განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2018
საქმის ნომერი
330310016001397140
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/302 -17 (330310016001397140)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლე - შოთა გეწაძე

ნათია ქუთათელაძე

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი - ე-–------ ჯ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლ-–--------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ----------------ძე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.აპელანტის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე-–------ ჯ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:

2.3უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისში, კ----------------–-ლი №1---ში, გადამოწმებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით P--------, რომელსაც მართავდა ე-–------ ჯ-----–---–ი. შედეგად, ე-–------ ჯ-----–---–ის მიმართ შედგენილ იქნა №1-----, №1----- და №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 24);

- 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 25);

- 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 26).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით დადგინდა, რომ ე-–------ ჯ-----–---–ი ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე იგი დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 24).

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით დადგინდა, რომ ე-–------ ჯ-----–---–ი ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას (სურსათი, სარეცხი საშუალებები, ჰიგიენის საშუალებები) ზედნადების გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იგი დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 25).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ე-–------ ჯ-----–---–მა წინააღმდეგობა გაუწია სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იგი დაჯარიმდა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 26).

 

2015 წლის 10 ნოემბერს ე-–------ ჯ-----–---–მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1-----, №1----- და №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ იგი არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ავტომანქანაში განთავსებული საქონელი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისათვის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებისათვის გადამოწმების დროს არ გაუწევია წინააღმდეგობა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 დეკემბრის №4---- ბრძანებით გაუქმდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებით დადგინდა, რომ ე-–------ ჯ-----–---–ს საგადასახადო ორგანოში საიდენტიფიკაციო ნომერი მინიჭებული აქვს 2008 წლის 15 მარტს. ამასთან, №1----- და №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურმა დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–------ ჯ-----–---–ი ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 300 ლარის ღირებულების შერეული საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე და წინააღმდეგობა გაუწია საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 დეკემბრის №4---- ბრძანება (ს.ფ. 27-29).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 24 დეკემბრის ცნობის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, ე-–------ ჯ-----–---–ი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 24 დეკემბრის ცნობა (ს.ფ. 37).

 

2015 წლის 28 დეკემბერს ე-–------ ჯ-----–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1----- და №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 დეკემბრის №4---- ბრძანების გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი №11813/2/16 არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-44).

 

2.3 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეთა და სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- და №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შემდგენის ბიძინა გრიგალაშვილის ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ე-–------ ჯ-----–---–ის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი სადავო შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების შეკითხვაზე, თუ რა ღირებულების საქონელი გადაჰქონდა, ე-–------ ჯ-----–---–მა პასუხი არ გასცა. ასევე, მიუხედავად, ოფიცრების მითითებისა, რომ არ დაეძრა მანქანა, რადგან სრულად არ იყო გადამოწმებული საქონელი, მოსარჩელემ დახურა საბარგული და გააგრძელა მოძრაობა. მისი გაჩერება მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახების შემდგომ მოხერხდა, რა დროსაც, ასევე, არ მისცა საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს საქონლის დათვალიერების შესაძლებლობა და მათი მითითების საწინააღმდეგოდ გააგრძელა მოძრაობა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგული დახურა მხოლოდ მანქანის დათვალიერების შემდგომ და არ გაუწევია წინააღმდეგობა საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთათვის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- CD - დისკები (ს.ფ. 99).

 

2.4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლი თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვი უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- და №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 დეკემბრის №4---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, ე-–------ ჯ-----–---–ი სადავოდ ხდის სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- და №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს, რომლებითაც იგი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის დასადგენად და განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რაში გამოიხატება მითითებული სამართალდარღვევები და რამდენად არის სახეზე მათი შემადგენლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ზედნადების გამოწერების ვალდებულება. ვინაიდან ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შემოღება სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არაა სასაქონლო ზედნადების არქონის ფაქტი, არამედ მოსარჩელე არ ეთანხმება მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და განმარტავს, რომ საქონელი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისათვის, ასევე, მას აქვს ფერმა, სადაც დასაქმებულია რამდენიმე პიროვნება და შეძენილი საქონლის ნაწილი მიჰქონდა ფერმაში დასაქმებული პირების პირადი მოხმარებისთვის. გარდა ამისა, იგი სადავოდ ხდის საგადასახადო ორგანოთა მიერ მითითებულ საქონლის ღირებულებას და განმარტავს, რომ იგი ახდენდა დაახლოებით 100 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დადგინდეს, იყო თუ არა საქონელი სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი, რომლის ტრანსპორტირებაც არ უნდა განხორციელებულიყო სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, ე-–------ ჯ-----–---–ი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, მასზე სხვადასხვა პერიოდში გაცემულია სასაქონლო ზედნადებები, რაც ზოგადად მოწმობს, რომ მოსარჩელე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. რაც შეეხება კონკრეტულ საქონელს, სასამართლო განმარტავს, რომ საქონლის დანიშნულება მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რადგან იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებს საქონლის პირადი მოხმარებისათვის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით საქონლის დანიშნულების დადგენა. სასამართლომ განმარტა, რომ მსგავს შემთხვევაში აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას საქონლის სახეობა, რაოდენობა, სამართალდამრღვევის პიროვნება, მისი საქმიანობა, მისი და საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების ქმედება სამართალდარღვევის გამოვლენისას. ამდენად, აღებულ უნდა იქნას ობიექტური სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება დადგინდეს, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ სადავო ოდენობისა და სახეობის საქონელი განკუთვნილი ყოფილიყო პირადი მოხმარებისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალა ცალსახად მოწმობს, რომ მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განლაგებული საქონლის ოდენობა და სახეობა იწვევს დასაბუთებულ ეჭვს, რომ იგი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისათვის, რამეთუ ამ ოდენობის შერეული საქონლის მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის შეძენას ე-–------ ჯ-----–---–ი ვერ ადასტურებს მისი ოჯახის წევრებისა თუ თუნდაც ფერმაში მომუშავე პირების რაოდენობიდან გამომდინარე. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ როგორც სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა განმარტა, საქონლის ნაწილი იყო დამალული, რათა არ მომხდარიყო მისი აღმოჩენა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მიუთითა, რომ ოფიცრების შეკითხვაზე, თუ რა ღირებულების საქონელი გადაჰქონდა, მოსარჩელემ არ უპასუხა საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს და არ შეუწყო ხელი, რომ მომხდარიყო საქონლისა და მისი ღირებულების სრული და ზუსტი იდენტიფიცირება, რაც უშუალოდ ე-–------ ჯ-----–---–ის ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული. მუფრო მეტიც, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ არ მისცა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს მანქანაში განთავსებული საქონლის დეტალური დათვალიერების შესაძლებლობა, ოქმში ასახულია ტრანსპორტირებული საქონლის მხოლოდ ნაწილი, რომლის დაფიქსირებაც მოასწრეს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა. სასამართლომ განმარტა, რომ პირადი მოხმარებისათვის პირი იძენს საქონლის იმ ოდენობას, რაც გარკვეული დროის განმავლობაში საკმარისია პირის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ხოლო მოსარჩელეს გადაჰქონდა იმ ოდენობისა და ისეთი სახეობის საქონელი, რომ შეუძლებელია, იგი მიჩნეულ იქნას პირადი მოხმარებისათვის შეძენილად. ამასთან, სწორედ მოსარჩელის, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ ხელი შეეწყო საგადასახადო ორგანოებისათვის საქონლის დათვალიერებაში, ღირებულების განსაზღვრასა და მისი დანიშნულების დადგენაში, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებითა და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, სასამართლომ არ გაიზიარა მის პოზიციას, რომ სამართალდარღვევის ოქმში გაზრდილია საქონლის ოდენობა და ღირებულება და იგი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და სამართალდარღვევის გამოვლენის ამსახველი ვიდეომასალის, მხარეთა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენის ახსნა- განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლომ, ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და სახეობის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქონელი ვერ იქნებოდა პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი და იგი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც სავალდებულოს ხდის მსგავსი საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ე-–------ ჯ-----–---–ი, ასევე, სადავოდ ხდის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მითითებული მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

 

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, პირს ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე ბრძანების 72- ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, ხოლო მესამე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები არიან უფლებამოსილნი, რომ განახორციელონ გადასახადის გადამხდელთა კონტროლი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე, გამოავლინონ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ამრიგად, მათი კანონიერი მოთხოვნის დამორჩილება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებას და ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, სავალდებულოა, რომ უფლებამოსილი პირის მითითება კონკრეტული ქმედების განხორციელებასა თუ ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავებაზე იყოს კანონიერი.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ე-–------ ჯ-----–---–ის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი სადავო შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად ოფიცრების მითითებისა, რომ არ დაეძრა მანქანა, რადგან სრულად არ იყო გადამოწმებული საქონელი, მოსარჩელემ დახურა საბარგული და გააგრძელა მოძრაობა. მისი გაჩერება მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახების შემდგომ მოხდა, თუმცა მან საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს კვლავ არ მისცა საქონლის დათვალიერების შესაძლებლობა და მათი მითითების საწინააღმდეგოდ გააგრძელა მოძრაობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მოთხოვნა, წარედგინა ე-–------ ჯ-----–---–ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დროებით გაეჩერებინა ავტოსატრანსპორტო საშუალება და მიეცა საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთათვის ტრანსპორტირებული საქონლის დათვალიერების შესაძლებლობა, იყო კანონიერი და ემსახურებოდა საგადასახდო ორგანოთათვის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, თუმცაღა მოსარჩელემ აღნიშნული მითითებები არ შეასრულა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ე-–------ ჯ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფატობრივ უსწორობებზე და განმარტავს, რომ 3.1.2 პუნქტით შეფასებული ფაქტობრივი გარემოება არასწორია და არ შეესაბამება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებეს, რადგან სწორედ ძირითადი დავის საგანს და მსჯელობას მთელი სასამართლო პროცესის მანძიზე, მხარეთა მტკიცების ობიექტს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება რომ ე-–------ ჯ-----–---–ი ეწეოდა თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას, და დაარღვია თუ არა გადასახადის გადამხდელის წესები, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, კი სასამრთლოს უდაო ფაქტობრივ გარემოებებში აქვს აღნიშნული. თუმცა ფაქტის ნებისმიერ კონტექსტში აღნიშვნის მიუხედავად, ფაქტი, რომ ის არის გადამხდელად დარეგისტირებული და ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას არ დასტურდება.

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ასევე შეფასებულია როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რაც ასევე მთელი სასამრთლო პროცესის განმავლობში წარმოადგენდა სადავო ფაქტს, არ შეესაბამება რეალურ გარემოებებს, რადგან მის მიერ ტრანსპორტირებული სურსათი და სარეცხი საშუალების ჰიგიენური საშუალებები არ განეკუთნებოდა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ პროდუქციას, რადგან არ ეწევა არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას. არის საჯარო მოსამსახურე. აღნიშნული პროდუქცია ესაჭიროებოდა ოჯახისათვის, რადგან არიან ცხრა ადამიანი და ესაჭირებათ საკმაოდ დიდი რაოდენობის აღნიშნული პროდუქცია, რომელსაც იძენს ერთიანად, რამოდენიმე კვირის სამყოფს, რათა ყოველდღიურად არ მოუწიოს მისი შეძენა ქ. თბილისში.

აპელანტის განმართებით, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.4 ფაქტიც წარმოადგენს სადავო ფაქტს, რადგან არ დასტურდება მის მხრიდან მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთა მიმართ რაიმე წინააღმდეგობა, რადგან მათ დაასრულეს შემოწმება. გადათვალეს და ნახეს პროდუქცია რაც ასევე ჩანს ვიდეო დათვალიერების დროს. უბრალოდ მისი მხრიდან განცხადებული იქნა, რომ არ სურდა ოქმის შედგენაზე დასწრება და მასზე ხელმოწერა, რისი უფლებაც გააჩნდა. ასევე აპელანტის განმარტებით მას არ გაუგია უკან თუ მიყვებოდა შესაბამისი სამსახურის ავტომობილი, რადგან მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, იმიტომ რომ ნათლად განაცხადა თავისი პოზიცია, ასევე მათ არ დაუშლიათ აპელანტისათვის წასვლა და არ ფიქრობდა თუ ისინი გამოყვებოდნენ ან მიყვებოდნენ. აპელანტის განმარტებით, მათ შექმნეს პროვოკაციული ფონი თითქოს მისი მხრიდან ხდებოდა წინააღმდეგობის გაწევა.

 

აპელანტის განმარტებით, ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტიელბის 3.1.6 აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე წარმოადგენს არასწორს, რადგან სასამართლომ სრულიად არსწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ის 2015 წლის 24 დეკემბერის მდგომარეობით იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერულ ბაზაში როგორც გადამხდელად. რადგან აღნიშნული აღრიცხვა მოხდა არათუ მისი ეკონომიკური საქმიანობის გამო არამედ მისი სამსახურის გამო, რადგანაც იგი მუშაობს შსს ორგანოებში გამომძიებლად, ხოლო კანონი საჯარო სამსახურის შესახებ ავალდებულებს თითეულ თანამშრომელს, როგორც საჯარო მოსამსახურე საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირდეს როგორც ფიზიკურ პირად, რადგან საჯარო მოსამსახურეს ევალებოდათ ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენა. ხოლო დეკლარაციის წარსადგენად საჭიროა შემოსავლების სამსახურის ბაზაში ფიზიკურ პირად დარეგისტრირება, რათა მოხდეს დეკლარაციების ასახვა. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ეს ფაქტი არ მიიღო მხედველობაში. ასევე არ მიიღო მხედველობაში ის რომ აპელანტს არ გააჩნია რაიმე სახის ეკონომიკური საქმიანობობით მიღებული შემოსავალი და ბრუნავა, გარდა შსს-ს ორგანოებიდან აღებული ხელფასისა. ეს გარემოება კი ადასტურებს რომ იგი არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა, და არც სამსახურებრივად გააჩნია ამის უფლებამოსილება. რაც შეეხება მის სახელზე სხვადასხვა დროს გამოწერილ ანგარიშფაქტრების არსებობას, განმარტავს, რომ შპს სანტედან მომქონდა მეორადი პროდუქტი რომელსაც იყენებდა სოფლის მეურნეობაში პირუტყვის საკვებად, რაც არ არის დაკავშირებული არანაირად ეკონომიკურ საქმიანობასთან.

 

აპელანტი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება შეფასებულია არასწორად, რადგან არ დასტურდება მისი მხრიდან მონიტორინგის სამსახურის თანმაშრომელთა მიმართ რაიმე წინააღმდეგობა. რადგან მათ დაასრულეს შემოწმება, გადათვალეს და ნახეს პროდუქცია რაც ასევე ჩანს ვიდეო დათვალიერების დროს. უბრალოდ მისი მხრიდან განცხადებული იქნა რომ არ სურდა ოქმის შედგენაზე დასწრება და მასზე ხელის მოწერა, რის უფლებაც გააჩნდა. ასევე აპელანტის განმარტებით მას არ გაუგია უკან თუ მიყვებოდა შესაბამისი სამსახურის ავტომობილი, რადგან მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, იმიტომ რომ ნათლად განაცხადა თავისი პოზიცია, ასევე მათ არ დაუშლიათ აპელანტისათვის წასვლა და არ ფიქრობდა თუ ისინი გამოყვებოდნენ ან მიყვებოდნენ. აპელანტის განმარტებით მათ შექმნეს პროვოკაციული ფონი თითქოს მისი მხრიდან ხდებოდა წინააღმდეგობის გაწევა.

 

აპელანტი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებზე და განმარტავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ფაქტობრივი გარემოებები არის არასწორადაა შეფასებული, სამართლებრივი დასაბუთებაც ვერ იქნება საფუძვლიანი, რადგან სამართლებრივი ნორმების გამოყენება სწორედ გამომდინარეობს შეფასებლი ფაქტობრივი გარემოებათა ჭრილიდან.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავოდ გამხდარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- და №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 დეკემბრის №4---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ზედნადების გამოწერის ვალდებულება. ვინაიდან ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შემოღება სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არაა სასაქონლო ზედნადების არქონის ფაქტი, არამედ მოსარჩელე/აპელანტი არ ეთანხმება მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და განმარტავს, რომ საქონელი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისათვის, ასევე, მას აქვს ფერმა, სადაც დასაქმებულია რამდენიმე პიროვნება და შეძენილი საქონლის ნაწილი მიჰქონდა ფერმაში დასაქმებული პირების პირადი მოხმარებისთვის. გარდა ამისა, იგი სადავოდ ხდის საგადასახადო ორგანოთა მიერ მითითებულ საქონლის ღირებულებას და განმარტავს, რომ იგი ახდენდა დაახლოებით 100 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, ე-–------ ჯ-----–---–ი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, მასზე სხვადასხვა პერიოდში გაცემულია სასაქონლო ზედნადებები, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, ზოგადად მოწმობს, რომ მოსარჩელე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. სააპელაციო პალატაყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი აპელანტ ე-–------ ჯ-----–---–ის სახელზე გამოწერილი წინა ზედნადებებით ტრანსპორტირებული არ არის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაფიქსირებული მსგავსი სახის საქონელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქონლის დანიშნულება მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რადგან იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებს საქონლის პირადი მოხმარებისათვის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით საქონლის დანიშნულების დადგენა. სასამართლო განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევაში აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას საქონლის სახეობა, რაოდენობა, სამართალდამრღვევის პიროვნება, მისი საქმიანობა, მისი და საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების ქმედება სამართალდარღვევის გამოვლენისას. ამდენად, აღებულ უნდა იქნას ობიექტური სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება დადგინდეს, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ სადავო ოდენობისა და სახეობის საქონელი განკუთვნილი ყოფილიყო პირადი მოხმარებისათვის.

 

როგორც აპელანტი ე-–------ ჯ-----–---–ი განმარტავს რომ მის მიერ ტრანსპორტირებული საქონელი 15 ბოთლი ზეთი, 1 ბლოკი სიგარეტი, საპონი, სხვა სარეცხი საშუალებები და 2 ცალი კუბეტი, განკუთვნილი იყო საოჯახო მეურნეობისათვის. იგი არ ეთანხმება სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირების მითითებას, რომ ავტომობილში იყო სხვა სამეურნეო საქონელიც, რომელთა აღწერის შესაძლებლობაც მათ არ მიეცათ. აპელანტმა განმარტა რომ, ავტომობილში მოთავსებული იყო არა დამატებით სხვა სამეურნეო ნივთები, არამედ ავტომობილში განთავსებული იყო ბარგი მისი ოჯახის პირადი ნივთებით, რომლის ტრანსპორტირებასაც იგი ახდენდა თბილისის სახლიდან საგარეჯოში. სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე რომ, სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირების განმარტებით, ე. ჯ-----–---–ის ავტომანქანის დათვალიერება სრულად არ მომხდარა, შესაბამისად, მითითება იმაზე რომ ავტომობილში დამალული საქონლის ნაწილი, რომელთა შემოწმებაც ვერ შესძლეს, ნამდვილად იქნებოდა არა პირადი მოხმარებისათვის, არამედ სამეწარმეო მიზნებისათვის განკუთვნილი, დაუსაბუთებელია.

სააპელაციო პალატის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც აპელანტმა არ მისცა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს მანქანაში განთავსებული საქონლის დეტალური დათვალიერების შესაძლებლობა, ვერ იქნება მიჩნეული მის კუთვნილ ავტომობილში სამეწარმეო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და იგი წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ამ ნაწილში არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომელმაც მიიჩნია რომ, ე. ჯ-----–---–ის მიერ ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და სახეობის გათვალისწინებით, საქონელი ვერ იქნებოდა პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი და იგი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისათვის.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ, აპელანტ ე. ჯ-----–---–ის მიერ ტრანსპორტირებული საქონლის სამეწარმეო მიზნებისათვის შეძენის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, დათვალიერება სრულად არ მომხდარა და არ არის სრულად აღწერილი ავტომანქანაში არსებული საგნების სრული რაოდენობა. შემოწმებისას დაფიქსირებული სამეურნეო დანიშნულების პროდუქტების რაოდენობა კი არ იძლევა სამეწარმეო მიზნებისათვის შეძენის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს რომ, მართალია ე-–------ ჯ-----–---–ი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად და ამასთან, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, მასზე სხვადასხვა პერიოდში გაცემულია სასაქონლო ზედნადებები, მაგრამ მას მსგავსი საგნები წარმოდგენილი ზედნადებების მიხედვით არ აქვს გადატანილი და იგი აწარმოებდა ჩამოწერილი რძის პროდუქტების გადატანას ასევე შიდა მეურნეობისათვის გამოსაყენებლად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ, სააპელაციო საჩივარი 2015 წლის 29 ოქტომბერს N 1----- ოქმის (საქონლის სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირების შესახებ) ბათილობის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებას, რომელიც შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს რომ მითითებული მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

 

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, პირს ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე ბრძანების 72- ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, ხოლო მესამე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები არიან უფლებამოსილნი, რომ განახორციელონ გადასახადის გადამხდელთა კონტროლი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე, გამოავლინონ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ამრიგად, მათი კანონიერი მოთხოვნის დამორჩილება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებას და ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, სავალდებულოა, რომ უფლებამოსილი პირის მითითება კონკრეტული ქმედების განხორციელებასა თუ ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავებაზე იყოს კანონიერი ანუ დაკავშირებული იყოს მისი საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებასთან.

 

სააპელაციო საჩივრის განხილვისას აპელანტმა ე-–------ ჯ-----–---–მა განაცხადა რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მისი კუთვნილი ავტომობილის დათვალილიერებისას, მან მიიჩნია რომ შემოწმების პროცესი იყო დასრულებული, დაძრა ავტომობილი და განაგრძო გზა, რა დროსაც მან ასევე შეამჩნია რომ სსიპ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მას უკან მოსდევდნენ. როგორც აპელანტმა განმარტა, მას შემდეგ რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განუცხადეს ტრანსპორტირებული საქონლის სამეწარმეო მიზნით შეძენაზე, მან მიიჩნია რომ ამის შემდგომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები მისი დასწრების გარეშეც შესძლებდნენ სათანადო დოკუმენტაციის შედგენას. სააპელაციო პალატის შეფასებით, ე. ჯ-----–---–ის აღნიშნული განცხადებაც მოწმობს რომ, მისი აღნიშნული ქმედებით არ მიეცა საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ტრანსპორტირებული საქონლის სრულად დათვალიერების შესაძლებლობა.

 

ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ე-–------ ჯ-----–---–ის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი სადავო შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად ოფიცრების მითითებისა, რომ არ დაეძრა მანქანა, რადგან სრულად არ იყო გადამოწმებული საქონელი, მოსარჩელემ დახურა საბარგული და გააგრძელა მოძრაობა. მისი გაჩერება მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახების შემდგომ მოხდა, თუმცა მან საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს კვლავ არ მისცა საქონლის დათვალიერების შესაძლებლობა და მათი მითითების საწინააღმდეგოდ გააგრძელა მოძრაობა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მოთხოვნა, წარედგინა ე-–------ ჯ-----–---–ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დროებით გაეჩერებინა ავტოსატრანსპორტო საშუალება და მიეცა საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთათვის ტრანსპორტირებული საქონლის დათვალიერების შესაძლებლობა, იყო კანონიერი და ემსახურებოდა საგადასახდო ორგანოთათვის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, თუმცაღა მოსარჩელემ აღნიშნული მითითებები არ შეასრულა, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.

 

5. საპროცესო ხარჯები:

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ე-–------ ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ე-–------ ჯ-----–---–ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 125 ლარის თანაბარწილად გადახდა.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ე-–------ ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება 2015 წლის 29 ოქტომბერს N 1----- ოქმის ბათილობის არ დაკმაყოფილების ნაწილში.

3. ე-–------ ჯ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის N 1----- ოქმი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს ე-–------ ჯ-----–---–ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 125 ლარის თანაბარწილად გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრედეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლე შოთა გეწაძე

 

ნათია ქუთათელაძე