განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001417823
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6034-17 “15” თებერვალი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები გელა ქირია ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენლები - ც----------–-–---–- სს „თ-----------“ ი------–--------–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება, განჩინება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2016წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 20.06.2017წ. განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავის საგანი _ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2016წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. გამოტანილი იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს ,,თ------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხე ც----------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 926,06 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ც----------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 07 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 509,76 ლარის გადახდა;
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.06.2017წ. განჩინებით ც----------–-–---–-ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
2.1. 2016 წლის 11 ივლისს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” წარმომადგენელმა ი------–--------–მა იკისრა სარჩელის და თანდართული საბუთების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარების ვალდებულება.
2.2. 2016 წლის 15 ივლისს, სს ,,თ-----------ს” წარმომადგენელმა ი------–--------–მა წარმოადგინა ც----------–-–---–-სთვის სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლებითაც დგინდება, რომ სს ,,თ------------ს” სარჩელის და თანდართული მასალების ასლები 2016 წლის 14 ივლისს, ფოსტის კურიერის მეშვეობით, ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს, შვილს - მ------------------ს.
2.3. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლი დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
2.4. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2008 წლის 27 მარტს, სს ,,თ----- ბ----” და ც----------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 2 070 ლარი, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 186,75 ლარი, კრედიტის დაფარვის ვადა - 2010 წლის 24 მარტი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და პირგასამტეხლო - 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2008 წლის 07 მაისს, სს ,,თ----- ბ----” და ც----------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის (საკრედიტო ბარათის) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის საბანკო ანგარიშზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 2 000 ლარის ოდენობით. კრედიტი გაცემული იქნა შემდეგი პირობებით: ყოველთვიურად დასაფარი თანხა - ათვისებული თანხის 10% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი, ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. მიუხედავად გაფრთხილებისა, მსესხებლის მიერ დავალიანება არ იქნა დაფარული.
- 2011 წლის 11 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება სს ,,თ-----------ს” მიმართ:
1) 2008 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2 926,06 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა - 993,42 ლარი, პროცენტი - 932,64 ლარი და პირგასამტეხლო - 1 000 ლარი; 2) 2008 წლის 07 მაისის საბანკო კრედიტის (საკრედიტო ბარათის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2 509,76 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 1 509,76 ლარი და პირგასამტეხლო - 1 000 ლარი.
2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე გამოტანილ უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს: სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სს ,,თ------------ს” წარმომადგენლის მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
ამდენად, ვინაიდან სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ:
2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.
2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის", ხოლო ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები’’.
ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით ან არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
2.9. მოპასუხე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სს ,,თ----- ბ----ს’’ სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დროს იმყოფებოდა ქალაქგარეთ, ხოლო შვილს სარჩელის ჩაბარების შესახებ მისთვის არ შეუტყობინებია, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოდგენა.
2.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
2.11. სასამართლო განმარტავს, რომ ადრესატის ოჯახის წევრის მიერ გზავნილის ჩაბარებისას მოქმედებს პრეზუმცია, რომ მას აქვს შესაძლებლობა გზავნილი გადასცეს ადრესატს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის შვილმა ჩაიბარა გზავნილი და უარი არ განუცხადებია მის ჩაბარებაზე, მოქმედებს ზემოაღნიშნული პრეზუმცია საწინააღმდეგოს დადასტურება კი, მოპასუხემ ვერ შეძლო. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.12. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მას დაეკისრა შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს და პროცენტის გადახდა. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობას სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე.განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ც----------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას თავისი ინიციატივით შეემოწმებინა საპროცენტო სარგებლის ან პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც მოპასუხე ც----------–-–---–-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი რომ შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული იყო არასაპატიო მიზეზით. მოგახსენებთ რომ შესაგებელი ჩაიბარა მისმა შვილმა ამ დროისთვის კი იგი იმყოფებოდა ქალაქგარეთ და უვლიდა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულ მამამთლის რომელიც მალევე გარდაიცვალა. აპელანტისთვის განკუთვნილი კონვერტი არ გაუხსნია შვილს და შესაბამისად არ იცნობდ მის შინაარსს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ც----------–-–---–- მაინც მოკლებული იყო შესაძლებლობას წარედგინა შესაგებელი, ვინაიდან ერთადერთი მომვლელი იგი იყო.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ მიუხედავად შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოსი და ამორალური და ზნეობის საწინააღმდეგო საპროცენტო სარგებლის მაინც მიიჩნია რომ იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არის დაუსაბუთებელი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232' მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ არსებობს კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობები, კერძოდ: მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები, ამომწურავად განემარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე და აგრეთვე, მოპასუხემ უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამას გარდა, სახეზე უნდა იყოს, მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დაცული იყო ყველა ზემოთ დასახელებული წინაპირობა, კერძოდ, მხარეს ჩაბარებული ჰქონდა სარჩელი თანდართული მასალებით, იგი გაფრთხილებული იყო შესაგებლის წარმოდგენის ვადისა და წარმოუდგენლობის შედეგების შესახებ. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
როგორც საჩივარშია აღნიშნული, სარჩელის ჩაბარება მოხდა ც----------–-–---–-ს შვილის მიერ იმ დროს, როდესაც მოპასუხე არ ვიმყოფებოდი ქალაქში. ვინაიდან სარჩელის შესახებ ინფორმაცია ც----------–-–---–ს არ ჰქონია ბუნებრივია, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეესრულებინა საპროცესო ვალდებულება. სასამართლომ არ გაითვალისწინა 240-ე მუხლის 1' მუხლის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო "საპატიო მიზეზით". ასეთ შემთხვევაში სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას. სასამართლომ საჩივრის ავტორის არგუმენტი არ მიიჩნია "საპატიო მიზეზად", იმის მიუხედავად, რომ მან მისგან სრულიად დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო შესაგებლის წარდგენა და ამ მიზეზით წამერთვა პროცესზე თავის დაცვის საშუალება.
3.4. სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რაც აგრეთვე ერთ-ერთი კანონით განსაზღვრული პირობაა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის. მოპასუხ მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გადახდა, რაზეც სასამართლომ მიუთითა, რომ ისევ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით დაედგინა საპროცენტო სარგებლის ან პირგასამტხელოს ოდენობის შესაბამისობა.
აპელანტის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში), იმ მიზეზით, რომ ც----------–-–---–-ს მიერ საპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობა და შესაბამისად, დაუსაბუთებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდა, დაეკისრა იმაზე ბევრად მეტი თახნის გადახდა, ვიდრე დაეკისრებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარი თავის დაცვის კონსტიტუციური უფლება არ წაერთმეოდა. თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას მოითხოვს ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ შეთანხმებაში აშკარად არ იკვეთება. სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შემთავაზებელ მხარეს წარმოადგენდა სს "თ-----------''. მისთვის სავალდებულო იყო პირობათა სამართლიანობის პრინციპით განსაზღვრა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო მოპასუხის, კრედიტით მოსარგებლე ფიზიკური პირის, ე.წ „სუსტი მხარის" ინტერესი, რადგან ხელშეკრულების პირობების შემუშავებასა თუ მოდიფიცირებაზე მას რაიმე ზემოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონია. აპელანტის მითითებით, უზენაესის სასამართლოს შეფასებით, საქმეზე №ას-698-668-2014, ზემოაღნიშნული ნორმის დისპოზიცია სუსტ და ძლიერ მხარეთა შორის სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება. აქედან გამომდინარე, სარჩელი არც იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რაც ზემოთ განხილულ ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმთან ერთად აგრეთვე ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს.
4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თოაბაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.13. პუნქტები).
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას. სსსკ-ის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 233-ე მუხლის მიხედვით : „1. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს,რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო „დ” ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად. 3. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას“.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით და ადრესატის ოჯახის წევრის მიერ გზავნილის ჩაბარებისას მოქმედებს პრეზუმცია, რომ მას აქვს შესაძლებლობა გზავნილი გადასცეს ადრესატს.
4.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს, მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” წარმომადგენელმა ი------–--------–მა იკისრა სარჩელისა და თანდართული საბუთების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარების ვალდებულება. 2016 წლის 15 ივლისს, სს ,,თ-----------ს” წარმომადგენელმა ი------–--------–მა წარმოადგინა ც----------–-–---–-სთვის სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლებითაც დგინდება, რომ სს ,,თ-----------ს” სარჩელის და თანდართული მასალების ასლები 2016 წლის 14 ივლისს, ფოსტის კურიერის მეშვეობით, ჩაბარდა ადრესატის ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს - მ------------------ს. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია დაეყრდნო რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლს, მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით ამავე კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის გამო ზეპირი მოსმენის გარეშე 2016 წლის 12 დეკემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა სს ,,თ-----------ს” სარჩელი(ტ.1., ს.ფ. 28, 35-39, 40-44)
4.5. 2016 წლის 26 დეკემბერს, მოპასუხე ც----------–-–---–მა წარმოადგინა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება. საჩივარში აღნიშნულია შემდეგი: სს ,,თ-----------ს" სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს, შვილს - მ------------------ს. სარჩელის ჩაბარების დროისთვის მოპასუხე იმყოფებოდა რაიონში, ხოლო შვილმა არ შეატყობინა სარჩელის თაობაზე და, აღნიშნულის გამო, ც----------–-–---–მა ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოდგენა. 2017 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სარჩელი (ტ.1., ს.ფ. 49-50, 85-88).
4.6. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული იყო არასაპატიო მიზეზით, ვინაიდან შესაგებელი ჩაიბარა მისმა შვილმა და ამ დროისთვის აპელანტი იმყოფებოდა ქალაქგარეთ უვლიდა რა სარეცელზე მიჯაჭვულ მამამთილს, რომელიც მალევე გარდაიცვალა. აპელანტისთვის განკუთვნილი კონვერტი ც.გ--–-–---–ის შვილს არ გაუხსნია და მათ არ იცოდნენ მისი შინაარსი, შესაბამისად, აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესრულებინა მისი საპროცესო ვალდებულება, თუმცა, კიდეც რომ სცოდნოდა მისი შინაარსი, მაინც მოკლებული იყო შესაძლებლობას წარმოედგინა შესაგებელი, ვინაიდან იგი ერთადერთი მომვლელი იყო. გარდა ამისა სასამართლომ მიუხედავად შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოსი და ამორალური და ზნეობის საწინააღმდეგო საპროცენტო სარგებლისა მაინც მიიჩნია, რომ იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ.1., ს.ფ.96-101).
4.7. მაშასადამე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს მისი ოჯახის წევრის მეშვეობით კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელისა და თანდართული საბუთების ასლები, შესაბამისად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ აპელანტის შვილს ჰქონდა შესაძლებლობა გზავნილი გადაეცა ადრესატისთვის, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით ან არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. სსსკ-ის 201 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სსსკ-ის 240 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ც. გ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ც----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები: გელა ქირია
ამირან ძაბუნიძე