განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.03.2018
საქმის ნომერი
330310017002076351
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002076351

საქმე №3ბ/31-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კო----------------–--ლი

წარმომადგენელი - ზ------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით კო----------------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება და სრულყოფილი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კო----------------–--ლისათვის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.02.2015 წლის განაჩენით კო----------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 06.07.2015 წლის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 04.02.2016 წლის N-------- განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.05.2015 წლის განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს პრეზიდენტის 06.07.2017 N-------- განკარგულებით შეწყალებულ იქნა - მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წელი 6 თვე და 19 დღე თავისუფლების აღკვეთა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16);

 

3.2. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 30 მარტის N---- ბრძანების საფუძველზე კო----------------–--ლი 2017 წლის 31 მარტს N-- პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა დაბალი რისკის N16 პენიტერციურ დაწესებულებაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16);

 

3.3. მსჯავრდებულ კო----------------–--ლს სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში. გაიარა გიდის პროფესიული კურსი, სამომავლოდ ჩაერთვება პროფესიულ კუსში „ტუროპერატორი“. აქტიურად სარგებლობდა დაწესებულების ბიბლიოთეკით. მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ და დისკუსიაში თემაზე „ჩვენი როლი ხელოვნებაში“. კო----------------–--ლი იყო დაწესებულებაში არსებული თეატრალური დასის წევრი. მან მონაწილეობა მიიღო მსჯავრდებულთა მიერ დაგეგმილ სპექტაკლში „12 განრისხებული მამაკაცი“, რომელიც დაიდგა რუსთაველის თეატრში 2017 წლის 16 მაისს.

 

კო----------------–--ლი აცნობიერებს ჩადენილ ქმედებას. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ორჯერ. წახალისებულია სამჯერ. მსჯავრდებული იცავს დაწესებულებაში სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს კარგი ურთიერთობა. მსჯავრდებული გამოირჩევა თავაზიანობით. არ არის აგრესიული და კომფლიქტური. მსჯავრდებულის გადმოცემით ფაქტიური ზიანი არ დამდგარა. ქონება ირიცხება დაზარალებულის სახელზე. გათავისუფლების შემდეგ სურვილი აქვს დასაქმდეს და იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობაზე. აქვს უმაღლესი განათლება და პროფესიით არის ინჟინერი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს ოქმი (ს.ფ. 90-95);

 

3.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მსჯავრდებულ კო----------------–--ლის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16);

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს N0---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

4.2. სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამავე კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხი.

 

აღნიშნული დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. ამავე დებულების მე-13 მუხლის მიხედვით, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ.; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში (გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები) – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო წარსულში ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ საკითხის განხილვისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, თაღლითობა დიდი ოდენობით. სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე მითითებულია, რომ კო----------------–--ლი გამოირჩევა თავაზიანობით. სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა აქვს მიღებული. სასჯელის მოხდის პერიოდში კო----------------–--ლის მიმართ გამოყენებუულია დისციპლინური სახდელი. მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია. ის წახალისებული იქნა სამჯერ. მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმის მოთხოვნებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. კო----------------–--ლი გათავისუფლების შემდეგ აპირებს დასაქმდეს.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასებას: აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ., რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამავე პუნქტის ,,ე'' ქვეპუნქტის მიხედვით მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რომელიც მსჯავრდებულის პიროვნების უარყოფითად შეფასებისათვის საფუძველს შექმნიდა. ასევე არ არის დასაბუთებული, მხოლოდ დანაშაულის ხასიათი და დროში წინმსწრები უარყოფითად შეფასებული ქმედებები რატომ გადასწონის საკითხის განხილვის მომენტამდე მსჯავრდებულის შეცვლილი ქცევის დადებით ფაქტორებს, ასევე რატომ არ განაპირობებს მსჯავრდებულის დადებითი ქცევის შეფასება მისი რესოციალიზაციის, ე.ი. საპატიმრო სასჯელის მიზნის მიღწევის დადასტურებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ შეფასების კრიტერიუმს პირის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. ის გარემოება, რომ კო----------------–--ლის მიერ ჩადენილია საკუთრების წინაარმდეგ მიმართული დანაშაული, არ არის მისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ასეთი კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლობა არ გამორიცხავს პირობით ვადამდე პირის გათავისუფლებას. ასეთი შემთხვევებისათვის კანონმდებლობით დაწესებულია მსჯავრდებულის მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შესაბამისი ზღვარი.

 

სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, ყურადღება გაამახვილა არა დანაშაულის ხასიათზე, არამედ მსჯავრდებულის ქცევაზე სასჯელის მოხდის პერიოდში. კო----------------–--ლის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია სამჯერ. კო----------------–--ლს ყავს მეუღლე, სამი შვილი და ორი გერი, რომელზეც ზრუნავს. რაც შეეხება მსჯავრდებულის პიროვნებას, აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, მოცემულ შემთხვევაში ,სასამართლო ეყრდნობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კო----------------–--ლის პიროვნება დადებითად ფასდება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი კონკრეტული პირის მიმართ, ამ პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო დასაბუთებით უნდა შეეძლოს იმის მტკიცება, რომ დებულებით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის შეპირისპირებით კო----------------–--ლის პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა, დადებითი კრიტერიუმები, რომლებიც კო----------------–--ლის დახასიათებაში არაერთია. ამგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას იძენს, ვინაიდან კითხვაზე პასუხი, პირმა ისარგებლოს თუ არა კონონმდებლობით დადგენილი შეღავათით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საკითხის სრულყოფილი შესწავლის შედეგად გამოტანილი დასკვნების სათანადო შეფასებამ და დასაბუთებამ უნდა გასცეს. ამგვარი დასაბუთება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული არ არის, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ხელახლა განხილვისას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება განაპირობოს, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები მოიცავენ მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებასა და გამოკვლევას. აღნიშნული, თავის მხრივ დაკავშირებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანთან - მსჯავრდებულის რესოციალიზაციასთან.

 

4.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობას თუ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება ხსენებული საკითხის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კო----------------–--ლის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

 

5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივარში აპელანტი უთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებს, სადაც თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საბჭომ კრიტერიუმების მიხედვით უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და საკითხის ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული. ამგვარი უფლებამოსილება საბჭოს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

მსჯავრდებულ კო----------------–--ლის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არცერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება დებულების მე-13 მუხლს, რომლის თანახმადაც პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას დანაშაულის ხასიათი წარმოადგენს ერთ-ერთ შეფასების კრიტერიუმს. ასევე არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იყო თაღლითობა დიდი ოდენობით, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური ღონისძიებები, ამასთნ, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია.

 

აქედან გამომდინარე, საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო არ გაცდენილა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრეში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის“ 42-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი.

 

დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე დებულების მე-13 მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საბჭომ საკითხის განხილვისას ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, თაღლითობა დიდი ოდენობით. სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე მითითებულია, რომ კო----------------–--ლი გამოირჩევა თავაზიანობით. სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა აქვს მიღებული. სასჯელის მოხდის პერიოდში კო----------------–--ლის მიმართ გამოყენებუულია დისციპლინური სახდელი. მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია. ის წახალისებული იქნა სამჯერ. მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმის მოთხოვნებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. კო----------------–--ლი გათავისუფლების შემდეგ აპირებს დასაქმდეს.

 

მოცემულ პირობებში, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ შეფასების კრიტერიუმს პირის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. ის გარემოება, რომ კო----------------–--ლის მიერ ჩადენილია საკუთრების წინაარმდეგ მიმართული დანაშაული, არ არის მისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ასეთი კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლობა არ გამორიცხავს პირობით ვადამდე პირის გათავისუფლებას. ასეთი შემთხვევებისათვის კანონმდებლობით დაწესებულია მსჯავრდებულის მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შესაბამისი ზღვარი.

 

აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

პალატა ასევე განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებს და მიუთითებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებაზე, რომლის შესაბამისად, აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

მანანა ჩოხელი