განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2018
საქმის ნომერი
330100117002197394
ინსტანცია
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002197394

საქმე #1ბ/231-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

22 მარტი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

სხდომის მდივანი: ეკატერინე დიხამინჯია

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენით;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თინა ბუგიანიშვილი, გურამ კრავეიშვილი;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - რ-----------–---–ი - დაბადებული 1985 წლის 25 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ-------–-----------------–---–-------------–-.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულ რ-----------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის N1/5037-17 განაჩენის გაუქმება, იმ მოტივით, რომ განაჩენი იყო უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი.

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა რ-----------–---–მა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, საპატიმრო სასჯელის ნაცვლად არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, სხვა ნაწილში, კერძოდ, მის მიმართ წაარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის ნაწილში, დაეთანხმა განაჩენს.

ბრალდების მხარემ წარმოადგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის N1/5037-17 განაჩენი ძალაში დატოვება, რასაც მხარი სასამართლო სხდომაზე დაუჭირეს პროკურორებმა თინა ბუგიანიშვილმა და გურამ კრავეიშვილმა.

სასამართლომ დაადგინა:

რ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 05 ნოემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ-----------–---–ი დაახლოებით 14:00 საათზე, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ დას - ნ----------–---–ს, რომელიც ძმასთან კონფლიქტისგან თავის დასაღწევად სახლის საძინებელ ოთახში შევიდა და ჩაკეტა კარი. რ-----------–---–მა განაგრძო მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხით შეამტვრია კარი და ნ----------–---–ს ფიზიკურად გაუსწორდა, კერძოდ, რამდენჯერმე ხელი ჩაარტყა კეფის არეში, რის შედეგადაც ნ----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ----------–---–მა რ-----------–---–ისგან ფიზიკური ძალადობისგან თავის დაღწევა გაქცევით შეძლო და დახმარებისთვის მიმართა პოლიციას.

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ-----------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და მიაჩნია, რომ რ-----------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია სასამართლოს მიერ მის მიმართ არაერთი შემაკავებელი ორდერის გამოცემა, მისი დის - ნ----------–---–ის და დედის - დ--–-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

პალატას ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებული რ-----------–---–ი ხასიათდება უარყოფითად, რადგან ის ნასამართლევია მისი დედის - დ--–-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას მისთვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებული პიროვნების და დამამძიმებელი გარემოებების გათვალწინებით, რ-----------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას, ასევე დანაშაულის პრევენციას.

პალატა მსჯავრდებულ რ-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებების, ასევე მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების, შემდეგ პალატას მიაჩნია, რომ რ-----------–---–ს ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი და პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო იქნება მისთვის დამაფირებელი, რათა შეაფასოს მისი შეცდომები, გათავისუფლდეს მავნე ჩვევებისგან და დაფირდეს თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის რ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის N1/5037-17 განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის N1/5037-17 განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

3. რ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

4. რ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 05 ნოემბრიდან;

 

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

6. საქმეზე მტკებულებად ცნობილი - სისხლის სამართლის საქმეზე დართული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 01 (ერთი) ცალ დისკზე, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7. საქმეზე მტკებულებად ცნობილი - კარის საკეტის რკინის დეტალები, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღემის შემდეგ განადგურდეს;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე რევაზ ნადარაია