განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002098508, N1/ბ-267-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული - ნ------------------–-----–----ია, დაბადებული 1--- წლის 2------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, მცხოვრები: თ---–-------–-------------------------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასჯელი:
ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ნ-------–-----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლო შემოიფარგლა ორი დაინტერესებული მოწმის (დაზარალებულის და მისი შვილიშვილის) ჩვენებებით და არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წინასწარი გამოძიების დროს გამოკითხული, შემთხვევის თვითმხილველი პირების, მათ შორის მეზობლების ჩვენებები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნ-------–-----ას მხრიდან ნ--–----------ის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია (იხ. სააპელაციო საჩივარი).
ბრალდების მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, ნ-------–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2017 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ---–--–-----–--------------------------- კორპუსის მიმდებარედ ნ-------–-----ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ--–----------ეს. ბრალდებულმა თავის არეში დაარტყა ხელი დაზარალებულს, რის გამოც ეს უკანასკნელი წაბორძიკდა და წაქცევის შედეგად გაიკაწრა მარცხენა ხელი. შედეგად ნ--–----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ნ-------–-----ას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ნ--–----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს, საცხოვრებელი კორპუსის (მის: თბილისი, გ-–-----------------------------) სადარბაზოს შეკეთებაზე უკმაყოფილება გამოთქვა სამუშაოების ხელმძღვანელთან, რა დროსაც მასთან მივიდა კორპუსის თავმჯდომარე ნ-------–-----ა, რომელმაც დაუწყო ყვირილი და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ წასულიყო, თორემ ითრევდა თმებით. ჩათვალა, რომ ნ-------–-----ასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, შეტრიალდა და გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რა დროსაც ნ-------–-----ამ მას ზურგიდან თავის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც წაბარბაცდა და შემოღობილ სადარბაზოსთან არსებულ თუნუქზე გაიჭრა მარცხენა ხელი. ამ დროს მასთან ჩავიდა მისი შვილიშვილი მ----------------–---–ი, რომელსაც ნ-------–-----ამ ასევე მიმართა უშვერი სიტყვებით. მომხდარზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დაზარალებულის განმარტებით მან მომხდარის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმე მ----------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 12 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მას ფანჯრიდან შემოესმა ყვირილის ხმა, რაზეც გადაიხედა და დაინახა, რომ იმ მომენტში ბებიამისი ნ--–----------ე მიტრიალდა, ხოლო ნ-------–-----ა გადმოხტა და თავში ჩაარტყა ხელი ძალიან მწარედ, დარტყმის შედეგად ბებია ჩამოეკიდა „ჟეშტებს“ და გაიკაწრა ხელი.
მოწმე ნ-------–---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან (მის: თბილისი, გ-–---------------------------------------) შემოესმა ყვირილის, ჩხუბის და უწმაწური სიტყვების ხმა, რაზეც გადაიხედა აივნიდან და დაინახა, რომ ჩხუბობდნენ ნ-------–-----ა და ნ--–----------ე. მოწმემ აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა აივნიდან გადახედვამდე დაარტყა თუ არა ხელი ნ-------–-----ამ ნ--–----------ეს, ამის თქმა არ შეუძლია.
სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე გ-------–-------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 12 აგვისტოს ალაგებდა ავტოფარეხს, რა დროსაც შემოესმა ყვირილის და ლანძღვის ხმა. გასვლისას ნახა, რომ შელაპარაკება იყო კორპუსის თავმჯდომარე ნ-------–-----ას და კორპუსის მაცხოვრებელ ნ--–----------ეს შორის. დაინახა, რომ ნ-------–-----ამ ხელი მოჰკიდა ნ--–----------ეს და უთხრა გასულიყო და მიეცა მუშებისთვის მუშაობის საშუალება. ამ დროს თვითონ კვლავ შეტრიალდა ავტოფარეხში და არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ხელი ნ-------–-----ამ ნ--–----------ეს.
მოწმე ლ-–--–---------ას ჩვენების თანახმად, მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში. 2017 წლის 12 აგვისტოს განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. შეტყობინების თანახმად, გლ-------------------------------------ის მაცხოვრებელი ნ--–----------ე აცხადებდა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეზობელმა ნ-------–-----ამ, რის გამოც გამოძახებული ჰყავდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. მან ნ--–----------ისგან ამოიღო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული სამედიცინო ბარათი, გამოძიების მსვლელობისას მის მიერ დაიკითხნენ მოწმეები და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ--–----------ეს მიღებული ჰქონდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გამოძიებით მითითებულ თარიღს. მან ასევე ბრალდებულ ნ-------–-----ას გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება და გადასცა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 აგვისტოს N0-------- დასკვნის თანახმად, ნ--–----------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება ერთი ნაკაწრის სახით, რომელიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.
ბრალდებულმა ნ-------–-----ამ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისი მხრიდან ნ--–----------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დღეს კორპუსში დაწყებული კიბეების შეკეთების დროს დაზარალებულმა თავად დაიწყო ჩხუბი, ითხოვდა კიბეების მთლიანად გაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ არ მისცემდა მუშას სამუშაოს შესრულების საშუალებას. მათ შორის მოხდა შელაპარაკება, მან დაზარალებულს ხელი მოჰკიდა და უთხრა გასულიყო იქიდან, რაზეც ნ--–----------ემ დაუძახა შვილიშვილს და უთხრა გამოეძახა პოლიცია, ვინაიდან ნ-------–-----ას ძალით უნდოდა მისი გაყვანა.
მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი. ერთჯერადად განხორციელებული ძალადობის ფაქტი - ხელის დარტყმა სრულად მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს - სხვაგვარ ძალადობას.
მოცემულ შემთხვევაში, არც ნ-------–-----ა უარყოფს კონფლიქტის ფაქტს, თუმცა გამორიცხავს ნ--–----------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და აღნიშნავს, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის და მისი შვილიშვილის ჩვენებას, ხოლო მისი და მეზობლების ჩვენებები არ გაიზიარა.
მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება. ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობის შეფასებისას, ყურადღება უნდა მიექცეს თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს და იმ პირობებს, რა პირობებშიც მათ მისცეს ჩვენებები. გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, 112-ში დარეკა ნ--–----------ემ და მიუთითა კორპუსის თავმჯდომარის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის შესახებ. მისი განმარტება შესაბამისობაშია მოწმე მ----------------–---–ის ჩვენებასთან. ის გარემოება, რომ მოწმე დაზარალებულის შვილიშვილია და მიკერძოებულია, ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული. დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ნ--–----------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება ერთი ნაკაწრის სახით, რომელიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული დასკვნა შეესაბამება ნ--–----------ის განმარტებას, რომლითაც მან განმარტა, რომ ნ-------–-----ას დარტყმის შემდეგ წაბარბაცდა და შემოღობილ სადარბაზოსთან არსებულ თუნუქზე გაიჭრა მარცხენა ხელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისთვის ფიზიკური ტკივილის შეგრძნება შეფასებითი ცნებაა და მთლიანად დამოკიდებულია დაზარალებულის მიერ ტკივილის აღქმაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, იმისათვის, რომ ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია დასტურდებოდეს ძალადობრივი ქმედება და ამ ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდა.
მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკური ტკივილის განცდას ადასტურებს დაზარალებული ნ--–----------ე, რაც შეეხება ძალადობრივ ქმედებას, დასტურდება როგორც დაზარალებულის, ისე მოწმე მ----------------–---–ის ჩვენებებით. მსჯავრდებულის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს გამოკითხული ჰყავდა მეზობლები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება, რომ არანაირ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოწმე ნ-------–---–---–მა განმარტა, რომ სწორედ ყვირილის და ლანძღვის ხმაზე გამოიხედა, ხოლო გრ-------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, მოწმე აღნიშნავდა, რომ შედიოდა და გამოდიოდა ავტოფარეხიდან. შესაბამისად, ის გარემოება, რომ აღნიშნული მოწმეები არ შესწრებიან დარტყმის ფაქტს, არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ნ-------–-----ას არ დაურტყამს ხელი ნ--–----------ისთვის და რომ დაზარალებული და მოწმე სასამართლოს აძლევენ ცრუ ჩვენებებს.
პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის და მოწმე მ----------------–---–ის ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნასთან, რის გამოც პალატას სააპელაციო საჩივარი მიაჩნია დაუსაბუთებლად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის და მოწმის ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო აღნიშნული ჩვენებების სისწორე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ასევე აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის არსებობა მითითებულ დღეს დაადასტურეს მოწმეებმა და მათ შორის ნ-------–-----ამაც. სასამართლომ, მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიღო დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. სასჯელის სახით ჯარიმის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა კი შესაბამისობაშია მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ქმედების განხორციელების სახესთან და შედეგთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ-------–-----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი.
ნ-------–-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ნ-------–-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე