განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2018
საქმის ნომერი
010141318700054371
ინსტანცია
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054371

საქმე №1აგ/207-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 მარტი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ზვ------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით:

ზვ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (დანაშაულის სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ორი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზვ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა ზვ------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 2 (ორი) წელი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ზვ------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზვ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 30 ოქტომბრიდან.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული ზვ------------–---–ი გათავისუფლდა პატიმრობიდან პირობით ვადამდე 4 (ოთხი) თვით ადრე - 2015 წლის 31 დეკემბერს.

 

თბილისის პრობაციის ბიუროდან მიღებული მასალებიდან ირკვევა, რომ ზვ------------–---–ს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ვადა დაუსრულდა 2016 წლის 30 აპრილს.

 

2018 წლის 26 თებერვალს მსჯავრდებულმა ზვ------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ზვ------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გი---–---ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ზვ------------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სამი ეპიზოდის ჩადენისათვის. მათ შორის 2014 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი - ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (,,მარიხუანა“)-ს მოხმარებთვის, 2013 წლის 10 აპრილის ეპიზოდი - ,,ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის და 2013 წლის 05 ივნისის ეპიზოდი -,,ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ხსენებულ სასჯელს დამატებული აქვს 2013 წლის 08 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმი“-ს მოხმარებისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული აქვს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული ზვ------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ამასთან, პალატა თვლის, რომ ვინაიდან ზვ------------–---–ი ხსენებული განაჩენით მსჯავრდებულია სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული აქვს სასჯელი, მის მიმართ ხსენებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზვ------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ზვ------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2014 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 

ზვ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2014 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზვ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ. სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

გ. ჯეირანაშვილი