განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310013371689
საქმე №3ბ/1521-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
25 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ-----------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი - ლ-–---------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 22 ივლისის №0----- დადგენილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 20 სექტემბრის №2--- განკარგულება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მათი მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ-----------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, დ-----ს ს--–---–ო-ს-–----– მ-----------ში მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრების გარეთ, ორ ადგილას განხორციელებულია ღობის (ორი ჭიშკრით) მშენებლობა. ასევე უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია მითითებული მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაცია. (იხ. სასარჩელო განცხადება, მოსარჩელის წარმომადგენლის ზეპირი განმარტებები სასამართლო სხდომაზე)
4.2. 2013 წლის 3 ივნისს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქე მ-----------–-–---–ის მიმართ გაიცა №0----- მითითება, რომლითაც მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღე. მითითებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, დ-----ს ს--–---–ო-ს-–----– მ-----------ში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორ ადგილას შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია კაპიტალური ღობის (ორი ჭიშკრით) მშენებლობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა, წარედგინა არსებული სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი. ასევე განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები; (ს.ფ. 26).
4.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 25 ივნისის №0----- შემოწმების აქტში დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2013 წლის 3 ივნისის მითითებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებობა; (ს.ფ. 104-105)
4.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 22 ივლისის №0----- დადგენილებით მ-----------–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ქ. თბილისში, დ-----ს ს--–---–ო-ს-–----– მ-----------ში ორი კაპიტალური ღობის (ორი ჭიშკრით) მშენებლობისათვის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. პასუხისმგებლობა განისაზღვრა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. მას ასევე დაევალა უნებართვოდ აშენებული ორი კაპიტალური ღობის (ორი ჭიშკრით) დემონტაჟი; (ს.ფ. 98-100)
4.5. 2013 წლის 2 სექტემბერს მ-----------–-–---–მა №1------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 22 ივლისის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 26 სექტემბრის №2--- განკარგულებით მ-----------–-–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე; (ს.ფ. 152-155; ს.ფ 141-144)
4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე მ-----------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების (146 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 83 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (სხდომის ოქმი №362) ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, მ-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №362) მ-----------–-–---–ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით #ბს-801-787 (კ-14) დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე. (ს.ფ 202- 212)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ჩატარებული სამუშაოები განხორციელდა 2005 წლამდე, არ უნდა მომხდარიყო მისი დაჯარიმება. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა სასამართლო განხილვისას განმარტეს, რომ მართალია, ვერ დადგინდა ღობის აშენების ზუსტი დრო, მაგრამ ღობის ამჟამინდელი იერსახე მიუთითებს იმაზე, რომ 1998 წლისთვის ასეთი სახის კონსტრუქცია ვერ იქნებოდა აშენებული. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მშენებლობა წარმოებულია 2005 წლამდე. თუმცა, ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი ვერ გამოირიცხებოდა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგან სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას. დარღვევით წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროდუქტი - სამშენებლო ობიექტი ან მისი ნაწილი სამუშაოების დამთავრების შემდეგაც რჩება და შეუძლია, გამოიწვიოს ყველა იმ საჯარო თუ კერძო ინტერესის ხელყოფა, რომლის დაცვასაც ემსახურება სამშენებლო საქმიანობის საკანონმდებლო მოწესრიგება. ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დროში განგრძობად პროცესს, მასზე რეაგირება ხორციელდება დარღვევის გამოვლენის მომენტში მოქმედი საკანონმდებლო დანაწესების შესაბამისად. ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მშენებლობის განხორციელების დროის შესახებ, სასამართლომ ვერ გაიზიარა მისი არგუმენტი ქმედების არასწორ კვალიფიკაციასთან მიმართებაში. კერძოდ, მისი მტკიცებით, ქმედება ჩადენილია არა ქ. თბილისის, არამედ - მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებშიც შედიოდა მშენებლობის განხორციელების დროს დ-----ს ს--–---–ო-ს-–----–ი მ-----------. მოსარჩელეს პროცესუალური ვალდებულება ეკისრება, ამტკიცოს მის მიერ მითითებული ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომლის მტკიცებაც მისთვის ლოგიკურად ხელმისაწვდომია. თუმცა, ამ ფაქტის დასადასტურებლად მას არ წარმოუდგენია საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები. წარმოდგენილი ორთოფოტოს (იხ. ს.ფ. 59) საშუალებით შეუძლებელია, დადგინდეს, არსებობდა თუ არა დღევანდელი მდგომარეობით ღობე და ორი ჭიშკარი 2005 წელს.
საქმის მასალების მიხედვით, მ-----------–-–---–მა მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარება ავტომატურად არ გამორიცხავს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის დადგენას. საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე წარმოიშობა უფლების რეგისტრაციის მომენტიდან. მას უკუქცევითი მოქმედება არ აქვს. საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის მომენტამდე მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მასზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობა სამართალდარღვევად უნდა დაკვალიფიცირდეს, თუკი არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ლეგალიზების შესახებ. ლეგალიზება ხორციელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. ეს აქტი არ ადგენს პირდაპირ ამნისტიას ამ მომენტამდე განხორციელებული უნებართვო მშენებლობების მიმართ, არამედ - განსაზღვრავს, რომ ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღნიშნული ობიექტები აღარ ითვლება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებულად. ამდენად, ლეგალიზების საფუძვლების არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ეს ობიექტი არ უნდა ჩაითვალოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებულად. ამისათვის აუცილებელია სათანადო პროცედურის შედეგად უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ობიექტის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი აქტი არ არის გამოცემული. შესაბამისად, სასამართლომ ვერ შეაფასა, ექცევა თუ არა ობიექტი ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის #660 ბრძანებულების მოქმედების სფეროში. საქმის განხილვის ეტაპზე გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არის მიღებული. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტამდე უნებართვოდ აშენებულად ითვლება ისეთი ობიექტი, რომლის აშენებაც კომპეტენტური ორგანოს ნებართვას საჭიროებდა.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტების კანონიერების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის ლეგალიზების თაობაზე მოსარჩელეს არ აქვს წარდგენილი განცხადება უფლებამოსილ ორგანოში. უფრო მეტიც - მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი. თუმცა, როგორც აღინიშნა, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი ვერ შეიცვლებოდა ქმედების კვალიფიკაცია, რადგან საკუთრების უფლება უკუქცევითი მოქმედებით არ წარმოიშობა. ამასთან, თუკი უნებართვოდ აშენებული ობიექტი არ არის ლეგალიზებული, იგი უკანონოდ ითვლება. საკუთრების უფლების აღიარებით კი ლეგალიზების საკითხი ავტომატურად არ წყდება.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, რომ ღობე არ არის განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რადგან მიწის ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებად. სასამართლომ განმარტა, რომ რადგანაც მიწის ფართობზე მოსარჩელის საკუთრების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, იგულისხმება, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
მოსარჩელე ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითებს, რომ აშენებული ღობე პირველი კლასის ნაგებობას განეკუთვნება, რის გამოც, იგი არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის გაცემას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების" დამტკიების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში მოცემულია I კლასის შენობა-ნაგებობის განსაზღვრება, რომელიც 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია, განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მე-10 პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
ამგვარად, თუნდაც დადგენილი იყოს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოებული მშენებლობა I კლასის შენობა-ნაგებობათა კლასს მიეკუთვნება, იგი მაინც უნებართვო მშენებლობად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლასის შენობა-ნაგებობისთვის მშენებლობის ნებართვა არ არის აუცილებელი, შესაბამისი მოთხოვნების (განზრახული მშენებლობის შესახებ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის სავალდებულო შეტყობინება) დაუცველობის გამო, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა. ასეთი მოთხოვნები კი მ-----------–-–---–ის მიერ არ ყოფილა შესრულებული.
6. მ-----------–-–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. მ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო გარემოებად ის, რომ მ-----------–-–---–მა აწარმოა მშენებლობა ღობისა (ორი ჭიშკრით) მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრების გარეთ და ვერ წარმოადგინა მითითებული მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაცია, რითაც მან დაარღვია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს მოთხოვნები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ-----------–-–---–მა სწორედ ეს ფაქტი გახადა სადაოდ და არ შეასრულა ზედამხედველობის სამსახურის უკანონო და დაუსაბუთებელი მითითება და მოთხოვნა ღობისა და ჭიშკრის დემონტაჟზე. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა 2013 წლის 06 ივნისს თბილისის მერიას და მოითხოვა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 22 ივლისის N 0----- დადგენილების არარა აქტად აღიარება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებანი - მეზობლების ა-----–--------------ა და გ--------------ის ნოტარიულად დამოწმებული დადასტურებანი, რომლითაც ისინი განმარტავენ, რომ მ-----------–-–---–მა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შემოღობა 1998 წელს ჯერ მავთულის ბადით, შემდეგ კი ეტაპობრივად ახდენდა მის შეკეთებას. ბოლოს ღობე მან 2012 წელს შეაკეთა, რადგან ღობე საქონლისაგან დაზიანებული იყო. მისი ნაკვეთის წინ გზა არასოდეს ყოფილა და არც დავა ყოფილა ამის თაობაზე. მოსამართლემ ასევე არ გაითვალისწინა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ არანაირ სამშენებლო დარღვევას არ ჰქონია ადგილი და ვერც ექნებოდა, რადგან მოსარჩელეს არანაირი სამშენებლო საქმინობა არ უწარმოებია - 2012 წელს შეკეთდა მხოლოდ დაზიანებული ღობე და ჭიშკრები.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ 06.06.2013 წელს მერიის ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 04 ივნისის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი არც სახელმწიფოს საკუთრება იყო და არც თვითმმართველი ერთეულის. ის წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულს, რაც სახელმწიფოს მიერ ნებადართულია და სწორედ ასეთ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად არის მიღებული საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და 15.09.2007 წლის N 525 ბრძანებულებით დამტკიცებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად ის, რომ მ-----------–-–---–მა სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მშენებლობა წარმოებულია 2005 წლამდე. მოსარჩელე ვერ წარმოადგენდა მშენებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რადგან არანაირი მშენებლობა მას არ უწარმოებია. მოსარჩელემ წარმოადგინა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული დასტური და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ მას არნაირი მშენებლობა არ უწარმოებია და არც კანონი დაურღვევია. ეს მტკიცებულებანი ერთვის საქმე, მაგრამ მას მოსამართლე არ აფასებს და არ იყენებს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით N ბს-801787(კ-14) დასაშევებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიიღო მერიის საკასაციო საჩივარი, მაგრამ დაუშვებლად ცნო, რის შემდეგ კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
მოსარჩელემ საკუთარი მიწის ნაკვეთი შემოღობა 1998 წელს, შემდეგ კი ეტაპობრივად აკეთებს დაზიანებულ ღობეს და ჭიშკრებს, რადგან ის არ ცხოვრობს ამ მიწის ნაკვეთში და იქ მცხოვრებთა საქონელი ხშირად აზიანებს ღობეს. მოსარჩელემ მერიას წარუდგინა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული დასტური, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეღობილი აქვს 1998 წლიდან და აქ გზა არასოდეს ყოფილა. ასევე, წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რითაც დასტურდება, რომ აღნიშნული ნაკვეთი არ არის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. მიუხედავად ამისა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არ გაითვალისწინა მოსარჩელის არგუმენტები და გაატარა კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებები.
დღეისათვის ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ-----------–-–---–ის მოთხოვნა და ლეგალიზების კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი აქტი საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში იმის გამო, რომ კომისიამ უსაფუძვოდ უთხრა უარი მოთხოვნის ნაწილის დაკმაყოფილებაზე. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----------–-–---–ს 1998 წლიდან მთლიანად აქვს შემოღობილი ერთი მიწის ნაკვეთი და არანაირი მშენებლობა არ უწარმოებია.
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მ-----------–-–---–ის მიერ 2013 წლის აპრილში სამართალდაღღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება და აღიარა, რომ ვერ დგინდება ღობის აშენების ზუსტი დრო, მოსამართლემ მტკიცებულების ძალა მისცა მოპასუხის არგუმენტს: „ღობის ამჟამინდელი იერსახე მიუთითებს იმაზე, რომ 1998 წლისთვის ასეთი სახის კონსტრუქცია ვერ იქნებოდა აშენებული“. ამ დაყრდნობით დაადგინა, რომ „მ-----------–-–---–ის მიერ განხორციელდა ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რაც იწვევს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა, რომ სამართალდარღვევის საკითხის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დროს. სასკ-ის მე-17 მუხლის თანახმად „მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართლევბრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი“.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა) მ-----------–-–---–ს არანაირი უკანონო მშენებლობა არ უწარმოებია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე; ბ) მას 1998 წლიდან მთლიანად აქვს შემოღობილი მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი დაუზუსტებელია და საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად აუცილებელი ხდება მისი ლეგალიზაცია; გ)მის მიწის ნაკვეთზე არ არის გზა; დ) მის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილს მინიჭებული აქვს თვითნებურად დაკავებულის კატეგირია; ე) მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი 146 კვ.მ. და 83კვ.მ მიწის ფართის დაკანონებაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დადგენილების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
აღნიშნული დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობის საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობების, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილში განმარტებულია ,,გაბარიტების ცვლილების" შინაარსი. კერძოდ: გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ”გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა- ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
მოცემულ შემთვევაში დადგენილია, რომ მ-----------–-–---–ის მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, დ-----ს ს--–---–ო-ს-–----–ი მ-----------ში მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრების გარეთ, ორ ადგილას ღობის (ორი ჭიშკრით) მშენებლობა.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ჩატარებული სამუშაოები განხორციელდა 2005 წლამდე, არ უნდა მომხდარიყო მისი დაჯარიმება. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განმარტავდნენ, რომ მართალია, ვერ დადგინდა ღობის აშენების ზუსტი დრო, მაგრამ ღობის ამჟამინდელი იერსახე მიუთითებს იმაზე, რომ 1998 წლისთვის ასეთი სახის კონსტრუქცია ვერ იქნებოდა აშენებული. აპელანტის მიერ არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მშენებლობა წარმოებულია 2005 წლამდე. თუმცა, ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი ვერ გამოირიცხებოდა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგან სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას. დარღვევით წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროდუქტი - სამშენებლო ობიექტი ან მისი ნაწილი სამუშაოების დამთავრების შემდეგაც რჩება და შეუძლია, გამოიწვიოს ყველა იმ საჯარო თუ კერძო ინტერესის ხელყოფა, რომლის დაცვასაც ემსახურება სამშენებლო საქმიანობის საკანონმდებლო მოწესრიგება. ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დროში განგრძობად პროცესს, მასზე რეაგირება ხორციელდება დარღვევის გამოვლენის მომენტში მოქმედი საკანონმდებლო დანაწესების შესაბამისად. ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც აპელანტს საქმის განხილვის არცერთ სტატიაზე არ წარმოუდგენია მტკიცებულება მშენებლობის განხორციელების დროის შესახებ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის არგუმენტს ქმედების არასწორ კვალიფიკაციასთან მიმართებაში. კერძოდ, მისი მტკიცებით, ქმედება ჩადენილია არა ქ. თბილისის, არამედ - მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებშიც შედიოდა მშენებლობის განხორციელების დროს დ-----ს ს--–---–ო-ს-–----–ი მ-----------. აპელანტს პროცესუალური ვალდებულება ეკისრება, ამტკიცოს მის მიერ მითითებული ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომლის მტკიცებაც მისთვის ლოგიკურად ხელმისაწვდომია. თუმცა, ამ ფაქტის დასადასტურებლად მას არ წარმოუდგენია საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები. წარმოდგენილი ორთოფოტოს (იხ. ტ.1 ს.ფ. 59) საშუალებით შეუძლებელია, დადგინდეს, არსებობდა თუ არა დღევანდელი მდგომარეობით ღობე და ორი ჭიშკარი 2005 წელს.
საქმის მასალების მიხედვით, მ-----------–-–---–მა მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით „საკუთრების უფლების აღიარება“ განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარება ავტომატურად არ გამორიცხავს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის დადგენას. საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე წარმოიშობა უფლების რეგისტრაციის მომენტიდან. მას უკუქცევითი მოქმედების ძალა არ აქვს. საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის მომენტამდე მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მასზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობა სამართალდარღვევად უნდა დაკვალიფიცირდეს, თუკი არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ლეგალიზების შესახებ. ლეგალიზება ხორციელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. ეს აქტი არ ადგენს პირდაპირ ამნისტიას ამ მომენტამდე განხორციელებული უნებართვო მშენებლობების მიმართ, არამედ - განსაზღვრავს, რომ ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღნიშნული ობიექტები აღარ ითვლება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებულად. ამდენად, ლეგალიზების საფუძვლების არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ეს ობიექტი არ უნდა ჩაითვალოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებულად. ამისათვის აუცილებელია სათანადო პროცედურის შედეგად უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ობიექტის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი აქტი არ არის გამოცემული. შესაბამისად, სასამართლო ვერ შეაფასებს, ექცევა თუ არა ობიექტი ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების მოქმედების სფეროში. საქმის განხილვის ეტაპზე გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არის მიღებული. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტამდე უნებართვოდ აშენებულად ითვლება ისეთი ობიექტი, რომლის აშენებაც კომპეტენტური ორგანოს ნებართვას საჭიროებდა.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტების კანონიერების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის ლეგალიზების თაობაზე აპელანტს არ აქვს წარდგენილი განცხადება უფლებამოსილ ორგანოში. უფრო მეტიც - მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი. თუმცა, როგორც აღინიშნა, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი ვერ შეიცვლებოდა ქმედების კვალიფიკაცია, რადგან საკუთრების უფლება უკუქცევითი მოქმედებით არ წარმოიშობა. ამასთან, თუკი უნებართვოდ აშენებული ობიექტი არ არის ლეგალიზებული, იგი უკანონოდ ითვლება. საკუთრების უფლების აღიარებით კი ლეგალიზების საკითხი ავტომატურად არ წყდება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების" დამტკიების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში მოცემულია I კლასის შენობა-ნაგებობის განსაზღვრება, რომელიც 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია, განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მე-10 პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
ამგვარად, თუნდაც დადგენილი იყოს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოებული მშენებლობა I კლასის შენობა-ნაგებობათა კლასს მიეკუთვნება, იგი მაინც უნებართვო მშენებლობად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლასის შენობა- ნაგებობისთვის მშენებლობის ნებართვა არ არის აუცილებელი, შესაბამისი მოთხოვნების (განზრახული მშენებლობის შესახებ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის სავალდებულო შეტყობინება) დაუცველობის გამო, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა. ასეთი მოთხოვნები კი მ-----------–-–---–ის მიერ არ ყოფილა შესრულებული.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას იმის თაობაზე, რომ აპელანტის მიერ განხორციელდა ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რაც იწვევს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საკითხი, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -