განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2018
საქმის ნომერი
330310017001858605
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001858605

საქმე №3ბ/2939-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე

აპელანტი - ვ-–--------------------

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ია უგულავა

დავის საგანი - თანხის ანაზღაურების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა: ვ-–--------------------ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, დაევალა, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 499.20 ლარის ოდენობით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით, მოპასუხე ვ-–--------------------, 2016 წლის 28 ნოემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან დაწესებულების სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძის ყოველთვიური დარიცხული თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1 248 ლარს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, მოპასუხე _ ვლადიმერ გურგენიძეს თავდაცვის სამინისტროს მიერ, სრულად ჩაერიცხა ნოემბრის თვის ხელფასი, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების გამო, მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძეს ჩაერიცხა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული თანხიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, არ დააკავა საშემოსავლო გადასახადი, თუმცა დააკავა ზედმეტად ჩარიცხული 3 დღის ხელფასი - 2016 წლის 28 ნოემბრიდან, 1 დეკემბრამდე - 231.01 ლარის ოდენობით და საბოლოოს მოპასუხე ვ-–--------------------ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ჩაერიცხა 2 264.99 ლარი.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, 2017 წლის 15 მარტს, წერილობით მიმართა მოპასუხე ვ-–--------------------ს და განუმარტა, რომ მასზე ზედმეტად იქნა გაცემული 499.20 ლარი და მოსთხოვა აღნიშნული თანხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაბრუნება.

 

მოპასუხე ვ-–--------------------ს, ზემოაღნიშნული თანხა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის არ დაუბრუნებია.

 

მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:

- თავდაცვის პოლკოვნიკ ვლადიმერ გურგენიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №MOD 2 16 00004331 ბრძანება (ს.ფ. 12);

- ინფორმაცია თანამდებობრივი სარგოს და სხვა გასაცემლების შესახებ (ს.ფ 14);

- საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ.16 );

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 მარტის წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ვ-–-------------------- გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის დაკავებული თანამდებობიდან დაწესებულების სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროში საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს, ხოლო იმავე კანონის პრეამბულის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ვლადიმერ გურგენიძისთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

2.2.2. „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ვ-–-------------------- გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის დაკავებული თანამდებობიდან დაწესებულების სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მოპასუხე ვ-–--------------------ს თავდაცვის სამინისტრომ, სრულად ჩაურიცხა ნოემბრის თვის ხელფასი, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების გამო, მოპასუხე ვ-–--------------------ს ჩაერიცხა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული თანხიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, დაკავებული არ იქნა საშემოსავლო გადასახადი, თუმცა დაკავებული იქნა ზედმეტად ჩარიცხული 3 დღის ხელფასი - 2016 წლის 28 ნოემბრიდან, 1 დეკემბრამდე - 231.01 ლარის ოდენობით და საბოლოოს მოპასუხე ვ-–--------------------ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ჩაერიცხა 2.264.99 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა მიერ მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები .

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის, ასევე დახმარების და ერთჯერადი გასაცემლის სახეებს, მიღების წესსა და საფუძვლებს განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სადაც გათავისუფლების გამო, გათავისუფლებული მოხელისათვის ორი თვის თანამდებობრივი სარგო გათვალისწინებული არ არის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას, მოხელეს, კომპენსაციის სახით, ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად, მოხელისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო კომპენსაციად, დახმარებად ან ერთჯერად გასაცემლად, რის გამოც იგი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრას.

 

ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე ვ-–--------------------ს ჩაერიცხა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული თანხიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, არ დააკავა საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მისთვის ზემოთ აღნიშნული დასაბეგრი თანხის - 20 პროცენტის ჩარიცხვა იყო უსაფუძვლო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით, მოპასუხე ვ-–-------------------- თანამდებობიდან გათავისუფლდა 2016 წლის 28 ნოემბრიდან, ხოლო მას სრულად ჩაერიცხა ნოემბრის თვის ხელფასი. შესაბამისად, მისთვის 28 ნოემბრიდან, 1 დეკემბრამდე, ხელფასის ჩარიცხვა, ასევე უსაფუძვლო იყო. ამასთან, მოპასუხის განმარტებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მან 28 ნოემბერს, ფაქტობრივად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და ამის გამო, მას უნდა მიეღო აღნიშნული დღის ხელფასი, სასამართლომ განმარტა, რომ მას კანონით დადგენილი წესით, სადავოდ არ გაუხდია ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც იგი 28 ნოემბრიდან გათავისუფლდა, რის გამოც უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მითითებული განმარტება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას, ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ - კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოპასუხე ვ-–--------------------ს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული თანხიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, არ დააკავა საშემოსავლო გადასახადი, თუმცა დააკავა ზედმეტად ჩარიცხული 3 დღის ხელფასი - 2016 წლის 28 ნოემბრიდან, 1 დეკემბრამდე - 231.01 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჩაურიცხა 2 264.99 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძის ყოველთვიური დარიცხული თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1248 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძის, დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფულადი კომპენსაციის ვალდებულება, რაც კანონით ევალებოდა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განისაზღვრებოდა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს - 1996.80 ლარის ოდენობით.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძის მიერ, 2016 წლის 28 ნოემბრიდან, 2016 წლის 1 დეკემბრამდე უსაფუძვლოდ მიღებული ხელფასის ოდენობამ შეადგინა 231.01 ლარი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, დაკავებული (გამოქვითული) იქნა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 109-ე მუხლის საფუძველზე ჩარიცხული ორი თვის დაუბეგრავი თანამდებობრივი სარგოდან. შესაბამისად, საბოლოოდ, მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძის მიერ, უსაფუძვლოდ მიღებულმა საშემოსავლო გადასახადით დაუბეგრავმა თანხის ოდენობამ შეადგინა 499.20 ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურებულ თანხას 2264.99 ლარსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, მისთვის ასანაზღაურებელ თანხას - 1 996.80 ლარს შორის უსაფუძვლო სხვაობამ, ასევე მისთვის ნოემბერში სამი დღის უსაფუძვლოდ ანაზღაურებულმა ხელფასის ოდენობამ შეადგინა 499.20 ლარი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ვ-–--------------------ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 499.20 ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორის სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. კერძოდ, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 29 ნოემბერს შეიტყო. შესაბამისად, მან, ისე რომ არ იცოდა გათავისუფლების შესახებ, იმუშავა კიდევ ორი დღე - 28 და 29 ნოემბერი, რისთვისაც შრომითი ანაზღაურება შეადგენს დაახლოებით 76 ლარს, შესაბამისად, ეს თანხა სამინისტროს არ უნდა დაუბრუნდეს.

 

3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, დადგენილი რეგულაციების თანახმად, საკომპენსაციო თანხა საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ვლადიმერ გურგენიძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით, მოპასუხე ვ-–--------------------, 2016 წლის 28 ნოემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან დაწესებულების სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძის ყოველთვიური დარიცხული თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1 248 ლარს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძეს თავდაცვის სამინისტროს მიერ, სრულად ჩაერიცხა ნოემბრის თვის ხელფასი, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების გამო, მოპასუხე ვლადიმერ გურგენიძეს ჩაერიცხა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული თანხიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, დაკავებული არ იქნა საშემოსავლო გადასახადი, თუმცა დაკავებული იქნა ზედმეტად ჩარიცხული 3 დღის ხელფასი - 2016 წლის 28 ნოემბრიდან, 1 დეკემბრამდე - 231.01 ლარის ოდენობით და საბოლოოს მოპასუხე ვ-–--------------------ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ჩაერიცხა 2.264.99 ლარი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, 2017 წლის 15 მარტს, წერილობით მიმართა მოპასუხე ვ-–--------------------ს და განუმარტა, რომ მასზე ზედმეტად იქნა გაცემული 499.20 ლარი და მოსთხოვა აღნიშნული თანხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაბრუნება.

 

მოპასუხე ვ-–--------------------ს, ზემოთ აღნიშნული თანხა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის არ დაუბრუნებია.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. სახელმწიფო თანამდებობა კი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, თანახმად, ამავე მუხლის მეორე პუნქტისა.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 110-ე მუხლების თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნა და სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.

 

ამავე კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან. ხოლო 22 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის მიერ სარჩელის წარდგენა არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

 

სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანება, განკარგულება, დადგენილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ-–-------------------- წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. იგი, დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით, 2016 წლის 28 ნოემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან დაწესებულების სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო. აგრეთვე დადგენილია, რომ ვ-–-------------------- 2016 წლის 30 ნოენბრის ჩათვლით, ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს და ვინაიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა 2016 წლის 29 ნოემბერს მოხდა, მისთვის, ბრძანების გამოცემამდე, ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა უფლებამოსილების შეწყვეტის და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბრძანება, ვლადიმერ გურგენიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს და შესაბამისად, მისი ამოქმედების და ძალაში შესვლის საკითხი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მიხედვით უნდა მოწესრიგდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად კანონისმიერად მიჩნევას განაპირობებს მისი ხასიათი, ცალმხრივად განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული შედეგის წარმოშობა კი დაკავშირებულია მის ძალაში შესვლასთან. თავის მხრივ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა უკავშირდება მხარისათვის ოფიციალურად გაცნობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურად გაცნობის მოთხოვნა არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული მოთხოვნა, ვინაიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გაცნობა, უკავშირდება რა აქტის ძალაში შესვლას, წარმოადგენს მისი არსებობის წინაპირობას.

 

ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობას, რაც ნიშნავს, რომ აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, სამართლებრივი შედეგი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ ადრესატისათვის აქტის გადაცემის შემთხვევაში. ამდენად, სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს ადრესატის აქტის გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადრესატისათვის სამართლებრივი შედეგის დადგომის უკანა თარიღით განსაზღვრა ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანს, რომელიც მდგომარეობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამი მნიშვნელოვანი ამოცანის: 1. ადამიანის უფლებების და თავისუფლებების; 2. კანონის უზენაესობის და 3. საჯარო ინტერესების თითოეულ გადაწყვეტილებასა თუ მოქმედებაში, ერთობლივად უზრუნველყოფაში. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.03.2010 წლის განჩინება №ბს -1580-1509)

 

შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას სარჩელი დაკმაყოფილების თაობაზე, მოპასუხისათვის ორი დღის ხელფასის დაკისრების თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამართლებრივ შედეგს წარმოშობს ძალაში შესვლის შემდგომ. ამასთან, აქტი ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი ჩაბარდება იმ პირს, რომლის უფლება-მოვალეობებსაც იგი ეხება.

 

4.2.2. სამართლებრივი შედეგი - ვლადიმერ გურგენიძის სამსახურიდან გათავისუფლება, წარმოიშვა მხოლოდ ბრძანების გამოცემის მომენტიდან. ამავდროულად, ვ-–-------------------- 2016 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო, მიეღო თანამდებობიდან ფაქტობრივად გათავისუფლებამდე, კუთვნილი ხელფასი.

 

ამდენად, იმ პირობებში, როცა ერთი დღის ხელფასი შეადგენს 77 ლარს, ვლადიმერ გურგენიძისათვის გაცემული თანხა _ 154 ლარის ოდენობით, არ უნდა დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას.

 

სასამართლო, ვერ წაახალისებს მონურ შრომას დემოკრატიულ სახელმწიფოში. მოპასუხეს მიღებული აქვს შრომითი გასამრჯელო მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ორი დღის სახელფასო სარგოს ოდენობით, რაც შეადგენს 154 ლარს.

 

4.2.3. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დანარჩენი თანხის ვლადიმერ გურგენიძისათვის დაკისრების ნაწილში მიიჩნევს დასაბუთებულად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვლადიმერ გურგენიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ვ-–--------------------ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ უსაფძვლოდ მიღებული თანხის _ 345.2 ლარის ანაზღაურება;

 

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

6. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

თავმჯდომარე: ნათია ქუთათელაძე