განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700054667
საქმე №1აგ/217-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ლა–----------–---ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით, ლა–----------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანა), ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, მასვე მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქათველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს დაემატა საქათველოს სსკ–ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ლა–----------–---ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ლა–----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 08 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განაჩენით, მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
2018 წლის 28 თებერვალს მსჯავრდებულმა ლა–----------–---მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ლა–----------–---ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გი---–----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ლა–----------–---ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (,,მარიხუანა“) მოხმარებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. იგი ასვე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ლა–----------–---ს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებას.
ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული ლა–----------–---ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და უნდა აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლა–----------–---ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ლა–----------–---ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განაჩენთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
ლა–----------–---ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნ. სანდოძე
მოსამართლეები: ვ.ლომიძე
გ. ჯეირანაშვილი