარ კეთილსინდისიერი მყიდველი, ხოლო მოსარჩელეს სურს, რომ სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში თითქოს მანქანა არ მიყიდია, სად იყო აქამდე თუ თანხა არ გადამხდია?“

5. შესაგებლის სამართლებრივ დასაბუთებაში მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს, როგორც მანქანის მყიდველს, პრეტენზია არ გამოუთქვამს, რის გამოც არის არასათანადო მხარე და სამართლებრივი მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხის მხრიდან უნდა დაუპირისპირდეს მხოლოდ არგუმენტირებული და კვალიფიციური შესაგებელი შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული და შემდეგ შესაგებლის სადავო ფაქტობრივი გარემოებებიდანაც დგინდება, მოპასუხე ი-–-------–-–---–ი ფაქტობრივად ცნობს სარჩელს იმ ნაწილში, რომ მან შ------- თ--------–---–ისგან შეიძინა ავტომანქანა. აპელანტის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ ავტომანქანა წარმოადგენდა შ------- თ--------–---–ის მფლობელობისა და საკუთრების ობიექტს, უტყუარად დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მხარეები აღნიშნული ფაქტის ირგვლივ არ დაობენ.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა არა ის გარემოება შ------- თ--------–---–ი წარმოადგენდა თუ არა სადაო ავტომანქანის მფლობელსა და მესაკუთრეს, არამედ ის გარემოება განხორციელდა თუ არა სადაო ავტომანქანის მოპასუხის სახელზე აღრიცხვა კანონიერ საფუძველზე, ვინაიდან მოპასუხის განცხადებით, მან მოახდინა სადაო ავტომანქანის შეძენა შ------- თ--------–---–ისგან გარიგების/ხელშეკრულების საფუძველზე და მოსარჩელეს სრულად გადაუხადა ნასყიდობის თანხა.

 

აპელანტის მოსაზრებით, ამ მიზნით სასამართლო ვალდებული იყო შეემოწმებინა მოპასუხის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობა მხოლოდ კვალიფიციური შედავების და არგუმენტების გათვალისწინებით. როგორც აღინიშნა, მოპასუხე ი-–-------–-–---–ის მიერ სადაოდ იქნა გამხდარი, რომ მან შ------- თ--------–---–ის ავტომანქანის ნასყიდობის თანხა სრულად გადაიხადა. ი-–-------–-–---–ს არ დაუსახელებია ნასყიდობის თანხის ოდენობაც კი, ასევე მოპასუხე მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია არანაირი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ შ------- თ--------–---–ისთვის თანხის გადაცემის ფაქტს, ასევე მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო გარიგება ავტომანქანის მისთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აპელანტის მითითებით, მოპასუხის მიერ ასევე ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ შ------- თ--------–---–ის მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

 

აპელანტის მითითებით, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების შედეგად ირკვევა, შ------- თ--------–---–ის სარჩელში შეთანხმების არსებობასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, მან სარჩელში მიუთითა მხოლოდ ის, რომ მასსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის იყო კარგი ურთიერთობა, მაგრამ ი-–-------–-–---–მა მათ შორის არსებული ნდობით ბოროტად ისარგებლა და შ------- თ--------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე და იმყოფება მის უკანონო მფლობელობაში. აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული პოზიციისგან თავდაცვის მიზნით მოპასუხემ თავად განაცხადა, რომ მან ავტომანქანა შეიძინა შ------- თ--------–---–ისგან, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

 

აპელანტის მოსაზრებით, ზემოთაღნიშნულიდან და სარჩელსა და შესაგებლში წარმოდგენილი პოზიციების ანალიზის შედეგად სასამართლომ დასაბუთებულად უნდა მიიჩნიოს, რომ სადავო ავტომანქანა ი-–-------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე.

 

3.2. აპელანტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა საქმეში წარმოდგენილი სარჩელი და შესაგებელი, რის გამოც მთელი რიგი გარემოებები, რომელიც სასამართლოს უნდა დაედგინა მოსარჩელის სასარგებლოდ, გადაწყვეტილებაში არც ასახულა. აპელანტის განმარტებით სააპელაციო პალატამ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით პასუხი გასცა მხოლოს პირველ სადავო ფაქტობრივ გარემოებას.

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია შემდეგი ფაქტები:

1. შ------- თ--------–---–ის მიერ გადახდილია ავტომანქანის განბაჟებისთვის აუცილებელი ხარჯები.

2. სადავო ავტომანქანა ჩაიბარა უშუალოდ შ------- თ--------–---–მა, იგი მას ფაქტობრივად ფლობდა, ვიდრე მოპასუხე „მოტყუებით“ წაიყვანდა ავტომანქანას.

3. 2015 წლის განმავლობაში შ------- თ--------–---–ი ი-–-------–-–---–ს თხოვდა გაყოლოდა შესაბამის ორგანოში, რათა მოეხდიათ შ------- თ--------–---–ის სახელზე მისი კუთვნილი ავტომანქანის რეგისტრაცია. ი-–-------–-–---–ი მას ჰპირდებოდა, რომ გადაუფორმებდა ავტომანქანას, მაგრამ ეს არ მომხდარა. 2015 წლის დეკემბერში ი-–-------–-–---–მა შ------- თ--------–---–ს მოტყუებით გამოართვა ავტომანქანის გასაღები და დღემდე მისი ნების საწინააღმდეგოდ, კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო ავტომანქანას.

4. შ------- თ--------–---–ის მიერ გადახდილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით მის მიმართ გამოწერილი ჯარიმები იმ პერიოდში, როდესაც ის ფაქტობრივად ფლობდა სადაო ავტომანქანას.

 

3.3. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 186-ე და 477-ე მუხლების საფუძველზე მოხდა სადავო ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, მისი მოსაზრებით სასამართლოს ამგვარი მსჯელობა მოკლებულია იურიდიულ დასაბუთებას.

 

აპელანტი უთითებს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხე ი-–-------–-–---–მა გადაუხადა თანხა შ------- თ--------–---–ს მაშინ, როდესაც მოპასუხე თავად ცდილობდა დაედასტურებინა, რომ ავტომანქანა შ------- თ--------–---–ისგან შეიძინა.

 

აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 186-ე და 187-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს განხორციელდა თუ არა შ------- თ--------–---–ის მიერ ი-–-------–-–---–ისთვის მანქანის გადაცემა მისი ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ სადაო ავტომანქანის თავდაპირველი მესაკუთრე იყო შ------- თ--------–---–ი, დგინდება მოპასუხეთა ახსნა-განმარტებებიდან, წერილობითი პოზიციიდან და სასამართლოს გადაწყვეტილებიდან.

 

აპელანტმა ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლებსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის მოქმედ სტანდარტზე და აღნიშნა, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე ფლობს ავტომანქანას მართლზომიერი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მას ეკისრებოდა, თუმცა სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოპასუხე საკუთრების უფლების არსებობის დადასტურებას სატრანსპორტო საშუალების მის მფლობელობაში არსებობითა და შსს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის მის სახელზე რეგისტრაციის ფაქტით ცდილობს.

 

აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლზე, რომლის თანახმად ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა საკმარისი არ არის მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის და სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა მხარეთა შორის რეალურად მოხდა თუ არა სადავო ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

აპელანტი სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შსს-ს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან უპირისპირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ავტომანქანა წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებისთვის დამახასიათებელი საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი, სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ ავტომანქანა აღრიცხული იყო ი-–-------–-–---–ის სახელზე, არ წარმოადგენს იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომ მას ავტომანქანა მიღებული აქვს ნამდვილი უფლების საფუძველზე.

 

აპელანტის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უდაოდ დაადგინა ფაქტი, რომ ნივთის თავდაპირველი მფლობელი და მესაკუთრე არის შ------- თ--------–---–ი. აღნიშნული გარემოება უდაოდ დასტურდება მოპასუხის ახსნა-განმარტებიდან და წერილობით წარმოდგენილი პოზიციებიდან. აპელანტმა აქვე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე და განმარტა, რომ მტკიცებულებათა სხვა გარემოებებზე მითითება ჩაანაცვლა მოპასუხის აღიარებამ, რის გამოც დავა ავტომობილის თავდაპირველ მფლობელსა და მესაკუთრეზე მხარეთა შორის სადავო აღარ არის.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დავის სწორად გდაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ:

 

4.1.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობით ავტოსატრანსპორტო საშუალება რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ბმვ 3----, სანომრე ნიშნით - S------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი-–-------–-–---–ი. უდავოა, რომ დასახელებული სატრანსპორტო საშუალება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში

 

4.1.1.2. უდავოა, რომ სადავო ავტომობილი ( BMV 3----, გამოშვების წელი - 2009, სანომრე ნიშანი S--------) საქართველოში შემოყვანილი არ ყოფილა, არც შ------- თ--------–---–ის და არც ი-–-------–-–---–ის სახელზე, და რომ ავტომობილი საქართველოში შემოყვანილი იქნა ნ--- კ-–---ის სახელზე და რომ ავტომობილის საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელი იყო ნ--- კ-–---ის, როგორც ამ ავტომობილზე უფლებამოსილი პირის შეასბამისი თანხმობა.

 

4.1.1.3. უდავოა, რომ ნ--- კ-–---ის თანხმობის საფუძველზე სადავო ავტომობილი 2014 წლის დეკემბერში შესაბამის ორგანაოში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტო) დარეგისტრირდა ი-–-------–-–---–ის (და არა შ------- თ--------–---–ის) სახელზე.

 

4.1.1.4. მხარეთ ახსნა-განმარტებიდან და მათივე პოზიციებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ადგენს, რომ შ------- თ--------–---–ი უფლებამოსილი იყო ნ--- კ-–---ისაგან სადავო ავტომობილი დაერეგისტრირებინა თავის სახელზე, და რომ არა მისი თანხმობა, ნ. კ-–---ი სადავო ავტომობილს ი-–-------–-–---–ის სახელზე არ დაარეგისტრირებდა. მოპაუხე ი-–-------–-–---–ის ის მტკიცება, რომ მან ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 14 000 აშშ დოლარი გადაუხადა არა ნ. კ-–---ს, არამედ შ------- თ--------–---–ს, სწორედ იმ ფაქტობრივ გარემოებას განამტკიცებს, რომ შ------- თ--------–---–ი უფლებამოსილი იყო ნ. კ-–---ისაგან თავის სახელზე დაერეგისტრირებინა ავტომობილი და რომ არა მისი თანხმობა ნ. კ-–---ი სადავო ავტომობილს არ გადააფორმებდა ი-–-------–-–---–ის სახელზე.

 

4.1.2. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

აპელანტის პოზიციიდან გამომდინარე, ი-–-------–-–---–ის სახელზე ამ ავტომობილის დარეგისტრირება ატარებდა ფორმალურ, დროებით ხასიათს, ვინადიან 2014 წლის დეკემბრიდან ავტომობილი იმყოფებოდა ყოველთვის მის მფლობელობაში, ვიდრე 2015 წლის დეკემბერში ავტომობილი მოტყუებით არ წაიყვანა ი-–-------–-–---–მა. რეალურად ავტომობილის მესაკუთრეს თვითონ წარმოადგენდა და რომ მისი მოთხოვნისთანავე ი-–-------–-–---–ს შ------- თ--------–---–ის სახელზე უნდა გადაეფორმებინა ავტომობილი. ამასთნ აპელანტი უთითებს, რომ ი-–-------–-–---–ი ვერ ადასტურებს ავტომობილის ღირებულების მისთვის გადახდის შესახებ გარემოებას.

 

საააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელის გათვალისწინებით, დავის საგნის ფარგლებში კვლევის ძირითად საგანს წარმოადგენს იმ გარემოების გამოკვლევა, მოხდა თუ არა სადავო ავტომობილზე საკუთრების უფლების გადაცემა ი-–-------–-–---–ისათვის ამ ავტომობილის დარეგისტრირებით. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს ავტომობილის ნასყიდობის ღირებულების გადახდის დაკისრება, შესაბამისად დავის სწორად გადაწყვეტისათვის, ამოსავალია იმ საკითხის გამოკვლევა, განხორციელდა თუ არა 2014 წლის დეკემბერში ი-–-------–-–---–ის სახელზე ავტომობილის დარეგისტრირებით ამ ავტომობილზე ი-–-------–-–---–ის საკუთრების უფლების წარმოშობა.

 

4.1.3. სსკ-ის 186-ე მუხლის (სსკ-ის 186-ე მუხხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ნივთის გდაცემად ითვლება: შეძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება) დანაწესიდან გამომდინარე მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ნივთზე უფლებამოსილი პირისაგან ნამდვილი უფლების საფუძველზე გადაეცეს შემძენს ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ სადავო ავტომობილი ნ. კ-–---ის და ასევე შ------- თ--------–---–ის მიერ გამოვლენილი ნების შედეგად დარეგისტრირდა ი-–-------–-–---–ის სახელზე. აპელანტის ის მტკიცება, რომ ი-–-------–-–---–ზე ავტომობილის დარეგისტრირება ატარებდა ფორმალურ ხასიათს, პალატის მოსაზრებით, არადამაჯერებლია. კერძოდ, საკითხის სწორი შეფასებისათვის სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს სადავო ავტომობილის მფლობელობის შესახებ გარემოებაზე და აღნიშანვს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ ი-–-------–-–---–ზე ავტომობილის დარეგისტრირება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და რომ მიუხედავად, ი-–-------–-–---–ზე ავოტმობილის საკუთრების რეგისტრაციისა, ავტომობილს ამ მომენტიდანვე ფლობდა თვითონ შ------- თ--------–---–ი, ვიდრე 2015 წლის დეკემებმრამდე, როდესაც ი-–-------–-–---–ი, მოსარჩელის მტკიცებით, მოტყუებით დაეუფლებოდა ამ ავტომობილს.

 

მოსარჩელის ამ მტკიცებას გამორიცხავს თვად მოსარჩელის მიერვე მოწვეული მოწმის, ა-----------ის ჩვენება, რომელმაც 2016 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე (იხ. საოქმო ჩანაწერი 10:11:26-10:11:42) დაადასტურა ის ფაქტი, რომ ავტომობილს ძირითდად ფლობდა და სარგებლობდა ი-–-------–-–---–ი, ხოლო შ------- თ--------–---–ი მხოლოდ მაშინ სარგებლობდა, როცა ი-–-------–-–---–ი ათხოვებდა ამ ავტომობილს. მოწმის ამ ჩვენების დამაჯერებლობის და უტყუარობის ხაზგასასმელად პალატა კიდევ ერთხელ შენიშანვს, რომ მოწმე ა-----------ე წარმოადგენს თვად მოსარჩელის, შ------- თ--------–---–ის მიერ მოწვეულ მოწმეს. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მოწვეული მოწმის ა-----------ის ჩვენების ეს ეპიზოდი სრულ თანხვედრაშია მოპასუხის ი-–-------–-–---–ის პოზიციასთან მასზედ, რომ ის 2014 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ფლობს და სარგებლობს სადავო ავტომობილს, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადავო ავტომობილის ი-–-------–-–---–ის სახელზე დარეგისტრირებიდანვე (2014 წლის დეკემბრიდან) ეს ავტომობილი უწყვეტად იმყოფებოდა ი-–-------–-–---–ის პირდაპირ მფლობელობაში (საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ როგორც თავად შ------- თ--------–---–მა თავისი ახსნა-განამრტებით, ასევე მოწმე ა-----------ემ /იხ. 2016 წლის 2 ნომებრის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი 10:37:19-10:37:59; ასევე 2016 წლის 22 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი 10:12:20/ დაადასტურეს, შ------- თ--------–---–ი და ი-–-------–-–---–ი სადავო ავტომობილის ი-–-------–-–---–ის სახელზე დარეგისტრირების მომენტისათვის, აღარ იმყოფებოდნენ ახლო მეგობრულ ურთიერთობაში). მითითებული მსჯელობის და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის იმ პოზიციას, რომ 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე სადავო სატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა მის მფლობელობაში. ამ პოზიციის გასამყარებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრების შესახებ ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 34), პალატის მოსაზრებით, ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ იმ კონკეტულ (20.12.2014წ; 15.01.2015წ; 09.08.2015წ; 28.08.2015წ.) თარიღებში (და არა 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე პერიოდში), როდესაც სადავო სატრანსპორტო საშუალების მართვისას დაფიქსირებუული იქნა დარღვევა და შედგენილი იქნა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები სადავო ავტომობილი იმყოფებოდა შ------- თ--------–---–ის სარგებლობაში და მისი მართვის ქვეშ. ის ფაქტი კი, რომ შ------- თ--------–---–ი თხოულობდა ხოლმე ამ ავტომობილს ი-–-------–-–---–ისაგან აღნიშნული დადასტურებულია ა-----------ის ჩვენებითაც. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას შეაჩერებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ი-–-------–-–---–ის მიერ 2015 წლის დეკემბერში სადავო ავტომობილის მოტყუებით დაუფლება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარწმუნო დასაბუთება სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებული პოზიცია ვერც საქმის ზეპირი განხილვისას ვერ მიიღო (იხ. 2018 წლის 9 იანვრის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი 14:26:55) აპელანტისაგან.

 

მითითებული მსჯელობის და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, სააპელაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ 2014 წლის დეკემბერში უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე სადავო სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა ი-–-------–-–---–ის სახელზე და ამასთან ი-–-------–-–---–ი ამ პერიოდიდან მოყოლებული გახდა ამ ავტომობილის მფლობელი. შესაბამისად, ი-–-------–-–---–ს სადავო ავტომობილი 2014 წლის დეკემბერში გადაეცა ნამდვილი უფლების საფუძველზე პირდაპირ მფლობელობაში, რაც სსსკ-ის 186-ე მუხლის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც გამოირიცხა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ ი-–-------–-–---–ის სახელზე ავტომობილის დარეგისტრირება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და დადგინდა, რომ ი-–-------–-–---–ს სადავო ავტომობილზე წარმოეშვა საკუთრების უფლება, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე აღნიშნოს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილის რეგისტრაციის მომენტისათვის მხარეები უკვე აღარ იყვნენ მეგობრულ ურთიერთობაში, გასაზიარებელია მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ რომ ზეპირი ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხ.) საფუძველზე განხორციელდა მისთვის ავტომობილის გადაცემა.

 

ამგვარად, ზემო პუნქტებში ასახული მსჯელობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველს აცლის შ------- თ--------–---–ის სარჩელს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად სწორად იქნა შეფასებული და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ავტომობილის მესაკუთრედ ცნობის და უკანონო მფლობელობიდან ავტომობილის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფლებაზე მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 1080 ლარი, გადახდილ იქნა წინასწარ, რაც უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ------- თ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /დიანა ბერეკაშვილი/

 

/ხათუნა არევაძე/