განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2018
საქმის ნომერი
330100116001243047
ინსტანცია
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001243047

საქმე №1ბ/130-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძის

 

ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ლ-----–----–---–-ის და გ--------------–---–ის

ადვოკატის: დ-----------------ს

გამართლებულის: ი-------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების № 0-----------) გამართლებულის ი-------------ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------),საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მისამართის გარეშე. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი-------------ამ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტანსაცმლის ბაზრობაზე ი-------------ამ ნ----------–---–---–ს ყელიდან ჩამოგლიჯა და აშკარად გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი ოქროს ძეკვი და კულონი, რის შედეგადაც ნ----------–---–---–ს მიადგა 900 (ცხრაასი) ლარის მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

 

ი-------------ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----–----–---–--ემ.

 

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ი-------------ას მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ი-------------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ი-------------ას მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს, კერძოდ, თვით ი-------------ას ბრალდებულის სახით სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას, დაზარალებულ ნ----------–---–---–ის სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას, ასევე მოწმეების თ----------–---–---–-ს, ე-–--------------ს, რ------------------–---–-ს, გ-------------------ს, დ------–--------ის, ე-------------–-–---–-ს, ზ------------ის, ი-----–--------–--–---–-ს, თ---------–------–---–-ს, ნ-------------–-ს, ი------------–--ის ჩვენებებს, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ი-------------ას მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად ი-------------ამ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის - ოქროს ძეწკვის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც დაზარალებულ ნ----------–---–---–ისთვის მნიშვენლოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მითითებული მუხლით მოხდეს ი-------------ას მსჯავრდება, სახეზე უნდა იყოს, ის რომ მას ამოძრავებდა ნ----------–---–---–ის ოქროს ძეწკვის მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამ მიზნის მიღწევას იგი ახორციელებდა ძეწკვის აშკარად - სხვების შესამჩნევად დაუფლებით და მისი ეს ქმედება ნ----------–---–---–ს აყენებდა მნიშვნელოვან ზიანს, ე.ი. უნდა დგინდებოდეს, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების (სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება) მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, თუმცა ამოძრავებდა მისი მისაკუთრების მიზანი, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას (ნ----------–---–---–ისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, რომლის ოდენობაც აღემატება 150 ლარს) და სურდა ეს შედეგი.

 

საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით საერთოდ გამოირიცხა სხვისი ნივთის აშკარა დაუფლების ფაქტი და ის, რომ ი-------------ას ნ----------–---–---–თან და მის დასთან კონფლიქტში ამოძრავებდა სხვისი ნივთის დაუფლების განზრახვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე არ გავქვს ი-------------ას ქმედების ძარცვად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ზემოთ მითითებული არცერთი ნიშანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარის მთკიცებულებათა გამოკვლევის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ----------–---–---–მა აჩვენა, რომ მუშაობს ,,ახმეტელის მეტროს“ მიმდებარედ ტანსაცმლის ბაზრობაზე, ფეხსაცმელების სექციაში გამყიდველად. ამავე ბაზრობაზე ტვირთის გადამტანად მუშაობს ი-------------ა. 2016 წლის იანვარში ი-------------ამ მას სთხოვა ხურდა ფული და ვინაიდან მიიღო უარი, ასეთივე თხოვნით მიმართა იქვე მყოფ მის დას თ----------–---–---–ს. მისგანაც იგივე პასუხის მიღების გამო ი-------------ასა და თ----------–---–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი. ი-------------ა თმებში სწვდა თ----------–---–---–ს, ამ უკანასკნელის კივილზე მისულ ნ----------–---–---–ს ი-------------ამ გაშველებისას ყელზე მოქაჩა, რა დროსაც ჩამოწყვიტა ოქროს ძეწკვი. ნ----------–---–---–ი ასევე აჩვენებს, რომ ეცვა სვიტერი და პალტო. არ ახსოვს, სვიტერი იყო თუ არა დახურული და შეეძლო თუ არა ი-------------ას ძეწკვის დანახვა, მაგრამ დაადასტურა, რომ ი-------------ას ხელში ძეწკვი არ დაუნახია. პირადად არ გადაუცია პოლიციელებისთვის ძეწკვი და არც მისი ფასი იცის. ნივთმტკიცების ამოსაცნობად წარდგენისას მას წარუდგინეს მხოლოდ მისი გაწყვეტილი ძეწკვი და კულონი. იგი არ ამოუცვნია სხვა მსგავს ნივთებს შორის. დაზარალებულად ცნობის დადგენილება მისთვის არ წარუდგენიათ.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულ ნ----------–---–---–ის დამ თ----------–---–---–მა. მან დაადასტურა, რომ კონფლიქტი მას და ი-------------ას შორის ამ უკანასკნელის ხურდა ფულის მოთხოვნაზე უარს მოყვა, რა დროსაც ი-------------ამ დახლზე დალაგებული ფეხსაცმელები გადაუყარა, ხოლო შემდეგ თქმებზე მოქაჩა. გასაშველებლად მათთან მისულ ნ----------–---–---–ს ი-------------ამ მოქაჩა სვიტერზე. ნ----------–---–---–ს გაუწყდა ძეწკვი და დაეცა ძირს, იგი თვითონ აიღო და გადასცა თავის დას. თ----------–---–---–ს არ ახსოვს, როგორი სვიტერი ეცვა ნ----------–---–---–ს, თუმცა ადასტურებს, რომ პოლიციელების მოსვლას და ი-------------ას დაკავებას არ შესწრებია, რადგან მეგობართან ნ-------------–თან ერთად წავიდა სასადილოში.

ფაქტის თვითმხილველი მოწმეები: ე-–--------------, რ------------------–---–- და გ------------------- ადასტურებენ, რომ კონფლიქტი ნ----- და თ----------–---–---–თან ი-------------ას მიერ მათთვის ხურდა ფულის მოთხოვნას მოჰყვა და ი-------------ამ ნამდვილად მოქაჩა სვიტერზე ნ----------–---–---–ს, თუმცა ი-------------ას ხელში ოქროს ძეწკვი არ დაუნახიათ, ნ----------–---–---–ის ყელიდან ჩამოწყვეტილი ძეწკვის ნაწილი კი ეგდო ძირს. კონფლიქტის ამუწურვის შემდეგ ი-------------ა კვლავ ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მას თავიდან სისხლი სდიოდა. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

ზემოაღნიშნულ ბრალდების მოწმეთა ჩვენებებისაგან რადიკალურად განსხვავებულ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას იძლევიან პოლიციის თანამშრომლები დ------–--------ე, ე-------------–-–---–- და ნ-------------–--ა. კერძოდ, სამივე მოწმე ადასტურებს, რომ ,,ახმეტელის“ მეტროსკენ ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი ი-------------ა გააჩერეს, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და მისი მარჯვენა ხელიდან ამოიღეს ოქროს ძეწკვი, რაც მაშინვე წარუდგინეს დაზარალებულ ნ----------–---–---–ს, რომელმაც დაუდასტურა ნივთის კუთვნილება, რის შემდეგაც ამოღებული ნივთი დაილუქა ადგილზე. მოწმე ნ-------------–--ამ დაადასტურა, რომ მან გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილება ნ----------–---–---–ს, თუმცა ამ უკანასკნელმა დადგენილებას ხელი არ მოაწერა. მოწმეები ზ------------ე და ი-----–--------–--–---–- ადასტურებენ, რომ მათი მონაწილეობით მოხდა ნივთმტკიცების გახსნა და დალუქვა. მათ შორის მოწმე ზ------------ის ჩვენებით ნივთის ამოცნობა ჩატარებული იქნა თ----------–---–---–თან, რა დროსაც მას წარედგინა ორ სხვა ნივთთან ერთად ამოსაცნობი ნივთი და ამოიცნო, რაზედაც შეადგინა ოქმი, ხოლო მოწმე ი-----–--------–--–---–-ს ჩვენების თანახმად მან ჩაატარა ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერება, დაზარალებულ ნ----------–---–---–თან ნივთის ამოცნობა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ნივთმტკიცების დალუქვა.

 

ბრალად შერაცხული დანაშაულის გარემოებებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი-------------ამ. მისი ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს გლდანის ბაზრობაზე დამხმარე მუშად 5 წელია, რაც იცნობს ნ----- და თ----------–---–---–ებს, რომლებიც ასევე მუშაობენ ბაზრობაზე და მათათან აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2016 წლის იანვარში ახალი წლების დღეების გამო იყო ნასვამი და ნ----- და თ----------–---–---–ებს სთხოვა ხურდა ფული. თ----------–---–---–მა ამის გამო მათხოვარი უწოდა. ამიტომ გაბრაზებულმა ფეხი მიარტყა სკამს და შეკამათდნენ. ნ----------–---–---–ი მათ გასაშველებლად მივიდა, ნ-----ს სვიტერზე მოქაჩა, რომ გაეწია. მას არც კი დაუნახავს, ეკეთა თუ არა ყელზე ძეწკვი. პოლიციამ როცა დააკავა, მაშინ გაიგო, ნ-----ს ძეწკვი რომ გაუწყდა. თვითონ მოსდიოდა სისხლი, რადგან, როგორც ახსოვს, ფეხსაცმელი ესროლეს. დაიწყო ტირილი და ჩამოჯდა კიბეზე, საიდანაც აიყვანა პოლიციამ.

ი-------------ას ჩვენებას ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ი----------–-----–---–-, რომელიც უჩვენებს, რომ ჩამოწყვეტილი ძეწკვი ი-------------ას არც კი დაუნახავს და არსად წასულა. კამათის შემდეგ იჯდა იქვე კიბეზე, სისხლი სდიოდა და ტიროდა. გაწყვეტილი ძეწკვი თვით ნ----------–---–---–მა გადასცა პოლიცილებს. მოწმის სახით დაკითხული ნ-------------–- ასევე ადასტურებს, რომ გაწყვეტილი ძეწკვი არც კი დაუნახია ი-------------ას. თ----------–---–---–მა აიღო გაწყვეტილი ძეწკვის ნაწილი და გადასცა ნ----------–---–---–ს. ი-------------ა ტიროდა და დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს კონფლიქტის ადგილიდან. ანალოგიურ ჩვენებას იძლევა მოწმის სახით დაკითხული ი------------–--ე, რომელიც ადასტურებს, რომ ნ----------–---–---–ს ეცვა ყელიანი სვიტერი და პალტო. ძეწკვი კი სვიტერის შიგნით ეკეთა და ი-------------ას არ შეეძლო დაენახა. მას ასევე არ შეუნიშნავს ძირს დავარდნილი ძეწკვის ნაწილი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ი-------------ა წლებია, მუშაობს ბაზრობაზე და არასოდეს არაფერი მოუპარავს, პირიქით, დახლზე დარჩენილი ნივთები შეუნახია და მეპატრონისათვის დაუბრუნებია.

 

ამდენად; მტკიცებულებები, რომლებიც ი-------------ას ამხელენ მოცემული დანაშაულის ჩადენაში, არის პოლიციელების ჩვენებები. პალატა აფასებს და აანალიზებს რა მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ისინი დამაჯერებლობას და უტყუარობას მოკლებულია. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მოწმეთა ჩვენებების იმ მნიშვნელოვან ნაწილზე, სადაც ისინი განმარტავენ, რომ ი-------------ა დანაშაულის, კერძოდ, ძარცვის განხორციელების პროცესის შემდეგ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა ძეწკვი, რაც წარუდგინეს დაზარალებულ ნ----------–---–---–ს და შემდეგ ადგილზე დალუქეს. აღნიშნული ჩვენებები არ არის არცერთ სხვა მოწმის ჩვენებასთან თანხვედრაში.

პალატა აცხადებს, რომ ყოველგვარ ლოგიკას და დამაჯერებლობასაა მოკლებული. პოლიციელთა აღნიშნული ჩვენებების შინაარსი და უარყოფილია როგორც თავად ბრალდების მხარის მოწმეების, ისე დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით.

 

სააპელაციო პალატა დასახელებულ პოლიციელთა ჩვენებების ანალიზის შემდგომ მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით მხარის მიერ მოპოვებული მასალის (ინფორმაციის) სასამართლოსათვის წარდგენა, ამ მასალას (ინფორმაციას) ავტომატურად არ აქცევს გასაზიარებელ მტკიცებულებად, რადგან წარდგენის შემდეგ მტკიცებულებამ (მხარეთა მიერ მოპოვებულმა და სასამართლოსათვის წარდგენილმა მასალამ (ინფორმაციამ)) უნდა გადალახოს რამდენიმე ,,ბარიერი“, ანუ მტკიცებულება უნდა შეფასდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან მისი, რელევანტურობის, დასაშვებობის, და უტყუარობის თვალსაზრისით (საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი), რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაძლოა, კონკრეტული მტკიცებულება აკმაყოფილებდეს ორ „ბარიერს“ - ანუ სახეზე იყოს მისი საქმესთან რელევანტურობა და დასაშვებობა, მაგრამ არასაკმარისი უტყუარობის გამო იგი არ იქნას გაზიარებული. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პოლიციელთა ჩვენებები განსახილველ საქმესთან მიმართებით ნაკლები დამაჯერებლობისა და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებთან აშკარა შეუთანხმებლობის გამო ვერ ლახავს უტყუარობის ბარიერს და პალატის მიერ ისინი ვერ იქნება გაზიარებული. საგულისხმოა, რომ დასახელებულ პოლიციელთა ჩვენებები სწორედ იმ ნაწილში განსხვავდებიან დაცვისა და ბრალდების სხვა მტკიცებულებებისგან, რომლებიც ეხება ი-------------ას ძარცვაში მხილებისათვის აუცილებელ ინფორმაციას - სავსებით ბუნებრივია, რომ ძარცვის ჩამდენი პირი დანაშაულებრივი ქმედების დასრულებისთანავე ცდილობდეს შემთხვევის ადგილის დატოვებას და მას თან ჰქონდეს ნაძარცვი ნივთი. პოლიციელები უშუალოდ შემთხვევას არ შესწრებიან და კონფლიქტის ადგილზე მივიდნენ მოგვიანებით. ისინი შეესწრნენ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მოვლენების განვითარებას. როგორც აღინიშნა, მათი ჩვენებების შინაარსი არ დაადასტურა საქმეზე დაკითხულმა არცერთმა მოწმემ. იმის გთვალისწინებით, რომ ამ მოწმეების სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშულის გამოვლენა და აღკვეთა სახეზეა ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ თავიაანთ ჩვენებებში განზრახ ამხილონ ი-------------ა ძარცვის ჩადენაში.

 

გარდა იმისა, რომ ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურდა ი------------ ხელში ოქროს ძეწკვის და კულონის არსებობა, აღნიშნული პოზიცია გაამყარა სასამართლო სხდომაზე ოქროს ძეწკვის და კულონის გამოკვლევამაც, რა დროსაც გახსნილი იქნა ერთი ცალი პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ნ----------–---–---–ის კუთვნილი ოქროს ნივთები და რომელიც დალუქული იყო მას შემდეგ, რაც ნ----------–---–---–თან ჩატარდა მისი ამოცნობა. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომელიც შედგენილია ე-------------–-–---–-ს და დ------–--------ის მიერ, ირკვევა, რომ ი-------------ას ხელიდან ამოღებული ნივთები ერთ პაკეტად დაილუქა N27/10/3 ლუქით, მიეთითა თარიღი და მოეწერა ხელი. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, დათვალიერებული იქნა ი-------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყელსაბამი, რომელიც მოთავსებული იყო ერთ პაკეტში და დალუქული იყო ლუქით N27/10/3, ხოლო მას შემდეგ, რაც ნ----- და თ----------–---–---–ებთან ჩატარდა ნივთის ამოცნობა, ისინი კვლავ დაილუქა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გახსნილ პაკეტში უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი ლუქი, რომლითაც თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე მოხდა მითითებული ნივთების დალუქვა. თუმცა ასეთი ლუქის არსებობა სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა.

როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურდა, რომ ი-------------ას დაკავება მოხდა ბაზრის ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილიდან ცოტა მოშორებით, ხოლო გამომძიებლების, დ------–--------ის და ე-------------–-–---–-ს ჩვენებებით, ი-------------ა გარბოდა ახმეტელის მეტროს მიმართულებით, რის გამოც დაედევნენ მას, შეაჩერეს და დააკავეს. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოება ეჭვქვეშ აყენებს დამკავებელი და ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებების და მათ მიერ შედგენილი ოქმების სანდოობას.

სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს ასევე ნ----------–---–---–თან და თ----------–---–---–თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - ნივთის ამოცნობის სისწორეს და სანდოობას, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, თუ ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მოხდა ამოღებული ნივთების დალუქვა და შემდეგ, ამოცნობის ჩატარებისთვის მათი გახსნა და საგამოძიებო მოქმედების დამთავრებისას კვლავ მათი დალუქვა, სასამართლო სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევისას უნდა ყოფილიყო ორი ლუქი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა უთითებს, რომ საფუძველსაა მოკლებული აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ძველი ლუქის შენახვის ვალდებულებაზე სისხლის სმართლის საპროცესო კოდექსის მუხლი არ უთითებს. როდესაც სასმართლო მტკიცებულებებს აფასებს მისი უტყუარობის და დამაჯერებლობის თვალსაზრისით გამორიცხული უნდა იქნას ყოველგვარი ეჭვი. სწორედ ამ ეწვის გამორიცხვას შეძლებდა აპელანტი, თუკი ნივთმტკიცების პაკეტში არსებული ძველი ლუქების რაოდენობა და თარიღები დაემთხვეოდა იმ თანმიმდევრობას და როგორც ეს საქმის მსალებსია აღნიშნული. აპელანტმა არგუმენტირებულად ვერ დაასაბუთა ნივთმტკიცების მორიგი გახსნისას რა ოსაზრებით არ იქნა შენახული ძველი ლუქი, რატომ მოხდა მისი განადგურება, თუკი ასეთს მართლაც ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, ამოცნობის ოქმების თანახმად, ნ----- და თ----------–---–---–ებს ამოსაცნობად წარედგინათ სამი ერთმანეთის მსგავსი ოქროს ძეწკვი და კულონი, რაც მათი ჩვენებებით არ დადასტურებულა, ხოლო ნ----------–---–---–მა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი, თავისი ძეწკვი და კულონი აჩვენეს პოლიციის განყოფილებაში. გარდა ამისა, ამოცნობის ოქმს არ ერთვის ამოსაცნობი ნივთების ფოტოები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ამოცნობა ჩატარდა 3 ობიექტზე, ოქმში მხოლოდ სიტყვიერადაა მითითებული, რომ ამოცნობა ტარდება სამ სხვადასხვა ობიექტს შორის. დაზარალებულის მიერ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაზე ხელის მოწერაზე უარი პროკურორმა ახსნა იმით, რომ შემთხვევიდან დაზარალებულად ცნობამდე გავიდა საკმაო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ი-------------ამ შეძლო ნ----------–---–---–ზე ზემოქმედება და ამ უკანასკნელმა სიბრალულის თუ სხვა მოტივით უარი განაცხადა დაზარალებულად ცნობის დადგენელიბის ხელმოწერაზე.

პროკურორის ამგვარ ახსნას პალატა ვერ გაიზიარებს. დაზარალებული პირველივე დაკითხვისას აცხადებდა, რომ ი-------------ას მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა და არ სურდა მისი დასჯა. ბუნებრივია დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობისას შეეძლო იგივე პოზიციის დაფიქსირება და ამისთვის არ იყო საჭირო დადგნილებაზე ხელმოწერისგან თავის შეკავება. ამიტომ გაზიარებული უნდა იქნას ნ----------–---–---–ის ჩვენება იმის შესახებ, რომ მისთვის დაზარალებულად ცობის შესახებ დადგენილება გასაცნობად არავის წარუდგენია და არც ხელმოწერა შეუთავაზებიათ. ყოველივე აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ საქმეზე ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებეის მოპოვების და დამაგრების დროს ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დაუცველობას, რაც ამ მტკიცებულებათა სანდოობაში და დამაჯერებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველია.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოძიება არასრულყოფილია, ხოლო მტკიცებულებათა (დაკავება და პირადი ჩხრეკა, ნივთის ამოცნობა, ნივთის გახსნა და დათვალიერება) მოპოვების დროს არ არის სრულად დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ი-------------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი-------------ამ მოცემული დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი-------------ას სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს არამარტო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ი-------------ამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ი-------------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ი-------------ას მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ი-------------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გამართლებულ ი-------------ას განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ი-------------ას პირადი ჩხრეკის ოქმით ამოღებული ოქროს ძეწკვი და კულონი დალუქულ მდგომრეობაში, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე