განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2018
საქმის ნომერი
010141318700053484
ინსტანცია
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700053484, №1/აგ-165-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მურმან ისაევი

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-–---------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ა-–---------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ა-–---------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ა-–---------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ა-–---------------ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

2018 წლის 13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ა-–---------------მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ა-–---------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განაჩენით ა-–---------------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს A17034749-007/001 წერილის თანახმად არის აღსრულებული (გადახდილი). გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ა-–---------------ს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებას.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განაჩენით ა-–---------------ს მსჯავრი დაედო ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართავდა ავტომობილს, რისთვისაც მიესაჯა 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს A17034749-007/001 წერილის თანახმად არ არის აღსრულებული (გადახდილი).

 

რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, მსჯავრდებული ა-–---------------ი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასვე უნდა აღუდგეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ა-–---------------ი ასევე უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განაჩენით ა-–---------------ი მსჯავრდებული იქნა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის, რისთვისაც დაენიშნა სასჯელი (ჯარიმა) და სამი წლით ჩამოერთვა (მათ შორის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ა-–---------------ის მსჯავრდების საფუძველი. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი). შესაბამისად, ა-–---------------ი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება იმ ქმედებისათვის, რაც შემდეგში სხვა დანაშაულის (სსკ-ის 381 მუხლი) შემადგენლობის საფუძველი გახდა. ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება გამოიწვია ა-–---------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებამ, რაც დღეის მდგომარეობით აღარ არის დასჯადი, ა-–---------------ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-–---------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

ა-–---------------ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ა-–---------------ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი).

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მურმან ისაევი

 

მანუჩარ კაპანაძე