განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100117002140894
საქმე №1ბ/161-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ ა---–---–----სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–------------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა---–---–----ს მიმართ, დაბადებულის 21.04.1--- წ, საქართველოს მოქალაქის, პირადი № 2----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–----------–-------–----–--, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით ა---–---–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
ა---–---–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 26 სექტემბერს დაახლოებით 16:00 საათზე ა---–---–---მა მ--------–--------------------–------–----–--ში ზ------------------ას საცხოვრებელ სახლში, თავის მეუღლეს ს---------------ას თავში ჩაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც მან განიცადა ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ა---–---–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–------------–---მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან მსჯავრდებულს დანაშაული არ ჩაუდენია. სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლომ კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მხოლოდ გამომძიებელ ხ-----------------ის ირიბ ჩვენებაზე დაყრდნობით და გამოძიების ეტაპზე მოწმე გ-------------------ს მიერ მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობით, რომელიც შემდგომ სასამართლოში იქნა გამოქვეყნებული. თუმცა აპელანტის განმარტებით არც აღნიშნული ჩვენებებით დასტურდება მსჯავრდებულის ბრალეულობა, რადგან ჩანს რომ დაზარალებულმა გამოიწვია მსჯავრდებული და პროვოცირება გაუკეთა მის ქმედებას. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის გამართლებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ა---–---–----ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ესენია: გ------------------ას, ხ-----------------ის ჩვენებები, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ასლი, 2017 წლის 26 სექტემბრის პაციენტ ს---------------ას სახელზე გახსნილი ისტორიის ასლი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N 5--------- დასკვნა.
აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული არის უდანაშაულო და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ა---–---–----ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული ქმედებისგან დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ა---–---–---მა მეუღლეს ს---------------ას თავში ჩაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც მან განიცადა ტკივილი და მიადგა ფიზიკური დაზიანება.
კერძოდ, მ--–--------------------ას /რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, მან დატოვა საქართველოს საზღვრები და იმყოფება საზღვარგარეთ, მისი ჩვენება გამოქვეყნებულ იქნა სასამართლო სხდომაზე/ ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქ. ბაქოში, 2016 წლის 26 სექტემბერს სტუმრად იმყოფებოდა ბებიასთან ზ-------------------სთან დაახლოებით 16:00 საათზე მათთან ყვირილით მივიდა მისი ბიძის - ა---–---–----ს მეუღლე ს---------------ა, რომელიც ა---–---–---ს ეკითხებოდა თუ სად იყო ,,ვაიფაის" მოდემი. ს---------------ას ხელში ჯოხი ეჭირა და იქნევდა თუმცა არავისთვის არ დაურტყამს. ს----ს მისვილს გამო ა---–---–---- გაბრაზდა, წამოდგა სავარძლიდან და ხელი უჯიკა ს----ს, ს---- ეზოში დავარდა, იატაკის ჯოხი გვერდით ეგდო. ს---------------ამ ხელში აიღო ეზოში დაყრილი ქვიშა და ა---–ის მიმართულებით ისროლა, ქვიშა ა---–ს სხეულზე მოხვდა. ა---–-- აიღო იატაკის ჯოხი და ს----ს მიმართულებით წავიდა. ს---------------ა ჭიშკრის მიმართულებით გაიქცა, მას დაეწია ა---–ი და იატაკის ჯოხი ჩაარტყა თავში. ს---------------ა ქუჩაში გავიდა. მერე გაიგო, რომ ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
მოწმე გ-----------------ის ჩვენების სისწორე დასტურდება სამედიცინო ბარათის ასლით და 2017 წლის 16 ოქტომბრის N5--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ს---------------ა 26.09.2017 წელს მიღებული ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობდა 26.09.2017 წლამდე და დაუდგინდა: თავის ტვინის შერყევა, ნახეთქი ჭრილობა მარჯვნივ შუბლ თხემის არეში, მარცხნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე ნაჭდევი. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ხოლო, ხ-----------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ის არის მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი. მან სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და სასამართლოს განუმარტა საგამოძიებო მოქმედებების, მოწმე ს---------------ას, გ----------------ას, ზ------------------ას, ბრალდებულ ა---–---–----ს გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაციის თაობაზე.
პალატა ასევე მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულების სახით ასევე დაზარალებულ - ს---------------ას და მოწმე ზ------------------ას გამოკითხვის ოქმები, თუმცა მათ საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად სასამართლომ ვერ გამოიყენა მათი ჩვენებები აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დასადასტურებლად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს შემდეგს: გაეროს ქალთა წინაღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყევტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღდეგ, შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ასევე გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყევტილება საქმეზე OPUZ V. TURKEY. ხსენებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. აღნიშნულის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლის მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა.
შესაბამისად პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიაჩნია, მსჯავრდებულ ა---–---–----ს მიერ მასზედ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელს პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, რასაც პალატაც ეთანხმება. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა---–---–----ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–------------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა---–---–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა---–---–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 26 სექტემბრიდან - 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ ა---–---–---ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განუსაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა---–---–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იატაკის ჯოხი, რომელიც ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე