განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015971570
საქმე №2ბ/7043-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი
აპელანტი - გ--------ი დ----------ი
წარმომადგენელი დ--------–----ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ”ა----------- გ-------ის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------ი”
წარმომადგენელი- ზ--------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2014 წლის 12 ივნისს შპს ”ა----------- გ--------ის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------სა” და გ--------ი დ----------ს შორის გაფორმდა სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 3.5. პუნქტის მიხედვით, მესამე პირთა (სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო და სხვა) მიერ მომსახურების საფასურის დაუფინანსებლობის (სრულად ან/და ნაწილობრივ) შემთხვევაში, პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი ვალდებულია გადაიხდოს მომსახურების საფასური იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსება, რაიმე მიზეზით არ განხორციელდა მომსახურების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პაციენტს გ--------ი დ----------ს გაეწია სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდა კორონაროგრაფია და ანგიოპლასტიკა (1 სტენტის იმპლანტაციით), რომლის ღირებულება შეადგენს 1980 ლარს, ასევე მხარ-თითის და მხარ-გოჯის ინდექსის გამოკვლევა, ღირებულებით 30 ლარი. გაწეული სამედიცინო მომსახურებიდან, კერძოდ 1980 ლარიდან 70% (1386 ლარი) განეკუთვნებოდა სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელ თანხას, ხოლო პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი იყო დარჩენილი 30% (594 ლარი) და 30 ლარი.
3. გ--------ი დ----------მა გადაიხადა 594 ლარი. დარჩენილი 70%-ის -1386 ლარის ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა. უარის საფუძვლად მიეთითა პაციენტის მიერ სტაციონარში 24 საათიანი დაყოვნების დარღვევა.
4. შპს ”ა----------- გ-------ის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------მა”
სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გ--------ი დ----------ისათვის 1416 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით:
2014 წლის 12 ივნისს შპს ”ა----------- გ--------ის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------ში“ სამკურნალოდ შევიდა პაციენტი გ--------ი დ----------ი. სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით ამავე დღეს მოპასუხესთან გაფორმდა ხელშეკრულება. პაციენტისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1980 ლარი, რომლის 70% (1386 ლარი) ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას, ხოლო 30% (594 ლარი) უნდა გადაეხადა პაციენტს, რომელიც მის მიერ გადახდილია. 2014 წლის 13 ივნისს, პაციენტის განცხადებით, ვინაიდან არჩევნებთან დაკავშირებით უნდა გამოცხადებულიყო ზ----------ში, დატოვა კლინიკა. სამედიცინო მომსახურების შესახებ მონიტორინგისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დადგენილ იქნა, პაციენტის მხრიდან კლინიკის 24 საათზე ადრე ვადით დატოვების ფაქტი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აღნიშნული შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ამდენად, აღნიშნული 70%-იც უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ. გარდა ამისა, გ--------ი დ----------ის დავალიანებას წარმოადგენს მისთვის ჩატარებული მხარ-თითის და მხარ- გოჯის ინდექსების გამოკვლევის საფასური 30. ჯამში მოპასუხეს ასანაზღაურებელი აქვს 1416 ლარი.
5. მოპასუხე გ--------ი დ----------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო მან განმარტა, რომ სამედიცინო ცენტრის მიერვე გაცემული ფორმა N IV-100ა-ს თანახმად დასტურდებოდა, რომ პაციენტი სტაციონარში მოთავსებული იქნა 2014 წლის 12 ივნისს
12:20 საათზე, ხოლო გაწერის დროდ მითითებულია 13 ივნისი 18:00 საათზე. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებდა სტაციონარში პაციენტის 24 საათზე მეტი დროით ყოფნის ფაქტს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
6.1 მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა N IV-100ა) სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სტაციონარში 24 საათიანი დაყოვნების დარღვევას. წარმოდგენილი ცნობა ხელმოწერილია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ. დოკუმენტი არ არის შედგენილი სათანადო წესით. გარდა ამისა, აღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს გაცემული ცნობა. ცნობაში აღნიშნულია, რომ ერთიან საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, პაციენტ გ--------ი დ----------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, შემთხვევის დაწყებისა და დასრულების ელექტრონულად გადაცემული დროის შუალედში, შემოწმებულია მონიტორის მიერ, რის საფუძველზეც სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულია პაციენტის კომენტარი „სამედიცინო დოკუმენტაციის პაციენტის სტაციონარში 24 საათიანი დაყოვნება დარღვეულია“, რის გამოც შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
6.2 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაზე. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობს. მოსარჩელეს ევალება სარჩელში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული უფლების რეალიზება მოპასუხემ ვერ შეძლო.
6.3 საქართველოს სამოქალაქო 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით 2014 წლის 12 ივნისს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის 3.5. პუნქტის თანახმად, პაციენტი ვალდებულია მესამე პირების (სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანია ან სხვა) მხრიდან გაწეული მომსახურების გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში აანაზღაუროს მკურნალობის ღირებულება. როგორც სასამართლომ დაადგინა, სახელმწიფოს მხრიდან გ--------ი დ----------ის მკურნალობის ანაზღაურება არ განხორციელებულა.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ”ა----------- გ--------ის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------სა” და მოპასუხე გ--------ი დ----------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გაეწია მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურება, ხოლო პაციენტმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად აენაზღაურებინა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება. მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება და მოპასუხეს გაუწია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ხოლო მოპასუხემ არ გადაიხადა სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან დარჩენილი თანხა - 1386 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, ასევე მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე შპს ”ა----------- გ--------ის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------ის” წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, სახელმწიფოს მიერ აუნაზღაურებელი თანხის (1386 ლარის) გარდა მას გადასახდელი აქვს მხარ-თითის და მხარ-გოჯის ინდექსის გამოკვლევის ღირებულება - 30 ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით კი კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა გ--------ი დ----------მა. აპელანტის განმარტებით:
7.1 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტორივი გარემოება, რომ აპელანტი სტაციონარში იმყოფებოდა 24 საათზე ნაკლები დროით. წარმოდგენილი ფორმა N100ა- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადასტურებს, რომ პაციენტის სტაციონარში მოტავსების ზუსტი დრო არის 12.06.2017 წლის 12:20 საათი, ხოლო გაწერის დრო 13.06.2017 წლის 14:30 წუთი. აქედან გამომდინარე, სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მონიტორინგის არასწორ მონაცემს და აქედან გამომდინარე დაადგინა გარემოება, რომ დარღვეული იყო პაციენტის სტაციონარში 24 საათიანი დაყოვნება.
7.2 აპელანტი დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ მოხდა მტკიცებულებების სრულად და ობიექტურად გამოკვლევა წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების არსებობის პირობებში მიიღო სრულიად დაუსაბუთებული გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული უნდა ინას ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 12 ივნისს შპს ”ა----------- გ--------ის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------სა” და გ--------ი დ----------ს შორის გაფორმდა სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 3.5. პუნქტის მიხედვით, მესამე პირთა (სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო და სხვა) მიერ მომსახურების საფასურის დაუფინანსებლობის (სრულად ან/და ნაწილობრივ) შემთხვევაში, პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი ვალდებულია გადაიხდოს მომსახურების საფასური იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსება, რაიმე მიზეზით არ განხორციელდა მომსახურების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
პაციენტს გ--------ი დ----------ს გაეწია სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდა კორონაროგრაფია და ანგიოპლასტიკა (1 სტენტის იმპლანტაციით), რომლის ღირებულება შეადგენს 1980 ლარს, ასევე მხარ-თითის და მხარ-გოჯის ინდექსის გამოკვლევა, ღირებულებით 30 ლარი. გაწეული სამედიცინო მომსახურებიდან, კერძოდ 1980 ლარიდან 70% (1386 ლარი) განეკუთვნებოდა სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელ თანხას, ხოლო პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი იყო დარჩენილი 30% (594 ლარი) და 30 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების, საყოველთაო ჯანრთელობის დაცვის სახელწიფო პროგრამის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტი არის ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი.
ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში განმარტებულია შემთხვევები, რომლის დროსაც სახელმწიფო დაზღვევის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში არ მოხდება მკუნალობის ხარჯის ანაზღაურება. ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, აპელანტმა წარმოადგინა ჯანრთელობის დამადასტურებელი ცნობა ფორმა N100ა, რომელიც ხელმოწერილია, როგორც მკურნალი ექიმის მიერ, ასევე დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძვანელის მიერ. მასში დეტალურად არის აღწერილი პაციენტის სტაციონარში მოთავსებისა და მისი გაწერის დრო, რის საფუძველზეც სახეზეა საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნათა დაცვით სახელმწიფო დაზღვევის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში მკუნალობის ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები.
წარმოდგენილი მტკიცებულებით, დადასტურებულია, რომ აპელანტი გ--------ი დ----------ი სტაციონარში მოათავსეს 2017 წლის 12 ივნისს 12:20 საათზე, ხოლო მან სტაციონარი დატოვა 2017 წლის 13 ივნისს 14:30 საათზე, რაც უდავოდ ადასტურებს იმას, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით მოსარგებლე პირმა დაჰყო 24 საათზე მეტი სტაციონარში, შესაბამისად, მკურნალობის ანაზღაურების წინაპირობა ნამდვილად სახეზეა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს უარი ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას. (სუსგ საქმე №ას-415-388-2017).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, დადგენილია, რომ საყოველთაო სახელწიფო ჯადაცვის პროგრამის ფარგლებში მკურნალობა ანაზღაურდება 70%-ით, ხოლო დარჩენილი 30% უნდა გადაიხადოს პაციენტმა. გ--------ი დ----------მა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან გადაიხადა მკურნალობის 30%, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად მას არ გააჩნია არანაირი ვალდებულება შპს ”ა----------- გ-------იძის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------ის” მიმართ და აღნიშნულის გადახდის ვალდებულება გააჩნია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს.
10. პალატა არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმაზე, რომ რადგან სამინისტრომ არ აანაზღაურა მკურნალობის ხარჯები მისი ანაზღაურების ვალდებულება გააჩნია მოპასუხეს. პალატა განმარტავს რომ, მხარეთა შორის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით 2014 წლის 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით მართალია პაციენტი ვალდებულია მესამე პირების (სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანია ან სხვა) მხრიდან გაწეული მომსახურების გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში აანაზღაუროს მკურნალობის ღირებულება, თუმცა აღნიშნული ისე არ უნდა იყოს გაგებული რომ სამინისტროს მხრიდან ნებისმიერი, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უარის შემთხვევაში დადგება პაციენტის მხრიდან მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების წინაპირობები. ზემოაღნიშნული შეთანხმებით პაციენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ვალდებული გადაეხადა მკურნალობის ხარჯები თუ ისინი კანონისმიერი საფუძვლებით არ და ვერ ანაზღაურდებოდა სახელმწიფო დაზღვევის მხრიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, პალატას მიაჩნია რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, და შპს ”ა----------- გ-------იძის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------ის” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
11. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, შპს ”ა----------- გ-------იძის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------ს” უნდა დაეკისროს გ--------ი დ----------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახემწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ--------ი დ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ”ა----------- გ-------იძის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს ”ა----------- გ-------იძის ს----–---ის გ------------–ი კ---------–---იის ც------ს”-ს დაეკისროს გ--------ი დ----------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 150 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი