განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020212617002014205
საქმე 2/ბ-05-18
განჩინება
საქართველოს სახელით
07 მარტი 2018 წ ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: მ------- მ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე: ფ-------- ს---აია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა და არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 17 ივლისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მ------- მ-----ემ, ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 05 დღის ვადა, ხოლო ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს და 06 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, იმ მიზეზით, რომ ხარვეზი შევსებული არ იქნა, მ------- მ-----ის განცხადება დარჩა განუხილველი.
დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ------- მ-----ემ, მისი გაუქმება და გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დასაშვებად ცნობა და არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განჩინებაში მითითებულია ხარვეზის შეუვსებლობის მოტივზე, თუმცა ეს მოტივი არაა დასაბუთებული.
გარდა ამისა, განჩინება მიღებულია დაინტერესებული სასამართლოს დაინტერესებული მოსამართლის მიერ, რაც ნათელს ხდის გასაჩივრებული განჩინების უკანონობას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება თვლის, რომ მ------- მ-----ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია რომ 2017 წლის 17 ივლისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მ------- მ-----ემ, ამავე სასამართლოს „N 2/141-14 საქმეზე ფ-------- ს---აიას მიმართ მისდამი მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა იმავდროულად მოითხოვა, განსახილველ საქმეში სახაზინო ადვოკატის ჩართვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით მ. მ-----ეს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად განესაზღვრა 05 დღის ვადა.
სასამართლომ განმარტა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, განცხადება არ პასუხობდა სსკ 421-ე-427-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ განცხადებაში მითითებული არ იყო მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები რაც ხარვეზს წარმოადგენდა.
გარდა ამისა, განმცხადებლის შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-5.2 პუნქტის თანახმად, ასეთი დახმარების გაწევა გადახდისუუნარო პირის მიმართ მიზანშწონილია, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 07 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა მ------- მ-----ემ, თუმცა ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მიჩნეული იქნა, რომ ხარვეზი სრულად შევსებული არ იქნა და განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენლი ვადა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით განმეორებით გაუგრძელდა მ------- მ-----ეს ხარვეზის შესავსებად დადგენლი ვადა, ხოლო 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, იმ მიზეზით, რომ განმცხადებელმა მისთვის მიცემულ ვადაში არ აღმოფხვრა 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, განცხადება დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, 422-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 426-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 422-423-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რას უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება.
თუ განცხადება წარდგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სსსკ-ის 427-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება განცხადება არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის, 420-ე 427-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მართალია, მ------- მ-----ემ ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, თუმცა ხარვეზი აღმოფხვრილი არ იქნა და არც განცხადება შეიცავდა დასაბუთებულ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რა საპატიო მიზეზი არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობისა.
კერძოდ, არც თავდაპირველი და არც ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი განცხადებები არ შეიცავდა მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება.
მ.მ-----ის განცხადებები შეიცავდა შეფასებით მსჯელობებს საქმის განმხილველ მოსამართლეთა მოქმედებებზე, კერძოდ, რომ საქმე განხილული იყო საქმის შედეგით დაინტერესებული მოსამართლეების მიერ და არა მითითებას იმ კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძვლებზე, რომლებიც განმცხადებლის აზრით, გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველია და იწვევს საქმის წარმოების განახლებას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მ. მ-----ის განცხადებებს, მასში დაფიქსირებულ მსჯელობებს და მ------- მ-----ის განცხადების დაუშვებლად ცნობის თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოიტანა.
გარდა ამისა, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ვ” პუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------- მ-----ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე