განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2018
საქმის ნომერი
330100117002025458
ინსტანცია
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002025458 - 1ბ/275-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

2 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მ----–-----

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ----------------–---–ი (პირადი ნომერი №0----------), დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, რ---------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი. წ----------------5;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები;

 

სასჯელი: ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვა მატერიალურ პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----–-----მ და ითხოვა მსჯავრდებულ გ----------------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნა, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

მსჯავრდებულმა გ----------------–---–მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2017 წლის 21 ივნისს, ქ. თბილისში, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ბენზოგასამართ სადგურ „გალფის“ ოპერატორმა გ----------------–---–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სადგურის კუთვნილი თანხა 1899 ლარისა და 61 თეთრის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ----------------–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: თვით გ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გ--–---------–---–ის და ა-–-------–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებთ, გასაუბრების ოქმით, შრომითი ხელშეკრულებით, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დასკვნით ზარალის შესახებ და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის გ----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ნივთის რომელიც იმყოფებოდა მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები არ გაუხდია სადაო და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, მარტო ზრდის 2 შვილს და გამოთქვა მზადყოფნა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

 

გ----------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ----------------–---–ისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ამასთან მოცემული მუხლის მიხედვით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიმართ უფრო მძიმე სასჯელი დანიშვნის შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, მაშინ როდესაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს ზიანი) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

პალატა, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით ამგვარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 200-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმებულია გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სასჯელის ნაწილში სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას მატერიალურ პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი