განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2018
საქმის ნომერი
020310017001924742
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310017001924742 (3/ბ-502-2017წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ს------ი“

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ზ----------------–----–--------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

აპელანტების მოთხოვნა _ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ს------ი“-ს წარმომადგენელმა სარჩელი აღზრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა ქალაქ ზ----------------–----–--------------ის 2017 წლის 06 მარტს №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საჯარო ადგილებში სტენსილების განთავზებაზე; ქალაქ ზ----------------–----–--------------ისათვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება, რომლითაც მოხდება ქ. ზ--------–ი, გ------------ას ქუჩაზე, რ---------–-ს ქუჩაზე, თ---–---ს ქუჩაზე, თ------ის ქუჩაზე, ასევე ე.წ. გ--------ისა და ,,ს-----------ი’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სტენსილების განთავსება.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ს------ი’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა - ,,ს------მა’’ დაიწყო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროექტი - ,,ს-------–------–---–------------------------------–-------------------–--ა’’, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს დაგეგმილი აქვს მრავალი ღონისძიების განხორციელება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2017 წლის 27 თებერვალს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ს------ი’’-ს დირექტორმა - ბაბუცა პატარაიამ განცხადებით მიმართა ქალაქ ზ----------------–----–--------------ას, რომლისგანაც მოითხოვა პროექტის ,,ს-------–------–---–------ის’’ ფარგლებში საჯარო ადგილებში, კერძოდ, ქ. ზ--------–ი, გ------------ას ქუჩაზე, რ---------–-ს ქუჩაზე, თ------ის ქუჩაზე, ასევე ე.წ. გ--------ის, ,,ს-----------ი’’- ს, საჯარო ტრანსპორტის გაჩერებებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სტენსილების განთავსების ნებართვა. განცხადებას დაერთო სტენსილის ფოტო და სტიკერის ნიმუში.

 

ქალაქ ზ----------------–----–--------------ის 06/03/2017 წლის №------- წერილით (გადაწყვეტილებით) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ,,ს------ს’’ უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე წარდგენილი ფორმით სტენსილისა და სტიკერის განთავსება არღვევს ეთიკის ნორმებს და შეუსაბამოა რეკლამის შესახებ კანონთან მიმართებაში.

 

ქალაქ ზ----------------–----–--------------ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებთან, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრა არ ნიშნავს სასამართლოს მხრიდან უეჭველად მის დაკმაყოფილებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მიაღწიოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილების სახით, აუცილებელია სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა იყოს დასაბუთებული, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

 

აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. როდესაც აღძრულია შეცილებითი სარჩელი და სადავო საკითხი ეხება აქტის ბათილობას, მოსარჩელის ვალდებულებაა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად დაასაბუთოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, რადგან იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და რომ ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, შეცილებითი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია კანონისმიერი ორი პირობის არსებობა, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სარჩელის დასაბუთება, რის შესახებაც სასამართლო მიუთითებს შემდეგს: უპირველესად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღსანიშნავია, რომ ,,ს------ი’’-ს სარჩელის შინაარსი უკავშირდება ადამიანის ისეთ ძირითად უფლებას, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, რის შესახებაც დებულებას ვხვდებით საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში, რომლის პირველი, მეორე და მე-4 პუნქტების თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით; მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია; ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

გამოხატვის თავისუფლების დაცულობის თაობაზე მსგავსი შინაარსის დებულებას ადგილი დაეთმო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციაში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. კერძოდ, კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება; ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამრთლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის გამომხატველი უფლება, იგი შეიძლება შეიზღუდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად მასში ჩარევა გამართლებულია. ჩარევის მიზანია ერთი ან მეტი ინტერესის ან ღირებულების დაცვა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა ზნეობა. ზნეობის საკითხებზე აღნიშვნის ღირსია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა, რომლის თანახმად, კონფლიქტს “ზნეობასა” და გამოხატვის თავისუფლებას შორის მივყავართ პროპორციულობის პრინციპის ახალ ინტერპრეტაციამდე. პრინციპში, ამგვარ შემთხვევებში ევროპული სასამართლო ეროვნულ ხელისუფლებას უტოვებს შეფასების ფართო ზღვარს, რაც გამართლებულია “ზნეობის” სპეციფიკით თითოეულ წევრ სახელმწიფოში ან თუნდაც ერთი და იმავე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. სასამართლომ მიუთითა ზნეობის ერთიანი ცნების არარსებობაზე ხელშემკვრელი სახელმწიფოების ტერიტორიის ფარგლებში. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული სასამართლოები უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან, ვიდრე საერთაშორისო მოსამართლე, მიიღონ გადაწყვეტილება “ზნეობის” საკითხებზე, თავიანთ სახელმწიფოებში რეალობასთან შესაბამისობის მხედველობაში მიღებით. ეროვნულმა სასამართლოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების ზოგადი ან/და მუდმივი აკრძალვა, თუნდაც ისეთ მგრძნობიარე სფეროებში, როგორიცაა ზნეობა. ეროვნულ სასამართლოებს ეძლევათ სახელმძღვანელო მითითებები პროპორციულობის პრინციპის გამოყენებისას: მნიშვნელოვანია გამოხატვის სამიზნე ჯგუფი, მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ბავშვები და ახალგაზრდები. ზუგდიდის რაიონული სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დაწყებული პროექტის - ,,ს-------–------–---–------ა: ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების’’, მნიშვნელობა უდავოდ დიდია, რასაც აღიარებს ასევე მოპასუხე, თუმცა მისი ნებისმიერი ფორმით განხორციელება დაუშვებელია, იგი შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სტენსილების განთავსება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მართებულია გამოყენებულ იქნეს ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რამდენადაც სტენსილების განთავსება გულისხმობს მასზედ ასახულ იდეაზე ინფორმაციის გავრცელებას. მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ქცევის საზომი სწორედ საზოგადოებაა, მისი შინაგანი კულტურა და თვალთახედვაა, რაც სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მხრიდან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სადავო საკითხის განხილვის დროს. ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური, ავტონომიური ქცევა არ ემთხვევა მორალურ ქცევას და სცდება მის ფარგლებს, რის გამოც მას საზოგადოება განრიდებულ მდგომარეობაში აყენებს. მოცემულ ვითარებაში, სასამართლო თვლის, რომ სტენსილის ფოტოზე ასახული იდეის ფორმა, როგორც ინდივიდუალური აზრის გამოხატულება, არღვევს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, იგი არასათანადო, სახელდობრ, არაეთიკური რეკლამაა, შესაბამისად, მისი საჯარო ადგილებზე გავრცელებით იქმნება არასრუწლოვნების აღზრდა-განვითარების, ახალგაზრდების სრულფასოვნად ჩამოყალიბების საუკეთესო ინტერესების ხელყოფის საფრთხე, რისი აცილებაც სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუსაბუთა წარმოდგენილი ფორმისაგან განსხვავებული, სხვა ფორმით მის მიერ დასახული მიზნის - ს-------–------–---–------ის გაპროტესტებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიღწევის შეუძლებლობა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს გაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ს------ი“-ს წარმომადგენელმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:

 

სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გამოიყენო კანონის ის დანაწესი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილი. და არასწორად განმარტა არასათანადო რეკლამა, ვინაიდან არ განმარტა იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ დამოუკიდებლად საკუთარი აღქმის საფუძველზე განმარტა, თუ რას ნიშნავს მისთვის არასათანადო და არაეთიკური რეკლამა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიყენო კანონის ის დანაწესი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილი და არასწორად განმარტა არასათანადო რეკლამა, ვინაიდან არ განმარტა იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ დამოუკიდებლად საკუთარი აღქმის საფუძველზე განმარტა, თუ რას ნიშნავს მისთვის არასათანადო და არაეთიკური რეკლამა.

 

სასამართლო მხოლოდ ახსენებს იმ კანონს რომელიც მას უნდა გამოეყენებინა, კერძოდ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონს, თუმცა არ იყენებს კანონის იმ დანაწესს რომელიც პირდაპირ განმარტავს არაეთიკური რეკლამის არსს. მოსამართლე ციტირებასაც კი არ ახდენს არაეთიკური რეკლამის დეფინიციის, მაშინ როდესაც კავშირი ს------ის მიერ მოთხოვნილი სტენსილის განთავსებას არაეთიკურად მიიჩნევს. რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისადდ არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებებისგამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულსაგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათსაქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.

 

გადაწყვეტილების 6.2 პუნქტში ნახსენებია, რომ ს------ის მიერ მოთხოვნილი სტენსილის ფორმა არაეთიკურია, თუმცა არ იყენებს საქართველოს კანონმდებლობით, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილით პირდაპირ გათვალისწინებულ დეფინიციას არაეთიკური რეკლამის შესახებ.

 

სასამართლო გადაწყვეტილების მეხუთე გვერდზე მოიხმობს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს გამოხატვის თავისუფლების შესახებ და მიუთითებს, რომ იგი მორალის მიზნით შეიძლება შეიზღუდოს. ასევე მორალის განმარტების საკითხებში ადგილობრივი სასამართლოების უპირატესობაზე მიუთითებს, თუმცა სანამ სასამართლო ზოგადი ნორმის განმარტებას მოახსენს უპირატესია ადგილობრივი კანონმდებლობის ნორმების გამოყენება კერძოდ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილის რომელიც არაეთიკურ რეკლამას განმარტავს.

 

აპელანტი აღვნიშნავს, რომ ს------ის მიერ მოთხოვნილი სტენსილის განთავსება არ არღვევს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილს რადგან იგი ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ არ იყენებს შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და შედარებებს და სიტყვებითა და შედარებებით შესაბამისად არ არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს. იგი არცეროვნულ და მსოფლიო კულტურულსაგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს ხელყოფს და არც სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათსაქმიანობას, პროფესიას ან საქონელს ბღალავს. შესაბამისსად დასაბუთებელია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ს------ის მიერ მოთხოვნილი სტენილის განთავსების არაეთიკურად მიჩნევა,აპელანტის განმარტებით სასამართლო არასწორად აკისრებს კავშირ "ს------ს" იმის მტკიცების ტვირთს, რომ მას არ შეეძლო აღნიშნულ თემაზე სხვა სახის სტენსილის განთავსება. "ს------ი" დაობს სტენსილის სწორედ ამ ფორმით განთავსებაზე და რომ მასზე ვრცელდება გამოხატვის თავისულება, რომელიც რეკლამის კანონის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილით არაეთიკური რეკალმა შეზღუდული არ არის. ს------ი არ არის ვალდებული შეცვალოს სტენსილი, რომლის დამზადებისთვის გარკვეული თანხები დაიხარჯა, როდესაც სტენსილზე უარი არის კანონსაწინააღმდეგო და სტენსილი სრულად შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას.

 

სასამართლო არასწორად მიიჩნევს, რომ სტენსილის განთავსებით არასრულწლოვნებს და მათ ინტერესებს, ასევე ახალგაზრების სრულფასოვან ჩამოყალიბებას, რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას. აღნიშნული სტენსილი პირიქით მიმართულია ქალებისა და გოგონების ინფორმირებულობაზე, რომ სტენილში მითითებული ქმედება დანაშაულია, აკრძალულია. სტენსილში მითითებული ქმედება ჩასმული წითელ რგოლში, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული აკრძალვის ნიშანი. ყოველდღიურად გვხვდება ასეთ რგოლში ჩასმული სიგარეტის ნიშანი სხვადასხვა ტრანსპორტში თუ სატელევიზიო რეკლამებში. ახალგაზრდებისთვის მარტივი გასაგებია, რომ სტესილში წითელ რგოლში მითითებული ქმედება აკრძალულია, რომ იგი ცუდია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული ამ განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას და რომელთაც არსებითად არც სააპელაციო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. პალატა თვლის, რომ დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. ამასთან, მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით მიუთითებს, რომ ,,ს------ი’’-ს სარჩელის შინაარსი უკავშირდებოდა ადამიანის ისეთ ძირითად უფლებას, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, რის შესახებაც დებულებას ვხვდებით საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში, რომლის პირველი, მეორე და მე-4 პუნქტების თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით; მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია; ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება; ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამრთლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის გამომხატველი უფლება, იგი შეიძლება შეიზღუდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად მასში ჩარევა გამართლებულია. ჩარევის მიზანია ერთი ან მეტი ინტერესის ან ღირებულების დაცვა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა ზნეობა.

 

ზნეობის საკითხებზე აღნიშვნის ღირსია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა, რომლის თანახმად, კონფლიქტს “ზნეობასა” და გამოხატვის თავისუფლებას შორის მივყავართ პროპორციულობის პრინციპის ახალ ინტერპრეტაციამდე. პრინციპში, ამგვარ შემთხვევებში ევროპული სასამართლო ეროვნულ ხელისუფლებას უტოვებს შეფასების ფართო ზღვარს, რაც გამართლებულია “ზნეობის” სპეციფიკით თითოეულ წევრ სახელმწიფოში ან თუნდაც ერთი და იმავე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. სასამართლომ მიუთითა ზნეობის ერთიანი ცნების არარსებობაზე ხელშემკვრელი სახელმწიფოების ტერიტორიის ფარგლებში. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული სასამართლოები უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან, ვიდრე საერთაშორისო მოსამართლე, მიიღონ გადაწყვეტილება “ზნეობის” საკითხებზე, თავიანთ სახელმწიფოებში რეალობასთან შესაბამისობის მხედველობაში მიღებით. ეროვნულმა სასამართლოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების ზოგადი ან/და მუდმივი აკრძალვა, თუნდაც ისეთ მგრძნობიარე სფეროებში, როგორიცაა ზნეობა. ეროვნულ სასამართლოებს ეძლევათ სახელმძღვანელო მითითებები პროპორციულობის პრინციპის გამოყენებისას: მნიშვნელოვანია გამოხატვის სამიზნე ჯგუფი, მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ბავშვები და ახალგაზრდები.

 

მოსარჩელის მიერ დაწყებული პროექტის - ,,ს-------–------–---–------ა: ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების’’, მნიშვნელობა უდავოდ დიდია, რასაც აღიარებს ასევე მოპასუხე, თუმცა მისი ნებისმიერი ფორმით განხორციელება დაუშვებელია, იგი შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სტენსილების განთავსება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მართებულია გამოყენებულ იქნეს ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რამდენადაც სტენსილების განთავსება გულისხმობს მასზედ ასახულ იდეაზე ინფორმაციის გავრცელებას. მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ქცევის საზომი სწორედ საზოგადოებაა, მისი შინაგანი კულტურა და თვალთახედვაა, რაც სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მხრიდან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სადავო საკითხის განხილვის დროს. ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური, ავტონომიური ქცევა არ ემთხვევა მორალურ ქცევას და სცდება მის ფარგლებს, რის გამოც მას საზოგადოება განრიდებულ მდგომარეობაში აყენებს.

 

საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მე-9 მუხლის თანახმად: კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება: ა) ცილისწამებას; ბ) უხამსობას; გ) პირისპირ შეურაცხყოფას; დ) დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას; ე) მუქარას; ვ) პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას; ზ) რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას;

თ) სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას; ი) თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

 

მოცემულ განსახილველ შემთხვევაში ქალაქ ზ----------------–----–--------------ა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით მიესალმება კავშირი „ს------ის“ პროექტის შინაარსს, თუმცა მიზანშეუწონლად მიიჩნევს დასახული მიზნის მოცემული ფორმით მიღწევას, ვინაიდან სტენსილისა და სტიკერის ნიმუშის ამ ფორმით განთავსების შემთხვევაში იგი ხელმისაწვდომი ხდება ადვილად მოწყვლადი ისეთი ჯგუფებისათვის, როგორებიც არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები, რაც მათი აზრით არ შეიძლება მივიჩნიოთ მიზნის მიღწევის ლეგიტიმურ საშუალებად.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც პირდაპირ განმარტავს არაეთიკური რეკლამის არსს. რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათსაქმიანობას, პროფესიას ან საქონელს .

 

მოცემული სადაო აქტის სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი და აპელანტის მოსაზრებით არასწორად განმარტა კანონი, რადგანაც არ გამოიყენა ასევე კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესი, რომელიც პირდაპირ განმარტს არაეთიკური რეკლამის არსს. აპელანტის მოსაზრებით აღნიშნული ნორმის არაეთიკური რეკლამა შეზღუდული არ არის და მასზე ვრცელდება გამოხატვის თავისუფლება.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არაეთიკური რეკლამის განთავსება შეზღუდული არ არის და მასზე ვრცელდება გამოხატვის თავისუფლება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება თუ ეს ეხება რეკლამას. შესაბამისად რეკლამა, რომელიც თავისი ფორმით, (შეურაცხმყოფელი შედარების გამოყენებით) არღვევს გარკვეული სოციალური ჯგუფის მათ შორის მცირეწლოვანების და არასრულწოვნების საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს უნდა შეფასდეს, როგორც არაეთიკური რეკლამა.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ს------ი“-ს რეკლამა არაეთიკურია. მოცემულ ვითარებაში, სტენსილის ფოტოზე ასახული იდეის ფორმა, როგორც ინდივიდუალური აზრის გამოხატულება, არღვევს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, იგი არასათანადო, სახელდობრ, არაეთიკური რეკლამაა, შესაბამისად, მისი საჯარო ადგილებზე გავრცელებით იქმნება არასრუწლოვნების აღზრდა-განვითარების, ახალგაზრდების სრულფასოვნად ჩამოყალიბების საუკეთესო ინტერესების ხელყოფის საფრთხე, რისი აცილებაც სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის იურიდიულად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს განხილული ნორმების ნამდვილი შინაარსიდან და მოსაწესრიგებელი ურთიერთობის ნამდვილი მიზნიდან.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არარსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ს------ის“ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით, 257-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ს------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თ---–---, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი