განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2018
საქმის ნომერი
010210016001521534
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001521534

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-868-17 21 მარტი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - - - შპს ‘’ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხანა თ------ ყ-----–---–ი შპს ,,S-----“ (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, შპს ,,S-----“-სთვის, შპს ‘’ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხანას“ სასარგებლოდ დამატებით, პირგასამტეხლოს სახით 4085 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 1 ივლისს, შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------– ქარხანას“ და შპს ,,S-----“ -ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა მოსარჩელის სარკინიგზო ესტაკადითა და ტექნიკური წყლით შპს ,,S-----“ -ს კუთვნილი, ასევე მის მიერ შემოტანილი ნავთობპროდუქტების მიღება-გადატვირთვის ოპერაციების წარმოება. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ, რომ ყოველთვიურად 200 ტონამდე ნავთობპროდუქტების შემოტანის შემთხვევაში, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, შპს ,,S-----“ მოსარჩელეს გადაუხდიდა 600 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. მოპასუხე დასახელებულ ფასს გადაიხდიდა მიუხედავად იმისა, მოახდენდა, თუ არა ნავთობპროდუქტების შემოტანას. თვეში 200 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტების შემოტანის შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელეს გადაუხიდიდა ყოველ 1 ტონაზე 3.5. აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო წინასწარ, ყოველი თვის 30 რიცხვამდე. მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო დავალიანების 0.3 %-ის ოდენობით. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა, შეთანხმებული თანხა არ გადაიხადა, რის გამოც დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო. თანხის გადახდისათვის დამატებითი ვადის უშედოგოდ გასვლის შემდეგ, მოსარჩელემ, 2016 წლის 15 ივნისს ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა. საერთო ჯამში, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 20 727.49 ლარი. აქედან, 15388.85 ლარი წარმოადგენს ძირ თანხას, ხოლო 5328.25 ლარი პირგასამტეხლოს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს ,,S-----“ -მ სარჩელი ცნო ძირი თანხის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად მიიჩნია და მისი შემცირება მოითხოვა. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხნის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად; 2. შპს ,,S-----“-ს, შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------– ქარხნის“ სასარგებლოდ დაეკისროს 16644.15 ლარის გადახდა. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი ბაჟის- 37.61 ლარის ანაზღაურება; 3. შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------– ქარხანას“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 123.39 ლარის გადახდა; 4. მოსარჩელეს ბაჟი გადახდილი აქვს. 5. შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------– ქარხანას“ უკან დაუბრუნდეს, მის მიერ, წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი- 461 ლარი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხანა“ მეწარმედ რეგისტრირებულია 2000 წლის 9 ივნისიდან, შპს ,,S-----“ კი 2014 წლის 20 თებერვლიდან. 2.2. 2015 წლის 1 ივლისს, შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------– ქარხანას“ და შპს ,,S-----“-ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხნის“ სარკინიგზო ესტაკადითა და ტექნიკური წყლით შპს ,,S-----“-ს კუთვნილი, ასევე მის მიერ შემოტანილი ნავთობპროდუქტების მიღება-გადატვირთვის ოპერაციები. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო წინასწარ, ყოველი თვის 30 რიცხვამდე. მომსახურების ღირებულების გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, დავალიანებას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.3 %-ის ოდენობით. 2.3. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა, შეთანხმებული თანხა დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ გადაიხადა, რის გამოც, ამ ვადის უშედოგოდ გასვლის შემდეგ, მოსარჩელემ, 2016 წლის 15 ივნისს ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა. 2.4. უდავოა, რომ მოპასუხეს ძირი თანხის სახით მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 15388.85 ლარი, რაზედაც ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით დარიცხულია პირგასამტეხლო- 5328.25 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა: პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმა. 2.6. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა, ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას, მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. 2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მისი გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.3 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირგასამტეხლო 0.3 %-დან შემცირდეს 0.07 %-მდე. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1244.91 ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება იმდენად არასრული, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსწოროა პირგასამტეხლოს ოდენობის 0.3 %-ის 0.07 % მდე შემცირების ნაწილში, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. 3.2. შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაითვალოს სამართლებრივად დასაბუთებულად იმ პირობებში, როცა არსებითად დარღვეულია კრედიტორის უფლებები, სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები. სასამართლომ, გარდა იმისა, რომ არ გამოიკვლია და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია 3.3 პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას. მისი მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით, მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. 3.4. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა საკითხი იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კრედიტორისათვის პირგასამტეხლოს არსებობას, რათა მისი მეშვეობით სრულფასოვნად დაიცვას მხარის მიერ დარღვეული უფლება. 3.5. ხელშეკრულება არის ორი პირის მიერ დადებული შეთანხმება (გარიგება), რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი, ანუ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ 3.6. სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ნების ავტონომიის პრინციპს, რაც ნიშნავს, კერძო სამართლის სუბიექტთა შესაძლებლობას, თავისუფალი ნების გამოვლენით, სახელმწიფოსაგან ჩაურევლად მოაწესრიგონ ურთიერთობა ერთმანეთს შორის. 2015 წლის 1 ივლისს ხელშეკრულების დადებით, მხარეთა მიერ ორი, შინაარსობრივად ერთმანეთის თანამთხვევადი ნება გამოვლინდა. ერთის მხრივ, შემკვეთმა ისურვა მისთვის მომსახურების გაწევა, ხოლო მეორე მხრივ, შემსრულებელს უნდა მიეღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. ამიტომ, სახელშეკრულებო პირობები, მათ შორის პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა შესრულებულიყო ისე, როგორც შეთანხმებულები იყვნენ, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხანას“ სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმის განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე 2018 წლის 21 მარტს 12:00 საათზე. 4.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მარტს, სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარის, შპს ,,S-----“-ს დირექტორი მ----- ბ---–----- გაფრთხილებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობების სასამართლოსათვის. სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა, შპს ,,ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხანას“ წარმომადგენელმა მოითხოვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. 4.3. აპელანტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა–განმარტებას და დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გამართლებულია. 4.4. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,S-----“-ს წარმომადგენელი, ამასთან არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, თუმცა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. 4.6. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 4.8. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე შპს ,,S-----“-ს, მოსარჩელეს სასარგებლოდ დაკისრებული აქვს, ძირითადი დავალიანება- 15388.85 ლარი. სასარჩელო განცხადების თანახმად, ძირითადი დავალიანება 15388.85 ლარი წარმოშობილია 2016 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, ხოლო პირგასამტეხლო-5328,25 ლარი, 2015 წლის დეკემბრიდან -2016 წლის ივნისის თვის ჩათვლით. 4.9. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ყოველდღიურად ძირითადი თანხის 0,3%, რაც თვეში 9 %-ს შეადგენს, არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ვერ მიენიჭება მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია და მისი დაკისრება მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით, გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას და არა დარღვეული უფლების აღდგენას, რაც საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება. 4.10. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ძირითადი დავალიანების 0,3 %-მდე პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის თაობაზე იურიდიულად გაუმართლებელია, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების, სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ‘’ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხანას“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, მისი სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ‘’ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხანას“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-163,40 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ‘’ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხანას“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს ‘’ბ-------- ნ-----------------–------–ი ქარხანას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. დარჩეს უცვლელად ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;

4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე